რა არის იდეა, რომელსაც ერთდროულად გამოიყენებდით თქვენი საქმიანობის წარმატებისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის?

ასეთი იდეის მოფიქრება, სიმართლე ითქვას, არცთუ ადვილია, მისი განხორციელება კი — უფრო რთული. ყოველწლიურად ქართულ ბიზნესსფეროში ჩნდება უამრავი ახალი სტარტაპი, ინოვაციური იდეებითა და შემართებით, თუმცა, სიმართლისგან შორს არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მათი მცირე ნაწილია დაკავებული სოციალური მეწარმეობით.

სოციალური მეწარმეობა სწორედ ისაა, რაც დასაწყისში აღვნიშნეთ — მუშაობა შენთვის და შენი საზოგადოებისა და გარემოსთვის. სირთულის მიუხედავად, ასეთი მეწარმეობა ორმაგად მომგებიანია, რადგან წარმატებული გარემო მეწარმეს ერთიორად სწევს წინ.

წარმატება კიდევ უფრო შთამბეჭდავია, როცა ამგვარ საქმიანობას აქტიური ქომაგი ჰყავს. საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, უკვე წლებია, საგრანტო კონკურსს ახორციელებს სოციალური მეწარმეებისათვის. საპრიზო ფონდი შთამბეჭდავია — 50 000 ლარი თითოეული გამარჯვებულისათვის. ცხადია, ამ პროექტს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, თუმცა, პოსტპანდემიურ რეალობაში უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

კონკურსმა წელს სამი გამარჯვებული გამოავლინა — მათი საქმიანობა ერთიმეორისგან განსხვავებულია, თუმცა სამივეს აერთიანებს ერთი რამ, რასაც ქვემოთ გაიგებთ.

ტენე

ფოტო: ტენე

ინოვაციური ქართული საწარმო ტენესთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია კმაყოფილი მომხმარებელი, სუფთა გარემო და ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში. კომპანია, რომლის ისტორიაც 5 წლის წინ დაიწყო, ქართულ ბაზარზე ეკომეგობრულ USB კაბელებს აწარმოებს გადამუშავებული პლასტმასისგან.

"თავიდან, უბრალოდ, USB კაბელების ჩინეთიდან შემოტანა დავიწყეთ", — იხსენებს ტენეს დამფუძნებელი, სანდრო ლილუაშვილი, — "ჯერ Amazon-ზე ვყიდდით, შემდეგ, მომწოდებლებს მოველაპარაკეთ და მათზე დავიტანეთ ჩვენი ბრენდირება. ამ დროიდან უკვე გაჩნდა მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, თუმცა, მოგვიანებით, როცა საქართველოში ინფლაცია დაიწყო, პროდუქციის იმპორტირებას მისი წარმოება ვამჯობინეთ. აქედან იწყება ტენეს ისტორია".

როგორც სანდრო აღნიშნავს, ამ ამბიციური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ისინი გაემგზავრნენ ჩინეთში, სადაც უკეთ გაიცნეს წარმოების ტექნოლოგია. შეიძინეს დანადგარებიც, რაშიც მნიშვნელოვანი დახმარება საქართველოს ბანკმა გაუწია.

"როგორც აღმოჩნდა, საჭირო იყო პლასტმასის ნაირსახეობის შეძენა და წარმოებაში გამოყენება", — აგრძელებს ტენეს ხელმძღვანელი, — "ეს გარემოსათვის დამატებითი ზიანი იქნებოდა, რისი თავიდან აცილებაც გვსურდა; მით უმეტეს, საქართველო ნავთობის მწარმოებელი ქვეყანა არ არის, შესაბამისი პლასტმასის პოლიმერები არ მოიპოვება და მოგვიწევდა კვლავაც მისი იმპორტირება. ამიტომ, გადაწყვიტეთ, გამოგვეცადა მოხმარებული პლასტმასის ნივთების: ჭიქების, ბოთლების და მათი თავსახურების გადამუშავება და გამოყენება, რამაც გაამართლა".

ამ გამართლების შედეგად საქართველოსა და მსოფლიოში პირველი ეკომეგობრული USB კაბელი გამოჩნდა.

ალბათ გამართლება იყო მოულოდნელად გამოჩენილი შესაძლებლობაც, რომლითაც ტენეს წარმატების ახალი ეტაპი დაიწყო.

