2 ათასი წლის წინ მცხოვრები "ქალი საოცრებები", რომელთა შთაგონებითაც Wonder Woman შეიქმნა
თანამედროვე სუპერგმირს ბერძნული მითოლოგიით შთაგონებული ისტორია აქვს, რომელიც, თავის მხრივ, ანტიკური ხანის რეალურ მებრძოლ ქალებზე შემორჩენილი ამბებით არის ნასაზრდოები. BBC-ის ჟურნალისტი, კიმია შოქუ Wonder Woman-ის გენეალოგიას იკვლევს.
"ხედავ სიმართლეს?"
სიმართლის კონცეფცია ცენტრალურ როლს ასრულებს პეტი ჯენკინსის ფილმში, Wonder Woman 1984, რომელიც რიგით მეორეა მის სუპერგმირულ ფილმებს შორის. ჭეშმარიტების ძიება ისტორიულ-კულტურული მეხსიერების შესახებ კომპლექსური შეკითხვების დასმისკენ გვიბიძგებს, რასაც ქალი საოცრების შთაგონების თავდაპირველ წყარომდე მივყავართ.
ფრენჩაიზის პირველ ფილმში, Wonder Woman (2017), მოქმედება პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ევროპაში მიმდინარეობს და გადმოსცემს ომის ტრავმულ ეფექტებს კაცობრიობაზე. მომდევნო ფილმში კი ამ მოვლენებიდან 70 წლის შემდგომი პერიოდის ვაშინგტონში ვინაცვლებთ. ორივე ფილმში პერიოდულად დიანა პრინსის ბავშვობასა და მოზარდობის წლებსაც ვეცნობით, როცა სიუჟეტი წარსულში, მისი დაბადების ადგილზე, კუნძულ თემისკირაზე ინაცვლებს. იქ დიანა ვეტერან ქალ მებრძოლებთან ერთად ოლიმპიური ტურნირების მსგავს სპორტულ შეჯიბრებებში ასპარეზობს.
ამ პასაჟების ყურებისას თვალის ერთი დახამხამებაც საკმარისია, რომ პრინსის ამორძალური წარმომავლობიდან მნიშვნელოვანი დეტალები შეუმჩნევლად დაგრჩეთ. ქალი საოცრების გმირი ადამიანთა ნაწილისთვის სწორედ ჯენკინსის ფილმებში გალ გადოტის მიერ შესრულებულ გმირთან ასოცირდება; ზოგისთვის — ამერიკელ მსახიობ ლინდა კარტერთან, რომელმაც ეს როლი 1970-იანი წლების სატელევიზიო სერიალში მოირგო. არიან ისეთებიც, რომლებიც ვანდერ ვუმენს უპირველესად კომიქსების იმ სუპერგმირთან აიგივებენ, რომელიც პირველად აშშ-ში 1941 წელს გამოჩნდა. აი, ის ისტორიები კი, რომლებიც თავად პერსონაჟის შექმნის შთაგონება გახდა, ნაკლებს თუ ახსოვს. ბერძნული მითოლოგიის ამორძალებისა და რეალური მებრძოლი ქალების ისტორიული ფესვები, რომელთა ანარეკლიცაა თანამედროვე ქალი საოცრება, ანტიკური სპარსეთიდან მოდის.
"ამბები ამორძალებისა და ამორძალების მსგავსი ქალების შესახებ ყოველთვის არსებობდა. ზოგჯერ ისინი მივიწყებას ეძლეოდნენ, სხვა დროს კი, როგორც ახლა, პოპულარულ კულტურაში იჭრებოდნენ. უკვე შეუძლებელია, რომ ამორძალების მითების უკან არსებული რეალობა უგულებელვყოთ", — ამბობს ადრიენ მეიორი, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერი და ავტორი წიგნისა, ამორძალები: მეომარი ქალების ცხოვრება და ლეგენდები ანტიკურ სამყაროში.
მეომარ ქალთა რასაზე ისტორიები პირველად ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება. თუმცა ამორძალების მსგავსი მეომარი ქალების რეალურობას შავი ზღვის რეგიონში ჩატარებული გათხრები ადასტურებს. 2019 წლის დეკემბერში დღევანდელ დასავლეთ რუსეთში მდებარე სოფელ დევიცაში ოთხი მეომარი ქალის სამარხი აღმოაჩინეს. ისინი ძვ.წ. IV საუკუნის სარმატიის რეგიონიდან იყვნენ. სარმატიელი მოსახლეობა ირანული წარმომავლობის ხალხისგან შედგებოდა. ისინი ცხენოსნობასა და ბრძოლაში გამოცდილი ქალები და კაცები იყვნენ. ამას გარდა, თანამედროვე ირანის საზღვრებს შიგნით ჩატარებულმა გათხრებმაც დაადასტურა ამ ტერიტორიაზე მეომარი ქალების არსებობა. ჩრდილო-დასავლეთ ირანში, ქალაქ თავრიზში 109 მეომრის საფლავი აღმოაჩინეს. არქეოლოგმა ალირეზა ჰეჯებრი-ნობარიმ 2004 წლის ინტერვიუში დაადასტურა, რომ ერთ-ერთ საფლავში აღმოჩენილი დნმ ქალს ეკუთვნოდა. დნმ ტესტირებები კიდევ უნდა გაგრძელებულიყო, რადგან 38 მათგანი ჯერ კიდევ შეუსწავლელია, თუმცა მეიორის ინფორმაციით, კვლევა ირანის ხელისუფლებამ 2020 წლის აგვისტოში რესურსების სიმწირის გამო შეაჩერა.
ძველი ბერძნებისა და სპარსელების დაპირისპირება იმდენად ნათლად აისახა ბერძნულ ხელოვნებაში, ისტორიასა და მითოლოგიაში, რომ თავად ძველი სპარსელი ისტორიკოსებიც კი საკუთარი კულტურის ისტორიისთვის ფარდის ახდის პროცესში ამბავთა ბერძნულ ინტერპრეტაციებს ეყრდნობოდნენ. ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ ლარნაკებსა და სხვა კერამიკულ ნაკეთობებზე გამოსახული ქალი მეომრები, რომლებიც ბერძენ კაცებს ებრძოდნენ, სპარსული საომარი ტანსაცმლით იყვნენ შემოსილები. ძვ. წ. 470-იანი წლებისთვის ბერძნებმა თავიანთი სპარსელი ქალი მოწინააღმდეგეების ამორძალებად მოხსენიება დაიწყეს, რამაც მათი რეალური ვინაობა მითოლოგიურ ფოლკლორად გადააქცია. თავად სიტყვა "ამორძალი", რომელიც "მეომარს" ნიშნავს, დიდი ალბათობით ირანული წარმომავლობისაა.
ძვ. წ. მე-5 საუკუნის ბერძენი მწერლის გეოგრაფისა და ხშირად პირველ ისტორიკოსად მოხსენიებული ჰეროდოტეს თანახმად, ამორძალმა ქალებმა თავიანთი იდილიური არსებობა თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე განაგრძეს. ისინი სპარსეთის იმპერიას პერიოდულად ესხმოდნენ თავს და მეზობელ ტომებთან ჯვარდებოდნენ, რის შემდეგაც თავიანთ რიგებში მხოლოდ გოგო შვილებს იტოვებდნენ, რათა ახალი თაობის ქალი მეომრები გამოეზარდათ. ამგვარ არსებობას ბოლო ბერძნებთან გაჩაღებულ თერმოდონის ბრძოლაში მოეღო. 3 გემი, რომლებშიც ბერძნების მიერ დატყვევებული ამორძალები იმყოფებოდნენ, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე გამოირიყა. მეომარ ქალებს ნაპირთან სკვითები დაუხვდნენ. ორი მხარე ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ძალები გააერთიანეს. მათ შთამომავლობას კი სარმატები ეწოდა. ორივენი, სკვითებიც და სარმატებიც თანამედროვე ირანთან არიან დაკავშირებულნი.
ვინ იყვნენ რეალური ქალი საოცრებები?
თუმცა რეალური მეომარი ქალები მხოლოდ სკვითებსა და სარმატებს ნამდვილად არ უკავშირდებიან. "საბერძნეთის გარდა ბევრ სხვა ძველ კულტურაშიცაა აღწერილი მეომარი ქალების ამაღელვებელი ისტორიები. მაგალითად, ასეთი ამბები გვხვდება სპარსეთში, ეგვიპტეში, რომში, კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, მონღოლეთში, ინდოეთსა და ჩინეთში", — ამბობს მეიორი, რომელიც Facebook-ის ჯგუფს, უძველესი და თანამედროვე ამორძალები, მართავს თანამოაზრე მკვლევრებისა და ენთუზიასტებისთვის. მსოფლიო ისტორიაც რეალური მეომარი ქალების არსებობის უამრავ ფაქტს ცხადყოფს.
ამის ერთ-ერთი მაგალითია კინანე, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ნახევარდა იყო. ის მეომარი ქალების ტრადიციას აგრძელებდა და იმავე სამხედრო უნარ-ჩვევებს ფლობდა, რასაც ალექსანდრე. პანტეა ართეშბოდი სპარსული ჯარის ქალი სარდალი იყო კიროს დიდის მმართველობის პერიოდში და ნეო-ბაბილონიის დაპყრობის შემდეგ კანონისა და წესრიგის დაცვაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. სირიაში პალმირის იმპერიის არაბი დედოფალი, ზენობია რომის წინააღმდეგ აჯანყდა და მიზნად რომის იმპერიის აღმოსავლეთ მესამედის დაპყრობა დაისახა. ასევე აღსანიშნავია ჟანა დ’არკი, ევროპის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მეომარი ქალი, რომელიც კონტინენტზე მცხოვრები არაერთი ძლიერი ქალის შთაგონების წყარო გახდა. მაგალითად, ამბობენ, რომ ესპანელი ისაბელა კასტილიელის შვილიშვილს, ინგლისელ მერი ტიუდორს — და თავადაც მეომარს — წიგნების თაროზე ჟანას ცხოვრების ქრონიკებიც ედო.
ძველ და თანამედროვე ლიტერატურასა და კულტურაში მეომარი ქალი სხვადასხვა ხალხურ თქმულებასა და ზღაპარში გვხვდება — მათ შორის, ჩინურ ხალხურ თქმულება მულანში და ისეთ ეპიკურ ლექსებში, როგორიცაა სპენსერის ფერიათა დედოფალი, არაბული ეპოსი დელჰემა და სპარსელი პოეტის, ფირდოუსის მიერ დაწერილი მეფეთა წიგნი, იგივე შაჰნამე.
თანამედროვე პოპულარულ კულტურაშიც მეომარი ქალი სხვადასხვა სახით გვხვდება. მათ შორის აღსანიშნავია სათავგადასავლო ბრიტანული სერიალის, შურისმაძიებლების ემა პილი, ზინა — მეომარი პრინცესა, ლარა კროფტი და ბაფი — ვამპირების მკვლელი. ამასთან, აშშ-ში კომიქსების ფურცლებზე გამოჩენილი Wonder Woman, რომელიც ამორძალი მეომარი ქალის მითითაა შთაგონებული, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუპერგმირი და კომიქსების სამყაროში ალბათ ყველაზე საკულტო ფემინისტი პერსონაჟია.
ფსიქოლოგ უილიამ მარსტონის მიერ შექმნილი პერსონაჟის დებიუტი 1941 წელს, All Star კომიქსის მერვე ნომერში შედგა. ქალი საოცრების პირველი დამოუკიდებელი კომიქსი კი ერთი წლის შემდეგ გამოიცა და ის ამ სიტყვებით იწყებოდა: "ბოლოს და ბოლოს, კაცების სიძულვილისა და ომებისგან გაცამტვერებულ სამყაროში გამოჩნდა ქალი, რომლისთვისაც კაცების მიღწევები და პრობლემები მხოლოდ საბავშვო თამაშია; ქალი, რომლის ვინაობა არავისთვისაა ცნობილი, თუმცა სამყაროს ორომტრიალში მისი სენსაციური მიღწევები გასაოცარია! ჩვენს საუკეთესო კაც ათლეტებზე და მოჭიდავეებზე ასჯერ უფრო ძლიერი და სწრაფი ქალი თითქოს ჰაერიდან გაჩნდა, რათა შური იძიოს უსამართლობისთვის და წესრიგი აღადგინოს!"
ამორძალი თემისკირელი პრინცესის, დიანას ამბავი მოგვითხრობს, რომ იგი დედამ, ჰიპოლიტამ თიხისგან გამოძერწა, ხოლო სული მას ღმერთებმა შთაბერეს, რის შემდეგაც უტოპიურ საზოგადოებაში, კაცებისგან თავისუფალ სამყაროში გაიზარდა. მარსტონმა, რომელიც კარგად იყო გათვითცნობიერებული ბერძნულ მითოლოგიაში, შექმნა ქალი საოცრების ისტორია, რომელიც უძველესი ბერძნული მითისა და მე-20 საუკუნის ფემინისტური იდეოლოგიის იდეალურ ნაზავს წარმოადგენდა. მარსტონის მიზანი იყო, გამოეგონა გმირი, რომელიც ერთნაირად დააინტერესებდა გოგოებსაც და ბიჭებსაც. "Wonder Woman ფსიქოლოგიური პროპაგანდაა ახალი ტიპის ქალის, რომელიც, ჩემი აზრით, სამყაროს უნდა მართავდეს", — აღნიშნავდა ის.
