ოპოზიციის ლიდერის დაკავება და გზავნილები დასავლეთიდან
ნიკა მელიას საქმის გარშემო დასავლეთიდან შესაძლო რეაგირებებზე საუბარი ჯერ კიდევ დაკავებამდე დაიწყო. ლიეტუვას პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ თუ ნიკა მელიას დააკავებენ, რეაგირება იქნება. ის აღნიშნავდა, რომ ოპოზიციის ლიდერის დაკავება დემოკრატიის გზა არ არის და ამერიკის შეერთებულ შტატებს მელიას საქმისთვის ყურადღების დათმობისკენ მოუწოდებდა.
23 თებერვალს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეცრაზმის შეჭრიდან რამდენიმე წუთში, თბილისში განვითარებულ მოვლენებს აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სევდიანი დღე გათენდა. მაშინ მელია ჯერ კიდევ არ იყო დაკავებული. იან კელი აღნიშნულს კიდევ ორჯერ გამოეხმაურა, მეორე განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ვითარების დეესკალაცია და მელიას დაუყოვნებლივი გათავისუფლება ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მესამე განცხადებაში კი უკვე მკაცრად მოითხოვა მელიას გათავისუფლება.
არ დააყოვნა არც მოქმედმა ელჩმა — საქართველოში აშშ-ის საელჩომ თქვა, რომ ქვეყანამ ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე უკან დაიხია. შეშფოთება გამოთქვა ამერიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმაც და მომხდარს დარბევა უწოდა. მან ამ თემაზე არაერთი განცხადება გააკეთა და თქვა ისიც, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი ახლახანს წარადგინეს ეს ავტომატური არ არის.
ნაკლებად, თუმცა მაინც კრიტიკული იყო ჩვენი კიდევ ერთი მთავარი პარტნიორი — ევროკავშირიც. ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ყველა მხარემ უნდა აიღოს. მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება.
მელიას დაკავებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთიც. ელჩმა მარკ კლეიტონმა ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
გენერალ-ლეიტენანტმა, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელმა ბენ ჰოჯესმა მელიას დაკავების შედეგების შესაძლო სარგებელი რუსეთთან დააკავშირა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ კრემლი, ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა იხეირებს, თუმცა საქართველოსთვის ეს ფაქტი უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯია.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა ხელისუფლებასაც და ოპოზიციას თავშეკავებისკენ, პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად კი პოლიტიკური დიალოგის გამოყენებისკენ მოუწოდა.
ჩვენი მეგობარი ქვეყნიდან, ლიეტუვიდან გზავნილი მხოლოდ ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადება არ ყოფილა — საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ქვეყნის ინტერესებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, თუ რა დანაკარგი შეიძლება გამოიწვიოს აღნიშნულმა საქართველოსთვის.
"შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრს მიაღწიეს: მოწინავეები არიან ასოცირების შეთანხმების/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციაში, ასევე იყვნენ NATO-ს აქტიური პარტნიორები. უპასუხისმგებლობა იქნებოდა, ამ ყველაფრის დაკარვა. ყველა ლიდერმა თავშეკავება უნდა გამიჩინოს და პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებით იხელმძღვანელონ", — განაცხადა ლინკევიჩუსმა.
ევროპარლამენტარებმა ხელისუფლებას კრიზისის დაძლევის ნაკლებად აგრესიული ხერხებისკენ მოუწოდეს. ანა ფოტიგას თქმით, 23 თებერვალს განვითარებული მოვლენები საშინელება, ხოლო მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება მიუღებელი იყო.
ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს დემოკრატია კრიზისში შეჰყავს და ეს რუსეთს ახარებს.
"ამ კონფლიქტში ქართველები გამარჯვებულები არ იქნებიან. ორივე მხრიდან სტრატეგიული პასუხისმგებლობის ნაკლებობა საქართველოს უბიძგებს, რომ ეჭვქვეშ დააყენოს მისი ევროატლანტიკური მომავალი. დროა, დასრულდეს საქართველოს უკუსვლა", — დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერზე.
მარინა კალიურანდმა და სვენ მიქსერმა ერთობლივი განცხადებით პარტიებსა და მთავრობას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს, რომელიც ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა.
"ერთადერთი გზა, რითაც საქართველო ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას შეძლებს, ევროატლანტიკური მისწრაფებების საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე, არის ის, რომ ყველა მხარემ დაიხიოს უკან, თავი შეიკავონ რიტორიკისგან და ქმედებებისგან, რომლებიც პოლარიზაციას აღრმავებს და კვლავ ჩაერთონ დიალოგში. აუცილებელია ყველამ, ვისაც ძალაუფლება ანდეს, ხალხის მისწრაფებები დააყენოს წინ", — ნათქვამია განცხადებაში.
მნიშვნელოვანია, ასევე, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საბჭოს საქართველოში ვიზიტამდე ექვსმა ევროპარლამენტარმა შარლ მიშელს მიმართეს, რომ საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ მოვლენებზე რეაგირება იქონიოს.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სენატორი როჯერ უიკერიც გამოეხმაურა. მან ნიკა მელიას დაკავებას უკანონო უწოდა და ლიდერებს საქართველოში საზიანო რიტორიკის განმუხტვისკენ მოუწოდა.
"მე აღშფოთებული ვარ, საქართველოს ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას უკანონო დაკავებით. ქართველმა ლიდერებმა უნდა მოუსმინონ საერთაშორისო მოწოდებებს და მოახდინონ საკუთარი საზიანო რიტორიკის დეესკლააცია და ამ დესტალიბიზაციის გამომწვევი პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად იმოქმედონ. დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გაიმარჯვონ", — განაცხადა სენატორმა როჯერ უიკერმა.
შეშფოთება ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებაზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც გამოთქვა. სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით ნედ პრაისმა მოუწოდა მხარეებს თავიდან აიცილონ ქმედებები, რომელიც ესკალაციას ან ძალადობას გამოიწვევს.
ადამ კინზინგერმა მოგვიანებით ამერიკის ხმასთან ინტერვიუში იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები "ჩავარდნაა" და აგრესიული ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ გახდება.
აშშ-ს ყოფილი ელჩის საქართველოში, უილიამ კორტნის თქმით, მელიას დაკავება ერთ-ერთია იმ იმედგაცრუებებს შორის, რომელიც ჰქონდა დასავლეთს, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ამის შესახებ კორტნიმ ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, კორტნი პირდაპირ პასუხობს — მელიას გათავისუფლება და ოპოზიციის შესვლა პარლამენტში.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ, უფრო მეტად გაღრმავდა.
ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარის დაკავება რომ დემოკრატიული ქვეყნებისგან კრიტიკულ ტონს გამოიწვევდა, ისედაც ცხადი იყო, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ წერილების ტალღის შემდეგ, ეს ხელისუფლებისადმი კრიტიკის ყველაზე დიდი ტალღა იყო. რეალობა ის არის, რომ ამ პოლიტიკური კრიზისით ქვეყანა და მისი ევროატლანტიკური კურსი ზარალდება, თუმცა "დიალოგის გახსნაზე" არაფრისმომცემი განცხადებების გარდა, ხელისუფლებისგან კრიზისის განსამუხტად სხვა ქმედებების განხორციელების მცდელობა არ ჩანს.
დისკუსია: http://admin.on.ge/front/app/#