მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
ფოტო: WFI Guy / Shutterstock
ბუნებაში დღეგრძელობის უამრავი ექსტრემალური მაგალითი გვხვდება. ჯორჯი გიგანტური კუ იყო, რომელმაც 100 წელს მიაღწია. ესპანელმა ქალმა მარია ბრანიას მორერამ 117 წელი და 168 დღე იცოცხლა. ამაზე მინიმუმ ორჯერ დიდხანს გრენლანდიის ზვიგენები ცოცხლობენ. ორსაგდულიანმა მოლუსკმა, სახელად მინგმა კი ნახევარ ათასწლეულს მიაღწია მანამ, სანამ 2006 წელს მეცნიერები მას გაყინავდნენ.
ამ ინდივიდებმა მართლაც დიდხანს იცოცხლეს, თუმცა დედამიწაზე ყველაზე ასაკოვანი სიცოცხლის ფორმა ხეა — დიდი აუზის ჯაგარგირჩა ფიჭვი (Pinus longaeva). ამ ხეს 5000 წელზე მეტხანს შეუძლია არსებობა. კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევრებმა ახალი ნაშრომი გამოაქვეყნეს, რომელშიც ხის დღეგრძელობის საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ.
ამ მიზნით დევიდ ნილის გუნდი კალიფორნიის თეთრ მთებში გაემგზავრა. მათ ამ ფიჭვის წიწვიდან და თესლიდან ქსოვილის ნიმუშები ამოიღეს, რომლებიც საბოლოოდ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში გენეტიკური სეკვენირების ჩასატარებლად წაიღეს.
ერთი შეხედვით, გუნდი რთული ამოცანის წინაშე დადგა: ფიჭვის გენომი ადამიანისაზე რვაჯერ დიდია. სინამდვილეში საქმე იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ეგონათ. ზომის მიუხედავად, ამ ხის გენომში რაოდენობრივად სულ რაღაც ოდნავ უფრო მეტი გენია, ვიდრე ადამიანისაში.
დიდი აუზის ჯაგარგირჩა ფიჭვის დნმ ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მაგალითად, მეცნიერებმა ჭრილობების შეხორცებისა და დნმ-ის აღდგენის გენები იპოვეს. ამ ხეს ფოთლების ზრდის უზრუნველმყოფი და დაავადების მიმართ რეზისტენტობის გამომუშავების გენებიც აღმოაჩნდა. თანაც ეს გენები ამ ფიჭვში უფრო მეტია და უფრო ძლიერადაც ვლინდება. ამ ხეს ტელომერებიც უფრო დიდი ჰქონია, რაც დაბერების შენელებულ პროცესთან და უჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობასთანაა დაკავშირებული.
არსებობს გარემო ფაქტორიც, რომელიც ხეს სიცოცხლეს უხანგრძლივებს: ეს ფიჭვი ექსტრემალურ რეგიონებში ხარობს, რაც მტაცებლების ან კონკურენტი ხეების რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს.
მეორე მხრივ, მეცნიერები მაინც გენეტიკის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს და იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს ამ ხის დნმ-ის სეკვენირებით სხვა ორგანიზმების, მათ შორის ადამიანების, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას შევუწყობთ ხელს.
კვლევა გამოცემაში G3: Genes|Genomes|Genetics გამოქვეყნდა.
კომენტარები