მეცნიერებმა ჭიანჭველას უძველესი ნამარხი აღმოაჩინეს — როგორი იყო პრეისტორიული მწერი

ფოტო: Odair M. Meira
პალეონტოლოგებმა ბრაზილიაში კირქვაში არსებული პაწაწინა ჭიანჭველას ნამარხი აღმოაჩინეს, რომელიც მსოფლიოში უძველესია. მისი ასაკი 113 მილიონი წელია და Haidomyrmecinae-ს გადაშენებულ ქვეოჯახს მიეკუთვნება. მათ მტაცებლური ადაპტაციების გამო "ჯოჯოხეთ ჭიანჭველებს" უწოდებენ.
ამ მწერებს ჭიანჭველებისთვის დამახასიათებელი ვერტიკალურად გაყოფილი სხეული და ცელის მსგავსი ყბები ჰქონდათ, რაც მსხვერპლის მოხელთებაში ეხმარებოდათ. ახალაღმოჩენილ სახეობას Vulcanidris cratensis ეწოდება და მასში უნიკალური მტაცებლური ფიზიოლოგიური მახასიათებლებია წარმოდგენილი.
დღესდღეობით ჭიანჭველები დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი არსებები არიან. მათი 13 800-ზე მეტი სახეობაა ცნობილი, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 22 000-ამდე აღწევს. ისინი თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება, მაგრამ "ჯოჯოხეთ ჭიანჭველებს" არცერთი მათგანი ჰგავს. მწერების ამ ოჯახს თავის გასაოცარი აგებულება გამოარჩევდა, მათ შორის მეტალის შემცველი საცეცები და ზედა-ქვედა განლაგების ყბები — გვერდიგვერდ არსებულის საპირისპიროდ.
ისინი მეტწილად ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაშია მიკვლეული, ნიმუშების ასაკი კი დაახლოებით 80-100 მილიონი წელია. რაც შეეხება V. cratensis-ს, ის ქვაზე დატოვებული კვალის სახით დღემდე ძალიან კარგადაა მოღწეული და "ჯოჯოხეთ ჭიანჭველას" პირველი ასეთი ნამარხია. ასევე, პირველია, რომელსაც სამხრეთ ამერიკაში მიაგნეს. ეს არა მხოლოდ მათ ხნიერებაზე მიანიშნებს, არამედ იმაზეც, რომ ისინი იმაზე მეტად იყვნენ გავრცელებულნი, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
მეცნიერებმა კომპიუტერული ტომოგრაფიის მეთოდი გამოიყენეს, რათა ქვაზე დატოვებული ანაბეჭდის მიხედვით მისი ანატომიური თავისებურებები შეესწავლათ. აღმოჩნდა, რომ ის ყველაზე მეტად 99 მილიონი წლის წინ მცხოვრებ "ჯოჯოხეთ ჭიანჭველათა" სახეობა Aquilomyrmex huangi-ს ენათესავება.
ანალიზმა V. cratensis-ის სპეციალიზებული პირის აპარატი გამოავლინა. ეს მიუთითებს, რომ მათში რთული ანატომიური ადაპტაციები იმაზე სწრაფად ჩამოყალიბდა, ვიდრე პროგნოზირებდნენ. ეს უძველესი ჭიანჭველების ევოლუციის უკეთ გამოკვლევაში დაგვეხმარება.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები