Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
ქართული ინდი-როკ ჯგუფი Bedford Falls მსმენელს ახალი მუსიკით უბრუნდება. ბენდმა სულ ახლახან ალბომი — LAZYBONES გამოუშვა. ახალ ალბომთან დაკავშირებით On.ge-სთან ჯგუფის მთავარმა ვოკალისტმა, დათო ჯიქიამ, ისაუბრა.
როგორც დათო გვიყვება, ბენდი ალბომზე დიდხანს მუშაობდა, თითქმის ერთი წელი. ალბომში შემავალი სიმღერებიდან ზოგიერთი პირველად 4 ან 5 წლის წინ დაიწერა, მაგრამ მხოლოდ ახლა ჩაიწერა და დასრულდა.
"ზოგჯერ სიმღერებს დრო სჭირდება, რომ დაილექოს და ზოგჯერ კი, პირიქით, ახალდაწერილზეც მაშინვე აგნებს გზას ჩვენს რეპერტუარში", — ჰყვება ბენდის ვოკალისტი.
LAZYBONES (ზარმაცი ძვალი) — ასე ჰქვია ჯგუფის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომს, რომელიც 12 სიმღერისგან შედგება. როგორც მუსიკოსი გვიყვება, ალბომის სათაურის შერჩევა არტისტებისათვის არცთუ ისე მარტივია და ისინი, ხშირ შემთხვევებში, ალბომში შემავალ რომელიმე სიმღერას ირჩევენ.
"ჩვენს წინა ალბომს miende. ერქვა. ამჯერად ცალკე LAZYBONES შევარჩიეთ, რომელიც ერთ-ერთი სიმღერის ტექსტში ჟღერს: "we’re just lazybones". თავიდან ამ სათაურის ჟღერადობა მოგვწონდა, თუმცა გზადაგზა ეს სიტყვა ვიზუალურადაც გამოისახა ალბომის ყდაზე და იდეურად, თითო სიმღერა თითო ზარმაცი ძვალი გახდა ჩვენი ალბომის სხეულში", — ამბობს ის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის გულშემატკივრებმა ალბომში შემავალი სიმღერები თავდაპირველად სინგლებად მოისმინეს, მათ შორის ისეთი სიმღერები, როგორებიცაა — AMBROSIA, ACHRDILI, UCNAURI, VICI VICI VICI, Smena და Amodi, რამაც მსმენელის ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა.
ფოტო: Bedford Falls/FB
ფოტო: Bedford Falls/FB
"სიმღერების რიგრიგობით გამოშვება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ წინა ალბომის გამოშვებისას, ყველა ტრეკის ერთდროულად დაყრით, ზოგიერთი ჩვენი ფავორიტი სიმღერა დაიჩაგრა", — ამბობს დათო ჯიქია On.ge-სთან.
როგორც ის აღნიშნავს, ალბომში შედის სხვადასხვა ჟღერადობის სიმღერები, მათთვის კი განსაკუთრებით აღსანიშნავია ტრეკი სახელად ყველა, რომელიც ბენდის ყველა სიმღერისგან საკმაოდ განსხვავდება. (და მართლაც, ყველა ალბომის ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერა VICI VICI VICI-ის შემდეგ).
ფოტო: Bedford Falls/FB
"ამჯერად რელიზის ეს ფორმა ვარჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ სიმღერებს ცალ-ცალკე ვდებდით, ასე გვგონია, ალბომში მათი გადაბმულად მოსმენა საერთო გამოცდილებას ქმნის, რომელიც უკეთ ასახავს იმ ერთგვარ მუსიკალურ თავგადასავალს, რომელზეც მსმენელს ვეპატიჟებით", — ჰყვება ბენდის ვოკალისტი.
როგორც დათო აღნიშნავს, ალბომის შექმნისას ყველაზე დიდი გამოწვევა საინტერესო სიმღერების შექმნა იყო, რათა ე.წ. Filler (შესავსები, მოსაწყენი) სიმღერები არ მოგვესმინა.
"გვსურდა, ისეთი სიმღერები გვქონოდა, რომელთაგან არცერთის გადახვევა არ მოგინდებოდა. ანუ ესაა კარგად შეკრული 40-წუთიანი ტრეკლისტი, რომლის კონდენსირება არც ისე მარტივია ხოლმე. თუმცა ამ შემთხვევაში, ნამდვილად ვთვლით, რომ ეს ალბომი ჩვენი საუკეთესო ნამუშევარია, როგორც ემოციურად, ისე მუსიკალურად და ჟღერადობითაც", — ამბობს მუსიკოსი.
ფოტო: Bedford Falls/FB
LAZYBONES party
გარდა ახალი ალბომის გამოშვებისა, ბენდი აპრილში კონცერტის გამართვასაც გეგმავს. დათოს თქმით, ის ერთგვარი "LAZYBONES party" იქნება.
"ამ ლაივზე მთელი ალბომის დაკვრა გვინდა, როგორც მოხერხდება. ანუ ისეთი კონცერტი იქნება, რომელზეც ყველა ძველ, ნაცნობ და საყვარელ სიმღერებს შევასრულებთ და თან ახალ ალბომსაც. ერთგვარი პრეზენტაციასავით გამოვა. იმედია, მსმენელი კმაყოფილი დარჩება", — გვიყვება დათო ჯიქია.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფი Bedford Falls 2014 წელს ჩამოყალიბდა. მათი სადებიუტო ალბომი — This Is Your House 2019 წელს გამოვიდა, ხოლო ბოლო ალბომი miende. ბენდმა მსმენელებს 2023 წელს შესთავაზა. ჯგუფში ოთხი წევრია — დათო ჯიქია (მთავარი ვოკალისტი); სანდრო დიასამიძე (დრამი); გიორგი მიგრიაული (ბასგიტარა) და მიხეილ კალანდარიშვილი (ელექტროგიტარა).
ფოტო: Straus Entertainment
აღსანიშნავია, რომ Bedford Falls-ს გასულ წლებში კონცერტები ევროპულ ქალაქებშიც ჰქონდა. Calypso-ს ტურნემ სტარტი 2024 წლის 28 ივნისს Inne Brzmienia-ს ფესტივალზე აიღო, ხოლო კონცერტები 21 ივლისს ვენაში დასრულდა.
ვფიქრობთ, რომ ეს ალბომი ჩვენი ძველი ჟღერადობის და ახალი სიმღერების საუკეთესო კომბინაციაა. მათი ერთად და თანმიმდევრულად მოსმენა კი, ყველაზე კარგად წარმოაჩენს ჩვენს ახალ ფაზას.
რაც შეეხება ახალ ალბომს, მისი მოსმენა შესაძლებელია შემდეგ მუსიკალურ პლატფორმებზე: Spotify, Apple Music და Deezer. ალბომი იუთუბის პლატფორმაზე მომდევნო კვირას ვიზუალებთან ერთად გამოჩნდება.

კომენტარები