ჯარისკაცების მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში ბრალდებულ შსს-ს ორ თანამშრომელს პატიმრობა შეუფარდეს.

როგორც საქმის პროკურორმა, ალექსანდრე ჩხეიძემ თქვა, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა მიმალვისა, ახალ დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების მოპოვების ხელშეშლის საფრთხეები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლები ე.წ. იაღლუჯის ბაზაზე "დასჯის მიზნით" ჯარისკაცებს კბილისა და ფეხსაცმლის ჯაგრისებით საპირფარეშოებს ახეხინებდნენ. დაკავებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსები არიან.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსი გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სამი სხვადასხვა ეპიზოდის ბრალდებით, რაც პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

რაც შეეხება ამავე სამმართველოს ცვლის უფროს დ.დ.-ს, იგი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ორი სხვადასხვა ეპიზოდის ბრალდებით, რაც პირადი ღირსების შეურაცხყოფით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის — ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის.