კარლ ლინეს მიერ ბინომინალური ნომენკლატურის შექმნიდან ორი საუკუნე გავიდა, თუმცა მეცნიერები დღემდე უამრავ ახალ სახეობას აღრიცხავენ და ამ პროცესის დასასრულს ბოლო არ უჩანს.

1758 წელს შვედ ნატურალისტ კარლ ლინეს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს სისტემის (Systema Naturae) მე-10 გამოცემაში ბოლო შტრიხები შეჰქონდა და თანაც მეთაფლია ფუტკრებზე ფიქრობდა. ეს ნაშრომი ტაქსონომიის, ანუ ცოცხალი არსებების კლასიფიკაციის ენციკლოპედიური კრებული გახლავთ, მეთაფლია ფუტკრისთვის კი სახელის შეცვლის დრო დამდგარიყო.

ამ პერიოდში ევროპულ მეთაფლიას Apis pubescens, thorace subgriseo, abdomine fusco, pedibus posticis glabris utrinque margine ciliatis ეწოდებოდა. ეს სახელი, რომელიც საკმაოდ კარგად ახასიათებს ფუტკარს, დაახლოებით ასე ითარგმნება: ბეწვით დაფარული ფუტკარი, მონაცრისფრო თორაქსი (იგივე მკერდი ნაწილი მწერებში), მოყავისფრო მუცლითა და შავი, თმიანი ფეხებით. ეს, სამწუხაროდ, რთულად წარმოსათქმელი და დასამახსოვრებელი სახელწოდებაა და არც ეგზემპლართა იარლიყებზე დაიტანება მარტივად. "სახელები უსასრულოდ იწელებოდა, რაც მათ გამოყენებას, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიდა", წერს გერმანელი ბიოლოგი მაიკლ ოული წიგნში სახელდების ხელოვნება.

კარლ ლინემ დაამკვიდრა ბინომინალური ნომენკლატურა.

მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს სისტემის უკვე ნახსენებ გამოცემაში ლინემ პრობლემა ბინომინალური ნომენკლატურის მეშვეობით გადაჭრა, რომლის თანახმადაც, ყველა სახელი ორსიტყვიანი უნდა ყოფილიყო. იდეა შვეიცარიელ ბოტანიკოს ძმებს, გასპარ და იოჰან ბაუჰინებს ეკუთვნოდათ, თუმცა ის სწორედ ლინემ შემოიღო ხმარებაში და თავის ნაშრომებში გამოიყენა. ასე ეწოდა მეთაფლია ფუტკარს მისი თანამედროვე სახელი — Apis mellifera.

ლინემ და მისმა თანამედროვეებმა ათასობით სახეობა აღნუსხეს და საამისოდ მრავალი ლათინური სახელი გამოიყენეს, თუმცა ცოცხალ არსებათა რაოდენობას ბოლო არ უჩანდა. მას შემდეგ, რაც ლინემ ბოტანიკური ლექსიკონი სამეცნიერო სფეროში სტანდარტად აქცია, საუკუნეები გავიდა, თუმცა დედამიწაზე კვლავაც ურიცხვი აღუწერელი არსება ბინადრობს. ყოველ წელს დაახლოებით 18 000 ახალი სახეობა აღირიცხება და თითოეული მათგანი სამეცნიერო სახელწოდებას საჭიროებს.

150 წლის წინ მექსიკაში დაჭერილი და აღწერილი Dinagapostemon sicheli, რომელიც ახლა პარიზში ინახება.

ფოტო: Flickr / PUBLIC DOMAIN

სახეობებისთვის სახელების შერჩევა სამყაროს ორგანიზებისა და მისი შეცნობის გზაა, რათა ცოცხალი ორგანიზმების არსში და მათ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში გავერკვეთ. და თუკი ჩვენი მიზანი გარკვეული წესრიგის დამყარებაა, მაშინ სახელწოდებები ალალბედზე ვერ შეირჩევა. სისტემას ყველამ უნდა მისდიოს, რათა ერთსა და იმავე არსებას მრავალი სხვადასხვა სახელი არ ეწოდოს, სხვადასხვა სახეობებს კი — ერთი და იგივე.

