რას და როგორ აშუქებდა ქართული მედია არჩევნების შემდგომ პერიოდში — მედიამონიტორინგის ანგარიში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

23 აპრილს წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიშის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. ანგარიში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების ფონდის ხელშეწყობით მოამზადა და მასში შესულია ტელე, ბეჭდურ და ონლაინ მედიაზე დაკვირვების შედეგები — როგორ აშუქებდნენ ისინი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდს. მონიტორინგი 2021 წლის 1-ლი თებერვლიდან 31 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა და მისი მიზანი იყო იმის განსაზღვრა, რამდენად თანაბარ პირობებში და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით ხდებოდა პოსტსაარჩევნო პერიოდში პარტიების გაშუქება.

სატელევიზიო ახალი ამბები

კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველა არხის მონაცემებით, პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო დაეთმო ქართულ ოცნებას. მას მოსდევს ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. ამასთან, პოსტსაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო ახალ ამბებში ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართული პოლიტიკურ მოლაპარაკები და ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხები გაშუქდა.

ანგარიშის თანახმად, მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. კერძოდ, მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი. ქართული ოცნება ყველაზე დადებითად POSTV-ზე, ხოლო ყველაზე უარყოფითად მთავარ არხზე გაშუქდა.

მონიტორები, ასევე, მიუთითებენ, რომ ტელევიზიებში კვლავ ხშირია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები, თუმცა თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგია. გარდა ამისა, მონიტორინგის პერიოდში სექსისტური განცხადებების ტირაჟირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

პირველი არხი

მონიტორები აკვირდებოდნენ პირველი არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას მოამბე 21 საათზე და გადაცემას ახალი კვირა. პირველ არხზე მონიტორინგის პერიოდში მოამბეში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო. ყველაზე უარყოფითად პირველ არხზე ნაციონალური მოძრაობა გაშუქდა (მისთვის დათმობილი დროის 28%).

ფოტო: mediamonitor.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხების გაშუქებისას მეტწილად იცავდა ეთიკურ სტანდარტებს, თუმცა საანგარიშო პერიოდში იყო შემთხვევები, როცა ბალანსი ფორმალურად იყო დაცული და მმართველი გუნდის უპირატესობა იყო წარმოჩენილი. მონიტორები აღნიშნავენ, რომ პირველი არხი არ გამოირჩევა ექსკლუზიური ან ხელისუფლების მამხილებელი კრიტიკული მასალებით და თითქმის არ გადის სიუჟეტები, რომლებიც ეხება, მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის ფაქტებს, ჩინოვნიკების ქონებას და ა.შ.

"მოამბე რჩება მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილად და ეს მიკერძოებული დამოკიდებულება და სახელისუფლებო მესიჯბოქსის ტირაჟირება მონიტორინგის პერიოდში განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანდა ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გაშუქების დროს", — ვკითხულობთ დოკუმენტში.

კვლევაში ნათქვამია, რომ პოსტსაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შორის ყველაზე აქტიურად ნიკა მელიას დაკავების და ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართული პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესები გაშუქდა, რა დროსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გაცილებით კრიტიკული იყო ოპოზიციური პარტიების მიმართ, ხოლო ნიკა მელიას საქმე ძირითადად უკონტექსტოდ შუქდებოდა.

მონიტორების შეფასებით, განსაკუთრებით კრიტიკული და "დისკრედიტაციულიც" კი იყო არხზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გაშუქება. მიხეილ სააკაშვილს მოიხსენიებდნენ: "უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილად", "დისტანციურ ლიდერად", ოპოზიციას კი — "ეკლექტიკურ ერთობად".

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიისადმი დადებითი განწყობა გამოვლინდა მოამბეში გიორგი გახარიას გადადგომის გაშუქებისას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

მონიტორები აკვირდებოდნენ 20 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას — მთავარი. ეთერში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და მმართველი პარტია გაშუქდა ყველაზე ნეგატიურად (დროის 12% უარყოფითი ტონით).

ანგარიშის თანახმად, აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვება მრავალფეროვანია. შუქდება პოლიტიკა, ეკონომიკა, ბიზნესი, სოციალური თემატიკა. გამოშვებების დროის უდიდესი ნაწილი ცენტრალურ ამბებს ეთმობა, ხოლო გადაცემების უმრავლესობაში გამხსნელი სიუჟეტი თბილისში მიმდინარე პოლიტიკურ თემებია და რეგიონში მიმდინარე ამბები ხშირად უკანა ფონზეა გადასული.

მონიტორების შეფასებით, აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვება მეტნაკლებად ნეიტრალური და დაბალანსებულია, პოლიტიკური თემების გაშუქებისას არხზე სათანადოდაა წარმოჩენილი მმართველი პარტია და ოპოზიციაც. თუმცა დოკუმენტის მიხედვით, აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ეთერში თითქმის არ გვხვდება კრიტიკული სიუჟეტები ხელისუფლების მიმართ, არხი არ ეძებს და მაყურებელს არ სთავაზობს საკუთარ, ექსკლუზიურ თემებს, სადაც ცენტრალური ან ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის ხარვეზებსა და პრობლემებზე იქნება საუბარი.

"მონიტორინგის პერიოდში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შორის ყველაზე ინტენსიურად პარტიებს შორის დიალოგისა და ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებული თემები გაშუქდა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალური ბალანსი თითქოს ყოველთვის დაცული იყო, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რიგ შემთხვევებში სარედაქციო პოლიტიკა სამთავრობო გუნდის და მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებული იყო", — აცხადებენ მონიტორები.

მთავარი არხი

მთავარი არხის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 9 საათზე, შაბათის მთავარს და პოსტ ფაქტუმს. ყველაზე მეტი დრო ამ არხის ეთერში ქართულ ოცნებას დაეთმო (დროის 56 % ნეგატიური ტონი). მთავარი არხი ყველაზე დადებითად აშუქებდა მიხეილ სააკაშვილს (დროის 14% პოზიტიური ტონი) და ნაციონალურ მოძრაობას (14% პოზიტიური ტონი).

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავარი არხი სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების და მმართველი პარტიის უარყოფითად წარმოჩენას ემსახურება, ასევე, არხი მიკერძოებულია ოპოზიციის, კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ.

ამასთან, მონიტორების განცხადებით, მთავარი არხი ხშირად არღვევს მიუკერძოებელი ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტებს, წამყვანები და ჟურნალისტები ავრცელებენ დაუსაბუთებელ, ზოგჯერ მანიპულაციურ ინფორმაციას. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ისინი არ ერიდებიან ხელისუფლების და მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიმართ ისეთი ეპითეტების გამოყენებას, როგორებიცაა, მაგალითად, "ივანიშვილის პოლიტიკური ხროვა" ან "სორბონაში განავალი".

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შორის ყველაზე აქტიურად მელიას დაკავების და მოლაპარაკებების პროცესი გაშუქდა.

"ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გაშუქებისას მუდმივად აღნიშნავენ, რომ "ქვეყანაში ხელისუფლება მიტაცებულია" და "არჩევნები გაყალბდა". ამასთან, პარლამენტის ბოიკოტირების და მოლაპარაკებების თემა მთავარ არხზე შუქდებოდა იმგვარი აქცენტით, რომ მოლაპარაკებების ჩაშლაში მთავარი დამნაშავე მმართველი პარტია ქართული ოცნებაა და, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილი, რომლის გარეშე ქართული ოცნების წევრები ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ", — ნათქვამია ანგარიშში.

მედიამონიტორები მიუთითებენ, რომ არხის მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მელიას საქმის გაშუქებისას. ამასთან, მათი თქმით, არხი პოზიტიურად აშუქებს ოპოზიციის აქტივობებს პოლიტიკური კრიზისის და პარლამენტის ბოიკოტის და მოლაპარაკებების ფონზე, თუმცა კრიტიკულია იმ ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომელთა აზრიც ოპოზიციის დიდი ნაწილის საერთო აზრისგან, შესაძლოა, განსხვავდებოდეს.

გარდა ამისა, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მთავარი არხი აქტიურად აშუქებს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა მონიტორების განცხადებით, იყო შემთხვევები, რომ ხელისუფლების და მმართველი გუნდის "უუნარობის" წარმოსაჩენად დაუბალანსებელი მასალა გავიდა ეთერში.

იმედი

მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვება ქრონიკას 8 საათზე და იმედის კვირას. იმედზე ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და ყველაზე დადებითადაც ქართული ოცნება გაშუქდა (დათმობილი დროის 12%-ით), ყველაზე უარყოფითად კი მიხეილ სააკაშვილი (დროის 84% დაეთმო ნეგატიურ შეფასებას) და ნაციონალური მოძრაობა გაშუქდა (დროის 44% დაეთმო ნეგატიურ შეფასებას).

ანგარიშის მიხედვით, ოპოზიციიდან ნეგატიურ კონტექსტში ნაკლებად შუქდება პარტია მოქალაქეები და ევროპელი სოციალისტები. კერძოდ, მონიტორების განცხადებით, ისინი ძირითადად წარმოჩენილები არიან, როგორც საქმიანები და კრიტიკულები.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ოპოზიციაზე საუბრისას ჟურნალისტები არ ერიდებიან შეურაცხმყოფელი, მადისკრედიტირებელი ფრაზების გამოყენებას, რიგ შემთხვევებში კი, ზუსტად იმეორებენ სახელისუფლებო რიტორიკას.

"მიმდინარე პოლიტიკური საკითხებიდან ყველაზე აქტიურად იმედზე პოლიტიკური დიალოგი და მოლაპარაკებებთან დაკავშირებული თემები გაშუქდა. ამ შემთხვევაში არხის მესიჯბოქსი იყო ის, რომ ოპოზიცია ერთიანობას იჩემებს და მათ მოიხსენიებენ, როგორც "ურეიტინგო სუბიექტებს" და "კიევში დაწერილი სცენარის შემსრულებლებს", — ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ იმედი მოლაპარაკებების ჩაშლაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, ბოიკოტს ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების კონტექსტში აშუქებს, მანდატების გაუქმებაზე უარს კი — "ოპოზიციისთვის შანსად".

Palitra TV

მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 20 საათზე. სამონიტორინგო პერიოდში არხმა ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაუთმო. ყველაზე ნეგატიურად არხი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოაჩენდა (დროის 19% უარყოფითი ტონით).

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პალიტრანიუსის საინფორმაციო გამოშვება თემატური სიმწირით გამოირჩევა, არხზე არ გხვდება ექსკლუზიური, სიღრმისეული რეპორტაჟები. ძირითადად აშუქებენ პოლიტიკოსთა განცხადებებს.

"პალიტრანიუსი საინფორმაციო გამოშვებებში მხოლოდ ფაქტების აღწერით შემოიფარგლება. ავტორები მაყურებელს მოვლენის შესახებ განსხვავებულ აზრს ან ჩართული მხარის პოზიციას ნაკლებად სთავაზობენ. ჟურნალისტის ტექსტი და რესპონდენტის კომენტარი, რომელიც მას მოჰყვება, ყოველთვის თანხვდება ერთმანეთს. სიუჟეტებში აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ დიდწილად გამოყენებულია სახელმწიფო სტრუქტურების პრესსამსახურების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები", — ნათქვამია კვლევაში.

მონიტორები მიუთითებენ, რომ მიმდინარე პოლიტიკური საკითხების გაშუქებისას არხზე არ შეიმჩნეოდა მიკერძოება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ, თუმცა იყო რამდენიმე გამონაკლისიც, როცა მხარეთა ბალანსი დარღვეული იყო და მმართველი პარტიის კრიტიკის საპასუხოდ არხს არ ჰქონდა წარმოდგენილი ოპოზიციის პოზიცია.

ფორმულა

მონიტორები აკვირდებოდნენ ფორმულას მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, ფორმულა NEWS-ს, შაბათის ფორმულას და გადაცემა დროებას. მთელი პერიოდის განმავლობაში ფორმულაზე ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო (დროის 50% ნეგატიური ტონით). ყველაზე უარყოფითად კი ბიძინა ივანიშვილი გაშუქდა (დროის 74% ნეგატიური ტონით). ყველაზე დადებითად ფორმულაზე ნაციონალური მოძრაობა გაშუქდა (დროის 15% დადებითი ტონით).

მონიტორები აღნიშნავენ, რომ არხის წამყვანებისა და ჟურნალისტების ტექსტებში იგრძნობა უარყოფითი დამოკიდებულება პარლამენტში შესული ოპოზიციონერების, განსაკუთრებით, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის მიმართ.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფორმულა NEWS-ის სიუჟეტებში, როგორც წესი, იცავენ ბალანსისა და მრავალმხრივობის ჟურნალისტურ სტანდარტს. პოლიტიკის შესახებ მომზადებულ თითქმის ყველა სიუჟეტში წარმოდგენილია ორი ან მეტი მხარე, შედარებით იშვიათად ჩანან სფეროს ექსპერტები, ე.წ პოლიტოლოგები.

"არხი, საკუთარი მკვეთრად ოპოზიციური დამოკიდებულების მიუხედავად, მეტწილად ეთიკური ნორმების დაცვით ამზადებს მასალებს, თუმცა იყო გამონაკლისებიც. მაგალითად, 5 მარტის საინფორმაციო გამოშვებაში ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია "ოლიგარქად", პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატები კი "ე.წ. ოპოზიციად“". არხი ზოგჯერ მიმართავს მანიპულაციის ელემენტებსაც. მაგალითად, როცა "ქართულ ოცნებაზე" საუბრობენ, აჩვენებენ კადრს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ტაშს უკრავს", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ფორმულა ყველაზე ხშირად მოლაპარაკებებსა და საპროტესტო აქციებს აშუქებდა. მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ საკითხების გაშუქებისას, არხზე ზოგჯერ ირღვეოდა ეთიკური სტანდარტები.

"ფორმულას საინფორმაციო პოლიტიკიდან იკვეთება, რომ რედაქციას არ სჯერა ბიძინა ივანიშვილის განცხადებისა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ და ქვეყანაში მიმდინარე უარყოფით მოვლენებზე კვლავ ივანიშვილს მიიჩნევს პასუხისმგებლად", — ვკითხულობთ ანგარიშში.

კავკასია

კავკასიის ეთერში მონიტორები ყოველდღიურად აკვირდებოდნენ 20:30-საათიან საინფორმაციო გამოშვებას დღეს. სამონიტორინგო პერიოდში ყველაზე ხშირად ქართული ოცნება შუქდებოდა, (დროის 16% ნეგატიური ტონით). ყველაზე უარყოფითად გაშუქდა ბიძინა ივანიშვილი (დროის 76% უარყოფითი ტონით).

მონიტორების განცხადებით, არხს ნეიტრალურზე მეტად ოპოზიციის სასარგებლოდ მიკერძოებული საინფორმაციო გამოშვება აქვს. მონიტორები აღნიშნავენ, რომ ეს გამოიხატება როგორც ოპოზიციის სასარგებლოდ ბალანსის დარღვევაში, ასევე მმართველი პარტიისა თუ ბიძინა ივანიშვილის მოხსენიებით ნეგატიურ კონტექსტში ("ოლიგარქი", "არაფორმალური მმართველი", "ივანიშვილის შუშის სასახლე").

"მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შორის ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართული პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი და საპროტესტო აქციები გაშუქდა. არხზე აქტიურად შუქდებოდა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხიც. 24 თებერვალს საინფორმაციო გამოშვებაში (18:09) დრო დაეთმო ნიკა მელიას დაპატიმრებისა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით დასავლეთში გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს. მასალაში მოყვანილი კომენტარები კრიტიკული იყო ხელისუფლების მიმართ", — ვკითხულობთ ანგარიშში.

გარდა ამისა, დოკუმენტში ნათქვამია, რომ არხი დიდ ყურადღებას უთმობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს. მონიტორების დაკვირვებით, ეს გამოიხატება როგორც ცალკეული მასალების მომზადებაში, ასევე, მისი ვრცელი კომენტარების გამოყენებაში.

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის ეთერში მონიტორები აკვირდებოდნენ 9-საათიან კურიერს. მათი ინფორმაციით, ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და ყველაზე უარყოფითად ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წარმოჩნდა (დათმობილი დროის 13%).

ანგარიშის თანახმად, რუსთავი 2 ცდილობს, აქტიურად და ნეიტრალურად გააშუქოს მიმდინარე მოვლენები, თუმცა რიგ შემთხვევებში იკვეთება ცალკეული წამყვანისა თუ არხის პოზიცია, რაც გამოიხატება ოპოზიციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით.

"აღსანიშნავია, რომ არხი მაყურებელს არ სთავაზობს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მამხილებელ ექსკლუზიურ, სიღრმისეულ ან მოკვლევითი ხასიათის სიუჟეტებს. მონიტორინგის პერიოდში რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ გამოყენებული უარყოფითი ან დადებითი გამონათქვამები/ტონი, ძირითადად, პოლიტიკოსებს ეკუთვნით. თავად ჟურნალისტები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მოვლენებზე სასაუბროდ იყენებენ ნეიტრალურ, მაქსიმალურად სტერილურ ტერმინოლოგიას — გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს წამყვანის, ნათია ლაზაშვილის შესავალი ტექსტები", — ნათქვამია კვლევაში.

სხვა ტელევიზიების მსგავსად, რუსთავი 2-იც ყველაზე აქტიურად მოლაპარაკებებსა და მელიას საქმეს აშუქებდა.

დოკუმენტში გამოკვეთილია, რომ კურიერი პოლიტიკურ დიალოგსა და კრიზისზე მომზადებულ სიუჟეტებს ასრულებს მმართველი გუნდის შეფასებებით, რაც, მედიამონიტორების განცხადებით, შეიძლება, აღქმული იყოს როგორც საკითხზე "საბოლოო სიტყვა" და ერთგვარი "შეჯამება" რაც ქართულ ოცნებას "უპირატეს" მდგომარეობაში აყენებს.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, სიუჟეტებში ძირითადად არ არის საუბარი ოპოზიციის ბოიკოტის მიზეზებზე, რაც ავტორების შეფასებით, მაყურებლისთვის შეიძლება ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ ეს ოპოზიციის "აკვიატებაა".

კვლევის თანახმად, მონიტორინგის პერიოდში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა წამყვანის ნათქვამი და სამთავრობო მესიჯი ერთმანეთს დაემთხვა.

POSTV

სამონიტორინგო პერიოდში აკვირდებოდნენ POSTV-ს მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 19 საათზე. მათი ინფორმაციით, პარტიებიდან ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო (დროის 22% დადებითი ტონით), ყველაზე ნეგატიურად კი გაშუქდა მიხეილ სააკაშვილი (დროის 88% უარყოფითი ტონით) და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (დროის 61% უარყოფითი ტონით).

კვლევაში აღნიშნულია, რომ არხი მუდმივად დადებითად წარმოაჩენს ქართულ ოცნებას და, ასევე, მუდმივად ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას და "რადიკალებად" მოიხსენიებენ. POSTV-ზეც ყველაზე აქტიურად მოლაპარაკებების პროცესი და მელიას დაკავების საქმე გაშუქდა.

"ამ საკითხების გაშუქებისას საინფორმაციო გამოშვებებში დარღვეული იყო ეთიკური, ობიექტური ჟურნალისტიკის ყველა სტანდარტი, ფაქტობრივად POSTV სახელისუფლებო პროპაგანდის იარაღს წარმოადგენდა", — ნათქვამია დოკუმენტში.

მაესტრო

მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას 9 საათზე. ყველაზე მეტი დრო ქართული ოცნების გაშუქებას დაეთმო და ყველაზე დადებითადაც ეს პარტია წარმოჩნდა (დროის 11% პოზიტიური ტონით), ყველაზე უარყოფითად — მიხეილ სააკაშვილი (დროის 69% ნეგატიური ტონით), პარტიებს შორის კი — ნაციონალური მოძრაობა (დროის 22% უარყოფითი ტონით).

ანგარიშის თანახმად, საინფორმაციო გამოშვებები მეტნაკლებად დაბალანსებული იყო, თუმცა, არხს არ ჰქონდა ექსკლუზიური მასალები და სიღრმისეული რეპორტაჟები.

სხვა ტელევიზიების მსგავსად, მონიტორინგის პერიოდში მაესტროზეც ყველაზე ხშირად მოლაპარაკებების და ნიკა მელიას საქმე გაშუქდა, სადაც ოპოზიცია წარმოჩენილი იყო "დესტრუქციულ, რადიკალურ ძალად" და ჭარბობდა მმართველი პარტიის წარმომადგენელთა კომენტარები.

TV პირველი

მონიტორები ყოველდღიურ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას პირველებს და ნოდარ მელაძის შაბათს აკვირდებოდნენ. არხზე ყველაზე ბევრჯერ ქართული ოცნება გაშუქდა (დროის 55% უარყოფითი ტონით), ყველაზე უარყოფითად კი ბიძინა ივანიშვილი იყო გაშუქებული (დროის 80% უარყოფითი ტონით).

ანგარიშის თანახმად, არხი გამოირჩევა ექსკლუზიური რეპორტაჟებით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა დარღვევის, ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტებს.

"სამონიტორინგო პერიოდში TV პირველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა კრიმინალურ ამბებს. პოლიტიკური თემები (საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა, მოლაპარაკებები) არ ყოფილა პრიორიტეტული თემა. მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შორის ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართული პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი და ნიკა მელიას დაკავების საქმე გაშუქდა", — ნათქვამია დოკუმენტში.

კვლევის მიხედვით, ამ პროცესების გაშუქებისას არხზე პარლამენტი მოიხსენიებოდა ერთპარტიულად, ნაციონალურ მოძრაობა კი — "მთავარ ოპოზიციურ პარტიად". ამასთან, ვკითხულობთ, რომ არხი კრიტიკული იყო იმ პარტიების მიმართ, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ ან შესვლას განიხილავდნენ.

ობიექტივი

მონიტორები აკვირდებოდნენ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას, ნამდვილ ამბებს. საინფორმაციო გამოშვებაში ყველაზე მეტი დრო დაეთმო ქართულ ოცნებას და მისთვის დათმობილი დროის 29% უარყოფითი ტონით იყო. ყველაზე უარყოფითად გაშუქდა მიხეილ სააკაშვილი (85%) და ნაციონალური მოძრაობა (40%).

დოკუმენტის მიხედვით, არხი მიკერძოებას იჩენს პატრიოტთა ალიანსისადმი, აკრიტიკებს როგორც ხელისუფლებას, ასევე ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს.

"ობიექტივის საინფორმაციოს მთავარი ეთიკური პრობლემაა ჟურნალისტების მიკერძოებული ტექსტები, მათ ნათქვამში გამოსჭვივის პოზიცია ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება ახალი ამბების გაშუქების მაღალ სტანდარტს", — აღნიშნავენ მედიამონიტორები.

კვლევის პერიოდში გამოიკვეთა, რომ მიუხედავად იმისა, არხის მომზადებულ სიუჟეტებში შესამჩნევი იყო რიგგარეშე არჩევნების მხარდაჭერა, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ნეგატიურად იყო წარმოჩენილი, ნაწილი — ნეიტრალურად.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მედიაციის პროცესის გაშუქებისას, სხვა არხებისგან განსხვავებით ობიექტივი მოლაპარაკებების პროცესის ჩაშლაში ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ერთნაირად ადანაშაულებდა.

ამასთან, მედიამონიტორების განცხადებით, ნიკა მელიას საქმეს ობიექტივი მიკერძოებულად აშუქებდა, ის ვერ ხვდებოდა მთავარი საინფორმაციო გამოშვების პირველ ნახევარში და თავად პარტიის თავმჯდომარეს "კანონდამრღვევად" მოიხსენიებდნენ.

სატელევიზიო თოქშოუები

ანგარიშის თანახმად, პოსტსაარჩევნო პერიოდში გამოიკვეთა, რომ სამაუწყებლო მედია მკვეთრად პოლარიზებულია, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, მეორე კი — ოპოზიციის. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებდნენ ზოგიერთ არხზე სტუმრობაზე, თუმცა პირველი არხის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, რუსთავი 2-ისა და პალიტრა TV-ს თოქშოუები წარმოადგენდა იმ გამონაკლისს, რომელსაც ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად სტუმრობდნენ.

"ერთეული ტელეარხების გარდა, წამყვანები თუ მათი სტუმრები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ტერმინებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში იყენებდნენ, რითაც ხელს უწყობდნენ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმების გაძლიერებას", — ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ საანგარიშო პერიოდში, მაესტროს ეთერში არ გასულა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა.

ონლაინ მედია

მონიტორინგის მიხედვით, პოსტსაარჩევნო პერიოდში ონლაინ მედიაშიც ყველაზე აქტიურად მოლაპარაკებების და მელიას თემა შუქდებოდა. ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა ონლაინ მედიაში პოლარიზაცია ნაკლებად შეინიშნებოდა, რამდენიმე მათგანში მაინც გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა. ამასთან, მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ.

დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები თითქმის არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა მწვავე გამოწვევად რჩება ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილისთვის.

მონიტორები 12 ონლაინ მედიას აკვირდებოდნენ:

  • ambebi.ge;
  • interpressnews. ge;
  • kvira.ge;
  • mpn.ge;
  • netgazeti.ge;
  • news.on.ge;
  • publika.ge;
  • radiotavisupleba.ge;
  • reginfo.ge;
  • sknews.ge;
  • sputnik-georgia.com;
  • tabula.ge.

უშუალოდ NEWS.On.ge-ს შეფასებისას, კვლევაში ნათქვამია, რომ აქტიურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკურ მოვლენას, ამასთან, სრულად იყო დაცული ჟურნალისტური სტანდარტები, ხოლო დადებითი ტონის მაღალი მაჩვენებლები მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ NEWS.On.ge-ზე უარყოფითი ტონის მაღალი პროცენტული მაჩვენებლები გამოვლინდა ქართული ოცნების (25%), ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (9%), ბიძინა ივანიშვილისა (65%) და მიხეილ სააკაშვილის (53%) გაშუქებისას.

"მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ news.og.ge აქტიურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს", — ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვებგვერდი არ გამოირჩეოდა ანალიტიკური მასალების სიმრავლით, თუმცა ცალკეულ სტატიებს, უმეტეს შემთხვევებში, ერთვოდა ზოგადი ინფორმაცია საკითხის შესახებ და მსგავს საკითხებზე მომზადებული სტატიები ხშირად ტექნიკურად, ჰიპერლინკის მეშვეობით, ებმოდა ერთმანეთს.

"რაც მკითხველს აძლევდა საშუალებას, რომ მიეღო მეტად სრულყოფილი ინფორმაცია საკითხის შესახებ", — ვკითხულობთ კვლევაში.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ონლაინ მედიაში პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპების შემცველი თუ სექსისტური განცხადებების გაშუქების სტანდარტის უგულებელყოფა, თუმცა NEWS.On.ge-ზე საუბრისას, მონიტორები გამოკვეთენ, რომ მედია ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების დაცვით აშუქებდა ამ საკითხებს.

"16 მარტს ონლაინ მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს მასალები თეა წულუკიანის განცხადების შესახებ პარლამენტში, რომლითაც ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს მიმართა: "ღმერთს ადამიანისთვის ენა იმისთვის არ მიუცია და, მით უმეტეს, კაცისთვის, რომ ყველაფერი ილაპარაკოს".

ეს განცხადება გენდერულ სტერეოტიპს ახალისებდა, რომლის მიხედვით, კაცი ქალთან შედარებით სიტყვაძუნწი უნდა იყოს. ონლაინ მედიამ შესაბამისი ახსნისა და კომენტარის გარეშე გაავრცელეს იგი, რითაც ხელი შეუწყვეს გენდერული სტერეოტიპის ტირაჟირებას. მედიასაშუალებებმა, ასევე, უკომენტაროდ გაავრცელეს ამ განცხადებაზე ელისაშვილის სექსისტური გამოხმაურება, სადაც ის ამბობდა: "წულუკიანი რომ არ ყოფილიყო ქალი, სხვანაირად გავცემდი პასუხს".

თუმცა, მაგალითად, NEWS.On.ge-მ ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით, სათაურშივე მიუთითა, რომ ელისაშვილის ეს განცხადება იყო სექსისტური, ხოლო მასალის ბექგრაუნდში განმარტა, რომ ასევე სექსისტური იყო წულუკიანის განცხადებაც, რაზეც გამოეხმაურა ელისაშვილი", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ბეჭდური მედია

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გაზეთების ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, დაუბალანსებელ, ერთ წყაროზე მომზადებულ სტატიებს აქვეყნებდა, თუმცა უმრავლესობამ (რეზონანსი, ახალი თაობა, კვირის პალიტრა, გურია ნიუსი) მონიტორინგის სუბიექტები, ძირითადად, ნეიტრალურად გააშუქა.

დოკუმენტის თანახმად, გამონაკლისს წარმოადგენდა რამდენიმე გამოცემა (ალია, ასავალ-დასავალი, საქართველო და მსოფლიო), რომლებიც თითქმის ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ უარყოფითი განწყობით გამოირჩეოდნენ და ასევე, ქრონიკა+, სადაც ყველაზე მეტი უარყოფითი გაშუქება მხოლოდ მმართველ პარტიას და მის ყოფილ ლიდერს დაუგროვდათ.

მონიტორები მიუთითებენ, რომ გაზეთების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად და გამოწვევად გადაუმოწმებელი და ინფორმაციის საეჭვო წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალების გავრცელება და ამა თუ იმ პოლიტიკური სუბიექტის მიმართ დაუსაბუთებელი, მძიმე ბრალდებების წაყენება რჩება.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, რამდენიმე გაზეთში უხეშად ირღვეოდა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმები: გამოცემების ნაწილი პოლიტიკოსთა მისამართით კვლავაც იყენებდა შეურაცხმყოფელ და არაეთიკურ ტერმინოლოგიას. ამასთან, ზოგიერთ გამოცემაში ისევ გვხვდებოდა შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული შინაარსის ფოტოები.

როგორ ჩატარდა მედიამონიტორინგი

მონიტორინგის მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ რამდენად თანაბარ პირობებში და ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით ხდებოდა პოსტსაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების გაშუქება. მედიამონიტორინგის ფარგლებში შერჩეულ მედიასაშუალებებზე დაკვირვება ხდებოდა როგორც რაოდენობრივი, ასევე, თვისებრივი კომპონენტების გათვალისწინებით.

რაოდენობრივი კვლევისას ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, თუ რა სიხშირითა და ტონით შუქდებოდა ესა თუ ის სუბიექტი შერჩეულ მედიასაშუალებაში. თვისებრივი დაკვირვებისას ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, თუ რამდენად იცავდა შერჩეული მედიასაშუალება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, როგორიცაა: ფაქტის სიზუსტე, წყაროების მრავალფეროვნება, დაბალანსებული გაშუქება, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის წახალისება, გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირება, რაიმე სახის მანიპულაცია და ა.შ.

მონიტორინგის დროს, ასევე, ყურადღება ექცეოდა საკითხების ისეთ გაშუქებასა და ტერმინების გამოყენებას, რომლებიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ გენდერულ სტერეოტიპებს აძლიერებენ პირდაპირი ან ირიბად. ანგარიში მოიცავს 1-ლი თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში მედიის მონიტორინგის შედეგებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით
  4. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
  5. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მილიარდ დოლარს გადასცემს

იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილ კიდევ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადაურიცხავს, — ამის შესახებ…