როგორ დარეგულირდება მარიხუანას ლეგალური ბიზნესი კალიფორნიასა და სხვა შტატებში
მარიხუანის ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა და შესაბამისად, უცხოეთში არსებული პრაქტიკა ჩვენთვის საინტერესოა. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელში მიმდინარე პროცესებზეც ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ, ამერიკის შეერთებული შტატებია.
შეგახსენებთ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რამდენიმე შტატში, საპრეზიდენტო ბიულეტენებთან ერთად, ადგილობრივებს რეფერენდუმზეც უნდა დაეფიქსირებინათ თავისი აზრი. შეკითხვა კი მარიხუანის ლეგალიზაციას ეხებოდა. ამ რეფერენდუმის შედეგები სიურპრიზი არავისთვის ყოფილა - სამმა შტატმა, კალიფორნიამ, მასაჩუსეტსმა და ნევადამ მარიხუანის რეკრეაციული მიზნებისთვის მოხმარების ლეგალიზაციას დაუჭირა მხარი, ხოლო ფლორიდამ, ჩრდილოეთ დაკოტამ და არკანზამ სამედიცინო მარიხუანა დაუშვეს.
ცხადია, ლეგალიზაცია მარტივი პროცესი არ არის და ისე როგორც ჩვენში ან ბევრგან ჰგონიათ, არ ნიშნავს, რომ მოსაწევი ყველა კუთხეში გაიყიდება და ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება. პირიქით - ლეგალიზებული მარიხუანა მკაცრად კონტროლდება და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რეგულაციებს დაარღვევს, შესაბამის პასუხსაც აგებს.
ახლა კი ვნახოთ, როგორ დარეგულირდება ლეგალური მარიხუანა ზემოთჩამოთვლილ შტატებში.
კულტივაცია
არალეგალური ფერმები ლიცენზიებს მიიღებენ
ამჟამად კალიფორნიის შავ ბაზარს მარიხუანით 50 ათასი არალეგალური ფერმერი ამარაგებს. ეს ექვსჯერ უფრო მეტია, ვიდრე მთელს აშშ-ში არსებული ღვინის მარნები. ახალი კანონი ყველა არალეგალურ ფერმერს უფლებას აძლევს შეიტანონ მოთხოვნა ლიცენზიაზე და უკვე კანონიერად აწარმოონ თავიანთი ბიზნესი - თანაც ამის უფლება მათაც მიეცემათ, ვინც ადრე მარიხუანასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იყო გასამართლებული.
თითოეული მცენარე აღირიცხება
მარიხუანის შტატიდან შტატში კონტრაბანდულად გადატანის თავიდან ასაცილებლად, ყველა ლიცენზირებული ფერმერი ვალდებული იქნება თითოეული მცენარე აღრიცხოს და შესაბამის სისტემაში დაარეგისტრიროს.
დისტრიბუცია
შუამავალი ამოვარდება
სამედიცინო მარიხუანის დისტრიბუციის წესები იცვლება და ფერმერებს თვითონ შეეძლებათ საკუთარი პროდუქციით მაღაზიების მომარაგება.
ქალაქებს აქვთ უფლება ლეგალიზაციაზე უარი თქვან
კალიფორნიის მასშტაბით, ამჟამად ოთხმოცამდე მუნიციპალიტეტი უარს ამბობს მარიხუანის ლეგალიზაციაზე, თუმცა ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მარიხუანის ბიზნესზე დაწესებული გადასახადებისგან მიღებულ შემოსავალს კარგავენ.
კვლევები
გაკონტროლდება ხარისხი
THC-ისა დონე, პესტიციდები, დანამატები და ა.შ. ლაბორატორიების მიერ გაკონტროლდება და შესაბამისად, მომხმარებლამდე ზუსტად ის პროდუქტი მივა, რასაც ფერმერი ეტიკეტზე აწერს.
დაფინანსდება მარიხუანის კვლევები
მარიხუანას სარგებელსა და რისკებზე მუდმივად ახალ-ახალი კვლევების შედეგები გვხვდება. ხშირია ურთიერთგამომრიცხავი შედეგები, ზოგი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მარიხუანა საშინელებაა, ზოგი კი მას ყველაზე სასარგებლო მცენარედ მოიხსენიებს. კალიფორნიის მთავრობა წელიწადში დამატებით $2 მილიონს გამოყოფს მარიხუანასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სამეცნიერო კვლევებისთვის.
საცალო გაყიდვები
მობილური აპლიკაციები პლასტიკურ ბარათებს ჩაანაცვლებს
იმდენად რამდენადაც მარიხუანა ფედერალურ დონეზე ლეგალური არ არის, ბევრი ბანკი და საკრედიტო კომპანია მარიხუანის ბიზნესებთან არ თანამშრომლობს. ამან კარი გაუხსნა გადახდების საპროცესინგო აპლიკაციების სტარტაპებს. ამ აპლიკაციების საშუალებით მომხმარებლებს მოსაწევის ყიდვა სმარტფონების საშუალებით შეუძლიათ.
მაღაზიებში მოწევა დაიშვება
აქამდე მარიხუანის მოწევა მხოლოდ სახლში ან ზოგადად კერძო საკუთრების ფარგლებში იყო დაშვებული, ხოლო ლეგალიზაციის აქტის ძალაში შესვლის შემდეგ, მომხმარებელს უფლება ექნება მოსაწევი მაღაზიაშიც მოწიოს. საჯარო სივრცეში მოწევა აკრძალულია.
კონტროლი
გაკონტროლდება თითოეული მცენარე
აღრიცხვასთან ერთად, მთავრობა მცენარეების კიდევ უფრო მჭიდრო კონტროლს გეგმავს. ყველა ნარგავს ექნება QR კოდი, რომელზეც დატანილი იქნება ინფორმაცია მისი მოყვანის ტექნიკის, THC-ს შემცველობისა და ტიპის შესახებ.
მარიხუანასთან დაკავშირებულ დანაშაულებში მსჯავრდებულები გათავისუფლდებიან
6 ათასამდე მსჯავრდებულს, რომელთაც მარიხუანასთან დაკავშირებული ესა თუ ის დანაშაული აქვთ ჩადენილი ან გათავისუფლდებიან ან სასჯელი შეუმცირდებათ.
მოხმარება
მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა დასჯადი იქნება
ალკოჰოლისგან განსხვავებით THC-ის სისხლში არსებული დონის დადგენა შეუძლებელია, ნარკოტესტი მარიხუანას მოხმარებიდან 30 დღის განმავლობაშიც კი აგდებს, ამიტომ კალიფორნიის მთავრობა წელიწადში $3 მილიონით დააფინანსებს სტანდარტული პროტოკოლის შემუშავებას.
მარიხუანას ბიზნესიდან შემოსული თანხებით სხვადასხვა სფერო დაფინანსდება
წინასწარი გათვლებით კალიფორნია $1 მილიარდს მიიღებს საგადასახადო შემოსავლიდან. ეს თანხმა ასე გადანაწილდება:
- $554 მილიონი - ახალგაზრდების განათლებას ნარკოტიკების უსაფრთხო გამოყენებისა და რისკების შესახებ.
- $185 მილიონი - გარემოს დაცვის პროექტებზე.
- $185 მილიონი - უსაფრთხოების ზომები მარიხუანასთან მიმართებით.
- $52 მილიონი - ადმინისტრაციული ხარჯები
- $25 მილიონი - საზოგადოებრივი და სამეცნიერო გრანტები.
კომენტარები