"სტრესი, რომელიც არასდროს გაივლის" — ლგბტ აქტივისტების 5 ივლისი
ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ისეთ გარემოში, სადაც ხალხს არც ისე დიდხანს მიჰყვება პოლიტიკური მეხსიერება, პროტესტსა და მის შედეგებს ერთ თვეში, ისეთი ინტერესით აღარ ადევნებენ თვალს და ისე ჩართულები არ არიან, როგორც დასაწყისში. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან პოლიტიკურ დესტაბილიზაციასა და პარტიულ ბრძოლებში გამოზრდილი ხალხი შინაგანად ძალიან უნდა აღშფოთდეს, მომხდარი 34 დღის შემდეგაც რომ ცხადად ახსოვდეს და ანერვიულებდეს — ივლისის მოვლენებმა, სწორედ ეს რეალობა დაგვიყენა. ბოლოდროინდელ ისტორიას თუ გადავხედავთ, იმდენად ანტიჰუმანური და ანტისახელმწიფოებრივი არაფერი დაგეგმილა და განხორციელებულა, როგორიც 5 ივლისს პარლამენტთან განვითარებული მოვლენები იყო.
დეზინფორმაციისა და რუსული ჰიბრიდული ომის მსხვერპლთა გარკვეული ჯგუფისთვის ისეთი საბაზისო მოცემულობა, როგორიც სექსუალური ორიენტაციაა, "ეროვნული თვითშეგნების ქვაკუთხედადაა" ქცეული და სწორედ ამის მიუღებლობაზეა დაშენებული მათი ფსევდოპატრიოტიზმი. ისინი საშიშები მაშინ ხდებიან, როდესაც ჰყავთ ჯგუფი და ლიდერი. 5 ივლისს პარლამენტის წინ შეკრებილებს ჰყავდათ ლიდერებიც და ძალადობრივი ჯგუფიც, რომელთა მობილიზებაც პრორუსული რიტორიკით ცნობილმა პირებმა მოახდინეს.
ფაქტებს თუ გავყვებით, 5 ივლისს, დილიდან პარლამენტთან ეს ადამიანები შეიკრიბნენ იმისთვის, რომ თბილისი პრაიდის მიერ დაანონსებული ღირსების მარში არ ჩატარებულიყო. მარში 17:00 საათზე იყო დაგეგმილი, მოძალადეები კი იქ დილიდან "გამაგრდნენ", რათა ტერიტორია დაეკავებინათ — აშალეს ოპოზიციის კარვები და მედიაზე ძალადობა დაიწყეს. დაახლოებით 12:00 საათიდან ქალაქში გაიშალნენ და განაგრძეს ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნა. პირველი ლოკაცია სირცხვილიას ოფისი იყო და სწორედ იქ შევეჩეხეთ ისეთი მასშტაბის აგრესიას და ძალადობას, რაც ალბათ, მხოლოდ მძაფრ-სიუჟტიან ფილმებში გვინახავს.
5 ივლისის შესახებ ხალხის დიდმა ნაწილმა იცის მხოლოდ ის, რაც იმ დღეს მედიამ გააშუქა. ბევრს ჰგონია, რომ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ადრესატი შეიცვალეს და ღირსების მარშის ორგანიზატორების ნაცვლად მხოლოდ ჟურნალისტებს დევნიდნენ. ვნახოთ რა ხდებოდა კამერებს მიღმა, ანუ იმ სივრცეებში, სადაც აქტივისტები თავს აფარებდნენ და იმ დღეს მხოლოდ იმიტომ არ გავაშუქეთ, რომ მათი უსაფრთხოება კიდევ უფრო მეტად არ დამდგარიყო რისკის ქვეშ.
ღირსების მარშის დღე
როგორც ორგანიზატორები იყვნენ შეთანხმებული, 5 ივლისის დილიდან უნდა შეკრებილიყვნენ მოძრაობა სირცხვილიას ოფისში, რადგან თბილისი პრაიდის ოფისში მისვლა, შესაძლოა, რისკებთან ყოფილიყო დაკავშირებული. ერთად მოუსმინეს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც მან ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიიჩნია და ამ ღონისძიების უკანაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილის ჩრდილი დაინახა.
პრემიერმინისტრის "გამამხნევებელი" განცხადებით შექმნილი დილის განწყობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ზარს ელოდნენ, რომელიც ჯერ კიდევ წინა საღამოს იყო დაგეგმილი. როგორც სირცხვილიას აქტივისტი, მარიამ დოლიძე გვიყვება, მათ ჰქონდათ გეგმა, შეკრებილიყვნენ ფილარმონიასთან და წასულიყვნენ მზიურის მხარეს, რადგან ძალადობრივი ჯგუფები ქაშუეთთან იყვნენ. შსს-სთან კონტაქტი კი სწორედ ამ გეგმის შესათანხმებლად სჭირდებოდათ.
რთულია დამთხვევა უწოდო იმას, რომ სწორედ პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ დაიწყო ჟურნალისტებზე თავდასხმა და სწორედ ამის შემდეგ მოუწოდა კონსტანტინე მორგოშიამ შეკრებილებს, რამდენიმე ასეული წასულიყო სირცხვილიას ოფისში. ფაქტი ერთია — მოვლენები ნამდვილად ასე განვითარდა.
სირცხვილიას ოფისში შეკრებილებს ადგილიდან ჟურნალისტმა გააგებინა, რომ ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები მათკენ მიემართებოდნენ. პრაიდის წევრებმა ამის შემდეგ ოფისი დაუყოვნებლივ დატოვეს. როგორც პრაიდის გამგეობის წევრი, დათო სუბელიანი გვიყვება, მოძალადეთა ჯგუფმა ისინი დაინახა მაშინ, როდესაც ანა სუბელიანს მოპედი სადარბაზოში შეჰყავდა და ყვირილით დაიძრნენ.
"დაგვინახეს, დაიხუვლეს და გამოექანნენ. მოვიკეტეთ კარი და უკან გასასვლელიდან გავდიოდით, წინა კარის მტვრევა დაიწყეს. გავიქეცით და ფაქტობრივად მოგვსდევდნენ. გავიარეთ ერთი ქუჩა და შევვარდით ეზოში, იქ მყოფ ხალხს ვთხოვეთ დახმარება. მათ უარი გვითხრეს. ძალიან შეშინებულები ვიყავით, ვიცოდით, რომ ეს ის ხალხი იყო, რომელიც გაგვიმეტებდა. არც ვცდებოდი, როგორც აღმოჩნდა", — ყვება ის.
მათი წასვლის შემდეგ ამ ლოკაციაზე სირცხვილიას აქტივისტები: სალომე ბარკერი, მარიამ დოლიძე, გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი შემორჩნენ, რადგან იქ მყოფ ჟურნალისტს ადგილიდან პირდაპირი ჩართვა ჰქონდა, მისი რესპონდენტი კი მოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი იყო. ჩართვის შემდეგ ოფისიდან გასულ მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას კორპუსიდან ფეხით მოუწიათ ჩასვლა, რადგან სადარბაზოში შეჭრილმა მოძალადეებმა ლიფტი გააფუჭეს. ჩასვლისას მათ ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეხვდნენ და სასტიკად გაუსწორდნენ. ლექსო რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
მარიამ დოლიძე იხსენებს, რომ როგორც კი მირანდა და ლექსო გააცილა და კარი დახურა, ხმაური გაიგო. აივნიდან გადაიხედა, საიდანაც ჩანდა, რომ მოძალადეები კორპუსს მეორე მხრიდან უვლიდნენ, რათა ის გასასვლელიც დაეკავებინათ. ცხადი გახდა, რომ ისინი ოფისს ვეღარ დატოვებდნენ.
"დავინახე, რომ პარლამენტის მხარეს ეზო უკვე სავსე იყო და გარკვეული ჯგუფი უკანა მხრიდან უვლიდა კორპუსს, უკანა გასასვლელის დაკავებასაც აპირებდნენ. მივხვდით, რომ ოფისში დარჩენილებს ფაქტობრივად უკვე ორივე მხარე ჩაკეტილი გვქონდა და ვეღარ მოვახერხებდით გასვლას, ამიტომ გადავწყვიტეთ ოთხივემ, რომ დავრჩენილიყავით ოფისში", — ამბობს ის.
სწორედ ამ დროს ოფისში TV პირველს უყურებდნენ და მალევე კადრში დაინახეს ოფისის სადარბაზო, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, ლექსო ლაშქარავა იღებდა. ქვედა სართულებიდან ხმაური ისმოდა. მარიამი გვიყვება, რომ უცებ გაახსენდა კარზე მიკრული სტიკერი, რომელსაც სირცხვილია ეწერა. მოასწრო და მანამდე მოაძრო, სანამ მოძალადეები ავიდოდნენ მათ სართულზე, კარიც ჩაკეტა.
"როგორც აღმოჩნდა, კარი ნამდვილად არ იცოდნენ, კიდევ კარგი რომ მოვასწარი ამ სტიკერის აძრობა. რამდენიმე წუთში უკვე ჩვენს კარზეც იყო ბრახუნი, მაგრამ რადგან დარწმუნებული არ იყვნენ, ვიყავით თუ არა აქ და ხმებიც არ ისმოდა აქედან, ცოტა ხანში ბრახუნი შეწყდა", — ამბობს აქტივისტი.
იმის მოლოდინში, რომ მოძალადე ჯგუფებმა, შესაძლოა ნებისმიერ წამს შეანგრიონ კარი, ოფისში დარჩენილებმა თავდაცვის შესაძლო ხერხებზე დაიწყეს ფიქრი.
სირცხვილიას ოფისის დატოვების შემდეგ, თბილისი პრაიდის წევრები გაეროს ოფისისკენ გაემართნენ. როგორც თბილისი პრაიდის ერთ-ერთი აქტივისტი, ბაჩო არჩვაძე გვიყვება, სწორედ სირცხვილიას ოფისისკენ მიდიოდა, როდესაც მომხდარზე გაიგო და მიმართულება შეიცვალა.
"გაეროს ოფისში შევიკრიბეთ, დაახლოებით 10-15 წუთი ვმსჯელობდით იმაზე, რა უნდა გვექნა. ამას თან ერთვოდა ის, რომ ჩვენი ოფისის დარბევის კადრებს ვუყურებდით და განცხადებას ვწერდით მარშის გაუქმების შესახებ. 10 წუთში გავიგეთ, რომ ჩვენსკენ მოდიოდნენ. აღარ ვიცოდით რა გვექნა.
როდესაც გამოვედით და დავინახე, რომ უკვე მრგვალ ბაღთან იყვნენ რადიკალური ჯგუფები, ვეღარსად მივდიოდი, დავინახე ნინია კაკაბაძის მანქანა და იქ ჩავჯექი", — გვიყვება ის.
იხსენებს, რომ, მიმოწერაშიც აღარ ახსენებდნენ იმ ლოკაციებს, სადაც იმყოფებოდნენ, ან სადაც აპირებდნენ წასვლას, რათა ძალადობრივ ჯგუფებს მათთვის არ მიეგნოთ.
მრგვალ ბაღთან, გაეროს ოფისში დაწყებული განცხადების წერა გაგარინის ქუჩაზე დაასრულეს და ადამიანის უფლებათა სახლიდან გამოაქვეყნეს. ამ ლოკაციისკენ მიმავალ გიორგი თაბაგარის მანქანას, რომელშიც ჟურნალისტებიც ისხდნენ, ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს დაესხნენ და რადიო თავისუფლების წარმომადგენლებს სცემეს.
ადამიანის უფლებათა სახლში მისვლიდან 10 წუთში "დაუპატიჟებელმა სტუმრებმა" კვლავ მიაკითხეს. თბილისი პრაიდის გამგეობის წევრი, ნინია კაკაბაძე ყვება, რომ იქ მყოფებმა ყველა საშუალებით სცადეს პოლიციასთან დაკავშირება, რომელიც საბოლოოდ სასწრაფოზე გვიან მივიდა.
