პომპეის ისტორია, ასე თუ ისე, ყველასთვისაა ცნობილი, თუმცა ვულკანური ფერფლიდან აღმდგარ ქალაქს საკუთარ თავზე იმდენად უცხო და განსაცვიფრებელი ამბები აქვს მოსაყოლი, რომ წარსულში თუ ვერა, იტალიაში მოგზაურობას აუცილებლად მოგანდომებთ. მართალია, ახლა მრავალი შეზღუდვის გამო პომპეის მონახულება ადვილი არაა, მაგრამ ეს სულაც არ შეგიშლით ხელს იმაში, რომ ამ ქალაქის მისტიკურ და სულისშემძვრელ ისტორიას აქვე, საქართველოში გაეცნოთ. როგორ?

სულ მალე ვანის არქეოლოგიური მუზეუმი თქვენ თვალწინ გააცოცხლებს ანტიკური ეპოქის პომპეის. სწორედ აქ, ახლა, ვანში შეძლებთ დაესწროთ გამორჩეულ გამოფენას "სიცოცხლე და სიკვდილი — დიდებული პომპეი".

მანამ, სანამ ექსპონატებს ქართველი დამთვალიერებლებისთვის ამზადებენ, ჩვენ გავიხსენოთ ფაქტები ამ დიდებული ქალაქის შესახებ, რომელიც ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაიფარა.

სტატიას ფონად ძალიან მოუხდება Pink Floyd-ის დაუვიწყარი კომპოზიცია, რომელიც სწორედ პომპეიშია ჩაწერილი.

1. პომპეის მკვიდრებმა არ იცოდნენ, რომ ვეზუვი ვულკანი იყო

ფოტო: Getty Images

შეიძლება გაგვიკვირდეთ, რატომ ცხოვრობდა პომპეის მოსახლეობა ვულკანთან ასე ახლოს. საქმე იმაშია, რომ მათ ვეზუვი უბრალო მთა ეგონათ და ვერც კი აცნობიერებდნენ, როგორი საფრთხის წინაშე იდგნენ.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვეზუვის ამოფრქვევამ 24 საათს გასტანა. მომწამლავი აირების, ლავისა და ფერფლის ნაზავი პომპეის, სტაბიესა და ჰერკულანუმს მისწვდა. დამწვარი ქალაქები ისტორიამ 1500 წლით მიივიწყა.

2. პომპეიში აღმოჩენილი არქიტექტურული ნაგებობები 2000 წელზე მეტი ხნისაა

ფოტო: Getty Images

პომპეის ამფითეატრი ძველი წელთაღრიცხვით 70 წლით თარიღდება და მსოფლიოში უძველესია. ეს იყო მოედანი, სადაც საცირკო წარმოდგენები და გლადიატორთა ბრძოლები იმართებოდა. ამ ღონისძიებების ანონსებს კი პომპეიში კედლებზე, ნახატების სახით შეხვდებოდით. არქეოლოგებმა იქ უამრავი ასეთი გრაფიტი აღმოაჩინეს.

ფოტო: Getty Images

3. პომპეიში მცხოვრებთა სხეულები ჯერ კიდევ შემონახულია

ფოტო: Getty Images

ვულკანურმა ფერფლმა ქალაქი 4-6 მეტრის სიმაღლეზე დაფარა. ჰაერთან და ნესტთან ნაკლები შეხების გამო ფერფლის ქვეშ საუკუნეების განმავლობაში ხელუხლებლად შემოინახა როგორც ნივთები, ისე ადამიანების სხეულები. სწორედ ამის გამოა პომპეი ძალიან საინტერესო, როგორც არქეოლოგებისთვის, ასევე ჩვეულებრივი დამთვალიერებლისთვისაც.

ქალაქში აღმოჩენილი კედლის ნახატებით კი ირკვევა, რა ეცვათ, რას აკეთებდნენ და როგორ გამოიყურებოდნენ ადამიანები 2000 წლის წინ.

ფოტო: Getty Images

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აღმოჩენა შეყვარებული წყვილის ქანდაკებაა. სწორედ მათ მიხედვით გადაიღეს ფილმი პომპეი. თუმცა ახალი კვლევების თანახმად, არსებობს ვარაუდი, რომ ისინი კაცები იყვნენ და არა ქალი და კაცი, როგორც ეს ფილმშია ნაჩვენები. თუმცა ამ საკითხის შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და დაზუსტებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია.

4. პომპეი 1 500 წლის შემდეგ აღმოაჩინეს

ფოტო: Getty Images

ქალაქის ნაწილი შემთხვევით აღმოაჩინეს 1599 წელს, როდესაც მუშები ჭას თხრიდნენ, თუმცა არქეოლოგიური სამუშაოები მეთვრამეტე საუკუნემდე არ დაწყებულა.

აღმოჩენის დღიდან ის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა და ყველაზე დიდ არქეოლოგიურ აღმოჩენადაც მიიჩნევა.

5. ჯერ კიდევ არავინ იცის, ზუსტად როდის ამოიფრქვა ვულკანი

ფოტო: Getty Images

ძველ რომაულ ჩანაწერებზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ვეზუვი ცეცხლის ღმერთის, ვულკანის სადიდებელი დღესასწაულის მეორე დღეს, ახალი წელთაღრიცხვით 79 წლის 24 აგვისტოს ამოიფრქვა. თუმცა, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის, შესაძლოა, ზამთარში, სავარაუდოდ, დეკემბერში ამოფრქვეულიყო.

6. პომპეი შეიძლება ყოველთვის რომაული ქალაქი არ ყოფილიყო

დორიული ტაძარი პომპეის სამკუთხა ფორუმში

ფოტო: Dave & Margie Hill / Kleerup

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ნაგებობების უმეტესობა სწორედ რომაულ კულტურაზე მიუთითებს არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ქალაქზე ბერძნულ კულტურასაც დიდი გავლენა ჰქონდა, განსაკუთრებით ქრისტეშობამდე VI საუკუნეში. ამაზე მიუთითებს დორიული ტაძარი პომპეის სამკუთხა ფორუმში. თუმცა პომპეიზე ბერძნული კულტურის გავლენის დონე ჯერ კიდევ შესასწავლია და ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მწირ ინფორმაციას ვფლობთ.

ფოტო: Hakai Magazine

რა თქმა უნდა, ქალაქში უმეტესად რომაული არქიტექტურაა შემორჩენილი. პომპეის განვითარებული ინფრასტრუქტურა ჰქონდა. აქ შეხვდებოდით ვენერას, იუპიტერისა და აპოლონის ტაძრებს. ქალაქის ერთ მხარეს იყო ფორუმი, სადაც ვაჭრობა იმართებოდა. გარდა ამისა ქალაქი თავს კომპლექსური წყლის სისტემებით, პორტით, სტადიონითა და გიმნაზიითაც იწონებდა.

7. პომპეიში მცხოვრებებს იდეალური კბილები ჰქონდათ

ფოტო: Getty Images

ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად კვლევის მეთოდებიც დაიხვეწა. შესაბამისად, არქეოლოგებმა შეძლეს, უკეთ გამოეკვლიათ პომპეიელების იდეალურად შემონახული სხეულები. რენტგენის შედეგად მათ აღმოაჩინეს, რომ პომპეის მკვიდრებს არაჩვეულებრივი კბილები ჰქონდათ. ამას ორი მიზეზი აქვს: ისინი ძალიან კარგად უვლიდნენ თავს, იკვებებოდნენ ჯანსაღად და ვულკანის გამო წყალში ფტორის შემცველობა ძალიან მაღალი იყო, რაც კბილების ემალს უფრო აძლიერებდა.

8. ეს არ ყოფილა მსოფლიოში ყველაზე გამანადგურებელი ვულკანური ამოფრქვევა

ფოტო: Getty Images

იმის მიუხედავად, რომ პომპეიში ამოფრქვეულმა ვულკანმა მთელი ქალაქი მიწასთან გაასწორა, მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით, ისტორიულად ის ხუთ ყველაზე გამანადგურებელ ვულკანურ ამოფრქვევას შორისაც კი ვერ მოხვდება.

იმ პერიოდში ქალაქში 15 000 ადამიანი ცხოვრობდა და აქედან მოსახლეობის 13 პროცენტი დაიღუპა, რაც, დაახლოებით, 2 000 ადამიანია. შედარებისთვის, 1815 წელს, ინდონეზიაში ამოფრქვეულმა ვულკანმა 80 000 ადამიანი იმსხვერპლა.

9. პომპეიელებს ამინდშიც არ გაუმართლათ

ფოტო: Getty Images

მეცნიერები ამბობენ, რომ პომპეის ტერიტორიაზე ქარი უმეტესად სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით უბერავდა, თუმცა ამოფრქვევის დღეს ქარმა ჩრდილოეთით დაუბერა. რომ არა ქარის ეს ტრაექტორია, სიცხის ტალღა და კვამლი ქალაქის მოპირდაპირე მიმართულებით წავიდოდა, თუმცა, როგორც ჩანს, პომპეიელების უიღბლობაზე ყველაფერმა ერთად იმოქმედა.

10. ვულკანი კიდევ ამოიფრქვევა

ფოტო: Getty Images

არ გეგონოთ, რომ პომპეიში ვულკანმა სამუდამოდ მიიძინა, ის კვლავ აქტიურია და ვარაუდობენ, რომ 200-ჯერ ამოფრქვეულა. უფრო საგულისხმოა, რომ მის ამოფრქვევას მეცნიერები კიდევ ერთხელ ელოდებიან. თუმცა, ამჯერად ისინი ქანების მოძრაობას ყოველდღე აკონტროლებენ. შესაბამისად, ჩვენ ამ ამბავს უფრო მომზადებულები შევხდებით, ვიდრე ანტიკური პომპეის მოსახლეობა.

პომპეი ხელახლა 1748 წელს აღმოაჩინეს და ის ანტიკური კულტურის კვლევის ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს. 2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში სპეციალურად საქართველოსთვის მომზადებული ექსპოზიცია განთავსდება.
გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და იტალიის საელჩოს ორგანიზებით თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პარტნიორია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხელოვნებასთან, განათლებასთან და ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. თიბისისა და ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანია მუზეუმის საცავებში დაცული განძი, მრავალფეროვანი და თანამედროვე ფორმატების დახმარებით, ფართო აუდიტორიამ გაიცნოს.