როცა მკვლევარი ვარაუდობს, რომ ახალი სახეობა აღმოაჩინა, პირველ რიგში, არსებულ ლიტერატურას იკვლევს და მისი კლასიფიცირება რომ შეძლოს, ნაპოვნს სხვა აღწერებს, სურათებსა და მონაცემებს ადარებს. აუცილებელია, აღმოჩენა სრულყოფილად დაახასიათოს და შემდგომ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნოს. მკვლევრები "ტიპურ ეგზემპლარებს", ანუ, როგორც უოლი წერს, "იმ ცალკეულ არსებებს ეძებენ, რომლებსაც მეცნიერები პირველად ურჩევენ სახელს". ტიპური ეგზემპლარი მისი სახეობის ერთგვარი დელეგატია (წლების შემდეგ, თავად კარლ ლინე ჰომო საპიენსის ეგზემპლარად მონათლეს). ამგვარ წარმომადგენლობით მიდგომასაც აქვს თავისი ნაკლი, რადგან ინდივიდებს განმასხვავებელი ნიშნებიც ახასიათებთ. მკვლევრები ამ განსხვავებებს იკვლევენ და განიხილავენ, ვინაიდან, როგორც ოული აღნიშნავს, თუკი ისინი საკმარისად მრავალრიცხოვანი და მკაფიოა, შესაძლოა, ესა თუ ის ცხოველი, მცენარე, თუ სოკო ერთსა და იმავე სახეობას აღარ მიეკუთვნოს.

ეს საკმაოდ რთული პროცესია და ცოცხალ და გამქრალ სახეობებს ერთნაირად მიემართება. ბოლო წლებში მანჩესტერისა და ნიუ-იორკის უნივერსიტეტების მეცნიერებმა იქთიოზავრის, გვიანდელ ტრიასულ და ადრეულ იურულ პერიოდში მცხოვრები ზღვის ქვეწარმავლის, 99 ეგზემპლარი შეისწავლეს, რათა ექვსი არსებული სახეობის ფარფლები აღეწერათ. კვლევის პროცესში მათ ნამარხებს შორის მკვეთრი განსხვავებები აღმოაჩინეს. "ეს განსხვავებები რომ უნიკალურად ჩაგვეთვალა, 30 ახალი სახეობისათვის მოგვიწევდა სახელის შერჩევა. თუმცა, ეგზემპლართა მრავალრიცხოვნების წყალობით დავადგინეთ, რომ ერთი და იმავე სახეობის განსხვავებულ ვარიანტებთან გვქონდა საქმე", განაცხადა კვლევის თანაავტორმა და დედამიწის მეცნიერებების პროფესორმა, ჯუდი მესერმა.

ენტომოლოგიის პოსტერი.

ფოტო: WELLCOME COLLECTION

მსგავსება-განსხვავების საკითხების მოგვარების შემდეგ სახელის შერჩევის დრო დგება. ბინომინალური ნომენკლატურის თანახმად, ყოველი ზოგადი თუ კონკრეტული სახელი მინიმუმ ორი ასოსგან უნდა შედგებოდეს. რამდენიმე სხვა ოფიციალური წესიც არსებობს, რომლებიც ზოოლოგიური ნომენკლატურის საერთაშორისო კოდექსშია დაზუსტებული. მაგალითად, სახელი უკვე არ უნდა ერქვას სხვა სახეობას, აუცილებლად სიტყვა უნდა იყოს (ან სიტყვას მაინც უნდა ჰგავდეს და ზედმეტად გაურკვეველი არ უნდა იყოს), მასში ისეთი სპეციფიკური სიმბოლოები, როგორებიცაა დიაკრიტიკული ნიშნები, არ უნდა გვხვდებოდეს და უსათუოდ უნდა ითარგმნოს ლათინურად. კოდექსის თანახმად, თუკი სახელი უკვე არსებული ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს, მას სქესის განმსაზღვრელი სუფიქსი უნდა დაერთოს (მაგალითად, ცელნამგალა ვეშაპის, Orcinus orca-სა და ირავადის დელფინის, Orcaella brevirostris-ის სახელები ლათინური Orca-დან მოდის, რაც დიდ ქოთანს ნიშნავს). ამ ყველაფრის ზედმიწევნით გათვალისწინების შემდეგ, როგორც უოლი წერს, "მკვლევრებს შეუძლიათ, მეცნიერული სიზუსტის მკაცრი კრიტერიუმებიდან გადაუხვიონ და საკუთარი ინტერესები გამოამჟღავნონ". აი, მხიარული ნაწილიც სწორედ მაშინ იწყება.

