კიბოს მკურნალობაში სამედიცინო მარიხუანის სარგებლიანობა მასშტაბურმა კვლევამ დაადასტურა

ფოტო: CC0 Public Domain
სიმსივნის სიმპტომების — მაგალითად ტკივილის, მადის დაქვეითებისა და გულისრევის — სამართავად მკვლევრები სამედიცინო კანაფის გამოყენებას უკვე დიდი ხანია განიხილავენ. ამისდა მიუხედავად, მეცნიერებმა კონსენსუსს ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს — მარიხუანის კვლევაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, რადგან იგი პირველი კატეგორიის კონტროლირებად ნივთიერებადაა კლასიფიცირებული.
ახალი კვლევა სამედიცინო კანაფის შესახებ ჩატარებულ კვლევებს შორის ყველაზე ფართომასშტაბიანია. ამ მეტაანალიზში მკვლევრებმა 10 000-ზე მეტი რეცენზირებული ნაშრომი განიხილეს. აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა კიბოს კონტექსტში სამედიცინო კანაფის გამოყენებას ემხრობოდა. მარიხუანის გამოყენებამ სიმსივნის სიმპტომების მართვის მხრივ დადებითი შედეგები აჩვენა. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ დაავადების მკურნალობაში კანაფი ანტიკარცინოგენული აგენტის როლსაც ითავსებს.
ასევე იხილეთ: მასშტაბურმა კვლევებმა მარიხუანის სამედიცინო სარგებლიანობა დაადასტურა
კანაფი ქიმიურ ნაერთებს — კანაბინოიდებს — შეიცავს. ორი მათგანი ყველაზე მეტადაა შესწავლილი — ტეტრაჰიდროკანაბინოლი (THC) და კანაბიდიოლი (CBD).
ეს ნაერთები ჩვენი ორგანიზმის ენდოკანაბინოიდურ სისტემაში ქიმიურ რეცეპტორებთან ურთიერთქმედებს. ენდოკანაბინოიდური სისტემა სიგნალირების სისტემაა, რომელიც არეგულირებს გარკვეულ ფუნქციებს — მეხსიერებას, ემოციების დამუშავებას, ძილს, ტკივილის კონტროლს და ა.შ. შედეგად კიბოს განკურნებასა და სიმპტომების მართვაში თერაპიულ ეფექტებს ვიღებთ.
იმისდა მიუხედავად, რომ კიბოს მკურნალობაში კანაფის ეფექტიანობის საკითხი უკვე კარგადაა შესწავლილი, საერთო ჯეროვანი სურათი ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩატარებული კვლევები ფართო და მრავალფეროვანი ხასიათისაა.
კანაფის თერაპიული პოტენციალის შესახებ საბოლოო დასკვნის გამოსატანად საყოველთაო ჯანდაცვის ონკოლოგიური ინსტიტუტის (Whole Health Oncology Institute) და ჩოპრას ფონდის მეცნიერებმა კანაფის შესახებ კვლევები ერთობლივად გააანალიზეს — ყველანაირი კვლევა ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების შემსუბუქებიდან მის კიბოს საწინააღმდეგო აგენტად გამოყენების პოტენციალზე.
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით 10 000-ზე მეტი რეცენზირებული კვლევა განიხილეს. მათ ბუნებრივი ენის დამუშავება — მანქანური სწავლების ტექნოლოგია, რომელიც კომპიუტერს ადამიანის ენის გაგებაში ეხმარება — გამოიყენეს. ბუნებრივი ენის დამუშავებით მათ სენტიმენტის ანალიზი შეასრულეს, რათა კიბოს მკურნალობისთვის კანაფის გამოყენებაზე მკვლევართა აზრები შეეჯამებინათ.
აღმოჩნდა, რომ მეცნიერთა დიდი უმრავლესობა კიბოს მკურნალობის დროს მარიხუანის გამოყენებას ემხრობა. კვლევებში კანაფის გამოყენების მხარდამჭერი აზრი 31-ჯერ ხშირად იყო დაფიქსირებული, ვიდრე — საპირისპირო და 36-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ნეიტრალური პოზიცია.
შედეგად მკვლევრები ფიქრობენ, რომ სამედიცინო საზოგადოება უფრო ღიად უნდა იყოს განწყობილი კიბოს მკურნალობის პროცესში კანაფის გამოყენების მიმართ, ვიდრე ამჟამადაა.
კვლევა გამოცემაში Frontiers in Oncology გამოქვეყნდა.
კომენტარები