ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის მონაცემთა ანალიზის ლაბორატორიამ ახალი ნაშრომი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კომერციული ენობრივი მოდელებით ორიგინალი მათემატიკური დამტკიცებების შექმნა შეიძლება. მკვლევრებმა თავიანთ ნაშრომში ChatGPT-5.2 (Thinking) მოდელი გამოიყენეს.

ჩატბოტმა დამტკიცება შექმნა, რომელიც მათემატიკოსების, ჟანისა და თენგის, მიერ 2024 წელს ჩამოყალიბებულ ჰიპოთეზას ხსნის. მათემატიკაში ჰიპოთეზა ვარაუდია, რომელიც ჭეშმარიტად მიიჩნევა მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე ბევრი რამ მიანიშნებს ან მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა ფორმალური დამტკიცება ჯერჯერობით არ მოეძებნება.

მათემატიკოსები ჰიპოთეზებს ხშირად მაშინ აყალიბებენ, როცა გარკვეულ კანონზომიერებას ამჩნევენ ან სხვადასხვა გამოთვლებით ერთსა და იმავე შედეგს იღებენ. ფორმალური დამტკიცების ჩამოყალიბების შემდეგ ჰიპოთეზა თეორემა ხდება.

ნაშრომის ავტორებს საბოლოო დამტკიცების მისაღებად ChatGPT-თან სულ რაღაც 7 მიმოწერა და დამტკიცების 4 ვერსია დასჭირდათ. ჩატბოტი განსაკუთრებით გამოსადეგი დამტკიცების ძებნის პროცესში აღმოჩნდა, ადამიანმა ექსპერტებმა კი სისწორის გადამოწმებასა და არგუმენტაციის პროცესში იმარჯვეს.

ავტორებმა წარმოადგინეს, რომ ChatGPT-5.2 (Thinking) მოდელმა დამტკიცების სტრუქტურა უმეტესად თავად, ადამიანებისგან მინიმალური ჩარევით, განავითარა.

მკვლევრები ამბობენ, რომ მათი ნაშრომი უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ, კონკრეტულად კი, ე. წ. vibe-proving კონტექსტში. ეს მიდგომაა, რომელშიც ენობრივ მოდელებს მაღალი დონის თეორიულ მსჯელობაზე ესაუბრებიან. მთავარი შეკითხვა ისაა, შეძლებს თუ არა ეს მიდგომა იმდენად სწრაფად განვითარებას, როგორც გასულ წელს vibe-coding განვითარდა. ეს უკანასკნელი კოდის წერაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას გულისხმობს.

როგორც აღვნიშნეთ, მოდელმა დამტკიცების დიდი ნაწილი თავად შექმნა, თუმცა გადამოწმება მაინც ადამიანების საქმეა. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ ხელოვნურ ინტელექტს ბევრი მათემატიკოსი გამოიყენებს, რათა ეს დარგი უფრო სწრაფად განვითარდეს.

ნაშრომი ამ დროისთვის რეცენზირებული არ არის, მას პრეპრინტების სერვერ arXiv-ზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.