როგორ გადაიქცა დასვენება და განტვირთვა ხელოვნებად
დატვირთულ სამყაროში მოსვენების პოვნა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. BBC-ის ჟურნალისტი, ბელ ჯეიკობსი დასვენების ხელოვნების ისეთ ახლადაღმოცენებულ სფეროებს იკვლევს, როგორებიც დოპამინის მარხვა ან სიამოვნების აქტივიზმია.
2019 წელს როტერდამში დაფუძნებულმა დიზაინერმა, კირსტენ სპრუტმა მულტიმედიური ინსტალაცია შექმნა, სათაურით — სივრცე დაყოვნებისთვის. აქ სტუმრებს ფართო შავ მატრასებზე დასაწოლად იწვევენ და ამარაგებენ ყურსასმენებით, რომლებშიც მჟღერი ხმები ისმის. ერთი სიტყვით, ისინი ხვდებიან გარემოში, სადაც შეუძლიათ, უბრალოდ არაფერი აკეთონ. ამ ატმოსფეროს თან ახლავს ფილმი, რომელშიც ნელი ტემპით მეორდება ტექსტი — "მე თავს ისე ვგრძნობ, თითქოს დღეს არაფერი გამიკეთებია" — რაც პასიურობაზე აზრებს ბადებს. სპრუტის განმარტებით, "სივრცე დაყოვნებისთვის იმ გრძნობათა კვლევიდან გამომდინარეობს, რომელიც მოუსვენრობის განცდას გიჩენს და გაიძულებს, ყოველთვის პროდუქტიული და ეფექტიანი იყო. მსგავსი გრძნობები, როგორც ჩანს, ბევრის ცხოვრებაზე დომინირებს — განსაკუთრებით კი, ჩემი თაობის წარმომადგენლებში".
არის ეს ის, რადაც დასვენება გარდაიქმნა — გალერეაში გამოფენილი რელიკვია, გარდასულ დღეთა მოსაგონარი ნაშთი? მართლა იქცა დასვენება იმად, რისი გაკეთებაც მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც ხელოვნებისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე მიგვიწვევენ? როგორც ჩანს, კი. წიგნის, დასვენების ხელოვნება, ავტორის, კლაუდია ჰამონდის თქმით, "დაკავებულობა ღირსების სიმბოლოდ იქცა. ეს ისეთი რამაა, რასაც საკუთარი თავისა და სხვებისგან ველოდებით. სამწუხაროდ, კვლევებით დასტურდება, რომ ჩვენ დაკავებული ადამიანები უკეთესები გვგონია. დასვენებაც კი, გარკვეულწილად, კომერციალიზებული გახდა. არსებობს ზოგადი იდეა, რომ მუდამ შენთვის სასარგებლო რამ უნდა აკეთო".
მსგავს სოციალურ ნორმებს თავისი შედეგიც აქვს: ჩვენ თავს დამნაშავედ ვგრძნობთ, როდესაც ვისვენებთ და ამიტომ საკმარისად არ ვისვენებთ. მაგალითად, 2020 წლის დასაწყისში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 45-დან 65 წლამდე ამერიკელები დღეს უფრო დასტრესილები არიან, ვიდრე მათი ასაკის ადამიანები იყვნენ 90-იან წლებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი სტრესი "ოცდამეერთე საუკუნის ჯანმრთელობის ეპიდემიად" შეაფასა.
ეს სულაც არ არის გასაკვირი და დღეს გაცილებით თვალსაჩინოა. პანდემიის პირობებში ცხოვრება მუდმივ შფოთვასა და სახლში გამოკეტილობას ნიშნავს. ამასთან, ჩვენ ხშირად გვიწევს უარი ვთქვათ იმ აქტივობებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გვეხმარება ძალების აღდგენაში. თუკი გლობალური კრიზისებისგან რაიმეს სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი ისაა, რომ ძველი ცხოვრების წესები არ მუშაობს არც ჩვენთვის, არც სხვა ადამიანებისთვის და არც პლანეტისთვის. ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი ქცევის, არამედ საზოგადოების ღირებულებების გადაფასება გვჭირდება. ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა შეიძლება უბრალოდ შეჩერება იყოს.
"თანდათან ჩნდება პროტესტი პროდუქტიულობისა და თვითგანვითარების წინააღმდეგ და ნელ-ნელა ვიაზრებთ პრაქტიკული მოწყენილობის, ინტროსპექციისა და დამსტრესავ საქმეებზე უარის თქმის ფასს", — ამბობს საკონსულტაციო კომპანიის, მომავლის ლაბორატორიის პროგნოზების მწერალი, ჰოლი ფრენდი, — "როცა სახლში დარჩენისა და განტვირთვის გარდა სხვა გზა არ გაქვს, მომხმარებლები ცხოვრების ახალ ტემპს ვეჩვევით, რაც ჩვენს ყოველდღიურობაზე წლების განმავლობაში მოახდენს გავლენას. ეს პერიოდი ხალხს შანსს აძლევს, რომ კომფორტულად დაკარგონ დრო და არაფერი აკეთონ. დასვენების ამგვარი ფორმა ერთ დროს სტიგმით იყო მოცული და მილენიალებში სინდისის ქენჯნას იწვევდა".
ეს ცვლილება უპანდემიოდაც გაურდაუვალი იყო. 2019 წლის დასაწყისში ბრიტანეთში 2,200-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ როცა მეგობრები წვეულებებსა თუ შეკრებებს აუქმებდნენ, მილენიალების 78% შვებას გრძნობდა. ამ ფენომენს რაიმე აქტივობის გამოტოვების სიხარული, იგივე JOMO ეწოდება და უპირისპირდება FOMO-ს, რომელიც აქტივობის გამოტოვების შიშს გულისხმობს. 2020 წლის თებერვალში კალიფორნიელმა ფსიქიატრმა, დოქტორ კამერონ სეფამ დოპამინის მარხვის კონცეფცია შექმნა, რომლის დროსაც ჩვენ უარს ვამბობთ თანამედროვე ცხოვრების აქტიურ წესზე. ნაცვლად ამისა, ჩვენ თავებს მოწყენილობისა და მარტოობის შეგრძნების უფლება უნდა მივცეთ ან სიამოვნების მიღება უფრო მარტივი, ნელი, მეტად ბუნებრივი საქმიანობით უნდა შევძლოთ. ამ გზით ჩვენ უარვყოფთ იმ კომპულსიურ ქცევებს, რომლებსაც, მართალია, საზოგადოება სასარგებლოდ მიიჩნევს, თუმცა, შესაძლოა, ისინი უბრალოდ გვაუბედურებდნენ.
როგორ შევცვალოთ ჩვენი დასვენების რუტინა? — პირველ რიგში, საკუთარ თავზე ზრუნვით, რაშიც რამდენიმე ნაცადი მეთოდიც შედის. დასვენების ხელოვნება ეფუძნება გამოკითხვას, რომელშიც 18 ათასზე მეტ ადამიანს ჰკითხეს, თუ რომელი 10 საქმიანობა მიაჩნდათ ყველაზე კარგ დასვენებად. ნომერი შვიდი აბაზანის მიღება იყო. ჰამონდის წიგნის თავი, "კარგი ცხელი აბაზანა", რომელიც ისეთ სახალისო ფაქტებს შეიცავს, როგორიცაა "ბუშტების ფენა წყალში სითბოს უფრო დიდხანს აკავებს", სააბაზანოსკენ გაქცევას მოგანდომებთ. სააბაზანო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის, Lush-ის 2019 წლის სარეკლამო რგოლი კი, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნვის ამ ინტიმურ პროცედურას აღწერს, ახლა პრეპანდემიურ ინტუიციას წააგავს.
მაგრამ არსებობს სხვა სახის აბაზანებიც, რომლებიც დღეს პოპულარობას იძენს. გონგების ან ტიბეტური მომღერალი თასების გამოყენებით ჩატარებული ხმოვანი აბაზანის სესიები 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ტენდენცია იყო. მსგავს პროცედურებს ისეთი ცნობილი მიმდევრები ჰყავს, როგორებიც რობერტ დაუნი უმცროსი და შარლიზ ტერონია. თუმცა ვარსკვლავების მიერ ამ რიტუალების პოპულარიზაციაზე მნიშვნელოვანი მათი მრავალსაუკუნოვანი ისტორიაა. 40 ათას წელზე მეტი ხნის განმავლობაში აბორიგენი ტომები ინსტრუმენტ დიჯერიდუს მსგავსი მიზნით იყენებდნენ. ტიბეტური სწავლების თანახმად, გონგებს ღრმა სულიერი კავშირი აქვთ კოსმოსის ბუნებასთან.
ხმით მკურნალები ამბობენ, რომ ვიბრაციას ტვინის იმპულსების მოდუნება, გულისცემის შემცირება, სტრესისა და ტკივილისგან განტვირთვა და შფოთვისგან გათავისუფლება შეუძლია. "აღმოვაჩინე, რომ ღრმა მედიტაციური მდგომარეობის მიღწევა ხმის აბაზანების მიღებით შემიძლია", — ამბობს ხმის მედიტაციის პრაქტიკოსი, თამარა კლიენი, — "და მე მიყვარს ის გრძნობა, როცა მსგავს აბაზანას ვიღებ. ამ დროს ძალიან განსაკუთრებული სხეულებრივი შეგრძნება გეუფლება, რაც არსებითად შენი ორგანიზმის თვითგანკურნების პროცესია".
ტყის საფარის შენარჩუნებაზე მომუშავე საქველმოქმედო ორგანიზაციამ, Woodland Trust-მა 2019 წელს წამოაყენა წინადადება, რომ ტყეში სეირნობა ექიმების მიერ რეკომენდებულ არასამედიცინო თერაპიის ფორმად დაწესებულიყო. ეს ფენომენი 1980-იან წლებში იაპონიაში განვითარდა, სადაც იგი შინრინ-იოკუს ანუ ტყის აბაზანების სახელითაა ცნობილი. ტყეში გატარებული დრო უბრალოდ პარკში გასეირნება არ არის. "თავიდან ხალხი ფიქრობს, რომ ისინი ისედაც მთელი ცხოვრებაა, ამას აკეთებენ. მაგრამ პარკში სწრაფი გასეირნება ან, მაგალითად, გამუდმებით იმაზე ფიქრი, საით გაიქცა შენი ძაღლი, სულ სხვა გამოცდილებაა. ტყის აბაზანის უკეთესი აღწერა ხეების ქვეშ გატარებული ისეთი გააზრებული დრო იქნებოდა, რომლის მიზანიც ჯანმრთელობის და კეთილდღეობის გაუმჯობესებაა", — ამბობს ტყის აბაზანების ინსტიტუტის დამფუძნებელი, გარი ევანსი.
ბუნებრივი სამკურნალო საშუალება
ჰამონდისთვის ბუნებაში დროის გატარების სარგებელი სულაც არ არის მოულოდნელი — მის წიგნში ეს აქტივობა კითხვის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. "ბუნებაში სეირნობა რეალობას განსხვავებული პერსპექტივით განახებს და იმაზე გაფიქრებს, თუ შენზე რამდენად უფრო დიდი სამყაროს ნაწილი ხარ", — ამბობს წიგნის ავტორი. ის გაესაუბრა ბუნებაზე მწერალ რიჩარდ მაბეის, რომელსაც დეპრესია აწუხებდა და სიმშვიდე ბუნებაში იპოვა. მაბეის თქმით, წყლის დინების 10 წუთით ყურებაც კი საკმარისი იყო, რომ თავი უკეთ ეგრძნო. "სწორედ ბუნებასთან კავშირი ახდენდა ჩემზე ყველაზე დიდ გავლენას, ეს ჩემი საარსებო წყარო იყო", — აღნიშნავს ის.
ჩვენ ის სარგებელიც დავივიწყეთ, რისი მოცემაც დასვენებას ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების გარდა შეუძლია. "დასვენება გვაძლევს დროს, რომ საკუთარ თავში გავწონასწორდეთ, რისი გაკეთების უნარიც ბოლო წლების განმავლობაში დავკარგეთ. თანამედროვე ცხოვრების დაუნდობელმა რიტმმა და თვითოპტიმიზაციის მუდმივმა მცდელობამ დასვენებას, სიამოვნებასა და მოწყენილობას დაგვაშორა. თუმცა, დადასტურებულია, რომ ამ მდგომარეობათა განცდისას უფრო პროდუქტიულები ვართ", — ამბობს ჰოლი ფრენდი. იმის ნაცვლად, რომ დასვენება საეჭვო, მკვდარ დროდ გვეჩვენებოდეს, ჩვენ მისი მიღება უნდა ვისწავლოთ. "სინამდვილეში, მომენტებმა, როცა მარტო ხარ და გასართობი არაფერია, შეიძლება შემოქმედებითობისკენ გვიბიძგოს", — ამბობს ემოციების ისტორიკოსი სიუზან მეთი.
სხვა ფილოსოფოსები ისეთ სამყაროს სახავენ, სადაც დასვენების ერთ-ერთი საუკეთესო გზა საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვაა. წიგნში, სიამოვნების აქტივიზმი: კარგად ყოფნის პოლიტიკა, ქალთა უფლებების დამცველი ადრიენ მარი ბრაუნი ეთიკურ და აქტივისტურ ქცევას პიროვნული გათავისუფლების გზად სახავს. იმავდროულად, კემბრიჯის ფილოსოფოსი და ეგზისტენციალისტი, სენდი გრანტი სიამოვნების ეკონომიკას წარმოიდგენს, რომლის შიგნითაც ნივთებზე უარის თქმა ადამიანებს ხალისს მატებს. "იმის მაგივრად, რომ იმ მანქანით ვისარგებლო, რომელსაც სხვები ვერ გასწვდებიან ან შვებულება ავიღო, რომლის მიღებაც სხვებს არ შეუძლიათ, რა მოხდება, თუ უარს ვიტყვი იმ სიამოვნებაზე, რომელიც სხვა ადამიანებს აზიანებს?" — ამბობს იგი.
დასვენების ღირებულების გააზრება საუკეთესო გზაა ცარიელი პროაქტიულობისა და მისწრაფებების მავნე ბუნებაში დასარწმუნებლად. ალბათ სწორედ ამის გამო ექსპერტები დასვენების ცნების გადაფასებას იწყებენ და მას ისე წარმოაჩენენ, როგორც ამბოხების გამოვლინებას. იქნება ეს ტყის აბანოები, გონგის აბანოები თუ უბრალოდ აბანოები — მსგავსი პრაქტიკა მანკიერი წრიდან გამოსვლის გზაა. 2018 წელს ჯორჯინა ჯონსონმა მინი-მანიფესტით, ნელი მოდა გონებათა გადასარჩენად, მკითხველს იმ ხშირად ხელოვნურად თავსმოხვეული ნორმების გადაფასებისკენ მოუწოდა, რომელთა დაცვითაც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. მისი ახალი წიგნი, ნელი დაფქვა, მდგრადობის ფენომენს ფსიქიკური ჯანმრთელობის, მოდის, რასის, განათლების, სოციალური სამართლიანობისა და კლიმატის ცვლილების პერსპექტივებიდან აანალიზებს და გვეკითხება, როგორ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების განსხვავებული გზით წარმართვა.
სიჩქარე, შეიძლება, ერთ-ერთი პირველია, რაც უნდა დავივიწყოთ. "სიამოვნება და დასვენება სულ უფრო მეტად იქცევა ამჟამინდელ სისტემათა მექანიზმის წინააღმდეგ განხორციელებულ პოლიტიკურ აქტად", — ამბობს ფრენდი, — "გასული ათწლეულის განმავლობაში დასვენება სინანულით მოცული გახდა. ბიზნესის ფეტიშიზაციამ კი მისცა ბიძგი მოლოდინს, რომ თავისუფალი დროც კი ჩვენს თავზე ფიზიკურად და ინტელექტუალურად მუშაობას უნდა მოხმარდეს. მაგრამ იზოლაცია და მარტოობა სწრაფად ხდება ახალი ნორმა, დასვენება კი მარტივდება და არსებული სისტემებისთვის წინააღმდეგობის გაწევის სასიამოვნო პრაქტიკად გარდაიქმნება". მოძრაობისა და მედიტაციის ექსპერტი, ბრიჯიტ ლაფი ამ მოსაზრებას ეთანხმება და ფიქრობს, რომ "შენელება პერსპექტივის განახლების საშუალებას გვაძლევს. ეს კი იმის საწინააღმდეგოა, რასაც დასავლური საზოგადოება გვკარნახობს".
"შუადღის ძილი, მედიტაცია ან უბრალოდ პაუზა ეკრანის გარეშე და იმ ყიდვა-გაყიდვის, ახალი ამბებისა და ჭეშმარიტებად გასაღებული აზრების ქსელიდან გამოსვლა, რომლითაც მუდმივად გვკვებავენ, საშუალებას გვაძლევს, მეტად ჭეშმარიტ რეალობაში ვიცხოვროთ. დასვენება მშვიდი აჯანყების აქტია, რომელიც სამყაროში ყოფნისა და მისი განცდის ახალ ხერხებს გვთავაზობს", — დასძენს იგი.
"ერთი ნაბიჯით უკან დახევა, დაპაუზება და სტრესორთა შეფასება აუცილებელია იმ უნარის განვითარებისთვის, რომელიც დღეს უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე — გამძლეობისთვის", — ურთავს ჰოლი ფრენდი, — "2020 წლის ფონზე, რომელმაც ალყაში მოგვაქცია, ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ნებისმიერ მომენტში მზად უნდა ვიყოთ ადაპტირებისა და პრიორიტეტების შეცვლისთვის. დასვენება ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება. იმისათვის, რომ სამყაროს ასეთ გამოწვევებს გავუმკლავდეთ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და კონცენტრირების უნარი".
შემდეგ ჯერზე, როცა რამდენიმე წუთით თვალის მოტყუება მოგინდებათ და ამის გამო მეგობრების ან ოჯახის უკმაყოფილებას გამოიწვევთ, უბრალოდ უთხარით მათ, რომ სისტემას უჯანყდებით.
კომენტარები