რა ხდება სომხეთში — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

სომხეთის დედაქალაქის მთავარ მოედანზე აქციებს მართავენ როგორც ხელისუფლების, ასევე, ოპოზიციის მხარდამჭერები. ოპოზიცია ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომას ითხოვს.

ფაშინიანი სიტუაციის განმუხტვას ცდილობს. ის პოლიტიკურ ძალებს მოუწოდებს, შეწყვიტონ დაუმორჩილებლობა და ერთად მოაგვარონ კრიზისი. პრემიერმინისტრის თქმით, მზადაა, მის წინააღმდეგ განსაკუთრებით მკაცრად განწყობილ პოლიტიკურ ძალებთანაც გამართოს მოლაპარაკება.

რას მოჰყვა პროტესტი?

25 თებერვალს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მწვავე უკმაყოფილება გამოხატა. ხაჩარიანი ფაშინიანმა გაათავისუფლა.

განცხადებაში, რომელსაც ხელი გენერალური შტაბის უფროსმა, მისმა მოადგილეებმა და სამ ათეულზე მეტმა სამხედრო მეთაურმა მოაწერა, ნათქვამია, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ.

ფაშინიანმა ეს განცხადება სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და საკუთარ მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. ქუჩაში საპროტესტო აქციებს ატარებს ოპოზიციაც, რომელსაც სამხედროების ნაწილი უჭერს მხარს.

ფოტო: Aljazeera

"ჯარი არ არის პოლიტიკური ინსტიტუტი და მცდელობები, ჩარიო ის პოლიტიკაში, მიუღებელია", — განუცხადა ფაშინიანმა საკუთარ მხარდამჭერებს.

პრემიერმინისტრმა ოპოზიცია სალაპარაკოდაც მიიწვია და თქვა, რომ ქვეყანაში ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება "მხოლოდ არჩევნების მეშვეობით" უნდა განხორციელდეს. თუმცა, ოპოზიციის აქციები მთავარ მოედანზე მისი გადადგომის მოთხოვნით არ წყდება.

ვაზგენ მანუკიანმა, ერთ-ერთმა მთავარმა ოპოზიციურმა ლიდერმა, აქციის მონაწილეებს მოუწოდა, პარლამენტის ბლოკირება დაეწყოთ. საკანონმდებლო ორგანოსთან მათ 10-მდე კარავი, შეშის ღუმელი და ჩაითა და ნამცხვრებით სავსე რამდენიმე მაგიდა მიიტანეს. ამ ფაქტის შეფასებისას, BBC-ის ექსპერტი ამბობს, რომ მომიტინგეები არ ასხივებდნენ ძალას, რომელსაც შეუძლია, ხელისუფალი რაიმე დათმობაზე წამოიყვანოს.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / Nikol Pashinyan / Նիկոլ Փաշինյան

ოპოზიციის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ბარიკადების აღმართვას აპირებდნენ. თუმცა, პოლიციამ ირგვლივ გადაადგილება დაბლოკა და პარლამენტის შენობა შემოსაზღვრა.

სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქსიანმა, რომელსაც ქვეყანაში უფრო ფორმალური როლი აქვს, ორივე მხარეს საერთო პოზიციების გამონახვისკენ და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

ორმა სომხურმა ოპოზიციურმა პარტიამ კი ფაშინიანს მიმართა, ყველა ძალისხმევით აირიდოს ცივი ომი.

განახლება: სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა უარყო პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ინიციატივა გენშტაბის ხელმძღვანელის გადაყენებასთან დაკავშირებით.

"ექსპერტებისა და ადვოკატების შეფასებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ბრძანებულების ესკიზი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას", — ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ამის შემდეგ, ფაშინიანმა განკარგულება პრეზიდენტს ხელახლა გაუგზავნა. ფაშინიანის თქმით, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება არანაირად არ უწყობს ხელს სიტუაციის განმუხტვას.

საერთაშორისო გამოხმაურებები

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტების ნაწილი დასავლეთს ფაშინიანისადმი ნაკლებ მხარდაჭერაში ადანაშაულებს. ვერ ვიტყვით, რომ გამოხმაურებები არ ყოფილა, თუმცა მათი სიმცირე ნამდვილად შესამჩნევია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა ყველა პარტიას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და მოახერხოს დაძაბულობის განმუხტვა მშვიდობიანად. შეშფოთება გამოთქვა სომხეთის ამჟამინდელმა მთავარმა პარტნიორმა, რუსეთმაც და მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუსოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მკაცრად გმობს სომხეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, სომხეთს რევანშისტული მისწრაფებების მოთოკვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ "ომი დასრულდა".

"ჩვენ აღარასდროს შევუქმნით საფრთხეს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც გათავისუფლებულ მიწებს დაუბრუნდება", — განაცხადა ალიევმა.

რა ხდებოდა აქამდე?

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში განახლებული საბრძოლო შეტაკებები 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად დასრულდა. შუამავალი რუსეთი იყო.

შეთანხმების შედეგად დადგინდა, რომ აღდამის რაიონი და ტერიტორიები, რომლებიც დაკავებული ჰქონდა სომხურ მხარეს გაზახის რაიონში, უბრუნდებოდა აზერბაიჯანულ მხარეს. ასევე, სომხეთის რესპუბლიკა ვალდებული გახდა აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის დაებრუნებინა ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონები და ა.შ. დევნილები ბრუნდებოდნენ ყარაბაღის ტერიტორიაზე, იწყებოდა ტყვეების გაცვლაც.

ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.

ფოტო: Photolure

სომხეთისთვის ომის არასახარბიელოდ დასრულების გამო, მოსახლეობა, მანამდე მის მიერვე მხარდაჭერილი პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა. მიუხედავად საპროტესტო აქციებისა, ფაშინიანმა განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებდა.

საპროტესტო აქციები იმართებოდა 2021 წლის დასაწყისშიც — მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. თებერვლის დასაწყისში აქცია მოჰყვა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო დებატებსაც. გაერთიანება, რომელშიც რამდენიმე ოპოზიციური პარტია შედის, კვლავ მთავრობის გადადგომას ითხოვდა.

ამჟამინდელი სიტუაცია, გარდა აქციების მასშტაბებისა, განსხვავდება იმითაც, რომ ქუჩაში გამოვიდნენ როგორც ფაშინიანის მოწინააღმდეგეები, ისე მომხრეები.

ფოტო: armenpress

ვინ არის ფაშინიანი?

ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა, ნიკოლ ფაშინიანი ჟურნალისტი და პუბლიცისტი იყო. 1998 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის პირველად ჩაერთო ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, აშოტ ბლეიანის კამპანიაში. 2007 წელს კი, საარჩევნო ბლოკის, "იმპიჩმენტის კავშირის" ხელმძღვანელი იყო, რომლის მიზანიც იმდროინდელი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის იმპიჩმენტი, პრემიერმინისტრ სარქსიანის და ოლიგარქ გაგიკ ცარუკიანის პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორება იყო.

2007 წლის საპარლამენტო არჩევნები ფაშინიანმა გაყალბებულად შეაფასა და გადაწყვიტა, რომ მსგავსი ფაქტის არიდება და სარქსიანის დამარცხება იმ შემთხვევაში გახდებოდა შესაძლებელი, თუ 2008 წლის არჩევნებზე მთელი ოპოზიცია ერთ კანდიდატზე შეთანხმდებოდა. ამ დროს გამოჩნდა ტერ-პეტროსიანი, სომხეთის პირველი პრეზიდენტი — სწორედ მას დაუჭირდა მხარი ფაშინიანმა, თუმცა ის მალევე დააკავეს. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ტერ-პეტროსიანმა წააგო, პროცესი ისევ ქუჩაში გადავიდა.

ფოტო: panarmenian

ფაშინიანის წინააღმდეგ ამ დროს სისხლის სამართლებრივი საქმეც იყო აღძრული, მათ შორის, მასობრივი ძალადობის მოწყობაში მონაწილეობისათვის. სასამართლომ მას 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სომხეთის პრესამ და საერთაშორისო საზოგადოებამ ის პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა.

ფაშინიანი ციხიდან 2011 წელს გამოვიდა და კვლავ აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ პროცესებში. 2012 წელს მან პეტროსიანისა და ოლიგარქის, გაგიკ ცარუკიანის შესაძლო საარჩევნო გაერთიანება დაგმო — მისი და ძველი მოკავშირის, პეტროსიანის გზები გაიყო. ამის შემდეგ, 2013 წელს, ფაშინიანმა პოლიტიკური გაერთიანება "სამოქალაქო კონტრასტი" დააფუძნა. 2015 წლის შემდეგ, რაც ეს გაერთიანება პოლიტიკურ პარტიად იქცა, ფაშინიანმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა. მან სხვა პარტიებთან პოლიტიკური ალიანსი შექმნა, თავი კი პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. მისთვის ეს არჩევნებიც წარუმატებელი აღმოჩნდა — "ფული ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია", — ამბობდა ფაშინიანი არჩევნების შემდეგ.

ფაშინიანმა პოლიტიკური აქტივობა გააძლიერა, დაიწყო მარში, მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზება, დაუმორჩილებლობა და ა.შ. მას შემდეგ, რაც სარქსიანი ისევ პრემიერმინისტრად აირჩიეს, ფაშინიანმა პროტესტი ერევნის რესპუბლიკის მოედანზე გადაიტანა, სადაც "არაძალადობრივი და ხავერდოვანი რევოლუციის" დაწყება დააანონსა. პრემიერი ხალხის მოთხოვნას დაემორჩილა — 2018 წლის 23 აპრილს სარქსიანი გადადგა.

შედეგად, ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანი მოვიდა. მან განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო ორიენტაცია არ შეიცვლებოდა და არ შეუქმნიდა პრობლემებს რუსეთის სამხედრო ბაზებს ქვეყანაში. მეტიც, მან რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სომხეთი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ინტეგრაციით იყო დაინტერესებული.

მიუხედავად 2018 წლის შემდეგ ფაშინიანის რიტორიკისა, უნდა აღინიშნოს, რომ პრემიერმინისტრობამდე, 2014 წელს, ის იყო ერთ-ერთი იმ შვიდ დეპუტატს შორის, რომლებიც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების რატიფიცირებას ეწინააღმდეგებოდნენ.

გაპრემიერების შემდეგ ეს რიტორიკა შესუსტდა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ის რეალისტურად აფასებს რუსეთის პოლიტიკას, თუმცა ექცევა გარკვეულ გეოპოლიტიკურ ხაფანგში, რომელიც არ აძლევს საშუალებას, აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა.

სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები

სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განხილვისას რუსეთი პირველ რიგში უნდა ვახსენოთ. სომხეთი დღემდე ინარჩუნებს რეგიონში "რუსეთის მძევლის" სტატუსს. გეოპოლიტიკური ჩიხი, რომელშიც ის რუსეთმა მოაქცია, ქვეყანას დასავლეთთან გზებს სრულიად უკეტავს. რუსეთის მიმართ ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო დამოკიდებულების ზრდამ, ცხადია, ქვეყანას გარკვეული ვალდებულებებიც გაუჩინა.

1828 წლიდან სომხეთი რუსეთის "ტყვეობაშია". დამოკიდებულების გაზრდა სომხეთის საბჭოთა კავშირში ყოფნამ უფრო გააღრმავა, ხოლო სსრკ-ის დაშლის შემდეგ, ქვეყანაში რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა გაჩნდა. 2015 წელს სომხეთმა დეკლარირებული უარი განაცხადა პრო-დასავლურ ორიენტაციაზე, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებაზე არ მოაწერა ხელი და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაერთიანდა. 2016 წელს სომხეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი შეირაღებული ძალების შექმნასთან დაკავშირებით ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი.

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ პაშინიანის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან

სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ პაშინიანის შეხვედრა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან

რუსეთმა აქაც, როგორც ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ბერკეტი აამუშავა — გაყინული კონფლიქტი, როგორც კონტროლის გაძლიერების მექანიზმი, ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდა და "ლიბერალური იმპერიის" ბერკეტების გამოყენება. რუსეთი ზრდის ინვესტიციების რაოდენობას, რაც win-win სიტუაციაში აყენებს მას. აღსანიშნავია ქვეყანაში გაზპრომის მონოპოლიაც, რაც ასევე ეროვნული უსაფრთხოებისთვის გამოწვევად შეიძლება იყოს აღქმული.

რაც შეეხება ევროკავშირს, 2014 წლიდან (უკრაინის მოვლენებიდან) თანამშრომლობის სივრცე მნიშვნელოვნად დაპატარავდა. მიუხედავად მცირე სივრცისა და რუსეთის წნეხისა, 2017 წელს შედგა შეთანხმება ყოვლისმომცველ და გაძლიერებულ პარტნიორობაზე. 2018 წელს კი სომხეთის პარლამენტმა ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანი სრულად აანალიზებს ქვეყნისთვის რუსეთის მიერ შექმნილ გეოპოლიტიკურ ჩიხს, ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს, იყოს რადიკალური რუსეთთან. პირიქით, მას გაპრემიერების შემდეგ საგარეო პოლიტიკური კურსი თითქმის არ შეუცვლია.

ფოტო: კრემლი

მეორე მხრივ, ფაშინიანის მიზნები, რაც სომხეთში ესკალაციის დამარცხებას, კორუფციის აღმოფხვრასა და დემოკრატიის ხარისხის გაძლიერებას გულისხმობს, ნამდვილად არ მოდის თანხვედრაში რუსეთის ინტერესებთან. პირიქით, რუსეთი საკუთარ სივრცეში, ე.წ. ნაცრისფერ ზონაში მყოფ ქვეყნებში, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპის გაძლიერების დიდი წინააღმდეგია. რუსული ხაფანგიდან თავის დაღწევა არასდროსაა მარტივი, თუმცა ამ წრის გარღვევა სწორედ ფასეულობებისა და პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებითა შესაძლებელი.

ფაშინიანი, როგორც ხელისუფლების სათავეში რევოლუციით მოსული პოლიტიკოსი, რომელმაც, მართალია, არ შეცვალა სომხეთის გეოპოლიტიკური კურსი, თუმცა ქვეყნის შიგნით გარკვეულად დემოკრატიულ პროცესს შეუწყო ხელი, შეიძლება, არ აღმოჩნდეს კრემლისთვის ის ადამიანი, ვისზეც მოვლენების შემდეგი განვითარებისთვის ფსონს ჩამოვა.

ამ ეტაპზე აქციები კვლავ გრძელდება. მოწინააღმდეგეები კვლავ აგრძელებენ როგორც საპროტესტო აქციებს, ისე სამთავრობო შენობების პიკეტირებას, იმ იმედით რომ მთავრობა ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…