A.K. Group-ის აგენტები თაღლითობას აგრძელებენ — "სკამერების" დაბრუნება
ფოტო: აი ფაქტი
თვე-ნახევრის წინ ქოლ-ცენტრის ქართული "იმპერია" რომ გამოვააშკარავეთ, ალბათ, გეგონათ, რომ ეს მათ თაღლითობას წერტილს დაუსვამდა. თუმცა, სხვაგვარად მოხდა.
ჟურნალისტური გამოძიების ამ გაგრძელებით გიყვებით:
რამდენმა აგენტმა გააგრძელა თაღლითობა;
ვინ არის A.K. Group-ის ფინანსური მენეჯერი, რომელიც “Ashley Moriarty”-ის სახელსაა ამოფარებული;
რომელ პროგრამას იყენებს A.K. Group-ი მსხვერპლებთან დასარეკად;
რა უჯდება ქართულ ქოლ-ცენტრს თაღლითური ონლაინ ზარები?
პროცესები ასე განვითარდა: ჩვენი გამოძიების ნიადაგზე, A.K. Group-ის თანამშრომლები თანდათანობით მიიმალნენ – ოფისი დატოვეს, სოციალური მედიის ანგარიშები გააუქმეს და წაშალეს ყველა პოსტი, რომელიც მათ მდიდრულ ცხოვრებას ასახავდა.
საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში საქართველოს პროკურატურამ A.K. Group-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა თაღლითობისა და ფულის გათეთრების მუხლით; დააყადაღეს ხუთზე მეტი აგენტის და მათი "ბოსის", აკაკი ქევხიშვილის უძრავ-მოძრავი ქონება.
ამ სადამსჯელო ღონისძიებებმა "სკამერები" ვერ შეაჩერა და თაღლითურ საქმიანობას მალევე მიუბრუნდნენ. ამას ადასტურებს გამოჟონილი შიდა ჩანაწერები, რომელიც OCCRP-ის პარტნიორმა, შვედური ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფმა Qurium-მა მოიპოვა.
დოკუმენტების მიხედვით, ქართული ქოლ-ცენტრის 14 აგენტი მარტის ბოლოსაც აქტიურები იყვნენ Voice-over-IP (VoIP)-ის პლატფორმაზე და ზარებისთვის იყენებდნენ მის ერთ-ერთ პროგრამა Squaretalk-ს. ამ გზით, სულ მცირე, 184-ჯერ დარეკეს.
VoIP ტექნოლოგიით, თაღლითებს შეუძლიათ დიდი რაოდენობის ზარების განხორციელება ისე, რომ არ ჩანდეს კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან რეკავენ.
მტკიცებულება, რომელიც OCCRP-იმ და მისმა პარტნიორმა მოიპოვა, 25 მარტით თარიღდება. ეს ნიშნავს, რომ თაღლითებმა საქმიანობა მათი მხილებიდან რამდენიმე კვირაში უპრობლემოდ განაახლეს.
ის, რომ A.K.Group-ის თაღლითები მსხვერპლებს Squaretalk-ით უკავშირდებოდნენ, სხვა მტკიცებულებებითაც დასტურდება. გამოჟონილ ინფორმაციაში ვიპოვეთ ამ სისტემაში შესასვლელად საჭირო მონაცემებიც. გარდა ამისა, A.K.Group-ის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში შეყვანილია 2023 წლის აგვისტოდან 2025 წლის მარტის პერიოდში Squaretalk-ისთვის გადახდილი თანხის ოდენობაც — მინიმუმ, 150 000 აშშ დოლარი.
დოკუმენტებში ჩანს, რომ Squaretalk-ს იყენებს 14 აგენტი, მათ შორის, Luke Wade. ჟურნალისტებმა ჯერ კიდევ წინა გამოძიების ფარგლებში შეძლეს მისი იდენტიფიცირება და დაადგინეს, რომ ამ მეტსახელის უკან რეალური პირი ზვიად ურუშაძე დგას. ის A.K.Group-ის IT დეპარტამენტში მუშაობდა და მათ შორის, Squaretalk-ის ანგარიშების გამართვაზეც ზრუნავდა.
