პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ლიდერობით, საქართველო დასავლეთის სანდო პარტნიორია. ამის შესახებ ის ტვიტერზე წერს, სადაც აშშ-ს სენატში საქართველოს საკითხზე კომიტეტის მოსმენას გამოეხმაურა.

"მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ქართული ოცნების ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული", — წერს თალაკვაძე.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.

"რეგიონული არასტაბილურობის, კოვიდ-19-ის პანდემიის და ეკონომიკური სიძნელეების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით", — ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

23 მარტს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ მოსმენა გაიმართა. სენატორებმა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შეაფასეს. სენატორმა ჯიმ რიშმა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო ახლა კრიტიკულ მომენტშია. მისივე თქმით, თუ დემოკრატიამ ახლა არ იმუშავა, ქვეყანა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების შანსს დაკარგავს.

განცხადებები შეეხო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებასაც. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი იყო.

საბოლოოდ, ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე რეზოლუციის მიღების შესახებ განაცხადეს. რეზოლუციის მიღების ინიციატივა სენატორმა როს ჯონსონმა წამოაყენა. ჯონსონის თქმით, ეს მხარეებისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება.