ისტორია რომის პაპზე, რომლის ნეშტიც მოულოდნელად "აფეთქდა"— რამ გამოიწვია ეს

ფოტო: CNN
ადამიანის დაკრძალვის პრაქტიკა ისტორიულად საკმაოდ მრავალფეროვანია — ძველი ეგვიპტელების მუმიფიკაციიდან დაწყებული, თანამედროვე ეკომეგობრული მიდგომებით დასრულებული, როგორიც, მაგალითად, კომპოსტირებაა.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ბალზამირებაა, რის შედეგადაც გვამის ლპობა ყოვნდება და ახლობლებს მასთან დამშვიდობების საშუალება ეძლევათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე რომის პაპის ნეშტს ეხება. ამის მიუხედავად, არასწორად ჩატარებული ბალზამირება სერიოზულ პრობლემებს იწვევს.
1958 წლის ოქტომბერში რომის პაპი პიუს XII გულის მწვავე უკმარისობამ იმსხვერპლა. კათოლიკური ეკლესიის მეთაურს სურდა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოები სხეულის შიგნით დაეტოვებინათ. სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა არასათანადო ბალზამირების იმ
შემაძრწუნებელი შედეგის მიზეზი, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ.
მსგავსმა პროცედურამ პაპის სხეული შიდა დაშლამდე და გაზების დაგროვებამდე მიიყვანა, რაც, საბოლოოდ, ნაწილობრივი "აფეთქებით" დასრულდა. ამ მოვლენამ საფლავთან მლოცველთა ნაკადი შეაჩერა, ხოლო შვეიცარიელ გვარდიელებს გონება დააკარგვინა.
ბალზამირების პროცესში, ჩვეულებრივ, სხეულის შემადგენელ ქსოვილებსა და შინაგან ორგანოებს აშრობენ და სპეციალური სითხით ავსებენ. მეორე მხრივ, ნეშტიდან ორგანოებს იღებენ, რათა ხელი შეუშალონ იმ ბაქტერიების გამრავლებას, რომლებიც დიდი ოდენობით აირს გამოყოფენ და მუცლის შებერვას იწვევენ.
ექიმმა რიკარდო გალეაცი-ლიზიმ გადაწყვიტა, პაპის ნეშტი ეთერზეთებით დაემუშავებინა და შემდეგ სინთეტიკის ფენებით შეეფუთა. ცხელი ამინდის ფონზე ამ მეთოდმა შიდა დაშლის პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა.
პიუს XII-ის სურვილი — დამარხულიყო ისეთი, როგორიც ღმერთმა შექმნა — შესრულდა. ამის მიუხედავად, ორგანოების შეუსაბამო მდგომარეობამ ავტოლიზისა და ლპობის სწრაფი დაწყება განაპირობა, რასაც დიდი რაოდენობით აირების დაგროვება მოჰყვა.
პაპის გულმკერდი აირების ზეწოლის გამო გასკდა, ცხვირი და თითები მოსწყდა, ხოლო კანმა მომწვანო-მოშავო შეფერილობა მიიღო. სუნი იმდენად მძაფრი იყო, რომ გვარდიელები გონებას კარგავდნენ, რის გამოც მათ ყოველ 15 წუთში ცვლიდნენ.
აქედან იმის დასკვნა მარტივია, რომ სხეულის დაშლის ბუნებრივი პროცესი შეუქცევადია და მისგან არც ისეთი სტატუსი გვიცავს, როგორიც რომის პაპობაა. პარაზიტები საფლავის 2-მეტრიან სიღრმეზეც კი აღწევენ და კვერცხებს დებენ. ეს ლეშის მოცილების ბუნებრივი მექანიზმია, თუმცა როცა ნეშტის ხანგრძლივი შენახვის პრაქტიკაა დამკვიდრებული, სერიოზულ სირთულეებს ქმნის. ამის კლასიკური მაგალითია უილიამ I დამპყრობელი, რომლის ნეშტიც დაკრძალვისას "აფეთქდა" და იქ მყოფი ადამიანები სხეულებრივ სითხეებში ამოსვარა.
კომენტარები