2016 წელს გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს და 180 ქვეყნიდან 64-ე ადგილზეა. ეს მონაცემები 2012-2013 წლებთან შედარებით გაუმჯობესებულია, რადგან აღნიშნულ წლებში საქართველო 177 ქვეყნიდან მე-100 ადგილს იკავებდა.

თუმცა, მედიის თავისუფლების მიმართულებით, საქართველოში კითხვები როგორც წინა, ისე დღევანდელი ხელისუფლების მიმართ არსებობს.

სატელევიზიო სექტორიდან რეიტინგული საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაქრობას წამყვანები უფრო ხშირად უკავშირებდნენ პოლიტიკურ ინტერესებს, ვიდრე საკუთარ ან მაყურებლის სურვილს.

ბოლო დიდი ცვლილება, რომელიც მედიაში დაანონსდა, საზოგადოებრივ მაუწყებელს უკავშირდება. არხის ახალი გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე 2018 წლამდე ყველა გადაცემის დახურვას გეგმავს, მოამბის გარდა. თუმცა, რადგან ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ჯერჯერობთ არ შეიძლება იმის თქმა, აღნიშნული ფაქტი რა გავლენას მოახდენს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მედიაგარემოს შეფასებაზე.

On.ge-მ მოიძია ის გადაცემები და ტელევიზიები, რომლებიც ეთერში 2012 წლის არჩევნების შემდეგ აღარ გადის.


TV საქართველო, პირველი კავკასიური და რეალ TV

TV საქართველო, პირველი კავკასიური და რეალ TV

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე არსებული არხი, პირველი საინფორმაციო კავკასიური (პიკი), ასევე, TV საქართველო, და რეალ TV, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან მალევე დაიხურა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე არსებული პიკში, 400-მდე ადამიანი მუშაობდა. ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ არხი საზოგადოებრივი მაუწყებლის იმდროინდელი დირექტორის, გია ჭანტურიას, გადაწყვეტილებით დაიხურა, თუმცა ჭანტურია აცხადებდა, რომ ეს გადაწყვეტილება თავად პიკის დირექტორმა, ალექსანდრე ფარულავამ მიიღო.

2014 წლის 10 მარტს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია საქართველოს მთავარი დამფინანსებელი თავდაცვის სამინისტრო იყო და ის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არანაკლები რაოდენობის თანხით ფინანსდებოდა.

რაც შეეხება რეალ ტვ-ს, ის 2012 წლამდე მკვეთრად სახელისუფლებო არხი იყო, რომელმაც საზოგადოებას თავი ოპოზიციის შესახებ შეურაცხმყოფელ სიუჟეტების მომზადებით დაამახსოვრა.


მეცხრე არხი და მისი ყველა გადაცემა

ფოტო: მეცხრე არხი

ხელისუფლების შეცვლიდან 10 თვეში დაიხურა მეცხრე არხი. სწორედ ის იყო ერთ-ერთი არხი, რომლის საშუალებით გავრცელდა ციხეში არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ტელეკომპანია მეცხრე არხი 2013 წლის 19 აგვისტოს დაიხურა. როგორც არხის მფლობელმა და იმდროინდელმა პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მედიასაშუალების ფლობა მის ოჯახს უხერხულობას უქმნიდა და დახურვის მიზეზიც სწორედ ეს იყო


საზოგადოებრივი მაუწყებელი

პირველი არხის ახალი ლოგო

ფოტო: GPB / Facebook

  • აუდიტორია - ეკა ხოფერია;

  • ვახო სანაიას რეპორტაჟი - ვახო სანაია.

ეს ორი გადაცემა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებიდან რამდენიმე დღეში დაიხურა. აღნიშნულ დროს მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია იყო და ეს გადაწყვეტილებებიც მას უკავშირდებოდა.

როგორც media.ge წერს, ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ, 2012 წლის 5 ოქტომბერს, ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვეყნა გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით:

"მხოლოდ ორი თხოვნა მქონდა: ეს ყოფილიყო ღია ეთერი და სრული თავისუფლება თემების შერჩევისას. ცხადია, აუდიტორია შეინარჩუნებდა მის ფორმატს-საზოგადოებრივ-სოციალურ ტოქ-შოუს და არ იქნებოდა პოლიტიკური". ეკა ხოფერიას თქმით, მას გია ჭანტურიამ დაურეკა და უთხრა, რომ "მას არ უნდოდა მიტინგები ტელევიზიის კიბეებთან". აღნიშნულ პერიოდში მოქალაქეები თბილისში ციხის კადრებს აპროტესტებდნენ.

რაც შეეხება ვახო სანაიას, ის და ჭანტურია გადაცემის თაობაზე ვერ შეთანხმდნენ.

„მითხრა, რომ გადაცემა უნდა დამეხურა, რადგან მე და ჩემი გადაცემა მისთვის პრობლემა ვართ და პოლიტიკური პროცესების გამო მას ეს არ აწყობს,“- აღნიშნა სანაიამ Media.Ge-თან საუბრისას 2012 წლის ოქტომბერში.

მოგვიანებით სანაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელს სამსახურიდან გათავისუფლების გამო უჩივლა და პროცესი მოიგო.

  • აქცენტები - ეკა კვესიტაძე;

  • დიალოგი - დავით პაიჭაძე.

2013 წლის 18 სექტემბერს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემები დაიხურებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თამაზ ტყემალაძეს, ეკუთვნის.

ეკა კვესიტაძემ და დავით პაიჭაძემ აღნიშნული გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გარემოებებს დაუკავშირეს. კვესიტაძის თქმით, მისი გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება უშუალოდ ხელისუფლებამ მიიღო.

  • პირველი სტუდია და საჯარო პოლიტიკა - ეკა მიშველაძე

საჯარო პოლიტიკა ეთერში ხუთშაბათობით, სამი სეზონის განმავლობაში, 2012-2013 წლებში გადიოდა, თუმცა 2013 წლის სექტემბრიდან გადაცემისთვის კვირა დღე გამოიყო. აღნიშნულ ცვლილებას ტელეწამყვანი არ ეთანხმებოდა.

მოგვიანებით გადაწყდა, რომ ეკა მიშველაძე ყოველ პარასკევს ტოქშოუს, პირველ სტუდიას წაიყვანდა, რომელიც საინფორმაციო ბადეში 2013 წლის პირველ ოქტომბერს ჩაეშვა.

2015 წლის ივლისის შემდეგ, მიშველაძის გადაცემა ეთერში აღარ გასულა, თუმცა ჟურნალისტი ექვსი თვე ხელფასს იღებდა. თავად მიშველაძეს არაერთხელ განუცხადებია საჯაროდ, რომ მას არ ესმოდა, თუ რატომ უხდიდა მაუწყებელი ხელფასს, როცა გადაცემის დამზადების საშუალებას არ აძლევდა. ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ოფიციალურად 2016 წლის თებერვალში გაათავისუფლეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ქეთევან მსხილაძე აცხადებდა, რომ არხის ხელმძღვანელების ეს გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელი იყო, თუმცა მისი შეცვლის ბერკეტი საბჭოს არ გააჩნდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა, ბასა ჯანიკაშვილმა პირველი სტუდიის დახურვის მიზეზად წამყვანის ოჯახური მდგომარეობა დაასახელა. ეკა მიშველაძე იმ დროს უკვე ოპოზიციაში მყოფი თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე დაქორწინდა.

მოგვიანებით მიშველაძემ საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მისი თქმით, ის სამსახურიდან პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს.


იმედი

  • რეაქცია - ინგა გრიგოლია;

  • იმედის კვირა - ინგა გრიგოლია, შალვა რამიშვილი, ეკა ხოფერია, ნანიკო ხაზარაძე და დუტა სხირტლაძე.

2015 წლის სექტემბრიდან ტელეკომპანია იმედის ეთერში შეწყდა ინგა გრიგოლიას გადაცემები რეაქცია და იმედის კვირა. აღნიშნულის მიზეზად იმედი რეორგანიზაციას ასახელებდა, ინგა გრიგოლიას გუნდი კი გადაცემების დახურვას არჩევნებამდე ერთი წლით ადრე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებდა.

ქართული ოცნების იმდროინდელმა ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ "იმედი რომ ობიექტური ყოფილიყო, აღნიშნული გადაცემები არ დაიხურებოდა".

იმედში გადასვლამდე, ინგა გრიგოლია 2013 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამზადებდა გადაცემებს, თუმცა მან არხი მანამდე დატოვა, სანამ გადაცემები ეთერში გავიდოდა.

  • ქრონიკის სტუდია - დიანა ტრაპაიძე.

დიანა ტრაპაიძემ ტელეკომპანია იმედი, მისი თქმით, თავისი ნებით 2016 წლის 27 ივლისს დატოვა და ტელეკომპანია პირველში გადავიდა.

  • პოლიტიკა - შალვა რამიშვილი და თეონა გოგელია.

შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია იმედთან საქმიანი ურთიერთობა 2016 წლის აპრილში, მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ყოფილმა კოლეგამ თათია სამხარაძემ მას სასამართლოში სექსუალური შევიწროების ბრალდებით უჩივლა.

შალვა რამიშვილი იმედიდან მისი დათხოვნის მიზეზად სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას ასახელებდა.

ამის შემდეგ გადაცემა თეონა გოგელიას წამყვანობით რამდენიმე თვის განმავლობაში აგრძელებდა მუშაობას, თუმცა ამჟამად ის იმედის ეთერში აღარ გადის. თეონა გეგელია, რამიშვილისგან განსხვავებით, თავიდანვე უარყოფდა რაიმე სახის ზეწოლას და სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას არხის მენეჯმენტიდან. ის ამჟამადაც იმედში, სხვა პოზიციაზე აგრძელებს მუშაობას.


მაესტრო

  • პოლიტმეტრი - ნინო ჟიჟილაშვილი;

  • ვახო სანაიას რეპორტაჟი - ვახო სანაია;

  • ცხრიანი - ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია.

გადაცემა ცხრიანი 2014 წლის სექტემბრის ბოლოს ვახო სანაიამ დატოვა. ამის მიზეზად მაესტროს მენეჯმენტთან მისი შეუთანხმებლობა დასახელდა.

ამავე წლის 22 დეკემბერს, არხი დატოვა ნინო ჟიჟილაშვილმაც, რომელიც გადაცემის ავტორთან ერთად, საინფორმაციო სამსახურის უფროსიც იყო. მისი თქმით, ის თავად აპირებდა მაესტროდან წასვლას მას შემდეგ, რაც არხზე გადაცემის წამყვანად კოკა ყანდიაშვილი მიიწვიეს, თუმცა სანამ მაესტროს თავად დატოვებდა, მისი თქმით, ის მაესტროს ერთ-ერთმა იმდროინდელმა მფლობელმა, კოტე გოგელიამ, გაათავისუფლა სამსახურიდან.

ცხრიანამდე ნინო ჟიჟილაშვილის მაესტროზე პოლიტმეტრი მიჰყავდა. ვახო სანაიას კი, საავტორო გადაცემა - ვახო სანაიას რეპორტაჟი.

  • სუბიექტური აზრი - დიანა ტრაპაიძე.

დიანა ტრაპაიძემ მაესტრო 2014 წლის 28 ოქტომბერს, არხის იმდროინდელ მფლობელ, კოტე გოგელიასთან შეხვედრის შემდეგ დატოვა. ამავე დღეს დატოვა არხი საინფორმაციო გამოშვების, ახალი ამბების წამყვანმა მაკა ცინცაძემ. მისი თქმით, არხიდან წასვლა მაესტროს ფინანსურ კრიზისს არ უკავშირდებოდა. დიანა ტრაპაიძემ მუშაობა ტელეკომპანია იმედში გააგრძელა, მაკა ცინცაძემ - GDS-ში.

  • საქმიანი დილა;

  • ბიზნესკონტაქტი;

  • ანალიტიკა - გიორგი ისაკაძე.

2016 წლის 31 მაისს ტელეკომპანია მაესტროს წამყვანი და ეკონომიკური გადაცემების გუნდის ხელმძღვანელი, გიორგი ისაკაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის დირექტორმა, ზურაბ ნაყეურმა მიიღო.

ისაკაძესთან ერთად მაესტრო სოლიდარობის ნიშნად დატოვა ბიზნესკონტაქტის გუნდმა. ისინი ამჟამად ტელეკომპანია პირველისთვის ამზადებენ გადაცემებს.

მოგვიანებით, ბიზნესკონტაქტი მაესტროზეც აღდგა ახალი გუნდით.


GDS

ფოტო: 2030

2017 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელევიზიაში ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა დაიხურა, მათ შორის 2030 და 59 წამი. აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არხს არ გაუვრცელებია.

ცვლილებას წინ უძღოდა იმედის მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით, ასევე, იმედის, მაესტროსა და GDS-ის ერთ მედიაჰოლდინგში გაერთიანების შესახებ. პირველ თებერვალს იმედმა GDS-ის 100–პროცენტიანი წილი იყიდა.

განახლება:

სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ გადაწყვეტილება დავით პაიჭაძისა და ეკა კვესიტაძის გადაცემების დახურვის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა, მიიღო. ინფორმაციის დაზუსტების შემდეგ, სტატია შესწორებულია.