ლესბოსელ წყვილზე თავდასხმაში ბრალდებულ კაცს პატიმრობის უზრუნველყოფით 3 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს. ინფორმაცია On.ge-ს თბილისის საქალაქო სასამართლოში უთხრეს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა. გირაოს გადახდისთვის კაცს 20 დღე აქვს.

ლესბოსელი წყვილი, რომელსაც კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა, დაზარალებულად ცნეს. პროკურატურის ინფორმაციით, მას ბრალად ედება სექსუალური ორიენტაციის გამო შეუწყნარებლობის მოტივით მუქარა და იძულება, ასევე კომპიუტერულ სისტემაში უნებართო შეღწევა.

Tbilisi Pride-ის ინფორმაციით, 20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს არასრულწლოვანი ბავშვის თანდასწრებით მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. ორგანიზაციის ცნობით, თავდამსხმელი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს. მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით თავდამსხმელმა ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და წყვილს ემუქრებოდა.