6 უფასო ტრენერი YouTube-ზე, რომელიც სახლიდან გაუსვლელად ვარჯიშში დაგეხმარებათ
ამ სტატიაში ასევე გასწავლით, როგორ შევინარჩუნოთ აქტიური ცხოვრების წესი სახლიდან გაუსვლელად.
ზოგადად ცუდი მეხსიერება მაქვს და მგონია, რომ ბევრი რამ მავიწყდება, მაგრამ კარგად მახსოვს პანდემიის პირველი კვირა ლოგინში გავატარე. ჩემი ცხოვრების ყველა გეგმა, წყალს გავაყოლე ცუდი სიზმარივით და რაღაც მომენტში არანაირი მიზანი მქონია, მაცივართან მისვლისა და საჭიროზე ზედმეტი საჭმლის შეგროვების გარდა.
ერთხელაც, ერთ-ერთი ასეთი "ნადირობისას" წამოვდექი და მივხვდი, რომ მოძრაობა მიჭირდა და მთელი სხეული მტკიოდა. ეს კარგის ნიშანი არ უნდა ყოფილიყო. ვიფიქრე: "თურმე ბევრი წოლაც ცუდი ყოფილა ადამიანისთვის". მერე ბუქნები გავაკეთე, რაც ძალიან გამიჭირდა. ვიხსენებდი, რომ კარანტინის გამოცხადებამდე ერთი თვის თავზე სპორტ დარბაზის აბონემენტი ვიყიდე და სპინინგი აღმოვაჩინე, რაც ძალიან შემიყვარდა, თუმცა სახლში არა მარტო სავარჯიშო, ჩვეულებრივი ველოსიპედიც კი არ მაქვს. არ ვიცოდი რა მექნა, 20 ბუქნი ნამდვილად არ გამოასწორებდა ჩემს ზარმაც კუნთებს.
სწორედ ამ დროს, სამყარომ, ან ფეისბუქის ალგორითმმა, საინტერესო ადამიანი გამომიგზავნა, ის პირველია ამ სიაში ვისზეც მინდა გესაუბროთ.
1. ჰოლი დოლკი
რეკლამაში ჰოლი ამბობდა, რომ ვარჯიშის 1-თვიან კურსს იწყებდა. სასწრაფოდ გადავედი პირველ ვიდეოზე, რომელიც მისალმება იყო. ჰოლი მარწმუნებდა, რომ შემეძლო სახლის პირობები მიმეღო ეს გამოწვევა და ვარჯიში დამეწყო. მეც გადავწყვიტე, დრო იყო ლოგინთან ტოქსიკური ურთიერთობა გამეწყვიტა და საქმისთვის მიმეხედა.
ჰოლის ვიდეოები სულ რაღაც 15 წუთი გრძელდება. თავიდან მათი გაკეთება ჩემთვის რთული იყო, პირველი შვიდი დღე ღონემიხდილი ვეცემოდი იატაკზე, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი. სირთულის მიუხედავად არაფერი იყო შეუძლებელი ამ ვიდეოებში, რომ ჩემი დღის 15 წუთი არ დამეთმო. თუმცა, დრო გადიოდა და ჩემი სხეული უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ერთხელაც, იმ დღისთვის განკუთვნილი ვიდეო დავასრულე და ვიგრძენი, რომ საერთოდ არ ვარ დაღლილი, შემიძლია მთები გადავდგა ან კიდევ ერთი ვიდეო გავაკეთო. მაშინვე გადავედი სხვა იუთუბერებზე და ჩემთვის შესაფერისი ვიდეოების ძიება დავიწყე.
2. ქლოი ტინგი
რა თქმა უნდა, ჩემი ვარჯიშისა და ცხოვრების წესის გაუმჯობესების შესახებ მეგობრებს ვუყვებოდი. ერთ-ერთმა მათგანმა ქლოის ვიდეოები მირჩია. ამჟამად ქლოის 19 მილიონი გამომწერი ჰყავს, რადგან მისი გვერდი ძალიან გაიზარდა პანდემიის დროს. ის უამრავ პროგრამებს გვთავაზობს, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილს ეხება, თუმცა როდესაც მისი ვიდეოების ყურება დავიწყე, პრესის ვარჯიშები ყველაზე პოპულარული იყო.
მოგატყუებთ, რომ გითხრათ, თითქოს 2 კვირაში, ქლოის მსგავსი პრესი დავიყენე და ფეხები დავიწვრილე. პირიქით, ჩემს სხეულში განსხვავებას საერთოდ ვერ ვამჩნევდი მისი ვიდეოების შემდეგ. ერთადერთი რასაც ვგრძნობდი სიძლიერე და ენერგიის მომატება იყო. მისი ვიდეოები საშუალებას მაძლევდა სხვადასხვა მოძრაობა მეცადა და ჩემთვის ყველაზე კომფორტული მომესინჯა. თუმცა, ისიც უნდა ვაღიარო, რომ მე სწრაფი შედეგი მინდოდა და ცოტა გაბრაზებული ვიყავი, რომ 2 კვირის ვარჯიშის შემდეგ სასურველი შედეგი ვერ მივიღე.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ლუსი.
3. ლუსი ლისმორი
არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ვინმეს ვახარბებდე ყარაკულის ბეწვის ქურთუკი მე რომ მეცვა შენ სად იყავიო, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ზოგიერთი იუთუბერი მისი კარიერის დასაწყისშივე აღმოვაჩინე. ლუსის პირველივე ვიდეომ მოტივაციით ამავსო. ის თავის ცხოვრებაზე და გამოცდილებაზე გვესაუბრებოდა, რაც ძალიან ემოციური და შთამბეჭდავი იყო.
ლუსიმ მასწავლა, რომ საკუთარ თავს მარტივი გეგმები უნდა დავუსახო და ნელ-ნელა მივყვე მათი შესრულების გეგმას. მისგან ბევრი რამ გავიგე კალისთენიკის შესახებ. ეს ვარჯიშის ფორმაა, რომელიც საშუალებას გაძლევს ივარჯიშო მინიმალური აღჭურვილობით და ძირითადად შენი სხეულის წონა გამოიყენო. მივხვდი, რომ ჩემი მიზანია თავზე დგომა ვისწავლო და ჩემს თავს 1 წელი მივეცი იმისთვის, რომ ოდნავ მაინც შევძლო ყირამალა დადგომა.
მან აგრეთვე ამიხსნა, როგორ ხდება სწორად წონაში კლება. მთავარია, იმაზე მეტი კალორია დავწვათ რამდენსაც ვიღებთ, ეს რთული და კომპლექსური თემა მარტივად ჩამომიყალიბა და მოტივაციაც გამიზარდა. შესაბამისად მივხვდი, რომ კარდიო ვარჯიშებისთვის მეტი დრო უნდა დამეთმო.
კიდევ ერთხელ გადავეშვი YouTube-ის საძიებო სისტემაში და ჩემი საყვარელი ტრენერი აღმოვაჩინე.
4. რანიერ პოლარდი
POPSUGAR Fitness-ს უამრავი ვიდეო აქვს სხვადასხვა სტილის ვარჯიშზე და ყველაზე მეტად, რაც მათ ვიდეოებში მომწონს, არის ის, რომ მხოლოდ სტანდარტულად ლამაზ მოდელებს არ ვხედავთ. აქ განსხვავებული აღნაგობის და ასაკის ადამიანებთან ერთად ვვარჯიშობთ.
თუმცა ვიდეოების ზღვაში ერთი ნიჟარა აღმოვაჩინე, რომელსაც რანიერ პოლარდი ჰქვია. მხიარულ, ენერგიულ ტრენერთან დრო ისე გადის, რომ ვერც ამჩნევ. ისიც შენსავით იღლება, ოფლიანდება და ლაპარაკის დროს სუნთქვაც კი უჭირს. მაგრამ მისი ვიდეოები არა მარტო გაჯანსაღებს, არამედ განწყობასაც გიმაღლებს.
მას შემდეგ რაც YouTube-ს ვიდეოები კარგად შევისწავლე, მივხვდი, რომ კიდევ უფრო მეტად სისტემური ვარჯიშის სტილი მჭირდებოდა. მე უკვე ძლიერი ვიყავი და აღარ ვგავდი იმ გოგოს, ვინც კარანტინის დაწყებისას ლოგინს იყო მიჯაჭვული. თავს ჯანსაღად და ბედნიერად ვგრძნობდი, შესაბამისად, მზად ვიყავი ჯილიან მაიკლსის ვიდეოებს შევჭიდებოდი.
5. ჯილიან მაიკლსი
ამ სიაში ჯილიან მაიკლსი ყველაზე გამოცდილი ინსტრუქტორია. მისი ვიდეოების სრულად ნახვა YouTube-ზე არ შეგვიძლია, მაგრამ როგორც იცით Google-ში ყველაფრის აღმოჩენაა შესაძლებელი. მეც მივაგენი ჯილიანის 1-თვიან პროგრამას, რომელიც იდეალურია იმ ადამიანისთვის, ვინც ვარჯიშს იწყებს. ის მხოლოდ ნახევარი საათი გრძელდება და სხვადასხვა სტილის ვარჯიშებს მოიცავს. ვიდეოს განმავლობაში ჯილიანი გამხნევებს, გიხსნის, როგორ გააკეთო მოძრაობები სწორად და არ გაძლევს დანებების საშუალებას.
ჯილიანის პროგრამის დასრულების შემდეგ, მიხვდი რომ მივაღწიე ისეთ ფორმას როგორიც მინდოდა, ტონუსში ვიყავი, სხვა ვიდეოებს კიდევ ვაკეთებდი, მაგრამ ნაკლები ინტენსივობით, ახლა უკვე უფრო სხვა სტილის მოძრაობები მჭირდებოდა და როგორც იქნა გადავწყვიტე, მივყოლოდი იმ ვარჯიშს, რომელსაც ამდენხანს თვალს ვარიდებდი და იოგა დავიწყე.
6. იოგა ედრიანთან ერთად
იოგა ჩემთვის ყოველთვის ძალიან მისტიკური იყო და მეგონა, რომ ვერასდროს შევძლებდი თუნდაც ერთი მოძრაობის გაკეთებას. ედრიანმა ის ძალიან ხელმისაწვდომი გახადა. პირველად მისი კურსი, სახელად home, გავაკეთე. თან სახლში ვიყავი და ვიფიქრე, რომ იდეალურად შეეფერებოდა ჩემს მდგომარეობას.
რაღაც მომენტში, მოძრაობები თითქოს ერთნაირი იყო და ხანდახან მწყინდებოდა, მაგრამ ედრიანის სხვა ვიდეოებს თუ გადახედავთ, თქვენს ნებისმიერ მიზანს შეგიძლიათ მოარგოთ მისი პროგრამა. მაგალითად, ამ სტატიის დაწყებამდე გავაკეთე Yoga For Creativity, მინდოდა ჩემი სხეული კარგ ფორმაში მომეყვანა, რომ უფრო მარტივად გადმომეცა აზრები.
რა ხდება ახლა?
კარანტინიდან 6 თვის თავზე მეგონა, რომ ცხოვრების სტილი სამუდამოდ შევიცვალე. მეგონა, ამიერიდან მუდამ ვივარჯიშებდი. მაგრამ, შემდეგ მეორე ტალღა დაიწყო, ისევ ჩაგვკეტეს სახლში და რა თქმა უნდა, ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა ისევ ბეწვის ხიდზე გადმოეკიდა.
რაღაც დროს ვარჯიში შევწყვიტე და მივხვდი, რომ უკვე აღარ მქონდა ამის თავი. შემდეგ მენტალური ჯანმრთელობის ჯგუფში გავწევრიანდი და ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. თუმცა ხშირად მახსენდებოდა, რა კარგად ვგრძნობდი თავს ვარჯიშის შემდეგ. ეს იდეა ისევ მიტრიალებდა თავში. თანაც ამჯერად უკვე მაგალითი მქონდა იმის, რომ მე შემიძლია 1 საათი გაუჩერებლად ვივარჯიშო, შემიძლია სარკეში ჩავიხედო და ჩემი სხეული ისეთი მივიღო როგორიც არის. შემიძლია გული არ დამწყდეს იმაზე, რომ ზედმეტი ცხიმი მუცელზე ჯერ კიდევ მაქვს, რადგან თავს მაინც ჯანსაღად ვგრძნობ და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი.
იყვნენ ადამიანები რომლებიც შეხვედრის დროს მეუბნებოდნენ, რომ წონაში ძალიან დავიკელი, თუმცა უმეტესობა მათგანი იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ თვალები ისევ მიბრწყინავდა. მივხვდი, რომ ვარჯიშის მიზანიც სწორედ ეს არის. არ აქვს მნიშვნელობა რისთვის დაიწყებ მას, უბრალოდ როცა შეჰყვები, უფრო ბედნიერი და ჯანსაღი ხარ.
თუმცა 3-თვიანი წყვეტის შემდეგ, ფორმიდან მარტივად ამოვვარდი და ისევ ჰოლის ვიდეოებს მივაშურე. თითქოს ყველაფერს თავიდან იწყება. შეიძლება პირველ კვირებში გული გწყდება, შენი "წარსული დიდება" გახსენდება, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, მთავარია საკუთარ თავს მარტივი მიზნები დაუსახო და მათი შესრულების შემდეგ მიხვდები, რომ თურმე მართლაც გადაგიდგამს მთები.
ეს მე ვარ, პირველი ფოტო პანდემიამდე გადავიღე, მეორე კი პანდემიის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ. არ გეგონოთ, რომ ყოველი დღე ბედნიერი ვიყავი, მქონდა მომენტი, როცა მინდოდა საბნის ქვეშ დავმალულიყავი, სანამ ყველაფერი არ ჩაივლიდა, მაგრამ ვარჯიში მაბედნიერებდა, ცხოვრების ხალისს მიბრუნებდა და ყველაზე კარგი ის დეტალი იყო, რომ ამ ყველაფერს სახლის პირობებში ვაკეთებდი.
კომენტარები