მიუხედავად იმისა, რომ ურუშაძე თავად "სკამერი" აგენტი არ ყოფილა, მშვენივრად იცოდა, რომ ისიც და მისი თანამშრომლებიც თაღლითობდნენ. ერთ-ერთ ტელეგრამ-მიმოწერაში, კოლეგას უთხრა: "ამან იცის, [ერთ-ერთ ონლაინ შეხვედრაზე დამსწრემ], რომ თაღლითები ვართ?" აქვე გეტყვით, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ურუშაძის ტელეგრამ-არხი ისევ აქტიურია. ბუნებრივია ზვიად ურუშაძეს კითხვები გავუგზავნეთ, თუმცა სტატიის გამოქვეყნებამდე მისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია.
ურუშაძის გარდა, Squaretalk-ს მარტის ბოლოს იყენებდნენ A.K. Group-ის "კლიენტის შენარჩუნების" ჯგუფის წევრებიც. ეს ის ჯგუფია, რომელმაც ჩვენი გამოძიების მიხედვით, თაღლითურ ქოლ-ცენტრს ყველაზე მეტი შემოსავალი მოუტანა, ანუ ყველაზე მეტი ფული მოიპარა.
პოტენციურ მსხვერპლს პირველად ე.წ. საუბრის წამომწყები ჯგუფის წევრი ურეკავს. ისინი კლიენტებს ჰპირდებიან, რომ გამოცდილ ბროკერთან დააკავშირებენ, რომელიც მათ ფულის გამომუშავებაში დაეხმარებათ. ამის შემდეგ საქმეში ერთვება “კლიენტის შენარჩუნების” ჯგუფი. აქაური უფრო გამოცდილი "სკამერები" ზრუნავენ იმაზე, რომ მსხვერპლი არ გაექცეთ და რაც შეიძლება მეტი თანხა გამოსძალონ.
ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, რისი გაკეთება შეეძლო Squaretalk-ს იმისათვის, რომ თაღლითებისთვის საქმე გაერთულებინა. ამ კითხვით მივმართეთ კიბერდანაშაულის სპეციალისტ კევინ ჰენდრიქსს. როგორც ის გვეუბნება, Squaretalk-ი ვალდებულია, გააუქმოს მომხმარებლების გამოწერა, თუ მისთვის ცნობილია, რომ ისინი პროგრამას ბოროტად იყენებენ:
"როგორც კი ისინი (VoIP პროვაიდერები) გააცნობიერებენ, რომ მათ სერვისს თაღლითები იყენებენ, პასუხისმგებლობა მათზეც გადადის. ბოლოსდაბოლოს, ისინი ხომ კერძო კომპანიები არიან, შეუძლიათ უარი თქვან და რაღაც ბიზნესს არ მოემსახურონ — მაგალითად, გაუუქმონ გამოწერები. მეტიც, როცა საქმე თაღლითურ სქემებს ეხება, მხოლოდ გამოწერები კი არ უნდა გააუქმონ, სამართალდამცველებთანაც უნდა ითანამშრომლონ. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თუ "სკამერი" მსხვერპლს ვერ დაუკავშირდება, ვეღარც მოატყუებს და ვეღარც თანხას გამოსძალავს".
დავუკავშირდით Squaretalk-საც, რომ სტატიაში მათი პოზიცია აგვესახა. კომპანიის იურისტმა დიმიტრი ბორაჯიევმა OCCRP-ის და პარტნიორ ორგანიზაცია Qurium-ს წერილობით უპასუხა, რომ თაღლითების ანგარიშებთან დაკავშირებით, 2025 წლის იანვრიდან სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობენ.
"ეს თანამშრომლობა მოიცავს როგორც სასამართლო განჩინებების შესრულებას კონკრეტული მონაცემების მიწოდების შესახებ, ასევე კონფიდენციალური პოლიციის გამოძიებების ხელშეწყობას… „Squaretalk რჩება თავისი საკომუნიკაციო პლატფორმის პრინციპების ერთგული და აგრძელებს თაღლითური საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას… ", – აღნიშნა ბორაჯიევმა.
მან განგვიმარტა, რომ მეტ დეტალზე საუბარი არ შეუძლიათ და ამ ეტაპზე, ვერც თაღლითების აქტიურ გამოწერებს გააუქმებენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
რა გამოვიძიეთ ქოლ-ცენტრის "იმპერიის" შესახებ ჩვენ და რას აკეთებს პროკურატურა?
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის მარტის დასაწყისში, "აი, ფაქტმა" OCCRP-ის და მის პარტნიორ 30 მედიასთან ერთად გამოააშკარავა თბილისში მოქმედი დანაშაულებრივი სქემა. სახელებით და გვარებით ვამხილეთ თაღლითობაში ჩართული 24 პირი, როგორც აგენტები, ისე მათი ხელმძღვანელები.
დავადგინეთ ისიც, რომ A.K. Group-ის ქოლ-ცენტრში 80-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. მათ ბოლო 3 წელში 6, 100-ზე მეტი პირი დააზარალეს და ჯამში 35 მილიონ დოლარზე მეტი მოჰპარეს. ჩვენმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ საქართველოში მოქმედი ქოლ-ცენტრის უკან შპს A.K. Group დგას. კომპანიის ოფიციალური მფლობელი კი 36 წლის მერი შოთაძეა.
გარდა ამისა, ვაჩვენეთ, რაში ხარჯავენ ეს ახალგაზრდები მოპარულ ფულს. მათი მდიდრული ცხოვრების შესახებ, ჩვენი ფილმიდან შეიტყობთ.
გამოჟონილმა დოკუმენტებმა საშუალება მოგვცა, გაგვესაჯაროებინა ისიც, როგორ ეპყრობიან მსხვერპლებს ქართველი "სკამერები", მათ დაყაჩაღებას არ ჯერდებიან და ფსიქოლოგიურადაც ძალადობენ.
ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთმა ავტორმა “სტუდია მონიტორმა” პროკურატურაში "სკამერების" დაბრუნების ამბავი რომ მოიკითხა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბაია ცანავამ უთხრა — ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს და თუ გვექნება, დეტალურად მოგვიანებით შეგატყობინებთო. ისიც დაამატა, რომ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობენ, თაღლითობის სავარაუდო მსხვერპლებისა და დამნაშავეების იდენტიფიცირების მიზნით.
იურისტისგან გვაინტერესებდა, რაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად გამოძიების დაწყების და გამოაშკარავებული დანაშაულებრივი სქემისა, თაღლითები კრიმინალურ საქმიანობას არ წყვეტენ. თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის/IDFI იურისტი გიორგი დავითური ფიქრობს, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები "ქოლ-ცენტრების" საქმეს სათანადოდ იმიტომ არ იძიებენ, რომ ეს სქემები პოლიტიკოსებთანაა გადაჯაჭვული.
"… ეს არის პოლიტიკასთან დაახლოებული დანაშაულებრივი სქემა. შეუძლებელია, რომ ამდენი წლის განმავლობაში ქვეყანაში ბრუნავდეს ამ მოცულობის ფული და ამის თაობაზე არ იცოდნენ სამართალდამცავმა ორგანოებმა. ეს ყველაფერი მიჩენს ვარაუდს, რომ მათი ფუნქციონირების სქემები “დალაგებულია” [პოლიტიკოსებთან]. ჩემი დაკვირვებით, სამართალდამცავი ორგანოები ეფექტური რეაგირების სურათს ხატავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არის საერთაშორისო წნეხი. არადა, ამაში კანონმდებლობა ნამდვილად არ უშლით ხელს… არ გვჭირდება, რომ ქვეყნის შიგნით გვყავდეს დაზარალებული ან წვდომა გვქონდეს, პირობითად, გერმანელი პენსიონერის ჩვენებაზე. ჩვენ გვაქვს დაუსაბუთებელი შემოსავლის მუხლი, საიდანაც ამ მასშტაბების გათვალისწინებით, ძალიან მარტივად შეგვიძლია დევნის დაწყება".
ჟურნალისტური გამოძიება სრულად ნახეთ აქ.
-
რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს რა მოხდა დაურ ბუავას გარდაცვალებამდე? — POG სადარბაზოს კამერის ჩანაწერს ასაჯაროებს
გადახედვა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები