5 რამ, რაც უნდა იცოდე, თუ ბინის მფლობელი გახდი
ახლახან ბინა იყიდე! რა მაგარია! ყველა გილოცავს ამ მნიშვნელოვან შენაძენს და შენც სუნთქვა გეკვრება სიხარულისგან. წინ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გელის: პირველი სტუმრების მიღება, საყვარელი ნივთებისთვის ადგილის მიჩენა, ახალ ბინაში პირველად დაძინება და კიდევ ათასი რამ. რა თქმა უნდა, ამ შეგრძნებებს ვერაფერი შეედრება, მაგრამ ბინის შეძენით მოგვრილმა ეიფორიამ შეიძლება შეცდომებიც დაგაშვებინოს, თანაც ისეთი შეცდომები, რომლებიც ამ რთულ პერიოდში შენს საფულეს მნიშვნელოვნად დაეტყობა. და რაკი ეს არავის გვინდა, მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხო.
აი, 5 რჩევა, რომელიც ბინის შეძენის შემდეგ დროს, ფულსა და ძალისხმევას დაგაზოგინებს.
1. დააზღვიე ბინა და არ დაგავიწყდეს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევაც
სამწუხაროდ, ჩემთვის ეს გზა მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ურემი გადაბრუნდა, უფრო სწორად კი, ახალდამონტაჟებული სარეცხი მანქანიდან ჩემს ქვედა მეზობელს წყალი ჩაუვიდა. უხერხულ მდგომარეობაში მომიწია მეზობლის გაცნობა: ვიდექი სხვის ბინაში, ვუყურებდი გაფუჭებულ ჭერს, თან სირცხვილისგან ვიწვოდი და თან ვანგარიშობდი, საიდან უნდა მომეტანა გასაკეთებელი თანხა. უფრო ცუდ დროს ვერც "ვინატრებდი" გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის.
გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, არავის აქვს იმაზე ნაკლები ფული, ვიდრე ადამიანს, რომელმაც ახლახან იყიდა ბინა: ყველა დანაზოგი გამოტანილია, ხარჯები ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე ფინანსურ კოშმარებში წარმოგიდგენია და ასეთ დროს მეზობლისთვის მიყენებული ზიანი ნამდვილად უსიამოვნო სიურპრიზია.
დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, გასაღების ხელში ჩაგდებისთანავე დავაზღვევდი ბინასაც და მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობასაც. მით უმეტეს, რომ ეს ბევრად იაფია, ვიდრე ახალი ჭერის გაჭიმვა.
შეიძლება იფიქრო, რომ შენ ეს არ დაგემართება, იმიტომ რომ ჩემგან განსხვავებით, ბინის შეძენამდე წყალგაყვანილობის მდგომარეობით დაინტერესდი ან — იდეალურად გააკეთებინე თვითონვე. და იმ სცენარზე რას იტყოდი, როცა შენთან ჩამოდის წყალი? მეზობლობის დაზღვევა იმაზე უფრო იაფია, ვიდრე წარმოგიდგენია.
შეჯამება: ბინის დაზღვევა იმის მანიშნებელია, რომ საკუთარ და სხვის ქონებას უფრთხილდები. გაეცანი ალდაგის სახლის დაზღვევის პირობებს და ახლავე დაიცავი თავი ბანალური უსიამოვნებებისაგან.
2. მოჩქარეს მოუგვიანდესო ანუ ნუ დახარჯავ მთელ ფულს პირველ ეტაპზე
ცდუნება, რომ ახალ ბინაში ყველაფერი იდეალურად გქონდეს, საკმაოდ დიდია, თუმცა ზომიერება არ უნდა დაივიწყო. წინასწარ რთულია იმის გათვლა, ბინის შეძენის შემდეგ როგორ შეიცვლება შენი ყოველთვიური დანახარჯები, ამიტომ საწყის ეტაპზე დიდ თანხას ნუ გაიღებ ავეჯში, რომლის მსგავსიც არავის აქვს ან — ტელევიზორში, რომელიც მთელ კედელს ფარავს. ჩამოწერე საყიდლები და გადაანაწილე თვეებზე. რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, სახლი არსად გარბის.
შეჯამება: ნუ ჩქარობ, ბინის მოსაწყობად წინ უამრავი დრო გაქვს.
3. ნუ დაზოგავ თანხას იმაზე, რაც არ ჩანს
სანტექნიკა, ელექტრობა, გაზის გაყვანილობა — ეს ბინის ის ნაწილებია, რომელთა ხარისხშიც 100%-ით დარწმუნებული უნდა იყო. სულ ერთია, თავად უნდა გაარემონტო ბინა თუ უკვე გარემონტებულს ყიდულობ. მნიშვნელოვანია, რომ შენს ახალ შენაძენს არა მხოლოდ ლამაზი ვიზუალი, არამედ კარგი "შინაგანი სამყაროც" ჰქონდეს.
შეჯამება: არასდროს დაზოგო თანხა იმაზე, რასაც შეუძლია უზარმაზარ ხარჯში გადაგაგდოს.
4. იცოდე, რომ რომელ წვრილმანსაც გაუკეთებელს დატოვებ, ვეღარ მიუბრუნდები
ყველაფერი დასრულებულია, პლინტუსებს სხვა დროს შევცვლი — თავისუფლად შეიძლება ეს მაცდუნებელი აზრი დაღლილობის პიკში საკუთარმა ტვინმა მოგაწოდოს. იცოდე, რომ ასე თუ მოიქცევი და შენს თავში რემონტს დასრულებულად ჩათვლი. უკან, მუშებისა და ბაზრობების სამყაროში დაბრუნება აღარასდროს მოგინდება. თუ მზად ხარ, რომ მთელი ცხოვრება პლინტუსგაუკეთებელ სახლში იცხოვრო, ცხადია, შენი ნებაა, მაგრამ მე მაინც გირჩევდი, სულ ცოტაც მოგენდომებინა და საკუთარი თავის მომავალი ვერსიისთვის საქმე არ დაგეტოვებინა.
შეჯამება: არ გადადო პატარა დეტალები მომავლისთვის, რა ძალიანაც არ უნდა გეზარებოდეს. მომავალში საკუთარი თავი მადლობას გეტყვის.
5. დათვალე შენი ბინის გადასახადები
ბინის შეძენა და რემონტი ერთჯერადი ხარჯია, თუმცა ბინის მფლობელობას საკუთარი "საწევრო" აქვს, რომლისთვისაც მზად უნდა იყო: ეს შეიძლება იყოს დასუფთავების, სადარბაზოს განათების, ლიფტის ფული და დაზღვევა. რეალურად ამ თანხას სიმშვიდესა და კომფორტში ვიხდით, ასე რომ, ნუ დაგენანება, თუმცა ნურც დაივიწყებ.
შეჯამება: ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინე, რომ ბინას თავისი ხარჯები აქვს.
ბინის ფლობა სიამოვნებასთან ერთად, პასუხისმგებლობაცაა. ამ წინადადებამ არ დაგაფრთხოს: ყველაფერს გზადაგზა ისწავლი, უბრალოდ კარგი იქნება, თუ გამოცდილების შესაძენად მხოლოდ სხვის შეცდომებს იმყოფინებ.
სახლის დაზღვევა საუკეთესო გზაა შენი სიმყუდროვის დასაცავად. შენზე მორგებული პოლისით შეძლებ, დააზღვიო როგორც სახლი, ასევე მისი შიგთავსიც. გაეცანი პირობებს ვებგვერდზე property.aldagi.ge.
კომენტარები