თავდაპირველი გამოწვევა იმის დაზუსტებაა, რას უნდა გამოხატავდეს სახელი. ზოგჯერ მეცნიერები გეოგრაფიულ ნიშნებზე კონცენტრირდებიან (აბა, თუ გამოიცნობთ, სად ბინადრობს Blatella germanica?), ზოგჯერ კი — აღწერილობაზე. ამ შემთხვევაში სახელი არსების ფერს, ფორმას, კიდურებსა ან ქცევას აირეკლავს (ზემოთ ხსeეებული მეთაფლია ფუტკრის მაგალითი გავიხსენოთ). საამისოდ ტაქსონომიური სახელების კატალოგებიც კი არსებობს. ზოგჯერ მკვლევრები გარე სამყაროში პოულობენ შთაგონებას და აღმოჩენებს მეგობრების, დამფინანსებლების, მასწავლებლებისა და ვარსკვლავების სახელებს არქმევენ. ამ შემთხვევაში, სახელის შერჩევა ხშირად ინტერესისა და მხარდაჭერის მოპოვების სტრატეგია ხდება ხოლმე: 12 სახეობას, მათ შორის ობობებსა და სირსველს, ბარაკ ობამას საპატივსაცემოდ დაარქვეს სახელი, თევზს, Haptoclinus dropi-ის კი ასე Smithsonian Tropical Research Institute Deep Reef Observation Project-ის, შემოკლებით DROP-ის გამო ეწოდა, ვინაიდან სწორედ ეს ექსპედიცია გადააწყდა ამ სახეობას ოკეანის მეტწილად გამოუკვლეველ ნაწილში.

თევზის სახეობა Haptoclinus dropi-ს წარმომადგენელი.

ფოტო: BALDWIN / SMITHSONIAN

ბრაიან ბრაუნმა, რომელიც ლოს-ანჯელესის ოლქის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმის ენტომოლოგიის განყოფილების კურატორია, 600 სახეობას შეურჩია სახელი (ზოგადად, ენტომოლოგები ამ საქმით გამოირჩევიან. მაგალითად, ფრენსის უოლკერმა, მე-19 საუკუნის ინგლისელმა მკვლევარმა, 23 506 სახეობას დაარქვა სახელი, თუმცა მოგვიანებით კრიტიკოსებმა მეტისმეტ სისწრაფესა და უზუსტობაში დაადანაშაულეს). ბრაუნი მომცრო ბუზების ექსპერტია. რადგანაც მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია, ენტომოლოგის ვარაუდით, სახეობათა მხოლოდ 10 პროცენტია აღნუსხული. "ჩემი აზრით, სახელებზე ზედმეტი ფიქრი დროის ფუჭი ფლანგვაა. ძნელად წარმოსათქმელი სახელების შერჩევა კი არავის არგებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახეობა ფართოდ გავრცელებულია", ამბობს ბრაუნი.

ბრაუნი აღიარებს, რომ ხალხის მომცრო ბუზებით დაინტერესება საკმაოდ რთული საქმეა. ისინი ხომ პაწაწინა, უცხო და არცთუ ისე მომხიბლავი არსებები არიან. 2018 წელს ენტომოლოგმა ის გააკეთა, რაც მანამდე არ უცდია: ახალ სახეობას ცნობილი ბოდიბილდერის, მსახიობისა და პოლიტიკოსის სახელი დაარქვა. "ამ საკითხში გადაჭარბება არ შეიძლება. თუკი ყველა სახეობას ცნობილი სახეების სახელს დავარქმევთ, მთელი კონცეფცია შეიცვლება", ამბობს ბრაუნი. თუმცა, მისი დარქმეული სახელი ნამდვილად შესაფერისი გახლდათ: Megapropodiphora arnoldi-ის გამობურცული ფეხები აქვს, რამაც მკვლევარს არნოლდ შვარცნეგერის ტანი მოაგონა. ეს სახეობა აქამდე აღწერილ პარაზიტ ბუზებს შორის ყველაზე პატარაა, ამიტომაც საკმაოდ მნიშვნელოვანია. "ცნობილი ადამიანის სახელს მხოლოდ გამორჩეულ სახეობას თუ დავარქმევდი", ამბობს ენტომოლოგი.