"მეგობარმა გვითხრა, რომ საქართველოს ბანკს ჰქონდა სოციალური საწარმოების დაფინანსების საგრანტო პროგრამა და მასში მონაწილეობა გვირჩია, რადგან გარკვეული შანსები გვქონდა", — ამბობს სანდრო, — "განაცხადი მართლაც შევავსეთ და მალევე მივიღეთ დადებითი პასუხი, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მიმართულება მოეწონათ, რადგან რეალური შედეგების მოტანის შესაძლებლობა დაინახეს".

ახლო მომავალში კომპანია გეგმავს, რომ ახალგაზრდებისათვის სტაჟირების პროგრამა შექმნას, ჩართოს სკოლის მოსწავლეებიც და გააცნოს მათ ეკომეგობრული USB კაბელების წარმოების ტექნოლოგია. ამასთან, ტენე აპირებს, რომ საქართველოს მასშტაბით ბუნებაში მოხვედრილი პლასტმასა შეაგროვოს, რითიც, ერთი მხრივ, გარემოს დაასუფთავებს, მეორე მხრივ კი შეგროვებულ მასალას წარმოებისთვის გამოიყენებს.

სხვათა შორის, ტენეს USB კაბელის მიღებას თქვენც მარტივად შეძლებთ — ცოტა ხნის წინ კომპანიამ აქცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ პლასტმასის 100 თავსახურის სანაცვლოდ ინოვაციური ქართული პროდუქტი მიიღოთ.

ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო

ფოტო: ბიოფიჭის მდგრადი სოციალური საწარმო

მეფუტკრეობა მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უძველესი დარგია, თუმცა, ამ სფერომ ახალ რეალობასთან ადაპტირება ადვილად მოახერხა და საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო. ამის მიუხედავად, მაინც გამორჩეული და ინოვაციური მიზანი აქვს ბიოფიჭის მდგრად სოციალურ საწარმოს, რომელიც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში საქმიანობს.

"პროექტი თავდაპირველად, დაახლოებით, სამი წლის წინ დავწერეთ", — იხსენებს ბიოფიჭის წარმომადგენელი, გიორგი ბერუჩაშვილი, — "იდეა გაჩნდა იქიდან, რომ ბიოთაფლის საწარმოებლად მეფუტკრეებისთვის ხელმიუწვდომელი იყო ბიოფიჭა. ფიჭის ის სახეობა, რომელიც ამჟამად ჩვენს რეგიონში იწარმოება, გაურკვეველი წარმომავლობისაა. სურსათის ეროვნული სააგენტო რიგის ლაბორატორიაში ყოველწლიურად ამოწმებს მეფუტკრეების წარმოებულ თაფლს. რამდენიმე შემთხვევაში თაფლში აღმოჩნდა ანტიბიოტიკები. როცა ჩვენს რეგიონში ამის შესახებ კვლევა ჩავატარეთ, აღმოჩნდა, რომ, ძირითადად, ეს ფიჭის პრობლემა იყო — ის იყო ანტიბიოტიკებით დაბინძურებული. ამიტომ, გადაწყვიტეთ, ეს პრობლემა მოგვეხსნა მეფუტკრეებისთვის და მათთვის გარანტირებულად მაღალი ხარისხის ბიოფიჭა მიგვეწოდებინა".

როგორც გიორგი აღნიშნავს, ბიოფიჭა ბიოთაფლის საწარმოებლად ძირითადი ელემენტია, თუმცა, ამის გარდა, მეფუტკრემ არ უნდა გამოიყენოს ისეთი პრეპარატები, რომლებიც პროდუქტს დააბინძურებს.

ბიოფიჭამ მოახერხა, საქართველოს ბანკის საგრანტო კონკურსში გაემარჯვა. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიმართულებების დამთხვევამ. გუნდის სამივე წევრი რაჭის მდგრადი განვითარების ასოციაციის წევრია, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და იურიდიული მიმართულების მქონე ადამიანების ტანდემი კი წარმატებული აღმოჩნდა. "არ გაჩერდე" — საქართველოს ბანკის სლოგანი კი მდგრადი სოციალური საწარმოს ზრახვებს ზუსტად ასახავს.

"ჩვენი მეფუტკრეობით დაინტერესება განპირობებულია იმით, რომ რეგიონში არსებობს საქმიანობის განვითარების დიდი პოტენციალი. ამიტომ ვუწოდეთ მას მდგრადი სოციალური საწარმო — ერთი მხრივ, დარგის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, თავად საწარმოც მზარდი და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილია", — ამბობს ბიოფიჭის წარმომადგენელი.

გიორგი, რომელიც თავადაც მეფუტკრე-ტრენერია და გაეროს პროგრამის ფარგლებში გადამზადების კურსი აქვს გავლილი, აღნიშნავს, რომ მათი მოწოდებაა "განაგრძე წინსვლა". მისი თქმით, ყოველი სწავლების დასასრულს სწორედ ამას ეუბნება აუდიტორიას, რომ რაც უნდა ზარალი ნახოს ან შეცდომა დაუშვას მეფუტკრემ, საქმიანობაზე ზრუნვა უნდა განაგრძოს და არ გაჩერდეს.

ახლო მომავალში ბიოფიჭა, უპირველეს ყოვლისა, საწარმოს მოწყობასა და დანადგარების შეძენას აპირებს, რათა თითოეულ მეფუტკრეს ინდივიდუალურად მოემსახუროს და მათ მიერ მიწოდებული ცვილის შერევა სხვა მეურნეობის პროდუქტს არ შეერიოს.

"წლის ბოლომდე განვაგრძობთ თანამშრომლობას ადგილობრივ მწარმოებლებთან, რომელთა სანთელსაც შემოდგომაზე მივიღებთ, ჩვენს საწარმოში გადავამუშავებთ და მომავალი სეზონისათვის ბიოფიჭა მათთვის მისაწოდებლად მზად გვექნება", — აღნიშნავს გიორგი, — "საწყის ეტაპზე ჩვენი რეგიონი გვაქვს აღებული: ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები. შემდგომში, ვაპირებთ საქართველოს სხვა მთიან რეგიონებში გასვლასაც, სადაც ბიოთაფლის წარმოების განვითარებაა შესაძლებელი. შემდეგ, შეხვედრებიც გვექნება, რათა მეტი ადამიანი დავაინტერესოთ".

Basement

ფოტო: საქართველოს ბანკი

მუსიკალური ინდუსტრია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სფეროა, რომლის მომხმარებელთა რაოდენობა არათუ მილიონიან, არამედ მილიარდიან აუდიტორიას მოიცავს. ბოლო წლების მუსიკალურ ტენდენციებში აქტიურად შეიმჩნევა ეთნიკური მოტივები — მსმენელების დიდ ნაწილს, როგორც ჩანს, ეგრეთ წოდებულ "ჯენერიკ პოპ" ნამუშევრებთან ერთად აინტერესებს მრავალფეროვნება და უცხო მუსიკალური კულტურების გაცნობა.

სწორედ ამას ისახავს მიზნად Basement, რომელიც თანამედროვე ქართული ალტერნატიული მუსიკის სივრცეა. ორენოვანი ციფრული პლატფორმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაინტერესებულ ადამიანებს აწვდის ინფორმაციას ქართული მუსიკისა და კულტურული იდენტობის შესახებ.

როგორც კომპანიის დამფუძნებლები აცხადებენ, არსებობს შესაძლებლობა, რომ შესაბამისი პირობების არარსებობის გამო, ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა, მათ შორის საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დაწყებული ალტერნატიული ქართული მუსიკის არქივი, დაიკარგოს და მისი შენარჩუნება ვერ შევძლოთ. ამიტომ, Basement-ის ფუნქციას, ერთი მხრივ, ამ არქივის დაცვა და ციფრულ პლატფორმაზე განთავსება წარმოადგენს, მეორე მხრივ კი — თანამედროვე ქართველი ხელოვანების ხელშეწყობა და მათი შემოქმედების ფართო აუდიტორიისთვის წარსადგენად შესაბამისი სივრცის მოწყობა.

საქართველოს ბანკი კი აგრძელებს სოციალური მისიის მქონე ბიზნესებისა და სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას. კომპანიის CSR მიმართულების ხელმძღვანელის, თამარ გოჩაშვილის თქმით, მათთვის "უცვლელი პრიორიტეტი და საუკეთესო გადაწყვეტილებაა" მსგავსი ინიციატივების წახალისება და ამ მიმართულებით ადამიანების, სფეროსა და ბიზნესების მხარდაჭერა.