მთვარის ბაზა და პირველი პლანეტათაშორისი ბირთვული ხომალდი — NASA-ს ახალი გეგმები აქვს
ფოტო: NASA
NASA-მ საზოგადოებას ახალი გეგმები გაუზიარა. მათ შორისაა მთვარეზე 20 მილიარდი დოლარის ღირებულების ბაზის აშენება და 2028 წლისთვის ბირთვულ ენერგიაზე მიმუშავე პლანეტათაშორისი ხომალდის გაშვება.
მნიშვნელოვანია, რომ პროექტ Artemis-ის ფარგლებში მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის (Gateway) განთავსების გეგმა დროებით დაპაუზდა. მის შესაქმნელად საჭირო მასალას ბაზისთვის გამოიყენებენ, რომელიც ახალი პრიორიტეტია. სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯარედ აიზეკმენმა, განაცხადა, რომ ეს ყველაფერი პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პერიოდში მთვარეზე დაბრუნებასა და კოსმოსში ამერიკის პირველობის გარანტირებას ემსახურება.
აიზეკმენმა ბირთვული ხომალდი Space Reactor‑1 Freedom-ის სახელით მოიხსენია. მისი თქმით, ამ აპარატს მარსისკენ გაგზავნიან. ცნობისთვის, 2028 წელს ამის გარდა მთვარის ორი ეკიპაჟიანი მისიაც უნდა განხორციელდეს, რომელთა ფარგლებშიც ასტრონავტები დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე დაეშვებიან.
ეს საკმაოდ ამბიციური მიზნებია, მითუმეტეს, ასეთ ხანმოკლე პერიოდს თუ გავითვალისწინებთ. აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეკიპაჟიანი მისია ჯერ არ გაუშვიათ — ის ამ წელს ორჯერ გადაიდო. ფრენის ახალ თარიღად კი პირველი აპრილი განიხილება.
NASA-ს ამბიციებზე საუბრისას ისიც უნდა ვახსენოთ, რომ ჩინეთი აშშ-ისთვის კოსმოსის კვლევის მხრივ პირველობის ჩამორთმევას ცდილობს, აშშ-ს კი ჩამორჩენა არ სურს. კერძოდ, ჩინეთი გეგმავს, რომ 2030 წლისთვის მთვარეზე საკუთარი ასტრონავტები გაგზავნოს და ისიც ციური სხეულის სამხრეთ პოლუსს უმიზნებს.
კონკურენციის პირობებში აიზეკმენს მთვარის მისიების დაჩქარება და მათი ეფექტიანობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად მიაჩნია. ამისთვის მას სარაკეტო არქიტექტურის სტანდარტის დანერგვა და კოსმოსის ინდუსტრიაში NASA-ს გამოცდილების ფართოდ გამოყენება სურს.
ცოტა ხნის წინ აიზეკმენმა სხვა ცვლილებებიც დააანონსა. კერძოდ, Artemis-ის ფრენები არა რამდენიმეწლიანი, არამედ რამდენიმეთვიანი შუალედით განხორციელდება; მისია Artemis 3 მომდევნო წელს ჩაინიშნა, თუმცა მის ფარგლებში ასტრონავტები ციური სხეულის ზედაპირზე აღარ დაეშვებიან.
სააგენტომ შეიძლება კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-იცა და Blue Origin-ის Blue Moon-იც გამოიყენოს (ან მათგან რომელიმე). ამ აპარატებს ტესტირებისთვის დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაუშვებენ და ღია კოსმოსისთვის განკუთვნილ ახალ სკაფანდრებსაც გამოცდიან.
ამის შემდეგ მთვარეზე ისტორიული დაშვება რამდენიმე თვეში იგეგმება. იდეალურ შემთხვევაში, 2028 წელს ორი ფრენა განხორციელდება: Artemis 4 და Artemis 5. ეს უკანასკნელი მთვარის ბაზის დასაარსებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. მისი აშენება სამ ფაზას მოიცავს: დიზაინთან დაკავშირებული ექსპერიმენტები, საცხოვრებლად ნაწილობრივ ვარგისი ადრეული ინფრასტრუქტურა და საბოლოო პერმანენტული ბაზა.
მთვარე პირველ გაჩერებად განიხილება, დანიშნულების მომდევნო ადგილი კი მარსია. Space Reactor‑1 Freedom სწორედ პლანეტათაშორისი მისიების განვითარებას ისახავს მიზნად. მისია მინი ვერტმფრენების გაშვებას მოიაზრებს, რომელთა მეშვეობითაც წითელი პლანეტის ზედაპირს შეისწავლიან.
კომენტარები