არნახული მასშტაბის ცეცხლის ალში გახვეული საბერძნეთი — როგორ ებრძვიან ხანძარს ქვეყანაში
საბერძნეთში უპრეცედენტო მასშტაბის კატასტროფასთან გამკლავებას ცდილობენ. ქვეყნის პრემიერმინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ხანძრის 586 კერაა გაჩენილი.
ხმელთაშუაზღვისპირა სახელმწიფოს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცხელი სითბური ტალღები დაატყდა თავს. გაჩენილი ხანძრების მასშტაბიდან გამომდინარე კი რამდენიმე დღის განმავლობაში დასახლებული პუნქტებიდან 63 ორგანიზებული ევაკუაცია განხორციელდა. ხალხისგან დაიცალა ათობით სოფელი, განადგურდა ასობით საცხოვრებელი სახლი.
"ეს დღეები ჩვენი ქვეყნის ბოლო ათწლეულების ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია", — განაცხადა მიცოტაკისმა და დასძინა, რომ ხანძრის ჩაქრობის პროცესს განსაკუთრებულად ართულებს სიცხე და რამდენიმეთვიანი გვალვა.
სიტუაცია ყველაზე მწვავე საბერძნეთის სიდიდით მეორე კუნძულზე, ევიაზეა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დამწვარია კუნძულის ნახევარზე მეტი.
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილის შემოსავალი სწორედ ტყეებზეა დამოკიდებული. ევიაზე მცხოვრები ხალხი კი აცხადებს, რომ სახელმწიფოს დახმარება დაგვიანებული იყო, რადგან ამ დროისათვის მათ მიერ წარმოებული ფისი, თაფლი, ზეთისხილი და ლეღვი უკვე ცეცხლს შთაენთქა.
სწორედ ამ მიზეზით, ათენში, საბერძნეთის პარლამენტის წინ ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. ისინი შექმნილი სიტუაციის მთავრობისეულ მართვას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება ხანძართან გამკლავებას არასათანადო ძალებით ცდილობს.
"ვაპროტესტებთ მთავრობის ქმედებას, რომელმაც მთელი ქვეყნის დაწვა დაუშვა, რადგან ხალხზე წინ სარგებელს აყენებენ", — ამბობს დემონსტრანტი ნიკოს ლუტოსი, — "ვაპროტესტებთ, რადგან მათ მილიონები დაახარჯეს არა სახანძრო ბრიგადებს, არამედ სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვასა და პოლიციას".
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ანა მიტილინეუს თქმით კი, ხალხი განრისხებულია, რადგან ქვეყანაში საგანგებოდ ტყის ხანძრებისთვის გამოყოფილი ბრიგადა არ ჰყავთ.
"ცეცხლის ტყეში შეკავება ტყის ხანძრებისთვის გამოყოფილ ბრიგადას შეუძლია და არა ჩვეულებრივ მეხანძრეებს. მათ [ხელისუფლებამ] კი ბრიგადები დაშალეს. აი, ამიტომ ვიწვით".
კუნძულ ევიაზე მდებარე სოფლის, გუვესის, მცხოვრებები საკუთარი ძალებით ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას, 8 აგვისტო
კუნძულ ევიაზე მდებარე სოფლის, კამატრიადესის, მცხოვრებები უყურებენ ხანძარს, 9 აგვისტო
კუნძულ ევიაზე მდებარე სოფლის, პეფკის, ევაკუირებული მოსახლეობა, 8 აგვისტო
ევაკუაცია კუნძულის ოთხ სოფელში გამოცხადდა, თუმცა, ზოგიერთი მცხოვრები საკუთარი სახლის გადარჩენის იმედით შინ დარჩა.
ასობით მეხანძრე ცდილობს ცეცხლის ჩაქრობას ფიჭვის ტყეში კუნძულ ევიაზე, 8 აგვისტო
დამწვარი რესტორანი ვარიბობიში, ათენის მახლობლად, 8 აგვისტო
ხანძარი უახლოვდება დასახლებულ ზონას ქალაქ აფიდნესში, 8 აგვისტო
ძაღლი იცდის მანქანაში, აგიოს სტეფანოსი, ათენის გარეუბანი, 6 აგვისტო
დამწვარი გორაკები ათენის ჩრდილოეთით, 6 აგვისტო
ვერტმფრენები ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას ვარიმპომპიში, ათენის გარეუბანი, 4 აგვისტო
ოჯახი დგას დამწვარ საცხოვრებელთან ვარიმპომპიში, 4 აგვისტო
ცეცხლის ალი ლიმნის მთაზე, კუნძული ევია, 3 აგვისტო
დაბოლოს — ქალი, რომელიც თავის სახლთან მოახლებული ხანძრის შემდეგ საცხოვრებელს ტოვებს, გუვესი, კუნძული ევია
კლიმატის ცვლილება და ტყის ხანძრები
გარემოს დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, სამხრეთ ევროპა, სადაც გვალვები უფრო ხშირი და მწვავე პრობლემა ხდება, კლიმატის ცვლილების შედეგებისგან ყველაზე დაუცველი რეგიონია კონტინენტზე.
"ცხადია, რომ კლიმატის კრიზისი მთელ პლანეტაზე ახდენს გავლენას", — აცხადებს პრემიერმინისტრი მიცოტაკისი, — "ეს არის ახსნა, თუმცა, არა გასამართლებელი მიზეზი ან ალიბი. შესაძლოა, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ადამიანს შეეძლო, თუმცა, უმეტესად, ბუნებასთან უთანასწორო ბრძოლაში ეს საკმარისი არაა".
მეცნიერები კი კლიმატის ცვლილებასა და მეტეოროლოგიურ ანომალიებს შორის პირდაპირ კავშირზე მიუითებენ. კვლევების მიხედვით, ისეთი გვალვები, როგორიც მსოფლიოში ათ წელიწადში ერთხელ შეიძლება მომხდარიყო, ახლა 70 პროცენტითაა გახშირებული. ამისა და სითბური ტალღების შედეგად, ტყის ხანძრების სეზონები უფრო დიდხანს გრძელდება და უფრო გამანადგურებელი შედეგების მომტანია.
მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან არა მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთით, საბერძნეთსა და თურქეთში, არამედ ჩრდილოეთ აფრიკაშიც. ალჟირის 17 პროვინციაში ცეცხლის 103 კერაა. მის ჩასაქრობად მობილიზებულია ეროვნული არმიაც, რომლის 25 წევრი ხანძრის ლიკვიდაციასა და მოსახლეობის ევაკუაციას შეეწირა.
კომენტარები