44-დღიანი შეტაკებებისა და სისხლისღვრის შემდეგ, მთიან ყარაბაღში 26-წლიანი ომი დასრულდა. დასრულდა რუსეთის შუამავლობით, ტერიტორიების გადანაწილებითა და ყარაბაღში რუსი "მშვიდობისმყოფელების" განლაგებით.

რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთის ქალაქ გიუმრიში 1995 წელს შეიქმნა. მისი ორი სამხედრო ნაწილი გიუმრიში და ერევანშია განლაგებული. ბაზა სამხედრო სამსახურს დსთ-ს საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სისტემის ფარგლებში ასრულებს.

ამავე წელს სამხედრო ბაზები გაიხსნა საქართველოშიც. ქვეყნიდან რუსი სამხედროების გაყვანის პროცესი 2001 წელს დაიწყო და 2007 წელს დასრულდა. ამჟამად რუსული ბაზები მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განლაგებული.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, კავკასიაში ახალი ეპოქა იწყება. თუმცა ამ პოზიტიურ ჭრილში ნათქვამ ფრაზას ბევრი ექსპერტი არ იზიარებს. მშვიდობის მომტანი დოკუმენტი, რომელსაც აზერბაიჯანი-სომხეთი-რუსეთი აწერენ ხელს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ძალთა ბალანსს ცვლის და რუსეთის პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს.

ამ მოსაზრებას ამყარებს მშვიდობისმყოფელების სახით კიდევ ერთი რუსული ბაზის შექმნა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. აქამდე აზერბაიჯანი იყო ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში, სადაც რუსული ბაზა განლაგებული არ იყო.

სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, აღდამის რეგიონი აზერბაიჯანს 20 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნდეს. 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანს დაუბრუნდება ქალბაჯარის, ხოლო პირველ დეკემბრამდე — ლაჩინის რეგიონი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლითაც რუსეთის როლი განისაზღვრება, არის ლაჩინის რეგიონში 5 კილომეტრი სიგანის დერეფნის შექმნა. დერეფანი მთიან ყარაბაღსა და სომხეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, არ შეეხება ქალაქ შუშას (შუშის) და რუსეთის სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ იქნება. ლაჩინის დერეფანში 1 960 რუსი სამხედრო, 90 ჯავშანტრანსპორტიორი და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა განლაგდება.

რუსეთის სამშვიდობო მისია ლაჩინის რეგიონში ხუთი წლით დარჩება და მათი იქ ყოფნის ვადა ავტომატურად გაგრძელდება, თუ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე აღნიშნული რეჟიმის გაუქმებას არ მოინდომებს.

საბრძოლო შეტაკებების დროს საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი და მეგობრობა ორივე მეზობელთან. რეგიონში ხანგრძლივი ომის დასრულება საქართველოსთვის ხელსაყრელია, რადგან ეს სტაბილურობისა და ინვესტიციების მომტანი იქნება. თუმცა "რუსული მშვიდობა" უფრო მეტი სიფრთხილის აუცილებლობას ქმნის.

10 და 11 ნოემბერს საქართველომ რუსეთის სამშვიდობოებს საჰაერო სივრცე გაუხსნა. როგორც რუსეთის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე განმარტავს, დერეფანი ერევნისა და ბაქოს თხოვნით გახსნეს, რომლის გავლითაც რუსი სამხედროები მთიან ყარაბაღში გაემგზავრნენ.

საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორი, თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ ლაჩინში ბაზების არსებობა საქართველოსთვის ბევრს არაფერს შეცვლის. რაც შეეხება სამხედრო საფრთხეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე არიან რუსი სამხედროები.

"12 წელია მძიმე სიტუაციაში ვართ და არაფერი იცვლება. რეგიონული მასშტაბით კი, რა თქმა უნდა, ზრდის რუსეთის გავლენას, მაგრამ ჩვენთვის ბევრი არაფერი იცვლება", — აღნიშნავს შარაშენიძე.

როგორც საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი, გიორგი კობერიძე On.ge-სთან ამბობს, სამხედრო ბაზა შეიძლება გახდეს ბერკეტი იმისა, რომ თუ აზერბაიჯანმა საქართველოსთან კიდევ უფრო მოინდომა დაახლოება, შეიძლება ამან უკან დაახევინოს.

ამავე დროს, მკვლევარი აღნიშნავს, რომ რუსული სტატუსის გაძლიერების ფონზე, დასავლეთს კავკასიაში უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა მოუწევს და, ფაქტობრივად, მას სხვა გზა არც ექნება:

"დასავლეთი თუ აღიქვამდა რუსეთს, როგორც რაღაც მკვდარ ან მომაკვდავ ძალად, რომელსაც აღარ შესწევდა რეგიონშიც კი ბევრი ცვლილების უნარი, გამოჩნდა, რომ რუსეთი არის საშიშად მზარდი ძალა და მისი შეკავება აუცილებელია".

ახლა დამთავრდა ომი, კონფლიქტი არ ამოწურულა

ბექა კობახიძე

ლაჩინიდან რაიმე პირდაპირ საფრთხეს გამორიცხავს ბექა კობახიძეც, ილიას უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი. თუმცა იგი საუბრობს კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ საფრთხეზე, მათ შორის ჩრდილოელი მეზობლის მიმართ სომხეთისა და აზერბაიჯანის უფრო მეტ დამოკიდებულებაზე.

"ახლა დამთავრდა ომი, კონფლიქტი არ ამოწურულა", — ამბობს ის.

კობახიძე აღნიშნავს, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო საშიში ხდება, რადგან მასზე რუსეთმა მოიპოვა გავლენა:

"ამიტომ წაგებულ მხარეთა შორის შეიძლება მოვიაზროთ საქართველოც, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი როლი ამ კონფლიქტში მას არ უთამაშია".

წაგებულ მხარეთა შორის შეიძლება მოვიაზროთ საქართველოც, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი როლი ამ კონფლიქტში მას არ უთამაშია

ბექა კობახიძე

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელსაც კობახიძე გამოყოფს, ისაა, რომ "მეგობრული ნეიტრალიტეტის შედეგად" ალიევის ავტორიტარულმა რეჟიმმა ფაშინიანის დემოკრატიულ ხელისუფლებაზე გაიმარჯვა. მისი თქმით, ეს არის სიგნალი პოსტსაბჭოთა სივრცისთვისა და კავკასიისთვის, რომ დემოკრატია მარცხდება და წარმატებისთვის საჭიროა რეჟიმი.

კობახიძე ფიქრობს, რომ ყარაბაღის შეთანხმებას ოკუპირებული ცხინვალიდან და სოხუმიდან "შეშინებულები დააკვირდებოდნენ", რადგან რუსეთმა აჩვენა, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, შეიძლება, სტრატეგიულ პარტნიორსაც — სომხეთს — ზურგი აქციოს.

იგი ამბობს, რომ ამჟამად რუსეთს საკმაოდ ჭკვიანური და კომფორტული პოზიცია უჭირავს — მისი ქმედებები სრულად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში:

"ამ შემთხვევაში მხოლოდ მას შეეძლო ომის შეჩერება და ამ მხრივ მის მიმართ არანაირი კრიტიკული განცხადება არ გაკეთებულა — იმ რუსეთის ქმედებების მიმართ, რომელმაც ყველაზე მეტი მოიგო ამ ომში".

სამშვიდობო შეთანხმებაში დამარცხებული მხარე სომხეთია. ამაზე მეტყველებს პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებიც, რომ მას მოუწია პირობების მიღება. უკმაყოფილოა სომხეთის მოსახლეობაც, რომელიც მას ღალატში ადანაშაულებს.

მოიგო თუ არა აზერბაიჯანმა? ექსპერტები ამას სხვადასხვანაირად უდგებიან. ბექა კობახიძის თქმით, ქვეყანა დამარცხდა, თუმცა გაიმარჯვა ილჰამ ალიევის რეჟიმმა, რომელსაც კიდევ უფრო დიდი ხნის სიცოცხლე მიეცა.

თუმცა ცალსახა გამარჯვებული რუსეთია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში თამაშის წესებს ცვლის.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.