გლობალური მნიშვნელობის გმირი
ქალი საოცრების დებიუტი მაშინ შედგა, როცა ამერიკა პერლ ჰარბორზე შეტევის შემდეგ მეორე მსოფლიო ომში ჩაება. კონფლიქტმა ქალებს სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის შესაძლებლობა მისცა — 350 ათასმა ქალმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა. მათ, ასევე, ქარხნებსა და სხვა ისეთ სამუშაო ადგილებზე განაწილება და ისეთ სფეროებში დახელოვნება დაიწყეს, რომლებიც იქამდე მეტწილად კაცებისთვის იყო ხელმისაწვდომი. მათ მუშაობის უფლების გარდა იმის საშუალებაც ჰქონდათ, რომ კამპანიები გაემართათ მშრომელი ქალის იმიჯის გაპოპულარულებისთვის, რისი კარგი მაგალითიცაა როზი რივეტერი, რომელიც ქალებს ქარხნებში მუშაობისკენ მოუწოდებდა. ამგვარად, Wonder Woman — ეს ფემინისტი პერსონაჟი — ამერიკელ ქალთა ისტორიაში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მომენტში დაიბადა.
ლეს დენიელის წიგნში, ქალი საოცრება: სრული ისტორია, ლინდა კარტერმა ეს მომენტი ნათლად გადმოსცა: "როცა ომი დასრულდა, კაცები თავის სამუშაოს დაუბრუნდნენ და ქალების უმეტესობაც სახლში დაბრუნდა, თუმცა მათ გულის სიღრმეში სულაც არ უნდოდათ ძველი დღეებისა და ცხოვრების წესის აღდგენა. მათ თავიანთ თავებში ძალა და პოტენციალი — შინაგანი ქალი საოცრება — აღმოაჩინეს, რისი ხელახალი რეპრესირებაც უკვე შეუძლებელი იყო".
პერსონაჟი უკვე 80 წელია, არსებობს და მისი თავდაპირველი წარმოშობის ისტორია ეკრანებზეც და კომიქსების ფურცლებზეც რამდენჯერმე გადაიწერა. ამერიკელმა ფემინისტმა, გლორია სტაინემმა, რომელმაც თავისი ფემინისტური ჟურნალის, Ms-ის პირველი ნომრის ყდაზე ქალი საოცრება გამოსახა, ამბის ჯენკინსისეული ვერსია მოიწონა. ეს უკანასკნელი ხომ მარსტონის თავდაპირველ, ამორძალების ისტორიას ეხმიანებოდა. "ფილმმა ნათლად ასახა ამორძალის წარმოშობის ისტორია. ის ომს კი არ აგრძელებდა, არამედ წყვეტდა. მისი ძალა იმაში იყო, რომ 200 ენაზე შეეძლო კომუნიკაცია და ახალ გამოწვევებს საკუთარი უნიკალურობის შენარჩუნებით უმკლავდებოდა", — განუცხადა სტაინემმა Vanity Fair-ს 2017 წელს.
მართალია, ქალი საოცრება პოპულარულ კულტურაში ამერიკული ფემინიზმის სიმბოლოდ იქცა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მისი უძველესი ფესვებიც გვახსოვდეს — ვიცნობდეთ მეომარ ქალებს, რომლებიც მასზე ადრე არსებობდნენ. თანამედროვე ირანელ ქალებს, მაგალითად, რომლებიც მოკლებულნი არიან ისეთი ფილმების კინოეკრანებზე ხილვას, როგორიც Wonder Woman-ია, შეუძლიათ შთაგონების წყარო მეომარი ქალების ისტორიის სპარსულ ფესვებში იპოვონ.
21-ე საუკუნის ქალი საოცრება სამყაროში სამართლიანობის დამყარებისთვის ბრძოლაში თავის ყველაზე ძლიერ იარაღად სიმართლეს იყენებს. ამიტომ ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ მის ისტორიაში მსოფლიოს მეომარი ქალების მრავალი თაობაც ირეკლებოდეს.
კომენტარები