ვანი პომპეის არქეოლოგიური პარკის გამოფენას მასპინძლობს — ნახეთ, რას წერს იტალიური მედია
ვანი — ეს ერთი პატარა ქალაქი, რეალურად, ანტიკური ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. თუკი ჯერ კიდევ არ მოგინახულებიათ ვანის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც შარშან განახლებული სახით გაიხსნა და სადაც შთამბეჭდავი მუდმივმოქმედი ექსპოზიცია იმართება, მაშინ ახლა სწორედ ის დროა, თქვენს სამოგზაურო მარშრუტში იმერეთში მდებარე ამ უნიკალურმა ქალაქმა ღირსეული ადგილი დაიკავოს.
ვანის არქეოლოგიური მუზეუმი წელს პირველად მასპინძლობს საერთაშორისო გამოფენას — "სიცოცხლე და სიკვდილი — დიდებული პომპეი", რომელიც თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიხსნა.
გამოფენა ტრაგიკული ისტორიის მქონე ქალაქის ამბავს მოგვითხრობს — ჩვენს თვალწინ აცოცხლებს პომპეის, რომელიც ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაიფარა. უნიკალური გამოფენა პომპეის მკვიდრების ყოველდღიურ ცხოვრებასა და კულტურას ათეულობით ექსპონატით გვაცნობს და ანტიკური ისტორიის სიღრმეებში გვამოგზაურებს.
საქართველოში გამოფენის ჩამოტანას იტალიური მედიის გამოხმაურებაც მოყვა. პომპეის არქეოლოგიური პარკის ფეისბუქ-გვერდი ქართველი ფოტოგრაფების — ანი დავარაშვილისა და გურამ კაპანაძის ფოტოებს აქვეყნებს და ხაზს უსვამს გამოფენის ვანში ჩატარების სიმბოლურობას.
"გაინტერესებთ, როგორ ცხოვრობდნენ პომპეიელები ორი ათასი წლის წინ? ამის გაგებას საქართველოში ამჟამად გამართული გამოფენის საშუალებით შეძლებთ", — ასე ეხმაურება "სიცოცხლე და სიკვდილი — დიდებული პომპეის" მთავარ მიზანს იტალიური ვებ-პორტალი Il Mattino. გამოცემა წერს, რომ ამ საოცარ გამოფენაზე ნამდვილად თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი ყველა ის ნივთი, რასაც პომპეის მცხოვრებნი ყოველდღიურად იყენებდნენ: ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სამუშაო იარაღები და ა.შ. აქ, ასევე, შეხვდებით ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა თაბაშირის მოდელებს, ორნამენტებსა და არქიტექტურულ დეკორებს.
"ანტიკური პომპეის საოცრებანი ვანისა და თბილისის პროტაგონისტები ხდებიან: საქართველო პირველად მასპინძლობს პომპეის არქეოლოგიურ აღმოჩენებს", — იტალიური გაზეთი და ვებ-პორტალი Made in Pompei ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველო პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, სადაც აღნიშნული ექსპონატები გამოიფინა.
იტალიური ვებ-პორტალ Il Tabloid-ის სტატიაში კი ვკითხულობთ, რომ "სიცოცხლე და სიკვდილი — დიდებული პომპეის" მიზანია, გააცოცხლოს "ანტიკური ქალაქის ცხოვრება" და გამოსახოს პომპეის ყოველდღიურობა, რომელიც, დაახლოებით, ორი ათასწლეულის წინ განადგურდა". ვებ-პორტალ Italiana-ს თქმით კი, "სიცოცხლე და სიკვდილი — დიდებული პომპეი" ერთ-ერთია იტალიური ხელოვნების გამოფენათა სერიიდან, რომელიც იტალიის საელჩოს ხელშეწყობით ხორციელდება. ეს სერია განსაკუთრებული წარმატებით გამოირჩევა და მას უკვე რეკორდული — 250 000-ზე მეტი მნახველი ჰყავს.
ფოტო: ანი დავარაშვილი/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ფოტო: გურამ კაპანაძე/თიბისი
თუკი გსურთ პომპეისა და ვანის ისტორია თქვენ თვალწინ გაცოცხლდეს, მაშინ სექტემბრის ბოლომდე ესტუმრეთ ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს. შემდეგ კი გამოფენა თბილისში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გადაინაცვლებს.
კომენტარები