რადიო თავისუფლების ცნობით, პირველ მარტს საპროტესტო აქციის მონაწილეთა ჯგუფი, რომელიც პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვს, მთავრობის შენობაში შეიჭრა.

საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, ქვეყანაში არ მოიპოვება შენობა, რომელშიც შეუძლია ფაშინიანს დამალვა.

სომხეთის დედაქალაქის მთავარ მოედანზე აქციებს მართავენ როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერები. ოპოზიცია ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომას ითხოვს.

ფაშინიანი სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. ის პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, შეწყვიტონ დაუმორჩილებლობა და ერთად მოაგვარონ კრიზისი. პრემიერმინისტრის თქმით, მზადაა, მის წინააღმდეგ განსაკუთრებით მკაცრად განწყობილ პოლიტიკურ ძალებთანაც გამართოს მოლაპარაკება.

გაიგეთ მეტი:

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 25 თებერვალს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მწვავე უკმაყოფილება გამოხატა.

განცხადებას, რომელსაც ხელი გენერალური შტაბის უფროსმა, მისმა მოადგილეებმა და სამ ათეულზე მეტმა სამხედრო მეთაურმა მოაწერა, ნათქვამია, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ. ეს ყველაფერი ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.

სომხეთში მოქმედი პრემიერმინისტრისადმი უკმაყოფილების ტალღა 2020 წლის სექტემბერში აზერბაიჯანთან ომის შედეგების შემდეგ დაიწყო. 10 ნოემბერს, გვიან ღამით, მოულოდნელად, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

სომხეთისთვის ომის არასახარბიელოდ დასრულების გამო, ერთ დროს მოსახლეობისგან მხარდაჭერილი პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მაშინვე დაიწყო. ოპოზიცია და აქტივისტები მის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.

2020 წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში შეტაკებები განაახლეს და პროვოკაციებში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 40-დღიანი ომის შემდეგ, 9-10 ნოემბერს მოსკოვში სამხრივი შეთანხმებით დასრულდა.