ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ქართულ ოცნებას ძალიან გაუჭირდება სახელისუფლებო ძალაუფლების შენარჩუნება, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე დიდ ქალაქებსა და რაიონებში დამარცხდება. ბოკერია ვარაუდობს, რომ ასეთ შემთხვევაში მმართველი პარტიისთვის ძალიან ძნელი იქნება არ ჩანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

"მე ვთვლიდი და ახლაც ვთვლი, რომ 43% კი არა, 44-45%-თაც კი, თუ თბილისში და საკვანძო ქალაქებსა და რაიონებში მარცხი განიცადეს, ანუ, თვითმმართველობის სისტემაში თუ დაფიქსირდა არჩევნებზე ცვლილების ნება — არ არის აუცილებელი 43%-ით მოხდეს, თუმცა, რა თქმა უნდა, რაც ნაკლები ექნებათ მით უკეთესი — ძალიან გაუჭირდებათ ან შეუძლებელი იქნება სტატუს-კვოს და ძალაუფლების შენარჩუნება. საქართველოში ეს არასოდეს არ მომხდარა.

ასეთი კრიზისის დროს, თვითმმართველობის არჩევნებზე თუ ნება გამოიხატა საკვანძო, დიდ ქალაქებში და რაიონებში, გარდაუვალი იქნება ან ძალიან რთული იქნება ივანიშვილის რეჟიმისგან არჩატარება ვადამდელი არჩევნების", — განაცხადა გიგა ბოკერიამ ფორმულას ეთერში.

ბოკერია, ასევე, აცხადებს, რომ თუ მოქალაქეთა დიდი ნაწილი არჩევნებზე მივა და საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს, ქართული ოცნება 43%-ს ვერ აიღებს.

28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, ევროკავშირის მედიაციითა და შარლ მიშელის პირადი ჩართულობით მიღწეული შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი "კეთილი ნებით" 53%-ის მიღების შემთხვევაში ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის. შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი სწორედ 43%-იანი ბარიერი იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ ქართულ ოცნებას თვითმმართველობის არჩევნებზე ამაზე ნაკლები შედეგი ექნებოდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ახლა ეს დათქმა აღარ არსებობს.

გაიგე მეტი: