როგორ გავრცელდა პირველი ვაქცინა — 22 ობლის დაუჯერებელი მოგზაურობა
ეპიდემიებთან ბრძოლის ისტორიას რომ გადავხედოთ, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა მეცნიერებმა ყველაზე მცირე დროში შექმნეს. ეს ფაქტი კი იმედს გვაძლევს, რომ კორონავირუსის პანდემიის დასასრული მალე დადგება. ვაქცინაცია უკვე საქართველოშიც დაიწყო და ეროვნული გეგმის მიზანია, რომ ერთი წლის განმავლობაში მოსახლეობის 60% აიცრას. პირველ ეტაპზე ვაქცინის დოზას სამედიცინო პერსონალი მიიღებს, ხოლო შემდეგ სამიზნე ჯგუფი ასაკისა და საქმიანობის შესაბამისად გაფართოვდება.
მართალია, კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად უკვე რამდენიმე ეფექტიანი ვაქცინა არსებობს, თუმცა მილიარდობით ადამიანი ჯერ მხოლოდ ელოდება, თუ როდის დადგება მათი ჯერი — ქვეყნებს შორის ეკონომიკური სხვაობა, ვაქცინის შენახვა / გადაადგილების განსაკუთრებული პირობები და ანტივაქსერული განწყობები ვაქცინაციისთვის უთანასწორო, არათანაბარ გარემოს ქმნის.
ვაქცინის შექმნა ყოველთვის უფრო მარტივი პროცესი იყო, ვიდრე ხალხისთვის მისი მიწოდება. ვაქცინები მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს გამოჩნდა, მაგრამ ადამიანებში მათი გამოყენება თავიდან ძალიან სარისკო იყო. ამ პროცესს თან ახლდა უყურადღებობის გამო დაშვებული შეცდომები, პაციენტთა გარდაცვალება, საეჭვო ეთიკური გადაწყვეტილებები და გაცრუებული იმედები. ვაქცინაციის პირველი კამპანია დაწყებისთანავე ტექნოლოგიური, გეოგრაფიული და სამედიცინო დაბრკოლებების წინაშე აღმოჩნდა, რასთან შედარებითაც, ვაქცინის გავრცელებასთან დაკავშირებული დღევანდელი პრობლემები უმნიშვნელო ჩანს.
მე-18 საუკუნის ბოლოს ყვავილის ინფექცია, ალბათ, ყველაზე საშინელი დაავადება იყო. ის შემაშფოთებელი სისწრაფით გავრცელდა და მისით დაინფიცირებული ადამიანის კანის თითოეული სანტიმეტრი, სახის ჩათვლით, ათასობით მტკივნეული და ჩირქოვანი წყლულით იფარებოდა. დაავადებისგან უამრავი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო გადარჩენილთაგან ბევრი დაბრმავდა და სხეულზე მტკივნეული ნაწიბურები დარჩა. ერთხელაც ბრიტანელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა უცნაური რამ შენიშნა: ადამიანებს, რომლებსაც ადრე "ძროხის ყვავილის" სახელით ცნობილი ინფექცია შეეყარათ, შემდგომში მომაკვდინებელი ყვავილი აღარ დამართნიათ. ამიტომაც 1796 წელს მან ადამიანები ძროხის ყვავილის ვირუსით განზრახ დააინფიცირა, რითიც ისინი ყვავილის ვირუსის მიმართ იმუნურები გახადა და პირველი ვაქცინაც ასე შექმნა.
ამ აღმოჩენამ ახალი დილემა წარმოშვა: როგორ უნდა მიეწოდებინათ ექიმებს ვაქცინა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ის სჭირდებოდათ? ევროპაში ვაქცინის განაწილების პროცესი შედარებით მოსახერხებელი იყო. ძროხის ყვავილით დაავადებულებს სხეულზე ბუშტუკების მსგავსი წყლულები უჩნდებათ, რომლებშიც ლიმფური სითხეა. ექიმები წყლულებს ნემსის წვერით ხსნიდნენ, გადმოღვრილ სითხეში აბრეშუმის ძაფს ან ბამბას ასველებდნენ და შემდეგ აშრობდნენ. ვირუსი ამ გზით გადაჰქონდათ და როცა მომდევნო ქალაქს მიუახლოვდებოდნენ, ექიმები გამაგრებულ ლიმფას წყალში ხსნიდნენ, რათა მისი პირვანდელი მდგომარეობა აღედგინათ. ექიმები ქალაქის მაცხოვრებლებს ხელებსა და ფეხებზე ამ სითხეს უსვამდნენ, რათა ვირუსით დაინფიცირებულიყვნენ. პროცესი საკმაოდ მარტივი, მაგრამ შრომატევადი იყო.
რეალური სირთულეები მაშინ წარმოიშვა, როცა ექიმებმა გაცილებით უფრო შორს მყოფი ადამიანების ვაქცინაცია სცადეს. ლიმფას დაინფიცირების უნარი ლონდონიდან პარიზში, დაახლოებით 346 კილომეტრზე გადატანის დროსაც კი შეიძლებოდა დაეკარგა, რომ აღარაფერი ვთქვათ ამერიკაზე, სადაც ის ძალიან სჭირდებოდათ. ამერიკაში ყვავილის ეპიდემიური აფეთქება აპოკალიფსური ხასიათის იყო, რადგან დაინფიცირებულთა 50% კვდებოდა. გამხმარი ლიმფის ძაფების უსაფრთხოდ გადატანა ოკეანით მოგზაურობისას ხშირად შესაძლებელი იყო — მაგალითად, 1800 წელს ერთმა ეკიპაჟმა ნიუფაუნდლენდს მიაღწია — თუმცა წყალში თვეობით ყოფნისას ლიმფა დაინფიცირების უნარს კარგავდა. ესპანეთი განსაკუთრებით ცდილობდა, რომ ვაქცინა ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში მდებარე თავის კოლონიებამდე ჩაეტანა. ამის გამო 1803 წელს ქვეყნის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ვაქცინის გავრცელების ახალი რადიკალური მეთოდი შეიმუშავეს, რაც ობოლი ბიჭების გამოყენებას უკავშირდებოდა.
გეგმა 22 ესპანელი ობოლი ბიჭის კოლონიაში გემით გამგზავრებას გულისხმობდა. მოგზაურობის დაწყებამდე ექიმი ორ ობოლს ძროხის ყვავილის ვირუსით დააინფიცირებდა. ოკეანეში ყოფნიდან 9-10 დღის შემდეგ მათი წყლულები უკვე კარგად იქნებოდა მომწიფებული. წყლულებიდან ამოღებული სითხის მეშვეობით, ექიმი ახლა უკვე სხვა ორ ობოლ ბიჭს დააინფიცირებდა. ისევ 9-10 დღის შემდეგ, როცა წყლულები ამ ბიჭების სხეულზე გაჩნდებოდა, სითხეს მესამე წყვილი მიიღებდა და პროცესი ასე გაგრძელდებოდა. (ბიჭებს წყვილად იმ შემთხვევის თავიდან ასაცილებლად დააინფიცირებდნენ, თუ ერთ-ერთს წყლულები დროზე ადრე გაუჩნდებოდა). საბოლოოდ, კარგი დაგეგმარებითა და ცოტაოდენი იღბლის წყალობით, გემი ამერიკაში ზუსტად მაშინ უნდა ჩასულიყო, როცა ობოლთა ბოლო წყვილი ჯერ კიდევ ვირუსის მატარებელი იქნებოდა. ასე კი ექიმებს ადგილობრივების ვაქცინაცია ხომალდის დატოვებისთანავე შეეძლებოდათ.
ეპოქის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ობლებისთვის არავის უკითხავს, სურდათ თუ არა ამ პროცესში მონაწილეობის მიღება. ზოგიერთი კი მეტისმეტად მცირეწლოვანიც იყო, რომ სიტუაცია გაეაზრებინა და თანხმობა განეცხადებინა. ისინი მშობლების მიერ მიტოვებული, თავშესაფარში მცხოვრები ბავშვები იყვნენ, რომელთაც წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ შესწევდათ. მაგრამ ესპანეთის მეფე კარლოს IV-მ მათ რამდენიმე პირობა მაინც მისცა: მოგზაურობის პერიოდში ობლებს კარგი კვება ელოდათ, რათა კოლონიებში ჩასვლისას ძლიერი და ჯანმრთელი იერი ჰქონოდათ. ავადმყოფური შესახედაობის მქონე ბავშვების ლიმფის მიღება არავის ენდომებოდა, ამიტომაც მათთვის კარგი იერსახის შენარჩუნება მნიშვნელოვანი იყო. ასევე კოლონიაში ისინი განათლებას უფასოდ მიიღებდნენ და შანსიც ჰქონდათ, რომ ცხოვრება ახალ ოჯახთან ერთად დაეწყოთ. ესპანეთში დარჩენასთან შედარებით, ობლებისთვის ეს ნამდვილად უკეთესი პერსპექტივა იყო.
ვაქცინის სამეფო საქველმოქმედო ექსპედიციამ 3-დან 9 წლამდე ასაკის 22 ობოლთან ერთად 1803 წლის ნოემბერს პორტი მართლაც დატოვა. ეკიპაჟს თან ახლდა წამყვანი ექიმი ფრანცისკო ხავიერ დე ბალმისი (ვის გამოც ამ მოგზაურობას ხშირად "ბალმისის ექსპედიციის" სახელით მოიხსენიებენ), მისი თანაშემწეების გუნდი და ბავშვთა სახლის უფროსი იზაბელ ზენდალ გომესი, რომელსაც ამ მძიმე პერიოდში ბავშვებზე უნდა ეზრუნა.
ფრთხილი დაგეგმარების მიუხედავად, ექსპედიცია თითქმის ჩაიშალა. როდესაც 1804 წლის მარტში გემი თანამედროვე კარაკასში (ვენესუელა) ჩავიდა, ერთადერთი ობლის მკლავზე ბოლო წყლული იყო დარჩენილი, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა. ბალმისმა ვაქცინაცია ხმელეთზე ჩასვლისთანავე დაიწყო. თავდაპირველად ბავშვები აიცრა, რადგან ისინი ვირუსისგან ყველაზე უფრო დაუცველნი იყვნენ. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, ბალმისმა და მისმა გუნდმა ორ თვეში 12 ათასი ადამიანი აცრა.
კარაკასიდან ბალმისის ეკიპაჟი ორ ნაწილად გაიყო. მისი მთავარი თანაშემწე, ჟოზე სალვანი ლეოპარტი ექსპედიციას ახლანდელი კოლუმბიის, ეკვადორის, პერუსა და ბოლივიის ტერიტორიაზე ხელმძღვანელობა. ექსპედიციას ძალიან რთული გზის, მათ შორის გაუვალი ჯუნგლებისა და მიუწვდომელი ანდების, გავლა მოუწია. მიუხედავად ამისა, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მათ 200 ათასზე მეტი ადამიანის აცრა შეძლეს. მრავალი სოფელი მათ, როგორც მხსნელებს, ისე შეეგება. ექსპედიციის წევრების გამოჩენისას საეკლესიო ზარები რეკდა, მღვდლები სამადლობელ წირვებს ატარებდნენ, ადგილობრივები მოსულებს ფეიერვერკით ეგებებოდნენ და მათ პატივსაცემად ხარების ბრძოლას მართავდნენ.
იმავდროულად, ბალმისი მექსიკაში მოგზაურობდა, სადაც ექიმმა ასი ათასზე მეტი ადამიანი აცრა. თავის გზაზე მან ობლები ქალაქ მეხიკოში ახალ ოჯახებთან დატოვა. შემდეგ კი ის აკაპულკოსკენ გაემართა, რათა კიდევ ერთი ექსპედიციისთვის მომზადებულიყო, ამჯერად ფილიპინების ესპანურ კოლონიებში. მან ქალაქიდან აზიაში გასამგზავრებლად რამდენიმე ათეული ბიჭი წაიყვანა, ოღონდ ისევ ობლების მოძებნის ნაცვლად, მან ბავშვები სხვადასხვა ოჯახებიდან დაიქირავა, როგორც ვაქცინის გადამტანები.
გემი ფილიპინების სანაპიროს 1805 წლის 15 აპრილს მიადგა და რამდენიმე თვეში ბალმისის გუნდმა 20 ათასი ადამიანი აცრა. ექსპედიციამ ისეთი წარმატებით ჩაიარა, რომ 1805 წლის შემოდგომაზე ბალმისმა ხალხის ასაცრელად ჩინეთში გაცურვაც კი შეძლო. ამ მოგზაურობების საბოლოო შედეგი გამაოგნებელი იყო: ყოველგვარი თანამედროვე აღჭურვილობისა და ტრანსპორტირების გარეშე, ბალმისის გუნდმა ჯენერის ვაქცინა 10 წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში გაავრცელა. ექსპედიციების მონაწილეებმა ასობით ათასი ადამიანი აცრეს და სავარაუდოდ, მილიონობით სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს.
ყვავილის ვაქცინაციის გზა საკმაოდ უსიამოვნო იყო. ესპანეთმა ობოლთა გეგმა მხოლოდ იმიტომ შეიმუშავა, რომ ვაქცინის ძველი წესით ტრანსპორტირების მცდელობები ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთსა და სხვა შორეულ ადგილებში უშედეგო აღმოჩნდა, ხოლო გახანგრძლივებული ეპიდემიური აფეთქებები როგორმე აუცილებლად უნდა შეეჩერებინათ. ბოლო ბიჭის მკლავზე წყლული რომ კარაკასში მისვლამდე გამსკდარიყო, ობოლთა ექსპედიციაც მარცხს განიცდიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქალაქში ვაქცინაციას მიესალმნენ, ზოგიერთი ექიმი, რომელმაც ყვავილის მკურნალობით ბევრი ფული იშოვა, აცრის წინააღმდეგი იყო. ქალაქებში ვაქცინის შეტანაზე ისინი უარს ამბობდნენ, რითიც საერთო ვაქცინაციის პროცესს ხელს უშლიდნენ. არც ობლები დავივიწყოთ, რომლებიც მიჩვეულ კერას მოაშორეს, დაავადებულთა სითხით დააინფიცირეს და უცხო ქვეყნისკენ მიმავალ გემზე ჩასხეს. ეს მათთვის საშინელი განსაცდელი უნდა ყოფილიყო.
მნიშვნელობა არ აქვს ეპოქას ან დაავადებას, ვაქცინაციის კამპანიებს რთული ლოჯისტიკური გამოწვევები ყოველთვის თან ახლავს. ვაქცინის გავრცელებას კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების ან მიწოდება-მომარაგების სისტემის გაუმართაობის გამო პრობლემები ხშირად ექმნება. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ორგანიზაციები პოლიომიელიტის აღმოსაფხვრელად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, გლობალურ დონეზე დაავადება ჯერ კიდევ არ დამარცხებულა. ამის ძირითადი მიზეზი კი ისაა, რომ გარკვეულ ადგილებში ვაქცინის მიწოდება თითქმის შეუძლებელია. გასულ წელს ბავშვებში მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის კამპანია დიდ წინააღმდეგობას გადააწყდა, რადგან გაერომ მშობლებში ვაქცინის გვერდითი ეფექტები დროულად ვერ გამოავლინა, რამაც მენინგიტის შემთხვევები და ახალგაზრდა გოგოებში სიკვდილიანობის რისკის ზრდა გამოიწვია. წითელას შემთხვევაშიც კი, რომლის აღიარებული და ცნობილი ვაქცინა დიდი ხანია არსებობს, წარუმატებელი კამპანიის გამო 2017 წლის ბოლოს სამხრეთ სუდანში 15 ბავშვი დაიღუპა.
როგორც წესი, ვაქცინა ბოლოს იმ ადამიანებამდე მაინც აღწევს, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. თუმცა ეს მანამდე დაშვებული შეცდომების გამართლებად მაინც ვერ ჩაითვლება: პანდემიისას გაფლანგული თითოეული წუთი იმ სიკვდილის გამოწვევას ნიშნავს, რომლის თავიდან არიდებაც შეიძლებოდა. ხოლო ინფიცირებულთა ისეთი რეკორდული მაჩვენებლისას, როგორიც ახლა გვაქვს, გაფლანგული დრო უამრავ ასეთ სიკვდილს უდრის. ორი საუკუნის შემდეგაც კი ახალი ვაქცინის გავრცელება რთული პროცესია, რომელსაც სასურველი შედეგის მისაღწევად გარკვეული დრო სჭირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ არასწორი ნაბიჯები 2020 წელში დარჩა და როცა COVID-19-ის ვაქცინის კამპანიას რეტროსპექტულად გადავხედავთ, ის ბალმისის წარმატებულ ობოლთა მოგზაურობას უფრო მოგვაგონებს, ვიდრე უფრო ადრეულ წარუმატებელ მცდელობებს.
კომენტარები