მიტროპოლიტი სერაფიმე ჩანაწერებში ამბობს, რომ ბავშვს აკოცა — ფაილების მიხედვით, "შემჩნეულია პედოფილიაში"
13 სექტემბერს გავრცელებულ ჩანაწერებში ბორჯომის ყოფილ მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას სავარაუდო პედოფილიაზე არაერთი ინფორმაცია იძებნება. იმ შემთხვევაში, თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია, გამოდის, რომ სახელმწიფომ ამის შესახებ მინიმუმ 2013 წლიდან იცის და არაფერს აკეთებს. ამასთან, ეჭვები და დაუდასტურებელი ინფორმაცია ღიად ვრცელდებოდა 2016-2017 წლებშიც, როცა მას ეპარქიის დატოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქმის შესწავლა დაიწყეს. On.ge ამ სტატიის გამოქვეყნებამდეც დაუკავშირდა შსს-ს კითხვით, მიმდინარეობს თუ არა რომელიმე ამ საქმეზე გამოძიება. უწყებაში გვითხრეს, რომ მოძებნიან და შეგვატყობინებენ. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლის მიერ გავრცელებული ფაილებიდან იკვეთება ისიც, რომ მინიმუმ ერთი შემთხვევის შესახებ იცის საპატრიარქომაც, თუმცა დასჯის ნაცვლად, სერაფიმე ჯოჯუას ფინანსურ დახმარებას უნიშნავს. იგი ესწრება სინოდის სხდომებსაც და ტაძრებში მაღალი იერარქიის სასულიერო პირებთან ერთად დადის.
გავრცელებული ჩანაწერებიდან ერთ-ერთში, რომელიც 2020 წლის 2 ივნისით თარიღდება, მიტროპოლიტი ჯოჯუა ამბობს, რომ ბავშვს აკოცა. ფაილში ჯოჯუა კუმურდოსა და ახალქალაქის მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილს ესაუბრება. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, On.ge საუბრის შინაარს არ ასაჯაროებს.
გარდა ამისა, სხვა დოკუმენტებში მის შესახებ წერია, რომ "შემჩნეულია პედოფილიაში". 2013 წელს შექმნილ ფაილში, რომელშიც ბოლო ცვლილება 2015 წელსაა შესული, სასულიერო პირის დოსიეში ვკითხულობთ:
"ლტოლვა აქვს არასრულწლოვანი გოგონების მიმართ, მათ შორისაა: - - (ვინაობა დაშტრიხულია On.ge-ს რედაქციის მიერ), - - და - - (დაბ. 1994წ.), რომელსაც ქმრისგან მალულად უკეთებს საჩუქრებს და უხდის სწავლის გადასახადს", — აღნიშნულია ჩანაწერში.
ჩანაწერებში არსებობს ერთი ფაილი, სახელწოდებით "მრუშები", სადაც თავმოყრილია იმ სასულიერო პირების ჩამონათვალი, რომლებსაც აქვთ სექსუალური კავშირი, მათ შორის, ლგბტ ადამიანებთან. სწორედ ამ სიაშია სერაფიმე ჯოჯუა, თუმცა მის შემთხვევაში მითითებულია, რომ "შემჩნეულია პედოფილიაში". აქვე წერია ბავშვების სახელები, გვარები, მისამართები, დაბადების თარიღები და პირადი ნომრები. მაგალითად, ერთ შემთხვევაში აღნიშნულია, რომ შეინიშნებოდა კონკრეტულ არასრულწლოვანთან "ინტიმური კავშირის დამყარების სურვილი".
სერაფიმე ჯოჯუა კიდევ არაერთ დოკუმენტში იძებნება. მაგალითად, 2014 წლის ფაილში ვკითხულობთ, რომ ბოლო პერიოდში ერთ-ერთი სასულიერო პირი სოციალურ ქსელებსა და მედიაში აკეთებს მის საწინააღმდეგო განცხადებებს, კერძოდ, ითხოვს პედოფილიასა და ამორალურ ქცევებში შემჩნეული მღვდელმთავრების გამოაშკარავებას. ის ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ, ჯოჯუას უთვალთვალებდნენ, წერენ, რომ ის აღნიშნულს განიცდის მტკივნეულად, რადგან შიშობს, რომ არსებობს მაკომპრომეტირებელი მასალები, რაც შესაძლოა გამოყენებული იქნეს მის წინააღმდეგ.
უკვე 2015 წლის დოკუმენტის მიხედვით კი, სასულიერო პირი, რომელიც მას აკრიტიკებდა, ჯოჯუას დავალებით ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარმა მიიწვია და სთხოვა მომავალში აღარ გააკეთოს სერაფიმეს საწინააღმდეგო განცხადებები, რასაც ის დათანხმდა. გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ სასულიერო პირს არქიმანდრიტმა მთვრალ მდგომარეობაში გადაუღო ფოტოსურათები, რომლებსაც, დოკუმენტის მიხედვით, "იმ შემთხვევაში თუ - - გააგრძელებს ჯოჯუას საწინააღმდეგო კამპანიას, გამოიყენებს მაკომპრომეტირებლად".
ამავე წლის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მონასტრის წინამძღვარმა სასულიერო პირი, რომელიც ჯოჯუას აკრიტიკებდა, დააშინა და მოისყიდა.
გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ "საპატრიარქოში არის კორუფცია, პედოფილია, ჰომოსექსუალიზმი, ნარკომანია, კრიმინალებთან კავშირი, მაღალი დონის სასულიერო პირებში არის ინტელექტის დეფიციტი". სწორედ ეს არის დასახელებული ანგარიშში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან წამოსულ საფრთხეებს შორის.
გავრცელებულ მასალებში იძებნება დოკუმენტები სახელწოდებით "ცნობა საპატრიარქოში არსებული ვითარების შესახებ". როგორც 2018, ისე 2019 წლის ამგვარ ფაილში არსებობს ქვეთავი სახელწოდებით: "საქართველოს ეკლესიაში მოღვაწე მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, რომლებიც ხდებიან ეკლესიის დისკრედიტაციის და სახელის შელახვის მიზეზები". საინტერესოა ის, რომ ამ დოკუმენტის ავტორების მიხედვით, საპატრიარქომ ყოველთვის იცოდა სასულიერო პირების "შეუფერებელ და გარყვნილ" ქმედებებში მონაწილეობის შესახებ. გთავაზობთ სრულ აბზაცს:
"საქართველოს ეკლესიაში კვლავ პრობლემად და განსჯის საგნად რჩება სასულიერო პირების მიერ შეუფერებელ და გარყვნილ ქმედებებში მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სასულიერო წრეებში საკმაოდ ფართოდ საუბრობენ სხვადასხვა მაღალი იერარქის არაეკლესიურ ქმედებებზე, მათ შორის არატრადიციულ სექსუალურ ურთიერთობებზე, პედოფილიაზე, ნარკომანიაზე და მექალთანეობაზე. აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოს ზემოხსენებულზე ყოველთვის გააჩნდა ინფორმაცია და არსებობენ მღვდელმთავრები (იაკობ იაკობიშვილი, შიო მუჯირი), რომლებიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ასეთი სასულიერო პირების ეკლესიაში მოღვაწეობას, თუმცა მათთან პირდაპირ დაპირისპირებაში შესვლისგან თავს იკავებენ. აქვე საყურადღებოა, რომ უმსგავსო ქმედებების ფართო მასშტაბებში გადასვლიდან გამომდინარე საპატრიარქოს ტახტის მემკვიდრე ფაქტიურად იძულებული შეიქნა გადაედგა რადიკალური ნაბიჯები და საეკლესიო სასჯელი დაედო რამდენიმე არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე, მათ შორის მექალთანე სასულიერო პირისთვის, რაც გამოიხატა მათთვის მღვდელმსახურების უფლების ჩამორთმევაში".
სერაფიმე ჯოჯუას შესახებ შედარებით ახალი ინფორმაცია ფაილებში 2019 წლის ნოემბრიდან ჩნდება. დოკუმენტების მიხედვით, მას მრევლმა აცნობა, რომ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართა მოთხოვნით, გამოიძიონ სასულიერო პირების მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტები.
"აღნიშნულზე ს. ჯოჯუამ განაცხადა, რომ თუ მის მიმართ 2016 წელს წაყენებულ ბრალდებაზე დაიწყო გამოძიება, მას მოუწევს საქართველოს დატოვება", — ვკითხულობთ ჩანაწერებში.
ამავე დოკუმენტების მიხედვით, ამ თემაზე ჯოჯუას მეორე დღეს მრევლის კიდევ ერთი წევრი ესაუბრა და უთხრა, რომ "მიმდინარე მოვლენების ფონზე, შესაძლოა ს. ჯოჯუა "აქციონ განტევების ვაცად და ჯოხი მასზე გადატეხონ", ამიტომ აუცილებელია მრევლის აქტიურობა, რათა ამ ფორმით საპატრიარქოს დაანახონ მიტროპოლიტის მხარდაჭერა".
ფაილის თანახმად, სერაფიმე ამას დაეთანხმა და თქვა, რომ ბორჯომში დასაგეგმია გარკვეული აქტივობები მის მხარდასაჭერად. მეტიც, დოკუმენტებში წერია, რომ პედოფილიაში დადანაშაულებული ჯოჯუა ბავშვის ოჯახის რეპუტაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ახლობლებს რეპუტაცია შეელახებათ, ამიტომ უმჯობესია, ოჯახს ვინმე გაესაუბროს და ერთობლივი ძალებით თავიდან აირიდონ მომხდარი ფაქტის ხელახალი გახმაურება.
კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც დოკუმენტებში სერაფიმესთან დაკავშირებით იძებნება, 2021 წლის თებერვლითაა დათარიღებული. კერძოდ, ფაილების მიხედვით, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი ჯოჯუას ეუბნება, რომ რამდენიმე წლის წინ პატრიარქმა მისი პრობლემის მოგვარება სთხოვა. თარიღი დაკონკრეტებული არ არის, თუმცა მითითებულია, რომ საუბარი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში არასრულწლოვანთან მომხდარ "ინციდენტს" და მის ოჯახთან არსებული დაპირისპირებას ეხება. დათუაშვილი ამბობს, რომ ამის გამო მრევლი და სასულიერო პირები ორად იყო გაყოფილი, "რაც ცუდად აისახება როგორც ჯოჯუაზე, ასევე, არასრულწლოვნის ოჯახზე.
"დ.დათუაშვილის განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა პატრიარქს, რომელმაც დაავალა პრობლემის მოგვარება და ზუსტად აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიიჩნევს დაუკავშირდეს - - დედას, - - და აცნობოს, რომ ს.ჯოჯუა მზადაა შეუნდოს - - ოჯახს მის წინააღმდეგ ჩადენილი ქმედებები, რის გამოც მიტროპოლიტს მოუწია ეპარქიის დატოვება".
ამავე ჩანაწერის მიხედვით, პედოფილიაში დადანაშაულებული ჯოჯუა "მზადაა ოჯახთან შესარიგებლად და საჭიროების შემთხვევაში, დათუაშვილთან ერთად შეხვდება მათ".
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, როცა სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომის ეპარქიიდან სავარაუდო პედოფილიის გამო გათავისუფლდა, საპატრიარქო ამის მიზეზად პირად თხოვნას ასახელებდა. ეპარქიის ხელმძღვანელობა დროებით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორე ჭუაძეს დაევალა. სწორედ მან მრევლს უთხრა, რომ ნუ დაიწყებენ "იმის ჩიჩქვნას და გამოძიებას, რატომ მოხდა ეს".
მალევე სერაფიმე ჯოჯუა გერმანიისა და ავსტრიის ეპარქიაში გადაიყვანეს და მმართველად დანიშნეს, რასაც აღნიშნული ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის პროტესტი მოჰყვა. საბოლოოდ მიტროპოლიტმა გერმანიაში გამგზავრებაზე უარი თქვა. გარდა ამისა, ბორჯომში მრევლის ნაწილი მის ჩამოყვანას ითხოვდა, ნაწილი კი ეწინააღმდეგებოდა და მიიჩნევდა, რომ მას ეპარქია უსაფუძვლოდ არ დაუტოვებია. 2017 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ჯოჯუას მღვდელმოქმედების უფლება აღუდგა და მამათა მონასტერში გამწესდა. მას ყოველთვიური ფინანსური დახმარებაც დაენიშნა.
13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ღია წყაროზე სასულიერო პირებთან დაკავშირებით მასალები აიტვირთა. უცნობია, ვინ გაავრცელა ფაილები და ასევე, არ არის დადასტურებული მათი ავთენტურობა. თუმცა რამდენიმე პოლიტიკოსმა და ჟურნალისტმა, მათ შორის On.ge-ს ყოფილმა რედაქტორმა განაცხადეს, რომ ჩანაწერებში საკუთარი საუბრები ამოიცნეს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენენ და უთვალთვალებენ სასულიერო პირებს, ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ძალადობრივი ჯგუფის წევრებსა და ლიდერებს და ამ ადამიანებთან კავშირში მყოფ მოქალაქეებს. ამასთან, ჩამონათვალში შეხვდებით კონკრეტული სასულიერო პირების მძღოლებს, საპატრიარქოს დაცვას, სტიქაროსნებს, თეოლოგებსა და სამების დამლაგებელსაც კი. ფაილებს შორის არის ინფორმაცია საპატრიარქოში რუსული კონტაქტების, ასევე, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.
ჩანაწერების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ავთენტურობას არც უარყოფს და არც ადასტურებს. უწყება აღნიშნავს, რომ მსგავსი ინფორმაციის ტირაჟირება შეურაცხყოფს ცალკეული ადამიანების, უსაფრთხოების ოფიცრებისა და მთლიანად სამსახურის პატივსა და ღირსებას. 14 სექტემბერს საქმეზე გამოძიება პროკურატურამ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის მუხლით დაიწყ, 18 სექტემბერს კი დამატებით განცხადება გაავრცელა, სადაც მიუთითა, რომ გამოძიება ფარული მასალების შემდგენსა და მომპოვებლებსაც ეძებს. მათივე განცხადებით, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვისა და გამოთხოვის მიზნით მიმართეს.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები