როგორ ამოვიცნოთ ზრდის პოტენციალი კომპანიებში და შევიქმნათ უზრუნველყოფილი მომავალი
ცნობილი ფაქტია, რომ ლიონელ მესი კარიერის დასაწყისში რამდენიმე საფეხბურთო კლუბმა დაიწუნა, თუმცა მათ, ვინც მასში დიდი პოტენციალი დაინახეს, თავის დროზე, დიდძალი მოგება მიიღეს.
ასეა ინვესტირების შემთხვევაშიც, აქ კომპანიების ზრდის პოტენციალის შეფასებას ოქროს ფასი აქვს. თუ ფულად სახსრებს ფლობ და ინვესტირებას აპირებ, რამდენიმე ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდები: ბირჟაზე იყიდო დიდი და წარმატებული კომპანიის აქციები, ჩადო საკუთარი კაპიტალი სტარტაპში ან დააბანდო ფული ზრდის პოტენციალის მქონე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში (SME).
სტატიის მომდევნო ნაწილში გიყვებით, როგორ უნდა ამოიცნოთ მზარდი, პერსპექტიული კომპანიები და რა უპირატესობები აქვს SME-ში ფულის დაბანდებას.
როგორ შევაფასოთ მცირე კომპანიის ზრდის პოტენციალი
გაითვალისწინე, რომ დიდი ფირმებისგან განსხვავებით, ასეთი კომპანია მაღალ დივიდენდს არ შემოგთავაზებს, მეტიც, დივიდენდი, შესაძლოა, საერთოდ არ შემოგთავაზოს, თუმცა მისი უპირატესობა იმაშია, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მას შეუძლია საკუთარი კაპიტალის ზრდით დიდი მოგება მოგიტანოს. დიახ, როდესაც ისეთი მცირე კომპანიის წილებს ყიდულობ, რომელსაც ზრდის სწორი სტრატეგია აქვს და კარგი გუნდი მართავს, სავარაუდოა, რომ მისი კაპიტალი რამდენიმე წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება. მთავარია, რომ ფინანსების მოძიებისას პრობლემები არ შეექმნას და მართვის სისტემა ორგანიზაციის ზრდის შესაბამისად განავითაროს.
ასეთ კომპანიებში ინვესტირების მთავარი პლუსი არის ის, რომ, ერთი მხრივ მას შესაძლოა ჰქონდეს მზარდი დივიდენდი და ამასთან, თვითონ კომპანიის ღირებულება გაიზარდოს.
სინერჯის გენერალური დირექტორი, პაპუნა ტოლიაშვილი ჩვენთან საუბრისას იმ რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს მიმოიხილავს, რომლის საშუალებითაც მცირე და საშუალო ზომის კომპანიების ზრდის პოტენციალი ფასდება.
"პირველ რიგში მნიშვნელოვანია კომპანიის ადამიანური რესურსი — მათი გამოცდილება, შეხედულებები და ღირებულებები. ყველაზე მეტად ჩვენზე ეფექტს ახდენს გასაუბრება დამფუძნებლებთან და მენეჯერებთან. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათ დამოკიდებულებას თანამშრომლებთან და კლიენტებთან.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ეხება კომპანიის ზრდის სტრატეგიასა და გეგმას. ჩვენ კარგად უნდა დავინახოთ, როგორი გეგმა აქვს ორგანიზაციას. გეგმა უნდა იყოს კარგად გააზრებული და ჩამოყალიბებული.
ასევე, საინტერესოა ფაქტობრივი მონაცემები — შედეგი, რომელიც უკვე დადგა. აქ იგულისხმება: როგორია კომპანიის ფინანსების ზრდის დინამიკა და გაყიდვების მონაცემი, მომხმარებელთა კმაყოფილება და ა.შ
კომპანიის ფაქტობრივი მდგომარეობის შეფასებისას ასევე მნიშვნელოვანია სამუშაოს ორგანიზების მხარეც: როგორია პროდუქტის წარმოებისა თუ მომსახურების პროცესი, რამდენად გამართულად მუშაობს კომპანია და ა.შ", — ამბობს პაპუნა ტოლიაშვილი.
რისკები და მათი დაზღვევის გზები
როგორც სხვა სახის ინვესტირებას, მცირე და საშუალო კომპანიებში ფულის დაბანდებასაც გარკვეული რისკები ახლავს თან. ასევე, ამ შემთხვევაში, ბევრი რამ შენზე, როგორც ინვესტორზეა დამოკიდებული — შენ უნდა შეაფასო კომპანიის ზრდის პოტენციალი და მიიღო გადაწყვეტილება, ღირს თუ არა მასში ფულის ჩადება.
სინერჯის გენერალური დირექტორი, პაპუნა ტოლიაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში რისკების დაზღვევის გზა პორტფელის დივერსიფიკაციაა. მისი აზრით, უმჯობესი იქნება, დადივერსიფიცირდეს როგორც მთლიანი პორტფელი, ასევე მისი სარისკო ნაწილიც.
"პირველ რიგში ისეთ კომპანიაში უნდა გააკეთო ინვესტიცია, სადაც ან სექტორის კომპეტენცია გაქვს ან სწორედ იმ სფეროში ერკვევი, რომელიც იმ კომპანიისთვისაა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ასევე, ჩვენ ყველას ვურჩევთ დივერსიფიკაციას და გავცემთ რეკომენდაციას, რომ საკუთარი დანაზოგების 10-20%-ზე მეტი რისკიან აქტივებში არ ჩადოს. ამგვარი ინვესტირება იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანმა საკუთარი დაბალშემოსავლიანი აქტივები შედარებით რისკიანი გადაწყვეტილებებით დააკომპენსიროს. როგორც წესი, კერძო კაპიტალის ფონდებისთვის არ არის მიზანშეწონილი დანაზოგების 20%-ზე მეტის გამოყოფა.
ამასთან, მნიშვნელოვანია ამ 20%-ის დივერსიფიკაციაც. ჩვენი აზრით, უმჯობესია ადამიანმა შეიძინოს რამდენიმე კომპანიაში მცირე წილები, ვიდრე ერთი კომპანიის დიდი წილი იყიდოს", — ამბობს პაპუნა ტოლიაშვილი.
გაითვალისწინე, საშუალო და მცირე ზომის კომპანიები, რომლებსაც განვითარების პერსპექტივა აქვთ, ყოველთვის ეძებენ დამატებით კაპიტალს. მათი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მოიძიონ დამატებითი ფული, რათა კომპანია განავითარონ. თუ შენ შეძლებ, მიხვდე კომპანიის სტრატეგიას და შეაფასო მისი პოტენციალი, გიჩნდება შანსი იმისა, რომ თუნდაც მცირე ინვესტიციით მნიშვნელოვანი აქტივი შეიქმნა. საშუალო და მცირე ზომის კომპანია, რომელსაც კარგი გუნდი მართავს, კარგი სტრატეგია აქვს და კარგი დინამიკით ვითარდება აუცილებლად გაზრდის საკუთარი კაპიტალის ღირებულებას — იმ შემთხვევაში, თუ შენც ამის ნაწილი იქნები, მნიშვნელოვანი მოგების მიღებას შეძლებ.
ადამიანთა უმრავლოსობა საკუთარ ფულად სახსრებს დეპოზიტებში აბანდებს — ეს ინვესტირების უმარტივესი ფორმაა. ამის პარალელურად არსებობს ფულის დაბანდების არაერთი ალტერნატიული საშუალება, რომლებსაც ინვესტორებისთვის გაცილებით დიდი მოგების მოტანა შეუძლიათ. ინვესტირების ერთ-ერთი ასეთი შესაძლებლობაა ისეთ მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში ფულის ჩადება, რომლებსაც ზრდის პოტენციალი აქვთ. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი სახის ინვესტიცია შენი უზრუნველი მომავლის წინაპირობაც კი შეიძლება გახდეს. SME-ში ინვესტირება უნიკალური დაბანდების საშუალებაა იმ მხრივ, რომ ამ ტიპის აქტივს შეუძლია საკუთარ თავს გაუზარდოს ღირებულება, ანუ შენი ინვესტირებული კაპიტალი გაიზარდოს და შესაბამისად მზარდი დივიდენდის მიღების წყარო გახდეს — ასეთი რამ, მაგალითად, დეპოზიტის შემთხვევაში გამორიცხულია.
სინერჯი კაპიტალის ზრდის კომპანიაა, რომელიც სინერჯი ჯგუფის მიერ არის შექმნილი. მის ანგარიშზე 400-ზე მეტი პროექტი და 150-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობის გამოცდილებაა. სინერჯი დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას ადრეულ ფაზაში შეიძინონ ისეთი კომპანიების წილები, რომელთაც სწრაფი ზრდის პოტენციალი აქვთ. ამასთან, სინერჯის გუნდი ამ კომპანიების განვითარებაზე უწყვეტად მუშაობს.
კომენტარები