ზოგიერთების აზრით, ვარსკვლავების სახელების გამოყენება ნამდვილი სისულელეა, თუმცა, ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები ყურადღებას ნამდვილად იქცევს. მაგალითად, ობობას სახეობას, რომელსაც ფრანკფურტის ბუნებათმცოდნეობის მუზეუმისა და სენკენბერგის კვლევითი ინსტიტუტის არაქნოლოგიის განყოფილების უფროსმა, პიტერ იეგერმა Heteropoda davidbowie დაარქვა, Rolling Stone-ის გერმანულ გამოცემასა და Atlas Obscura-ში სტატია მიეძღვნა. ბრაუნის თქმით, მსგავსი სახელები ხალხის ყურადღებას იპყრობს და მათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე აფიქრებს, როგორიც, მაგალითად, ამაზონის ჯუნგლების ბიომრავალფეროვნებაა. "ჩემი მთავარი მიზანი, ალბათ, ტროპიკული ტყეების გადარჩენაა. თუკი სახეობებისათვის ცნობილი ადამიანების სახელების დარქმევა ხალხს ამაზონზე დააფიქრებს, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს", ამბობს ბრაუნი.

შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ სახელები ურყევი, მუდმივი და უცვლელია, მაგრამ სინამდვილეში, სულაც არაა ასე. ახალი სახეობები მუდმივად აღირიცხება, თუმცა ხშირად უკვე ნაცნობი სახეობების გამოყოფის ხარჯზე, ვინაიდან თანამედროვე კვლევები გაცილებით უფრო დეტალურ ანალიზს გვთავაზობს. მეორე მხრივ, ზოგჯერ მკვლევრებიც იცვლიან აზრს და შეიძლება, განცალკევებული სახეობები ისევ შეუერთდნენ ერთმანეთს, ანდაც იმიტომ, რომ წესრიგის დამყარების დიდი სურვილით აღტაცებულნი, მეცნიერებიც ჩქარობენ და შეცდომას უშვებენ ხოლმე.

ასე გამოიყურება Gonepteryx rhamni, რომელიც კოლექციონერმა უილიამ ჩარლტონმა შეღება და ახალ სახეობად გაასაღა.

ფოტო: SAREFO

ეს პრობლემაც, ბინომინალური ნომენკლატურის მსგავსად, მე-18 საუკუნეში იღებს სათავეს. 1702 წელს, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, კოლექციონერმა უილიამ ჩარლტონმა ლონდონელ ენტომოლოგებს უცნაური პეპელა მიუყვანა. ყვითელი მწერი ძალიან ჰგავდა ინგლისურ გოგირდისფერ პეპელას, Gonepteryx rhamni-ის, თუმცა მისგან განსხვავებით, ლურჯი, მთვარისებრი ფორმებით იყო დაწინწკლული. ლინემ ეს ეგზემპლარი 1763 წელს შეისწავლა და სახეობას Papilio ecclipsis უწოდა. ოთხი წლის შემდეგ მეცნიერმა ეს სახეობა მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს სისტემის მე-12 გამოცემაშიც აღნუსხა. მხოლოდ 30 წლის შემდეგ მიხვდა დანიელი ენტომოლოგი, ჯონ ქრისტიან ფაბრიკიუსი, რომ ეგზემპლარი ყალბი იყო. ჩარლტონს ჩვეულებრივი გოგირდისფერი პეპელა ცისფერი საღებავით დაეწინწკლა. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ამ თაღლითობის შესახებ რომ შეიტყო, ბრიტანული მუზეუმის აღშფოთებულმა მეურვემ ეგზემპლარი ფეხქვეშ გათელა. ასე გაქრა Papilio ecclipsis.

უოლი აღნიშნავს, რომ სახელის დიდებულებისა და მაგიურობის ნაწილი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ახერხებს ის, მსმენელი თუ მკითხველი, უცხო ადგილებში ამოგზაუროს. სახელებს შეუძლიათ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის, ანდაც უკვე გამქრალი წარსულის კარები გაგვიღონ. როგორც უოლი წერს, "სახელები ჯადოსნური შელოცვების მსგავსად გვაახლოებენ დიდი ხნის წინ გადაშენებულ არსებებთან. პრეისტორიულ ხედებს ხომ სწორედ სახელების მეშვეობით წარმოვისახავთ და თავს იმ სამყაროს ნაწილად ვგრძნობთ".