როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
ფოტო: Michael Wong et al. (2026, AGU Advances; HST and Juno MWR)
ახალი დაკვირვებებით გამოვლინდა, რომ იუპიტერზე მეხი 100-ჯერ უფრო ძლიერად ეცემა, ვიდრე დედამიწაზე.
იუპიტერზე ქარიშხლები ხშირია. ეს იმას ნიშნავს, რომ მეხის წყაროს განსაზღვრა რთულია. 2021 და 2022 წლებში ჩრდილოეთის ეკვატორულ სარტყელში ქარიშხლები შედარებით დაწყნარდა, ამიტომ მკვლევრებმა ტელესკოპები (მათ შორის, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპიც) ამ რეგიონისკენ მიმართეს. სხვათა შორის, ამ არეალს NASA-ს ზონდი, Juno იკვლევს, რომელიც 2016 წლიდან მოყოლებული იუპიტერის ატმოსფეროს შეისწავლის.
Juno პირდაპირ ელვას ვერ ხედავს, თუმცა ელექტრული განმუხტვის შედეგად გამოყოფილ მიკროტალღურ იმპულსებს ზომავს. იმის გამო, რომ ქარიშხლის ადგილმდებარეობა ცნობილია, იუპიტერის მეხის სიძლიერის დედამიწასთან შედარება გახდა შესაძლებელი. ზოგადად, ელვის წარმოქმნაზე დაკვირვებით ატმოსფეროს თავისებურებების შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება.
მკვლევრები განმარტავენ, რომ იუპიტერზე წარმოქმნილი ელვით კონვექციის შესახებ ბევრი შეგვიძლია შევიტყოთ. საქმე ისაა, რომ კონვექცია ჩვენს პლანეტასა და იუპიტერზე ოდნავ განსხვავებულად ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ იუპიტერის ატმოსფეროში წყალბადი დომინირებს, ამიტომ ნოტიო ჰაერი უფრო მძიმეა და შესაბამისად მისი მაღლა ატანა უფრო რთულია.
მეცნიერები ასევე აღნიშნავენ, რომ თავიანთი გამოთვლილი მნიშვნელობები შეიძლება არ იყოს ზუსტი: დედამიწაზე ელვა რადიოტალღების განსხვავებული სიგრძეებით იზომება. ეს ნიშნავს, რომ იუპიტერის მეხი შეიძლება 500-ჯერ ან 10000-ჯერ უფრო ძლიერიც კი იყოს.
ეს იუპიტერის ქარიშხლის ღრუბლებს შორის უფრო მაღალ ძაბვაზე მიგვანიშნებს. ისიც შესაძლებელია, რომ მოცემულობას იუპიტერსა და დედამიწას შორის ღრუბლების ან მთლიანი ატმოსფეროს ქიმიურ შედგენილობაში სხვაობაც განაპირობებდეს.
ნაშრომი გამოცემაში AGU Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები