"ენგურის ხიდი ყველასთვის გაიხსნა?", "არასდროს გაიხსნება გზა ორმხრივად?", "დაბალი ზონიდან იმ პირების საკონტაქტო ხომ არ იცით, ვისაც ხალხი მალულად გადაჰყავს? სასწრაფოდ მინდა," — ეს არასრული ჩამონათვალია იმ კითხვებისა, რომლებსაც გალელები ერთ-ერთ ჯგუფში გზის ჩაკეტვის შემდეგ აქტიურად სვამენ. ეს არის ყოფითი პრობლემები, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს ყოველდღიურად ექმნებათ, თუმცა მათ კითხვებზე პასუხები არ ჩანს.

ენგურის ხიდზე გადაადგილება შეზღუდულია და წელიწადზე მეტია ადგილობრივებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფლად მიმოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ. გზა საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ჩაკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აფხაზებთან გარკვეული სახის მოლაპარაკების საფუძველზე ხიდის გადაკვეთის შესაძლებლობა არის, თუმცა ბარიერი საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული 5-დღიანი სავალდებულო კარანტინია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინის რეჟიმი არ მოქმედებს.

ენგურის ხიდი, რომელიც გალელებისთვის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა, წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ, რამდენიმე დღით, ცალმხრივად გაიხსნა. აფხაზურმა მხარემ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო ან სხვა მიზნით იმყოფებოდნენ, გზა ჰუმანიტარული მიზნით გახსნა, რათა მოქალაქეები თავიანთ სახლებში დაბრუნებულიყვნენ.

ხიდი, ასევე, გაიხსნა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 30 დეკემბრამდე იმ პირებისთვის, რომლებიც პენსიებსა და სოციალურ შემწეობებს იღებდნენ. მათ ენგურის ხიდამდე მისვლა მხოლოდ ამ დახმარებების ასაღებად შეეძლოთ. სხვაგან გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.

გადაადგილება შეეძლოთ, აგრეთვე, პაციენტებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდათ. თუმცა, იგივე შეღავათი არ მოქმედებდა და დღემდე არ მოქმედებს ადამიანებზე, რომლებსაც ქრონიკული ან სხვა დაავადებები აწუხებთ.

"ბედის ანაბარა მიგვატოვეს"

გზის ჩაკეტვამ არაერთი ადამიანი დააზარალა. არის მსხვერპლიც — 16 მარტს ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა ქალი, რომელმაც ენგურის ხიდი ექიმთან ვიზიტისთვის გადმოკვეთა. გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრი, ნინო რიგვავა On.ge-სთან ყვება, რომ ქართულმა პოლიციამ პირველადი დახმარების ნაცვლად ნარგიზა აბუთიძე კარანტინში გაამწესა.

"ავად იყო ქალი, მიჰქონდა საბუთი და პირდაპირ ანაკლიაში გაუშვეს. კიდევ ერთი მსხვერპლი ქართული პოლიტიკის დაუდევრობის. ბედის ანაბარა მიგვატოვეს, როდემდე უნდა ვიყოთ ასე", — ამბობს ნინო რიგვავა.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განმარტა, რომ ჩატარებული სამედიცინო ღონისძიების შედეგად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად შეფასდა და ჰოსპიტალიზაცია საჭიროდ არ ჩაითვალა.

26 აგვისტოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში 65 წლის კაცის ცხედარი იპოვეს. სოფლის გამგებელმა, ელგუჯა ბოკუჩავამ მაშინ On.ge-ს უთხრა რომ დაღუპული გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრი იყო და ის, სავარაუდოდ, პენსიის ასაღებად გადმოსვლის დროს მდინარეში დაიხრჩო.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 11 თებერვალს განაცხადეს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გადაადგილება 12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან ორმხრივად ხანდაზმულებისთვის, პენსიონერებისთვის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის და სხვა კატეგორიის ადამიანებისთვის გაიხსნებოდა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განმარტა, რომ პირველ თებერვლამდე საკარანტინე ვადა 12-დღიანი იყო, ხოლო 11 თებერვლიდან ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის ის 5-დღიანი გახდებოდა.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, მათ სივრცის დატოვება PCR ტესტის უარყოფითი შედეგისა და საკარანტინე ვადის ამოწურვის შემდეგ აქვთ.

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მოხსნით, სინამდვილეში გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის არაფერი შეცვლილა. ადგილობრივები ჩივიან, რომ კარანტინის არსებობა მათ დამატებით შეფერხებებს უქმნის და გადმოსვლის იდეას აზრს უკარგავს. ამიტომ, ისინი სავალდებულო კარანტინი გაუქმებასა და მის სწრაფი ტესტებით ჩანაცვლებას ითხოვენ.

ენგურის ხიდი

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

"ლოგიკა სად არის? ადამიანი პენსიის ასაღებად გადმოვიდეს ან თუნდაც მედიკამენტის საყიდლად, ხუთი დღე კარანტინში გაატაროს და შემდეგ დაბრუნდეს? ან ვინც [სამედიცინო] კვლევაზე მოდის და გადაუდებლად სჭირდება დახმარება, ამ ხალხს რას ახვედრებთ?!", — ამბობს გალის რაიონის მკვიდრი, ლექსო გოგოხია.

ის On.ge-სთან, ასევე, აღნიშნავს, რომ პანდემიის შედეგად შემოღებული გადაადგილების შეზღუდვის გამო, პრობლემების ჩამონათვალი რეგიონში სულ უფრო და უფრო მატულობს. კერძოდ, უამრავი ადამიანისთვის სრულფასოვანი ჯანდაცვის სერვისები კვლავ მიუწვდომელია, ვერ ახერხებენ სოციალური დახმარების აღებას და ა.შ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კვლევით, როცა ენგურის ხიდი გახსნილია, მას დღეში 2 580-მდე ადამიანი კვეთს. ეს ნიშნავს იმას, რომ უკვე ერთ წელზე მეტია დაახლოებით ამდენივე ადამიანს ყოფითი პრობლემები ყოველდღიურად ექმნება.

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

გალის რაიონის მცხოვრებლები On.ge-სთან ცენტრალური ხელისუფლების მათდამი დამოკიდებულებით უკმაყოფილებას გამოხატავენ. მათი თქმით, მთავრობას მათი პრობლემებისთვის არ სცალია. ისინი, აგრეთვე, აღნიშნავენ, რომ საკითხი არც ოპოზიციურ პარტიებს აინტერესებთ. თუმცა გამონაკლის შემთხვევასაც ასახელებენ, როცა, მაგალითად, 15 თებერვალს პოლიტიკური მოძრაობა დროა-ს ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გალიდან და ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსული ადამიანებისთვის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციებით შექმნილი პრობლემების, სახელმწიფო სერვისებზე ხელმიუწვდომლობისა და Stopcov სტატისტიკაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არარსებობაზე წერილი შეიტანა.

ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ რეგიონიდან გადმოსული მოქალაქეების ხუთდღიან კარანტინში მოთავსება პოლიტიკურადაც არასწორი ნაბიჯია.

"ეს არის უმწვავესი პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე, ენგურზე გადმოდიან. ხუთდღიანი კარანტინი, პრაქტიკულად, საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის დაწესებული რეგულაციაა, რაც პოლიტიკურადაც არასწორია. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, არის ის, რომ ერთი საათით რომ დასჭირდეს წამალზე ან პროდუქტზე გადმოსვლა ადამიანს, 5 დღე კარანტინში უწევს ყოფნა", — თქვა ხოშტარიამ.

"კარანტინი, რომელიც დისკრიმინაციულია"

გალელები წუხან, რომ ენგურს აქეთ მცხოვრებლებს მათი პრობლემები ნაკლებად აინტერესებთ, ამიტომ არსებულ სირთულეებზე ინფორმაციის გავრცელებისა და ყურადღების მიპყრობის მიზნით ონლაინ ივენთიც შექმნეს სახელწოდებით: აფხაზეთისთვის უნდა მოიხსნას კარანტინი!

ივენთის ორგანიზატორია ახალგაზრდა გალიდან, რომელმაც უსაფრთხოების გამო, ანონიმურად დარჩენა გვთხოვა. ის ამბობს, რომ გალელებისთვის კარანტინის დაწესება დისკრიმინაციულია.

"აფხაზებს თუ ქრთამს გადაუხდი, დაელაპარაკები, გაგიშვებენ. აქეთ პრობლემა იმდენად არ არის, რამდენადაც პრობლემაა ის მიდგომა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიაროთ ეს ხუთდღიანი კარანტინი, რომელიც არის დისკრიმინაციული. "აფხაზეთს ვერ ვაკონტროლებთ" არ არის არგუმენტი, იმიტომ რომ ტესტირებები აქაც კეთდება", — გვეუბნება გალის მცხოვრები.

"წარმოიდგინეთ, ბაზარში მოდიხართ, ან ტელეფონის გასაკეთებლად და უცებ კარანტინში წაგიყვანენ"

არასამთავრობო ორგანიზაცია ეს ქვეყანა შენიას წარმომადგენელი, ელისო ჯანაშია, რომელიც აფხაზეთის მცხოვრებლების უფლებების ადვოკატირებაზე მუშაობს, ამბობს, რომ ენგურის ხიდზე შესაბამისი პუნქტი უნდა გაიხსნას და რეგიონიდან გადმოსულ მოქალაქეებს სწრაფი ტესტები ჩაუტარონ — ვისაც კოვიდი დაუდასტურდება შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანონ, კორონავირუსისგან თავისუფალი ადამიანები კი თავისუფლად გაატარონ.

"გალში ჩვეულებრივი აგრობაზარი მუშაობს მხოლოდ კვირაში ორი დღე, ისიც გარკვეული საათები. როცა თავისუფალი გადაადგილება იყო, იქაურ მოსახლეობა ზუგდიდში ყიდულობდა ელემენტარულ პროდუქტებსა თუ წამლებს.

ჩემი ახლობელია, რომელსაც ტელეფონის ეკრანი გაუტყდა, მისი შვილები ცხოვრობენ პოლონეთში და რამდენიმე თვეა ადამიანი თავის შვილს ვერ უკავშირდება, რომ მესენჯერით მაინც დაელაპარაკოს. გალში ვერ შეაკეთებს, ზუგდიდში ვერ გადმოდის. ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ვამყოფებთ ხალხს და ამას ვარქმევთ, ვერ ვაკონტროლებთ იქაურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ამიტომ უნდა გადავიყვანოთო კარანტინშიო. წარმოიდგინეთ, ბაზარში მოდიხართ, ან ტელეფონის გასაკეთებლად და უცებ კარანტინში წაგიყვანენ", — ამბობს ელისო ჯანაშია.

ის On.ge-სთან, ასევე, აღნიშნავს, რომ სავალდებულო კარანტინის თავიდან ასიცილებლად, ხალხს მდინარით, ე.წ. შავი გზებით უწევს გადაადგილება, რაც მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

"21 წლის სტუდენტი გოგო უნდა გადმოსულიყო საბუთებისთვის, გადმოდიოდა მალულად, ტყით. შუა გზაზე რუსები გამოეკიდნენ, ვინც აცილებდა, იმას შეეშინდა და გაიქცა. მიასწავლა გზა, მაგრამ იმ ადგილას მდინარე ღრმა აღმოჩნდა. გოგომ ცურვაც არ იცოდა და როგორია — ჯერ ის იარაღიანი რომ მოგსდევს, მერე ის, რომ ზამთარია და მდინარე ძალიან ცივია. ასევე, ის, რომ მდინარე ძალიან ღრმა აღმოჩნდა და ცურვაც არ იცი. მოჰქონდა კიდევ ნივთები, რომლებიც დაუსველდა. ღამე სიბნელეში ფეხით გამოვიდა ქალაქამდე, სველი, ზამთარში", — გვიყვება ჯანაშია.

მისივე თქმით, ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა პირადად ეხებათ, ქუჩაში ვერ გამოდიან და პროტესტს ხმამაღლა ვერ გამოხატავენ. ამიტომ ის საქართველოს მთავრობის შესაბამის უწყებებს, გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად, გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ მიღებისკენ მოუწოდებს.

გალი

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

"შვილები რამდენი ხანია არ მინახავს, "

იმავეს ითხოვს გალის რაიონის სოფელ ოქუმში მცხოვრები, ნინო რიგვავა.

"შვილები რამდენი ხანია არ მინახავს, სტუდენტები არიან. უკრაინიდან ჩამომივიდა ერთი შვილი, ფილტვების პრობლემები ჰქონდა. აფხაზები თანახმა იყვნენ, რომ შემოსულიყო და ქართულმა პოლიციამ არ გამოატარა, უკან გააბრუნეს", — ამბობს ოქუმის მკვიდრი.

მიმდინარე წლის 26 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო დამცველმა, ასიდა შაკრილმა თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას წერილით მიმართა. წერილში ის ამბობს, რომ ეპიდვითარების გაუმჯობესების გათვალისწინებით, გადაადგილების შეზღუდვის გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს.

შაკრილი აღნიშნავს, რომ ენგურის ხიდის ჩაკეტვით განსაკუთრებით გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველები დაზარალდნენ, რომლებიც ენგურზე ჯანდაცვის სერვისების, ფულადი დახმარებისა და განათლების მისაღებად გადადიოდნენ. მისივე თქმით, ბევრ გალელს ქრონიკული დაავადებები აწუხებს და ახლა გეგმური მკურნალობის გარეშე დარჩნენ.

ის, აგრეთვე, აცხადებს, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების უფლებები ირღვევა, რაც მათ მიერ არ შეიძლება აღქმული არ იყოს, როგორც დისკრიმინაცია.

ბჟანიასთვის მიწერილ წერილში შაკრილი იმასაც უსვამს ხაზს, რომ რთული ეპიდსიტუაციის გამო, დე ფაქტო რესპუბლიკამ საზღვარი რუსეთის ფედერაციასთანაც ჩაკეტა, მაგრამ მისივე თქმით, სოხუმმა ოქტომბერში რუსეთთან გზა გახსნა, ენგურის ხიდზე კი, შეზღუდვები დღემდე რჩება.

"თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვისა და ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების გარეშე, რაიონის მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ არალეგალურად გადასვლის შემთხვევები გახშირდა. ფიქსირდება, დაახლოებით, 4 000 შემთხვევა", — ამბობს ის.

ასეთ მოქალაქეებს "ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით" 4 800-6 000 რუბლის ჯარიმას აკისრებენ, რაც, ომბუდსმენის თქმით, მათთვის დამატებითი ფინანსური ტვირთია. ის იმასაც აღნიშნავს, რომ "საზღვრის" უკანონო კვეთა Covid-19-ის ინფექციის კონტროლსაც ამცირებს.

შაკრილმა ახალგაზრდების პრობლემებიც ახსენა, რომლებსაც ჩაკეტილი გზის პირობებში ქართულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად პრობლემები ექმნებათ.

შექმნილი რთული სიტუაციიდან გამომდინარე, ასევე, რეგიონში ეპიდვითარების გაუმჯობესების გათვალისწინებით, ის შესაძლებლად მიიჩნევს, შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით, გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნას, როგორც ეს პანდემიამდე იყო.

ჯერჯერობით, ისევ უცნობია, რამდენი ხანს იქნება ჩაკეტილი ენგურის ხიდი და რამდენ ხანს გაგრძელდება გალის რაიონის მოსახლეობის გაუსაძლისი ყოფა, რომელიც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა.

რაიონში არსებულ ვითარებაზე, გალელების წუხილსა და სავალდებულო კარანტინის შესაძლო მოხსნის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 12 მარტს მივმართეთ. არაერთი მცდელობის მიუხედავად, მე-5 დღეა კითხვებზე პასუხს On.ge უწყებისგან უშედეგოდ ელოდება.