თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ძნელი წარმოსადგენია, რომ დედამიწაზე შეუსწავლელი ადგილები კიდევ იყოს დარჩენილი. ერთ-ერთ გამონაკლისად შეგვიძლია დასავლეთ კამბოჯაში მდებარე ბატამბანგის პროვინცია მივიჩნიოთ. რეგიონის კარსტულ ლანდშაფტებში მრავალ ახალ სახეობას მიაკვლიეს, მათ შორის, ულამაზეს ჩხრიალა გველებს.

მკვლევრებმა ამ გველების გარდა გეკონების სამი, მრავალფეხიანების ორი და მიკრომოლუსკების ორი ახალი სახეობა აღმოაჩინეს. გარდა ამისა, აქ სხვა გადაშენების პირას მყოფი სახეობებიც ბინადრობენ, მაგალითად, იავანის პანგოლინები, ინდოჩინური ვერცხლისფერი ლანგურები და მწვანე ფარშავანგები.

როგორც ვხედავთ, ამ ადგილებში უამრავი გადაშენების პირას მყოფი და უჩვეულო სახეობა ბინადრობს, ამიტომ ახალი კვლევა აქაურობისა და აქ მობინადრე სახეობების დაცვის აუცილებლობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

მკვლევრები ამ ადგილებში დაკვირვებებს 2023 წლის ნოემბრიდან 2025 წლის ივლისამდე აწარმოებდნენ. მეცნიერები ოთხ ტაქსონომიურ ჯგუფზე იყვნენ კონცენტრირებულნი, კვლევის ფარგლებში ფოტოხაფანგიც გამოიყენეს. ზემოხსენებული სახეობების გარდა მოლურჯო-მომწვანო შეფერილობის ჩხრიალა გველიც აღმოაჩინეს, რომლის ახალ სახეობად კლასიფიცირების საკითხსაც მეცნიერები აქტიურად განიხილავენ.

კარსტული ლანდშაფტი კირქვის ბორცვებითა და გამოქვაბულებით ხასიათდება. კირქვა დროთა განმავლობაში იშლება, რაც მღვიმის უზარმაზარ წყაროებს წარმოქმნის. პატარა ზომის ცხოველებს ასეთ ლანდშაფტში მოძრაობა უჭირთ, ამიტომ მეცნიერები ნაპრალებში ხშირად პოულობენ იშვიათ სახეობებს. ადგილობრივები ამ გამოქვაბულებს სპირიტულ დატვირთვას ანიჭებენ.

სწორედ ამიტომ, ინდუისტური ღვთაების პატივსაცემად, ერთ-ერთ ახალაღმოჩენილ გეკონს შივა დაარქვეს. ხოლო Cyrtodactylus kampingpoiensis ახალ სახეობად აღრიცხეს, უფრო მეტიც — თითოეული აღმოჩენილი პოპულაცია შეიძლება ცალკე სახეობა იყოს. ამის დადგენას გენეტიკური ანალიზით გეგმავენ.

მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ თუ შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, კარსტულ ჰაბიტატებში მცხოვრები ზოგი სახეობა შეიძლება იქამდე გადაშენდეს, ვიდრე მათ აღმოჩენას შევძლებთ. მეცნიერები კამბოჯის მთავრობასა და ადგილობრივ პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობენ, რათა იქ ბინადარი ცხოველები უკეთ დაიცვან.

სრულ მოხსენებას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.