1-7 მარტის კვირა საქართველოში საკმაოდ დაძაბული იყო. შესაძლო კომპრომისისა და კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად მიმდინარეობდა შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელსა და ოპოზიცია/ხელისუფლებას შორის, რამაც ამ კვირის მოვლენები უფრო საინტერესო გახადა.

მიუხედავად ამისა, მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენებიც მსოფლიოშიც, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში ინფორმაციული ნაკადის სიუხვის გამო გამოგრჩენოდა. ამიტომ, მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი.

1. აშშ-მ უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სანქციები დაუწესა

აშშ-მ უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის სანქციები დაუწესა. სანქციები კოლომოისკის ცოლსა და შვილებსაც შეეხოთ. მიიჩნევა, რომ კოლომოისკი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია , რომელსაც ადრე ოლიგარქის არხზე შოუ მიჰყავდა.

"დღეს საჯაროდ ვაცხადებ, რომ ყოფილ სახელმწიფო მოხელეს, იგორ კოლომოისკის მისი კორუფციული საქმიანობის გამო, რაც ძირს უთხრის უკრაინის კანონის უზენაესობას, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება", — წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი.

2. ტრამპის ადმინისტრაციის წევრი კაპიტოლიუმზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებით, მათ დააკავეს ფედერიკო კლეინი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში დანიშნული თანამდებობის ერთ-ერთი პირი. გამოძიება 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან დაკავშირებულ მოვლენებში მისი როლისა და მონაწილეობის თაობაზეა დაწყებული. ინფორმაცია ამის შესახებ ამერიკის ხმამ გაავრცელა.

42 წლის კლეინი ფედერალურმა აგენტებმა ვირჯინიაში დააკავეს. გამოძიების ფედერალური ბიურო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალისა და მისი კონკრეტული მოქმედებების შესახებ დეტალებს ჯერჯერობით არ ასაჯაროებს. არც ისაა ცნობილი, უკვე იცავს თუ არა მის ინტერესებს ადვოკატი.

3. მოლდოვა ევროპის პირველი ქვეყანაა, რომელმაც COVAX-ისგან ვაქცინა მიიღო

მოლდოვამ COVAX პლატფორმისგან კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა მიიღო. ის პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელსაც ამ პლატფორმის ფარგლებში ვაქცინა ერგო.

პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, AstraZeneca-ს 14 400 დოზა 4 მარტს საღამოს მიიღეს.

4. სან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს

მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული კვირა იყო, საინტერესო ამბავიც არ გვაწყენდა. მითუმეტეს რომ საქართველოში დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. სან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული ვაქცინა გაუკეთეს. ზოოპარკში 9 მაიმუნს ვეტერინარული ფარმაცევტული კომპანიის, Zoetis-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ორ-ორი დოზა მისცეს.

5. მაიკ პომპეომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა

აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა. ამის შესახებ მან Fox News-ის ეთერში განაცხადა.

ტელეწამყვანმა შონ ჰენეტიმ ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰკითხა, მიიღებდა თუ არა არჩევნებში მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარს იტყოდა კენჭისყრაზე, რაზეც პომპეომ უპასუხა:

"ყოველთვის მზად ვარ ბრძოლისთვის. ძალიან ვზრუნავ ამერიკაზე. მე და თქვენ დიდი ხანია კონსერვატიული მოძრაობის ნაწილი ვართ. ვცდილობ, ეს შევინარჩუნო".

ჰენეტიმ თქვა, რომ პომპეოს პასუხს აღიქვამდა, როგორც "მყარი, ალბათ", რასაც ყოფილი სახელმწიფო მდივანი დათანხმა:

"შესანიშნავია".

6. ავღანეთში ISIS-მ ადგილობრივი ტელევიზიის სამი თანამშრომელი მოკლა

ავღანეთში ტელეკომპანიის სამი თანამშრომელი ქალი მოკლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

როგორც BBC-მ დაწერა, მათ ორი კოორდინირებულ თავდასხმის შედეგად ესროლეს, როცა ისინი ჯალალაბადში სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. კიდევ ერთი პირი დაიჭრა.

როგორც ტელეკომპანია Enikas-ს ხელმძღვანელმა, ზალმაი ლატიფიმ განაცხადა, გარდაცვლილი ქალები 18-დან 20 წლამდე იყვნენ და გახმოვანების განყოფილებაში მუშაობდნენ.

7. ნავალნის მოწამვლის გამო აშშ რუს მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს

ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამო აშშ რუს მაღალჩინოსნებს სანქციებს უწესებს. სანქციები 7 მაღალჩინოსანსა და 14 ორგანიზაციას შეეხება, რომლებიც საწამლავის წარმოებითაა დაკავებული.

ამერიკელი ოფიციალური პირები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ტომსკში ალექსეი ნავალნიზე თავდასხმის უკან რუსეთის მთავრობა დგას. მათივე თქმით, სანქციები ევროკავშირთან კოორდინაციით გატარდა.

სანქციები შეეხებათ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორს, ალექსანდრ ბირნიკოვს, თავდაცვის მინისტრის მოადგილეებს, ალექსეი კრივორუჩკოსა და პავლ პოპოვს, სასჯელის აღსრულების სამსახურის უფროსს, ალექსანდრ კალაშნიკოვს, გენპროკურორ, იგორ კრასნოვსა და შიდა პოლიტიკის საკითხებში კრემლის სამსახურის ხელმძღვანელს, ანდრეი იარინს.

8. ფაშინიანი ვადამდელ არჩევნებს გარკვეული პირობით დათანხმდა

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზად არის ვადამდელი არჩევნებისთვის და მეტიც, თავად სურს, რომ ჩატარდეს და ხალხმა გადაწყვიტოს, ვისი ყოფნა და ვისი წასვლა სურს. ამის შესახებ მან მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ბოდიშიც მოიხადა, თავისი და მთავრობის შეცდომების გამო.

თუმცა ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდე ფაშინიანმა ოპოზიციას იმ მემორანდუმის პირობების შესრულება მოსთხოვა, რომელზე ხელის მოწერა ჯერ კიდევ გასულ წელს შესთავაზა. კერძოდ, პრემიერმინისტრმა მოუწოდა ოპოზიციურ საპარლამენტო პარტიებს, დაედოთ პირობა, რომ მისი გადადგომის შემთხვევაში, არ წარადგენდნენ პრემიერმინისტრობის კანდიდატებს, რაც პარლამენტის დაშლას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას გამოიწვევდა. მაშინ ოპოზიციურმა პარტიებმა ფაშინიანს უარი უთხრეს. ოპოზიციას სურდა, რომ ის გადამდგარიყო და ხელახალი არჩევნები გარდამავალ მთავრობას ჩაენიშნა.

9. კორუფციის ბრალდებით, სასამართლომ ნიკოლა სარკოზი დამნაშავედ ცნო

სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი კორუფციის ბრალდებით გაასამართლა და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. The Guardian-ის ცნობით, აქედან ორი წელი პირობითია. საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

სარკოზი დამნაშავედ მოსამართლის მოქრთამვის მცდელობაში ცნეს. კერძოდ, მან მის საქმეთან დაკავშირებულ გამოძიებაზე ინფორმაციის სანაცვლოდ მოსამართლეს პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ციხეში ერთი დღეც გაატაროს.

10. რომის პაპის ვიზიტი ერაყში

რომის პაპის ერაყში ვიზიტი პარასკევს, 5 მარტს დაიწყო და 4 დღე გაგრძელდება. ეს არის მისი პირველი საერთაშორისო გასვლა პანდემიის დაწყების შემდეგ.

პაპი თავდაპირველად ერაყის ჩრდილოეთ რეგიონში, ირბილში ჩავიდა, სადაც ირანის ქურთული რეგიონის ლიდერი, ნეჩირვან ბარზანი დახვდა.

პაპის ვიზიტის მთავარი მიზანი ძალადობისა და ექსტრემიზმის დასრულებისკენ მოწოდებაა.
ეს იქნება გარკვეული იმედის ნაპერწკალის მიცემა იქაური ქრისტიანი მოსახლეობისათვის.