"ყველა აპლიკაციის საშუალებით, ყველა ჯგუფში ვწერდი, რომ ამა და ამ მისამართზე გამოიძახეთ პოლიცია, რომ ყველას ცალ-ცალკე დაერეკა და იქნებ ამდენი ზარის შემდეგ მაინც მოსულიყვნენ იმიტომ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლიცია საერთოდ არ ჩანდა. იქ შემოგვიგდეს რაღაც ასაფეთქებელი, რომელიც ჩვენს ერთ-ერთ აქტივისტს მუცელზე მოხვდა. დავრეკეთ სასწრაფოში, რომელიც შედარებით ნორმალურ დროს მოვიდა, გაცილებით უფრო ადეკვატურად, ვიდრე პოლიცია", — ამბობს ის.
მორიგ ალყაში მოქცეულებს მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაუგზავნა მანქანები და ტელეკომპანიის ერთ-ერთ სტუდიაში გადაიყვანა, თუმცა იქ მომხდარი ინციდენტის გამო მათი დარჩენა სახიფათო გახდა და ამიტომ, გადაწყდა, რომ დაშლილიყვნენ და ყველა სხვადასხვა მიმართულებით წასულიყო.
"მთავარი არხის ერთ-ერთ პავილიონში წავედით, რადგან იქ თითქოს მაღალი კედლებია და მოძალადეები ვერ გადმოძვრებოდნენ. მივედით ამ ადგილას და შევედით თუ არა შიგნით, ერთ-ერთი კარი ჩამოვარდა და პრაქტიკულად ვეღარ ვკეტავდით იმ ტერიტორიას. გვითხრეს, რომ უკვე აქეთ არიან დაძრულები, ისევ იციან ჩვენი ადგილსამყოფელის შესახებ. აქედან წასვლაც გადავწყვიტეთ. ამის შემდეგ მივხვდით, რომ იმისთვის, რომ პროცესი შეგვენელებინა და გადავრჩენილიყავით ფიზიკურად, სჯობდა, რომ დავშლილიყავით და ჯგუფად აღარ გვევლო. გადავწყვიტეთ, ერთად 2-ზე მეტი არ წავსულიყავით არსად და ასე დავნაწილდით, წავედით სხვადასხვა ლოკაციაზე", — ამბობს ნინია.
ბაჩო არჩვაძე გვიყვება, რომ 5 ივლისის დღეს იმდენად დიდი შოკი ჰქონდა, რომ სხვა ვერაფერს გრძნობდა, სტრესი კი მასთან მეორე დღიდან მოვიდა.
"მეორე დღეს მდუმარე აქცია რომ გვქონდა, იქ ძალიან ცუდად ვიყავი. იმდენად ცუდად ვიყავი, ვიმალებოდი. დაუცველობის შეგრძნება იყო, როდესაც სახელმწიფო არ გიცავს და პირიქით, ის აძლევს მითითებებს იმ ჯგუფებს, რომ იძალადონ, ქუჩაში ვერ გადაადგილდე თავისუფლად და სადაც ხარ, იქაც კი მოვიდნენ და იქაც კი შეგავიწროვონ", — გვიყვება ის.
ბაჩოს 5 ივლისის გახსენება დღემდე უჭირს, მაგრამ მიუხედავად ამხელა სტრესისა, ის არ ფიქრობს, რომ ქვეყანა ხალხმა ძალადობრივ ჯგუფებს უნდა დაუტოვოს.
ღირსების მარშამდე, პრაიდის კვირეულის ორ ღონისძიებაზე მისული ადამიანების ტრანსპორტირება და ფიზიკური უსაფრთხოება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო. სრულიად საპირისპირო მოხდა 5 ივლისს, მარშის დღეს — პოლიციაზე ოპერატიულად პრაიდის წევრებთან მათი მდევრები მიდიოდნენ. ორი მთავარი კითხვაა — სად იყო შსს და საიდან ჰქონდათ ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეებს პრაიდის წევრების გადაადგილების ზუსტ ტრაექტორიაზე ინფორმაცია?
ნინია კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფი, როგორც თავად უწოდებს, "შინაგან საქმეთა სამინისტროს არალეგალური ქვედანაყოფი", უშუალოდ უწყების დაქვემდებარების ქვეშ არის.
"ამ ჯგუფებს უშვებდა სწორედ პოლიცია და თვითონ, სანამ უკიდურესად არ დაიძაბებოდა სიტუაცია, მანამდე არ ჩნდებოდნენ და ვიყავით მარტო, პირისპირ, რაღაც შენობაში გამოკეტილები ამ მოძალადეების წინაშე. სხვა ვერსია არ არსებობს — პოლიცია რომ იგებდეს საიდან სად მივდივართ ჩვენ, ეს არ არის გასაკვირი, რადგან ვიცით, რომ მათ აქვთ ტექნოლოგიები, რითაც შეუძლიათ მოგვისმინონ, მაგრამ მოძალადეები როგორ იგებდნენ ამის შესახებ, ეს ნამდვილად კითხვაა. თუმცა ჩემთვის არც ესაა კითხვის ნიშნის ქვეშ. ცხადია, რომ ეს ინფორმაცია სწორედ პოლიციისგან გადიოდა", — ამბობს კაკაბაძე.
დევნა მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა, არა იქამდე, სანამ პოლიცია აღკვეთდა, არამედ მაშინ, როცა მოძალადეებს მობეზრდათ. საკუთარი საქციელით კმაყოფილებმა, ჯერ ილოცეს, შემდეგ კი ზეიმი მოაწყვეს და იცეკვეს. სუბელიანი გვიყვება, რომ მთელი დღის განმავლობაში მიღებული სტრესის შემდეგ, საღამოს, სირცხვილიას ოფისში დაბრუნებისას, რუსთაველის გამზირზე მოცეკვავე ხალხის დანახვა ყველაზე რთული აღმოჩნდა.
საბოლოოდ, ძალადობრივ კონტრაქციაზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ. დღემდე, 1 თვის თავზეც, ძალადობრივი კონტრაქციის არცერთი ორგანიზატორი, ძალადობრივი განცხადებისა და მოწოდების არცერთი ავტორი დაკავებული არ არის. შსს-მ დააკავა მხოლოდ ის პირები, ვინც უშუალოდ იძალადა და ვისი დაფიქსირებაც მედიამ შეძლო. თუმცა ამ სახის კრიმინალის აღკვეთა ორგანიზატორების დაკავების გარეშე წარმოუდგენელია.
მარიამ დოლიძე ამბობს, რომ 5 ივლისის შემდეგ ცხოვრებაში პირველად დამამშვიდებლების დალევა დაიწყო. შეეშინდა, თუმცა ეს დღე იმის გააზრებაში დაეხმარა, რას ნიშნავს, იყო მუდმივი დევნის ობიექტი და შენი სიცოცხლე ყოველდღიურად რისკის ქვეშ იყოს. ეს სწორედ ის გზაა, რასაც ქვიარ ადამიანები ყოველდღე გადიან. თანასწორობისთვის, კეთილდღეობისთვის მათ ეს გზა უნდა შევუმსუბუქოთ. ამისთვის ნამდვილად ღირს ბრძოლა.
5 ივლისიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა. 34 დღე დიდი დრო არ არის, მაგრამ ბოლო ერთი თვე ძალიან გრძელი და მძიმე აღმოჩნდა. სწორი ღირებულებების მქონე საზოგადოება სირთულეებს გამოწვევებად იღებს, გამოწვევებს კი პროგრესად აქცევს. რთული წარმოსადგენია, როგორ შეძლებს ამას ქართული საზოგადოება იმ ყველაფრის შემდეგ, რაც გადავიტანეთ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ აზრთა სხვადასხვაობაა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე, იმ თემებზე, რასაც განვითარების საწყის ეტაპზევე უნდა გვასწავლიდნენ. ზოგჯერ სწორედ ასეთ ცვლილებებს სჭირდება ყველაზე ბევრი მუშაობა და აქტივისტები ამბობენ, რომ ამისთვის მზად არიან.
კომენტარები