სატურნს ადრე ახლოდან ზონდი Cassini აკვირდებოდა და მეცნიერებს ამ პლანეტის შესახებ აწვდიდა ინფორმაციას. ახლა მას შედარებით შორიდან ადევნებენ თვალს ობსერვატორიებით, როგორიც, მაგალითად, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპია.

ის ციურ სხეულზე სეზონების ცვალებადობასა და რგოლების მდებარეობას წლებია, აღბეჭდავს. ახლა კი მეცნიერებმა ეს მონაცემები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ სურათებთან გააერთიანეს. შედეგად, ამ გიგანტურ ობიექტზე მიმდინარე პროცესების შესახებ მეტი შევიტყვეთ.

ეს ორი ტელესკოპი სხვადასხვა სპექტრის მიმართაა მგრძნობიარე: ჰაბლი ხილულ, ვები კი ინფრაწითელ სინათლეს აკვირდება, ანუ შეუძლია, რომ სატურნის ატმოსფეროს სიღრმეები დააფიქსიროს. ასტრონომებმა მათი მონაცემები ათწლოვანი კვლევითი პროექტის OPAL ფარგლებში შეაჯერეს და რგოლებიანი პლანეტის ატმოსფეროს სამგანზომილებიანი გამოსახულება მიიღეს.

ჰაბლის მიერ გადაღებული სატურნი.

ფოტო: NASA, ESA

ჰაბლი და ვები სატურნისკენ რამდენიმეთვიანი ინტერვალით მიმართეს: პირველი 2024 აგვისტოში, მეორე კი — იმავე წლის ნოემბერში. ჰაბლმა ციური სხეულის ატმოსფეროს სხვადასხვა სარტყელი და სამი პატარა, მკრთალი ბუნებრივი თანამგზავრი აღბეჭდა: იანუსი, მიმასი და ეპიმეთეოსი.

ვების ტელესკოპით სატურნი მაშინ გადაიღეს, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მიწურული იყო, სამხრეთში კი გაზაფხული იწყებოდა. მან პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსში მდებარე ცნობილი ექვსკუთხა შტორმის მკაფიო წაწვეტებული კიდეები დააფიქსირა. ვარაუდობენ, რომ პოლუსების მონაცრისფრო-მომწვანო შეფერილობა დიდ სიმაღლეზე არსებულ აეროზოლებს ან, პოტენციურად, ციალს უკავშირდება.

ვების მიერ "დანახული" სატურნი.

ფოტო: OPAL

ვების მონაცემებმა გამოავლინა სატურნის შუა განედებზე გამავალი მოზრდილი ტალღოვანი სარტყელიც. მის ქვეშ მცირე ზომის წერტილიც ჩანს, რომელიც 2011 წლის "დიდი საგაზაფხულო შტორმის" ნარჩენია. სხვა შტორმები მეტწილად სამხრეთ ნახევარსფეროშია, თუმცა გრანდიოზული ზომით არცერთი არ გამოირჩევა. შესაძლოა, ისინი ზაფხულის სეზონზე უფრო გააქტიურდეს.

ვების ტელესკოპს სატურნის ბუნებრივი თანამგზავრებიც არ გამორჩენია. მან იანუსთან ერთად ელცელადი და დიონაც გადაიღო. ასევე, მან რგოლებში არსებული სტრუქტურებიც აღბეჭდა. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კოლაბორაცია მომავალშიც გაგრძელდება და რგოლებიან პლანეტას უკეთ გაგვაცნობს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.