ბრძოლა საქართველოს გულისა და გონებისთვის — საინფორმაციო გარემო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

შესავალი

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხო ძალების ჩარევა ეგზისტენციალური საკითხია. 2008 წლის ომისა და ოკუპირებული ტერიტორიების ფონზე, გასაკვირი არაა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის მასშტაბები პოლიტიკურ პარტიებს შორის განხეთქილების მთავარ თემად ჩამოყალიბდა.

მიუხედავად რუსეთის მუდმივი ძალისხმევისა, ქართული საინფორმაციო გარემო კრემლის მცდელობების წინააღმდეგ მეტნაკლებად მდგრადია: ინტერნეტმომხმარებლები რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების შესახებ ინფორმირებულნი არიან და საშუალოზე მაღალ სკეპტიციზმს იჩენენ ყველაფრის მიმართ, რასაც აშკარად პრორუსულად მიიჩნევენ. თუმცა საინფორმაციო გარემოს მანიპულირების საშინაო მცდელობები საქართველოს მოქალაქეებს ფაქტებზე დაფუძნებულ, მიუკერძოებელ ინფორმაციაზე წვდომას ურთულებს.

აქციებისა და პანდემიის ფონზე ჩანიშნული 2020 წლის არჩევნები ქართველებისთვის მნიშვნელოვანი შანსი იყო, დაპირისპირებოდნენ დემოკრატიისთვის ხელისშემშლელ მავნე პრაქტიკებს. ყველა ამ ფაქტორმა ქართული საინფორმაციო გარემო განსაკუთრებით მგრძნობიარე გახადა. მიუხედავად იმისა, რომ არაავთენტური ქცევა და მანიპულაციები ამ სივრცისთვის სიახლე არ ყოფილა.

მაღალი პოპულარობისა და ფართო გავრცელების არეალის გამო ფეისბუქი საინფორმაციო ოპერაციებისთვის მთავარ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რასაც რამდენჯერმე მოჰყვა ამ პლატფორმაზე არაავთენტური ქსელებისა და აქტივების გაუქმება. DFRLab-მა შეისწავლა იმ პოლიტიკური ჯგუფების აქტივობები, რომლებიც საკუთარი ინტერესების გასატარებლად ქართველი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას არ ერიდებოდნენ. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ შემთხვევაში ამ საინფორმაციო ოპერაციების მიზანი სარგებლის მიღება იყო, მინიმუმ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ კი სოციალურ მედიაში პოლიტიკური ჩართულობის კამპანია გარე PR / მედია კომპანიებს დაუკვეთა, რომელთაც კონკრეტული სუბიექტების მხარდასაჭერად არაავთენტურ ქმედებებს მიმართეს. გაურკვეველია, თავად ამ მხარემ რამდენად იცოდა მათი სახელით გატარებული კამპანიის რეალური ბუნება. არაავთენტური ქმედებების გარე ძალებისთვის დაკვეთას მხარისათვის გარკვეული "უპირატესობები" აქვს, მათ შორისაა: ხელოვნურად პოპულარობის შეგრძნების შექმნა და პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების საშუალება პრობლემური კონტენტის შემთხვევაში.

გარდა საშინაო მცდელობებისა, საქმე გვქონდა ასევე საქართველოს საინფორმაციო სივრცეში უცხო ქვეყნის შენიღბულ ან შეუნიღბავ ჩარევასთან (ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ რუსეთის კუთვნილ მედიაგამოცემებს). როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში განაცხადა, წინასაარჩევნო პერიოდში რუსეთის მხრიდან გააქტიურება მოსალოდნელი იყო. სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ისევე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს თუ სხვა ქვეყნის მთავრობებმა ქვეყანაში განვითარებული მოვლენები რამდენჯერმე დაუკავშირეს რუსეთს: მაგ. კიბერშეტევა საქართველოს ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე, გავლენის კამპანიები პოლიტიკური აქტორების მხარდასაჭერად და ა.შ. ასევე, ფარდა აეხადა რამდენიმე საინფორმაციო ოპერაციას, რომელიც სათავეს კრემლიდან იღებდა.

საქართველოს მედია / პოლიტიკური ლანდშაფტის მიმოხილვის შემდეგ, ეს ანგარიში წარმოგიდგენთ როგორც საშინაო, ისე საგარეო გავლენის კამპანიებს, რომლებიც DFRLab-მა 2020 წლის არჩევნების წინ შეისწავლა. ეს კვლევა ყველა ასეთი შემთხვევის გამაერთიანებლად ვერ ჩაითვლება, რადგან ზოგიერთი მნიშვნელოვანი ქსელის შესწავლის საშუალება DFRLab-ს მათ გაქრობამდე არ მისცემია. ანგარიშში ვერ მოხვდა ასევე თავდასხმები პოლიტიკური პარტიების მომხრეებს შორის, რომლებიც სიმძაფრის მიუხედავად, არაავთენტურ ქმედებად ან დეზინფორმაციად ვერ კვალიფიცირდება.

კონტექსტი

საქართველოს საინფორმაციო გარემო ცოცხალი და მრავალფეროვანია. ინფორმაციის მთავარი წყაროები მასმედია, ინტერნეტი და სოციალური მედიაა. ინტერნეტისა და სოციალური მედიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, ტელევიზია კვლავაც რჩება ინფორმაციის მთავარ წყაროდ, პრესის მოხმარება კი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად მცირდება (NDI, საზოგადოებრივი აზრის კვლევა, 2019 წლის დეკემბერი).

პრესის თავისუფლება საქართველოში დებატების მუდმივი საგანია. 2020 წელს ქვეყანამ მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში 180-დან მე-60 ადგილი დაიკავა, რაც უკიდურესად პოლარიზებული მედიალანდშაფტით იყო განპირობებული. 2018 წელს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა აღნიშნა, რომ პრესის დამოუკიდებლობა შემცირდა და მიზეზებად "საზოგადოებრივი მაუწყებლის აშკარად პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა, კრიტიკულ სატელევიზიო არხზე, რუსთავი 2-ზე უწყვეტი ზეწოლა და კერძო ტელევიზიების მფლობელობასთან დაკავშირებული დავები" დაასახელა.

3,7 მილიონიანი მოსახლეობიდან თითქმის 2,9 მილიონ ადამიანს აქვს ინტერნეტი, რაც ქვეყნის მასშტაბით 79,3 პროცენტიან გავრცელებას ნიშნავს. შედარებისთვის, ინტერნეტ სტატისტიკის ვებგვერდის, Statista-ს თანახმად, შეერთებულ შტატებში მცხოვრები 330 მილიონიდან დაახლოებით 313 მილიონი მოიხმარს ინტერნეტს, რაც 94,8-პროცენტიანი წვდომაა. 2,9 მილიონი ქართველი ინტერნეტ მომხმარებელიდან 96 პროცენტი იყენებს სოციალურ მედიას. დამოუკიდებელი სოციალური მედიის კვლევითი ორგანიზაცია NapoleonCat-ის ანგარიშის თანახმად, ფეისბუქი საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედია პლატფორმაა და მასზე საქართველოდან 3 მილიონი მომხმარებელია დარეგისტრირებული. უცნობია, რამდენია მათ შორის უნიკალური მომხმარებელი. ფეისბუქის გარდა, საქართველოში პოპულარულია ინსტაგრამი, ლინქდინი და ტვიტერი. გამოიყენება რუსული სოციალური მედია პლატფორმები, Odnoklassniki და VKontakte-ც, თუმცა მათი პოპულარობა ფეისბუქთან შედარებით საგრძნობლად დაბალია.

NDI-ის მიერ 2019 წელს გამოკითხულ რესპონდენტთა 81 პროცენტმა აღნიშნა, რომ ხშირად ან ხანდახან ხვდება პოლიტიკური სიახლეები ფეისბუქის გამოყენების დროს, მაგრამ მხოლოდ 11 პროცენტი ენდობა ინფორმაციას, 67 პროცენტი ზოგჯერ ენდობა და 20 პროცენტი არასოდეს ენდობა.

ბოლო წლების განმავლობაში ფეისბუქი როგორც სტანდარტული პოლიტიკური კამპანიების, ასევე არაავთენტური საინფორმაციო ოპერაციების განსახორციელებლად მნიშვნელოვან რესურსად იქცა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველი არჩევნები იყო, როცა პოლიტიკურმა აქტორებმა ფეისბუქი აგიტაციის საშუალებად გამოიყენეს. ორი წლის შემდეგ, 2018 წელს მოქმედების მასშტაბი გაიზარდა და ფეისბუქზე სიძულვილის ენით სავსე პოლიტიკური კამპანიები გაჩაღდა. ISFED-ის სოციალური მედიის მონიტორინგის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ანგარიშის თანახმად, "წინასაარჩევნო პერიოდის მნიშვნელოვან შემადგენელს წარმოადგენდა ნეგატიური კამპანიები სოციალურ ქსელებში, კონკრეტულად კი ფეისბუქზე, რომელიც კანდიდატებისა და მათი აქტიური მხარდამჭერების დისკრედიტაციით ხასიათდებოდა. პოლიტიკური დაპირისპირება ფეისბუქზე სხვადასხვა ტაქტიკით მოქმედი გვერდების მიერ, ხშირ შემთხვევაში დასპონსორებული პოსტების გამოყენებით ხდებოდა".

კრემლის მიერ დაფინანსებული მედიაორგანიზაციები, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, ასევე აქტიურად იყენებენ ფეისბუქს საკუთარი ინფორმაციის ადგილობრივ აუდიტორიამდე მისატანად. DFRLab-მა ამ მედიების გავლენის დასადგენად მათი წვდომა სამ ობიექტურ ადგილობრივ მედიასაშუალებას შეადარა (Sputnik სომხეთი, Sputnik აზერბაიჯანი და Sputnik საქართველო VS CivilNet, Oxu.az და ნეტგაზეთი). აღმოჩნდა, რომ სამივე ქვეყანაში ობიექტური ადგილობრივი საშუალებები უფრო პოპულარული იყო, ვიდრე Sputnik-ი. ეს შეიძლება კავკასიის ქვეყნებში რუსული წარმოშობის პროდუქტებისა და სერვისების მიმართ არსებული სკეპტიციზმით იყოს განპირობებული.

2020 წლის არჩევნების წინ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ფეისბუქს ღია წერილით მიმართეს და პოლიტიკური რეკლამების გამჭვირვალობის მექანიზმების ამოქმედება სთხოვეს. ფეისბუქმა ეს მოთხოვნა 2020 წლის აგვისტოში დააკმაყოფილა.

პოლიტიკური სისტემა და საარჩევნო პროცესი

ფოტო: Shutterstock

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ქართული ოცნების გამარჯვებით დასრულდა. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთომ) დაადგინა, რომ "არჩევნებში, ზოგადად, დაცული იყო თავისუფლების ძირითადი პრინციპები". ამავე დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), რომელმაც 2 ნოემბერს განაცხადა, რომ "საქართველოს საპარლამენტო არჩევნები უხეში დარღვევების გარეშე ჩატარდა და, როგორც ჩანს, ასახავდა ქართველი ხალხის ნებას".

ოპოზიციის დიდმა ნაწილმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ხაზი გაუსვა საეჭვო ინციდენტებს. მაგალითად, საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ამსახველ კადრებს, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა. ამ და სხვა დარღვევების გამო ოპოზიციამ არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნო და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED-მა), რომელიც ხმის მიცემის პარალელურად აწარმოებდა თვლას, განაცხადა, რომ "პარალელური დათვლის წინასწარი შედეგები სამი პარტიის შემთხვევაში აცდენილი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულ შედეგებს (აცდენა იყო სხვა პარტიების შედეგებშიც, თუმცა ცდომილების ზღვარის ფარგლებში)". გარდა ამისა, "რიგ უბნებზე ბიულეტენების რაოდენობის დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს". ქართული ოცნების მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შემდეგ სამართლიანმა არჩევნებმა აღიარა, რომ ხმების პარალელურად დათვლის პროცესში ხარვეზი დაფიქსირდა, რომელიც მალევე გასწორდა და საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა ცესკოს შედეგებს მიუახლოვდა. თუმცა, შესწორებამ ასევე გამოავლინა, რომ შემაჯამებელ ოქმებში კვლავ იყო დისბალანსი უბნების 8 პროცენტზე.

საბოლოოდ, ერთი რამ, რაც ამ არჩევნებმა ცხადად წარმოაჩინა, მოსახლეობას მხრიდან საარჩევნო პროცესის მიმართ ზოგადი უნდობლობა იყო, რაც ეუთომ მოხსენებაშიც აღნიშნა.

2016 წელს ქართულმა საზოგადოებამ პარლამენტის 150 წევრი ორი მეთოდით აირჩია: 77 დეპუტატი არჩეულ იქნა პარტიების მიერ პროპორციული წარმომადგენლობის სიის გამოყენებით, 5%-იანი ბარიერით, ხოლო დანარჩენი 73 დეპუტატი მაჟორიტარული პრინციპით მოხვდა საკანონმდებლო ორგანოში. დაძაბული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად - რომელიც ქვემოთაა აღწერილი - მმართველი პარტია და ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე შეთანხმდნენ (ამ მოდელის თანახმად, პარლამენტის 120 წევრი შეირჩეოდა პროპორციული სისტემით, ხოლო დანარჩენი 30 — მაჟორიტარული წესით), რაც პარლამენტში მრავალფეროვნებისა და ქართველი ხალხის ნების ასახვის გარანტია უნდა ყოფილიყო.

2012 წლისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს შორის პერიოდში ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდა, რაც ნაწილობრივ განპირობებული იყო ნაციონალისტური პოპულიზმის ზრდით, მედიის პარტიულობის ხარისხის გაზრდით (რომელიც, თავის მხრივ, პლურალიზმთან კორელაციაშია), ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობის გაუარესებით. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის მიწურულიდან 2020 წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მართვის ფონზე, სამთავრობო ინსტიტუტების მიმართ კეთილგანწყობა გაიზარდა (30%-დან 38%-მდე), NDI-ს 2020 წლის კვლევის თანახმად, მთავრობის არც ერთ წარმომადგენელი თუ ინსტიტუტი არ იმსახურებს 50%-ზე მაღალ მოწონებას.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტის უმრავლესობა ქართული ოცნების წევრებს ერგოთ, უმცირესობა კი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, პრორუსულმა პატრიოტთა ალიანსმა და მცირე რაოდენობით პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრებმა დააკომპლექტეს. საჯარო პოზიციის თნახმად, ამჟამინდელი მთავრობა და მმართველი პარტია საქართველოს მიერ დიდი ხნის წინ არჩეულ პროდასავლურ კურსს აგრძელებენ, თუმცა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრებს ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთთან მისი კავშირების შესახებ გარკვეული კითხვები აქვთ. ივანიშვილის მიერ მართული ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შუღლი პოლარიზაციის ტენდენციას მხოლოდ აღვივებს.

კორუფციაზე ორიენტირებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) აზრით, შემაშფოთებელია სახელმწიფოს მიტაცების ტენდენცია, რომელსაც ქვეყანა კლეპტოკრატიული სისტემისკენ მიჰყავს.

ენციკლოპედია ბრიტანიკას თანახმად, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში სახელმწიფოს მიტაცება ასე განისაზღვრება:

"სახელმწიფოს მიტაცება" ხდება მაშინ, როდესაც მმართველი ელიტა და/ან ძლევამოსილი ბიზნესმენები პოლიტიკის ფორმირებით მანიპულირებენ და საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად თამაშის ჩამოყალიბებულ წესებზე (კანონებისა და ეკონომიკური წესების ჩათვლით) ზეგავლენას ახდენენ. ისინი კანონის მკაფიო უზენაესობის არარსებობის პირობებში არსებით სარგებელს იღებენ"

TI-ის ანგარიშის თანახმად, სახელმწიფოს ხელში ჩაგდების ნიშნები საქართველოში ხელისუფლების სამივე შტოში შესამჩნევია: "ერთი ადამიანი [ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი] მკაცრად აკონტროლებს საქართველოს აღმასრულებელ მთავრობას, რომელიც დემოკრატიული კონტროლის მექანიზმებისგან თავისუფალია, გვაქვს სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობა და სასამართლო სისტემის სრულ კონტროლს მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ახორციელებს, რომელიც ურთიერთდახმარების არაოფიციალური პაქტითაა შეკრული".

მიუხედავად კრემლის აქტიური მცდელობისა, ქვეყანა ანტიდასავლური, ვიწრონაციონალისტური დისკურსისკენ მიმართოს, 2020 წლის მიწურულის მონაცემებით, ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველების 80 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო ნატოში ინტეგრაციას — 74 პროცენტი. NDI-ს მუდმივი კვლევა აჩვენებს, რომ დასავლური გაერთიანებების მიმართ ქართველების განწყობა მეტნაკლებად სტაბილურია. 2012 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს 76% უჭერდა, ნატოში ინტეგრაციას კი — 70%-მდე.

პროტესტი

2016 წლიდან დღემდე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პოლიტიკურ ცხოვრებაში საგრძნობლად გაიზარდა. ამ წლების განმავლობაში ქვეყნის აქტიურმა და ხმამაღალმა მოქალაქეებმა, ახალგაზრდებმა მოახერხეს და რამდენიმე მრავალრიცხვოვანი აქცია მოაწყეს, რომლებმაც, ქვეყნის შიგნით არაერთგვაროვანი პოზიციების მიუხედავად, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მსგავს დემონსტრაციებს ქვეყანაში ხშირად უპირისპირებენ ულტრამემარჯვენეების მიერ მოწყობილ კონტრაქციებს ან პოლიციის მიერ გამოყენებულ არაპროპორციულად დიდ ძალას, რაც ზოგ შემთხვევაში რელიგიური ლიდერების მიერაა წახალისებული.

2018 წლის მაისში პოლიციამ თბილისში მდებარე რამდენიმე ღამის კლუბი დაარბია. სამართალდამცავების თქმით, ოპერაცია ნარკორეალიზატორების დაკავებას ისახავდა მიზნად. ახალგაზრდებმა რეიდები მშვიდობიანი გზით გააპროტესტეს (პროტესტის ფორმებს შორის იყო ე.წ. სახალხო რეივიც) და მკაცრი ნარკოპოლიტიკის შემსუბუქება მოითხოვეს. პროტესტმა, რომელშიც დაახლოებით 4000 ადამიანი მონაწილეობდა, კრემლის მომხრე, ექსტრემისტული მემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფების გააქტიურებას დაუდო სათავე. ამ დაჯგუფებების აზრით, ღამის ცხოვრება საზოგადოების გახრწნას უწყობს ხელს, რადგან კლუბები ლგბტ ადამიანების თავშეყრის ადგილებად იქცა. კონტრპროტესტში მონაწილეობდნენ ქართული მარშისა და მილიონერ ლევან ვასაძის რელიგიური ჯგუფის წევრები [ლევან ვასაძეს ალექსანდრ დუგინთან, რომელსაც პუტინის ტვინს უწოდებენ, ახლო მეგობრობა აკავშირებს]. ეს ჯგუფები უკვე რამდენიმე წელია, ჰომოფობიურ, ანტილიბერალურ განწყობებს თესავენ და ანტი-ლგბტ, ანტიდასავლურ რიტორიკას ავრცელებენ.

2018 წელს მინელებული საპროტესტო ტალღამ 2019 წლის 21 ივნისს ახალი ძალით ამოხეთქა. ამ აქციებს "გავრილოვის ღამის" საპროტესტო აქციების სახელით ვიცნობთ. პროტესტი საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართავდა დამსწრეებს. დაძაბულობის მატების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. მოგვიანებით ეს ფაქტი Human Rights Watch-მა აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებად შეაფასა. გავრილოვის ღამის პირველ აქციას დაახლოებით 10 000 ადამიანი ესწრებოდა.

პროტესტი რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ორგანიზატორთა ჯგუფის, მოძრაობა სირცხვილიას წევრებმა პროტესტის ისრები ქართულ ოცნებისა და მისი დამფუძნებლისკენ, ბიძინა ივანიშვილისკენ მიმართეს. უწყვეტი პროტესტის საპასუხოდ, ბიძინა ივანიშვილმა პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა, თუმცა 2019 წლის ნოემბერში ქართულმა ოცნებამ და მისმა მაჟორიტარებმა საარჩევნო ცვლილება "ჩააგდეს", რის შემდეგაც აქციები ისევ განახლდა. ამჯერად მთავრობამ შეკრებილი ხალხის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, დაშავდა რამდენიმე მომიტინგე. დაპირების შეუსრულებლობამ და 2019 წლის საპროტესტო აქციების ძალადობრივმა დაშლამ მთავრობის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია. ევროკავშირის ოფიციალური პირები და აშშ-ს კონგრესის წევრები საქართველოში დემოკრატიის შესაძლო რეგრესის შესახებ ალაპარაკდნენ.

2020 წლის მარტში მმართველ პარტიასა და მის ოპოზიციას შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო, რომელსაც ნაწილობრივ ფასილიტაციას უწევდნენ ევროკავშირის და აშშ-ს ელჩები საქართველოში. პროცესი 8 მარტს ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდა, სადაც საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი განისაზღვრა.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მემორანდუმის ხელმომწერები იყვნენ, შეთანხმდნენ, რომ თბილისის რიგ რაიონებში ერთიან კანდიდატებს წარადგენდნენ. საერთო ჯამში, ურთიერთგაგების მემორანდუმმა 2020 არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტში პროპორციული წარმომადგენლობის საფუძველი შექმნა, თუმცა ეუთომ აღნიშნა ისიც, რომ ადგილების გადანაწილება კვლავ აღქმის პრობლემას ეჩეხებოდა, რადგან პროცესს მმართველი სახელისუფლებო პარტია ხელმძღვანელობდა.

სხვადასხვა არასამთავრობო ინსტიტუტები და ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსა და მიმდინარე პროცესებს აკვირდებიან, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ისინი ხშირად აკრიტიკებენ მთავრობას, რაც სულაც არ მიუთითებს ოპოზიციასთან მათი შეხედულებების თანხვედრაზე. ასეთი ორგანიზაციები ხშირად ხდებიან მმართველი პარტიისა და მთავრობის სამიზნეები. ხელისუფლების მაღალჩინოსნები მათი განცხადებების პოლიტიზებას ახდენენ, ანტი-სამოქალაქო საზოგადოების რიტორიკას აღვივებენ და ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების მიმართ, როგორებიცაა NDI და IRI, სკეპტიციზმს თესავენ.

კორონავირუსის პანდემიის მართვამ, ან ყოველ შემთხვევაში, გავრცელებულმა აზრმა მართვის ეფექტურობის შესახებ, მოქალაქეების აღქმაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. NDI-ს მიერ 2020 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რომელიც 2021 წლის იანვარში გასაჯაროვდა, აჩვენებს, რომ გარკვეული მონაცემები ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ გაუმჯობესდა, ნეგატიურმა განწყობებმა კი იკლო. მაგალითისთვის, 38%-ს სჯერა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც წინა წლის 53%-დან მნიშვნელოვანი კლებაა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მაინც მეტია ხალხის იმ ნაწილთან შედარებით, ვისი აზრითაც ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის (32%). იმ ადამიანების წილმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში დემოკრატია არ გვაქვს, 59%-დან 42%-მდე იკლო, რაც კორონავირუსის კრიზისის მართვაზე შექმნილი დადებითი წარმოდგენითა და საარჩევნო ცვლილებებით შეიძლება იყოს განპირობებული. ნაცვლად 33%-სა, ახლა უკვე 45% ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიაა. თუმცა, 2020 წლის შუა ნაწილიდან დადებითი პასუხების კლების ტენდენცია შეინიშნება.

2019 წლის ბოლოს NDI-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 53 პროცენტი თვლის, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. უფრო მეტიც, ქართველთა 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, ხოლო 64 პროცენტს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მთავრობის მიმართ. ასეთივე უარყოფითი დამოკიდებულება შეინიშნება პარლამენტთან მიმართებითაც — გამოკითხულთა 57 პროცენტი მისი მუშაობით უკმაყოფილოა.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

ფოტო: Win McNamee / Getty

საქართველოს არაერთხელ განუცდია რუსეთთან ფიზიკური სიახლოვით მოტანილი ზიანი საკუთარ თავზე. რუსეთი ისტორიულად არღვევს თავისი მეზობელი, შედარებით პატარა ქვეყნების სუვერენიტეტს, ან პირდაპირი აგრესიით, ან — სეპარატისტული რეჟიმების დახმარებით. ეს ფაქტი ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ და დონბასის რეგიონში რუსეთის დამანგრეველმა ქმედებებმა მთელი მსოფლიოსთვის თვალსაჩინო გახადა. საქართველოში, ისევე, როგორც უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული კონფლიქტი უკვე წლებია, გრძელდება. გასული საუკუნის 90-იან წლებში იმდროინდელი მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის, ზვიად გამსახურდიას მიერ ნაციონალიზმის რიტორიკის გაღვივებამ აფხაზ და ოს სეპარატისტებს უბიძგა, საქართველოს რესპუბლიკისგან გამოსაყოფად დაიწყოთ ბრძოლა. ორივე შემთხვევაში რუსეთი საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად იყო ჩართული.

2000-იან წლებში, როდესაც საქართველომ მკაფიოდ აირჩია პროდასავლური გეზი, რუსეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა, რამაც პიკს 2008 წლის აგვისტოს ომის სახით მიაღწია. რუსეთი ოსი სეპარატისტების მხარდაჭერის საბაბით საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. ომის დასრულების შემდეგ მოსკოვ თვითაღიარებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო, მიუხედავად იმისა, რომ ამ პოზიციას არც საქართველო და არც საერთაშორისო საზოგადოების უმეტესი ნაწილი არ იზიარებდა. 2021 წლის 21 იანვარს, აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე. სტრასბურგის სასამართლომ სხვა საკითხებთან ერთად განაცხადა, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა ეკისრება ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვასა და მათი საცხოვრებელი სახლების განადგურებაზე.

2008 წლიდან მოყოლებული, რუსეთის მცოცავი ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია საქართველოსთვის კვლავაც მთავარ საფრთხედ რჩება. რუსეთი ქვეყანაზე ზეგავლენის მოხდენას სხვა გზების გამოყენებითაც ცდილობს: მაგალითად, ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებითა და ჰიბრიდული ომის ტაქტიკით, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ასუსტებს. 2019 წლის მონაცემებით, ქართველების 83%-ს სჯერა, რომ რუსეთი ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს. ამასთან, საქართველოს მთავრობის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის ნომერ პირველ საშიშროებას წარმოადგენს.

კრემლი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საშუალებით მუდმივად ცდილობს ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების შესუსტებას. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოკუპაციის პარალელურად, რუსეთი საქართველოში თავისი გავლენის განსამტკიცებლად აგრესიული ზომების გამოყენებას განაგრძობს. ასეთი მეთოდია, მაგალითად, ადგილობრივი მედიების, ორგანიზაციებისა და ფონდების (მაგალითად, პრიმაკოვის ცენტრის, რომელიც გორჩაკოვის ფონდის ერთ-ერთი დანაყოფია), პოლიტიკური პარტიებისა და ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური ჯგუფების დაფინანსება, რაც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე ბარიერებისა და "მეტასტაზების" სახით გვევლინება.

ადგილობრივი საინფორმაციო ოპერაციები

ფოტო: Sarah Grillo/Axios

ქვეყნის შიგნიდან ინიცირებული დეზინფორმაცია მთელი მსოფლიოსთვის მზარდი საფრთხეა. თუ სხვა ქვეყნის მიერ უცხო ქვეყნის საქმეებში ჩარევა საერთაშორისო ყურადღებას იპყრობს (ასეთი იყო მაგალითად რუსეთის ჩარევა 2016 წლის აშშ-ის არჩევნებში), შიდა აქტორების მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის ბევრად უფრო შენიღბულია. ხშირად უცხო ქვეყნის სამსახურებს დეზინფორმაციის ნაპერწკლის გაჩენაღა უწევთ (ან — არც კი), შემდეგ კი გავრცელებას საკუთარ თავზე ადგილობრივი აქტორები იღებენ. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად ვიკვლევთ არჩევნებში ჩარევის ტაქტიკებს, მით უკეთესად ერკვევიან ამავე მეთოდებში სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები, რომელთაც შეიძლება გამოქვეყნებული სტრატეგიები და ტაქტიკა საკუთარ თავზე მოირგონ. მაგალითად, არაავთენტური ქმედებების განხორციელება და კამპანიების მართვა გარე დაკვეთის სახით რომელიმე მარკეტინგულ კომპანიას ჩააბარონ.

საქართველოს საინფორმაციო გარემო 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე სავსე იყო შხამიანი სარკაზმით, რომელიც მთელ პოლიტიკურ სპექტრს მოიცავდა, შემდეგ კი ელექტორატში ვრცელდებოდა. პარტიული "დაბინძურების" გარდა, ქართველ ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოსახდენად შეფარული ოპერაციებიც მიმდინარეობდა. DFRLab-მა ასეთი რამდენიმე ქსელი შეისწავლა, მათ შორის, ზოგიერთი — კრემლთან პირდაპირ დაკავშირებული. თუმცა ეს ანგარიში ყველა წაშლილი ქსელის შესახებ ვერ მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას. მაგალითად, DFRLab-სა და სხვა კვლევით კომპანიებს საშუალება არ მიეცათ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არაავთენტური ქსელის მოქმედება შეესწავლათ.

ფოტო: DFRLab / On.ge

"ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული Facebook ოპერაციები

ფოტო: Aïda Amer/Axios

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოში როგორც "მიწისქვეშა", ისე "მიწისზედა" პოლიტიკური კამპანიების მთავარი სივრცე ფეისბუქია. წინასაარჩევნო პერიოდში ფეისბუქის მიერ ორი ქსელის წაშლამ საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ორივე შემთხვევაში რესურსები და აქტივები ქართულ ოცნებასთან იყო დაკავშირებული, მათი ადმინისტრირება კი დაქირავებულ კომპანიებს ჰქონდათ ჩაბარებული.

პირველი შემთხვევა: 2019 წლის დეკემბერში ფეისბუქმა წაშალა ქსელი, რომელიც ქვეყნის შიდა აუდიტორიის მანიპულირებას ისახავდა მიზნად. ფეისბუქის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ აწ უკვე წაშლილი გვერდები მმართველ ძალასთან, ქართულ ოცნებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა შენიღბული იყო როგორც პარტიების, მედიების, რეალური პირებისა და აქტივისტთა ჯგუფების პლატფორმები.

"მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, შეენიღბათ კოორდინირებული მუშაობა, კვალს სარეკლამო კომპანია პანდასთან და ქართული ოცნების ხელისუფლებასთან მივყავართ", — ეწერა განცხადებაში.

DFRLab-ს წაშლამდე ეს ანგარიშები შესწავლილი ჰყავდა და დადგენილი ჰქონდა, რომ ისინი პროსახელისუფლებლო კონტენტს ავრცელებდნენ და ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწეოდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 396 აქტივისგან შემდგარი ქსელი ხშირად ესხმოდა თავს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, უფრო კონკრეტულად კი — ამერიკის შეერთებულ შტატებს. მიუხედავად იმისა, რომ DFRLab-ს ამ აქტივების ხელისუფლებასთან დაკავშირებაზე არ უმუშავია, ფეისბუქის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.

ფეისბუქის მიერ წაშლილ აქტივებს შორის მოხვდა რელიგიური კონტენტის, ახალი ამბებისა თუ მიმების გავრცელებაზე ფოკუსირებული გვერდები. ხშირ შემთხვევაში ზემოთხსენებულ გვერდებზე ბიძინა ივანიშვილი წარმოდგენილი იყო, როგორც საქართველოს მფარველი და კეთილმოსურნე ლიდერი.

წაშლილი ფეისბუქ გვერდები თავს ონლაინ საინფორმაციო საშუალებებად აჩვენებდნენ და ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის რეკლამირებას ეწეოდნენ

ფოტო: DFRLab

ივანიშვილის პოპულარიზაციის გარდა, ფეისბუქის მიერ წაშლილი გვერდები ანტიდასავლური პროპაგანდით იყვნენ დაკავებულნი. მაგალითად, ერთ-ერთი გვერდი ავრცელებდა ინფორმაციას ევროკავშირში აშშ-ს ელჩის, გორდონ სონტლენდის შესახებ, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ედებოდა ბრალი, სხვა პოსტი კი აშშ-ის საზღვაო ძალების წევრს ეხებოდა, რომელმაც ფლოტის ბაზაზე ორი ადამიანი მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ამბავი სიმართლეს შეესაბამება, ეს გვერდი მხოლოდ ისეთი ტიპის ამბებს ავრცელებდა, რომლებიც აშშ-ს, მის მთავრობასა თუ სამხედრო ძალებს უარყოფითად წარმოაჩენდა.

გვერდი gazzeta.ge ივანიშვილის (მარცხნივ) რეკლამირებას ეწეოდა და შეერთებული შტატების დისკრედიტაციას ცდილობდა მხოლოდ იმ ამბების გაშუქებით, რომლებიც შეერთებულ შტატებს უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენდა. ამბებს შორის იყო ინფორმაცია ევროკავშირში აშშ-ს ელჩის, გორდონ სონტლენდის შესახებ, რომელსაც ბრალი ედებოდა სექსუალურ გადაცდომაში (ზემოთ და მარჯვნივ) და აშშ-ს საზღვაო ძალების მეზღვაურზე, რომელმაც ფლოტის ბაზაზე, კერძოდ პერლ ჰარბორზე ორი ადამიანი მოკლა (შუაში მარჯვნივ)

ფოტო: DFRLab

ქსელი მოიცავდა ისეთ გვერდებსაც, რომელთა მთავარი მიზანიც ადგილობრივი ოპოზიციური ძალების დისკრედიტაცია იყო. ზოგიერთი გვერდი ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე თემის, 2008 წლის კონფლიქტის ექსპლუატაციას ახდენდა და განხეთქილების გამოწვევას ისახავდა მიზნად. კრემლის მიერ მართული საშუალებები, ადგილობრივი პრორუსული პარტიები და თავად ივანიშვილი საქართველოს წინა მთავრობასა და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებაში ერთხმად ადანაშაულებდნენ.

"ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული ექაუნთების წაშლის მეორე ტალღა ოქტომბრის არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე, 2020 წლის მაისში განხორციელდა. ფეისბუქმა ქართული ოცნების ყოფილი მრჩევლის, კოკა ყანდიაშვილის მედიასთან, ესპერსონასთან დაკავშირებული ჯგუფები, გვერდები და ანგარიშები წაშალა. სავარაუდოდ, სანდოობის მოსაპოვებლად, ეს ანგარიშები თავს ქართული ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებად ან პოლიტიკური ოპოზიციის წევრებად წარმოაჩენდნენ, ზოგი მათგანის დანიშნულება აქტივისტებისა და ოპოზიციონერების დისკრედიტაცია გახლდათ. ამ გვერდების ნაწილი არამეინსტრიმულ მედიაგამოცემებს ეკუთვნოდა, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი. ამ "წმენდისას" წაშლილი აქტივებიც თავისი ბუნებით ასევე პრო-სახელისუფლებო და ანტიოპოზიციური იყო.

Espersona ინფორმაციის გასავარცელებლად ფეისბუქის მრავალ გვერდს იყენებდა.

ესპერსონას მინიმუმ რვა ფეისბუქ გვერდი ჰქონდა სახელის სხვადასხვაგვარი ვარიაციით

ფოტო: DFRLab

როგორც DFRLab-მა დაადგინა, ესპერსონას დასახელების გვერდებიდან შვიდი მართავდა ფეისბუქ ჯგუფებს, რომლებიც შესწავლის შემდეგ ფეისბუქმა წაშალა. ამ ჯგუფებში გამოქვეყნებული პოსტების შინაარსი მრავალფეროვანი იყო — აქ შეხვდებოდით როგორც პოლიტიკური, ისე რელიგიური შინაარსის პოსტებს. მათ შორის კავშირის აღმოჩენა ერთი და იმავე პოსტების გაზიარებაზე დაკვირვებით გახდა შესაძლებელი.

ამ ჯგუფების დიდ ნაწილს უამრავი ადმინისტრატორი ჰყავდა, მათ შორის იყვნენ როგორც რეალური ადამიანები, ისე ყალბი პროფილები და გვერდები. Espersona-ს პროსამთავრობო და ანტიოპოზიციური კონტენტი ამ ჯგუფებში ხშირად ზიარდებოდა. ფეისბუქმა იმ ადამიანების პროფილებიც წაშალა, რომლებიც ესპერსონასთან იყვნენ დაკავშირებულნი და ამ კონტენტს ჯგუფებში აქტიურად ავრცელებდნენ. DFRLab-მა ასევე შეამოწმა ფეისბუქზე ამ მედია გვერდების შექმნის თარიღები და აღმოაჩინა, რომ მათი უმრავლესობა ერთსა და იმავე დღეს, 2019 წლის 12 მაისს იყო შექმნილი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პლატფორმების ფეისბუქ გვერდები წაიშალა, მცირე ნიუს-პორტალები კვლავ აგრძელებენ მუშაობას და საკუთარ ვებსაიტებზე უმეტესად პროსამთავრობო, ოპოზიციის საწინააღმდეგო კონტენტს ათავსებენ.

წაშლილი გვერდების უმრავლესობა ერთსა და იმავე დღეს იყო შექმნილი. ასევე ერთსა და იმავე დღეს იყო დარეგისტრირებული მათი დომენები

ფოტო: GGigitashvili_/DFRLab / Facebook / Whois.com

ქსელში არსებული ზოგიერთი გვერდი თავს ექიმად წარმოაჩენდა. ეს ფაქტი განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემიის დროს ქართულმა საზოგადოებამ იმ ექიმებსა და ვირუსოლოგებს, რომლებიც COVID-19-ის განვითარებაზე ცნობებს ყოველდღიურად გადმოსცემდნენ, ნდობა გამოუცხადა. მათი სახელის გამოყენებით ყალბი გვერდების უკან მდგომი ადამიანები დიდი აუდიტორიის მოზიდვას ცდილობდნენ, გვერდს კი მოგვიანებით დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენებდნენ. ერთ-ერთი წაშლილი ანგარიში ლევან რატიანის სახელს იყენებდა. ეს პროფილი თავდაპირველად COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობაზე წერდა.

მარცხნივ — გვერდი, რომელიც ოპოზიციის ლიდერის, ვანო მერაბიშვილის სახელით ოპერირებდა. მარჯვნივ — ცნობილი ქართველი ექიმი, რომელიც კორონავირუსის თემაზე ერთ-ერთი სპიკერი იყო.

ფოტო: Facebook

გვერდები, რომლებიც საზოგადოებას თავს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებად ან ოპოზიციონერებად აჩვენებდნენ, საზოგადოებას მოუწოდებდნენ, მხარი დაეჭირათ ქართული ოცნებისთვის ან, ზოგიერთ შემთხვევაში, არ წასულიყვნენ არჩევნებზე, რადგან "მაინც ოცნება მოიგებდა".

ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ქსელი

ფოტო: Sarah Grillo / Axios

"ქართული ოცნება" ერთადერთი პარტია არ ყოფილა, რომელიც საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არაავთენტურ კოორდინირებულ ქცევას იყენებდა. 2020 წლის აპრილში ფეისბუქმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული აქტივებიც წაშალა, ჯამში — 800 000-იანი აუდიტორიით. ეს ანგარიშები წაშლამდე არც ერთ კვლევით ორგანიზაციას, მათ შორის არც DFRLab-ს არ გაუანალიზებია. ქსელის შესახებ ფეისბუქმა საკუთარ ანგარიშში ისაუბრა.

კომპანიის განცხადებით, გაუქმდა 80 გვერდი, 23 პირადი ანგარიში, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამ–ანგარიში. ამ აქტივების კვალი ერთიან ნაციონალურ მოძრაობამდე მიდიოდა.

"მოცემული ქმედებების უკან მდგომი ინდივიდები კონტენტზე კომენტარის გასაკეთებელად და ჯგუფებისა თუ გვერდების სამართავად იყენებდნენ ავთენტური და არაავთენტური ანგარიშების კომბინაციას. გვერდების ნაწილი კი მოქმედებდა, როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება".

ფეისბუქმა აღნიშნა, რომ ამ ქსელს რეგიონში მიმდინარე საეჭვო ქმედებათა შესწავლის დროს წააწყდა.

წაშლილი გვერდები ხშირად აქვეყნებდნენ ადგილობრივ სიახლეებს პოლიტიკურ თემებზე, როგორებიცაა 2018 წლის საქართველოს არჩევნები და მასში მონაწილე სუბიექტები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მმართველი პარტიის კრიტიკა და მთავრობის მიერ კორონავირუსის პანდემიის არაეფექტურად მართვა. გვერდების დიდი ნაწილი 2018 წლის შემდეგ აქტიურობით არ გამოირჩეოდა.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ კამპანიის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ ეს ქსელი საქართველოში არსებულ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიასთან, გაერთიანებულ ნაციონალურ მოძრაობასთან დააკავშირა. როგორც ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტებიდან ჩანდა, მათ სამიზნეს "ქართული ოცნება" წარმოადგენდა", — ეწერა ფეისბუქის განცხადებაში.

პოსტების მაგალითები ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებულ ქსელში შემავალი გვერდებიდან

ფოტო: Facebook

პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანია

ფოტო: Aïda Amer/Axios

დეზინფორმაციის გამავრცელებელი გვერდების კონტენტში ასევე ხშირად მეორდებოდა ანტი-NATO და ანტითურქული განწყობის პოსტები. თურქეთი, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, იმ აქტორების საყვარელი სამიზნეა, რომელთაც რუსული ოკუპაციიდან სხვა თემაზე სურთ ყურადღების გადატანა. ნარატივი, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია ჩვენს ტერიტორიაზე თურქეთის გავლენის ზრდას გამოიწვევს, წინასაარჩევნო პერიოდში პროდასავლური პარტიების დისკრედიტაციისთვის გამოიყენებოდა.

პატრიოტთა ალიანსმა, რომლის გაცხადებული პოლიტიკაც "რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებაა", აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ანტითურქული ბილბორდები განათავსა და ამავე ტიპის კამპანიისთვის ფეისბუქზე ფულიც დახარჯა. პარტია, რომელიც, სავარაუდოდ, პირდაპირ კრემლიდან ფინანსდება, თურქეთს საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ წარმოაჩენს, როცა, რეალურად, თურქეთი საქართველოს ერთადერთი მეზობელია, რომელთანაც საზღვრების დემარკაცია და დელიმიტაცია 100-პროცენტიანი სიზუსტითაა დაცული. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასა და მის ტერიტორიულ მთლიანობას სრულად უჭერს მხარს.

საარჩევნო ბანერი, რომელზეც აჭარა ისევეა ოკუპირებულ რეგიონადაა წარმოჩენილი, როგორც აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი

ფოტო: რადიო თავისუფლება

2019-2020 წლებში პატრიოტთა ალიანსმა დასავლური ინსტიტუტების (NDI-სა და IRI-ს) მიერ ჩატარებული გამოკითხვების საპირწონედ მასობრივი გამოკითხვა წამოიწყო, რომლის შედეგებიც არჩევნებამდე ორი თვით ადრე გამოაქვეყნა. პარტიის გამოკითხვის თანახმად, ქართველების 65% სამხედრო ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს, 70% კი რუსეთის, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის რეჟიმებთან პირისპირ საუბარს ემხრობა. ამ კვლევის მეთოდოლოგიური სისუსტეები ვრცლად არის წარმოჩენილი On.ge-ის სტატიაში "მილიონი ხმა კრემლის პროპაგანდისათვის". გამოკითხვაში არსებული ორი პუნქტი რუსეთის რიტორიკასთან თანხვედრაშია, ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითაღიარებულ რეჟიმებთან პირისპირი მოლაპარაკებებიც ასევე კრემლის ინტერესებში შედის, რადგან მოსკოვს სურს, საკუთარი წვლილი ამ კონფლიქტებში როგორმე მიჩქმალოს, თავად კი მედიატორის როლი მოირგოს. შესაბამისად, პატრიოტთა ალიანსის გამოკითხვა ანტი-NATO განწყობის გაღვივებას და რუსეთის მიზნების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ პატრიოტთა ალიანსი საკუთარი გზავნილების გასავრცელებლად არაავთენტურ ქსელს იყენებდა, რომელიც არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე წაიშალა. პატრიოტთა ალიანსთან აფილირებული პირები ყალბ ანგარიშებს, ფეისბუქ გვერდებსა და სპამ-ჯგუფებს იყენებდნენ, რათა პრორუსული ნარატივები გაევრცელებინათ. ქსელის ცენტრში ვებგვერდი Today in Politics (Tinp.ge) იყო, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებად პოზიციონირდებოდა, სინამდვილეში კი პრორუსულ, პარტიულ მედიას წარმოადგენდა.

პატრიოტთა ალიანსმა 2020 წლის არჩევნების შედეგად პარლამენტში ოთხი ადგილი მოიპოვა.

ქართული მარშის ფეისბუქ აქტივობა

ფოტო: Aïda Amer/Axios

2020 წლის შემოდგომაზე DFRLab-მა გამოიკვლია არაავთენტური ქსელი, რომელიც Facebook-ზე ულტრანაციონალისტურ პოლიტიკურ პარტიას, ქართულ მარშსა და მთავრობასთან აფილირებულ მედიას, POSTV-ს უწევდა პოპულარიზაციას. ქსელი ინიღბებოდა, როგორც გასართობი და შოპინგ პლატფორმების ერთობლიობა. ამ გვერდებს ისეთი სახელები ერქვათ, რომლებიც ხაზს უსვამდა მათ აპოლიტიკურობას, სინამდვილეში კი აქ ქართული მარშსა და POSTV-სთან დაკავშირებული კონტენტი ქვეყნდებოდა. ზოგადი სტრატეგიის მიხედვით, ქსელის მთავარი ანგარიშები აუდიტორიას აპოლიტიკური ჯგუფების მეშვეობით აგროვებდნენ, შემდეგ კი მომხმარებლებს POSTV-სა და ქართული მარშის მხარდამჭერ პოლიტიკურ კონტენტს აწვდიდნენ.

ქართულმა მარშმა ნაციონალისტური და ექსტრემისტული მოძრაობით დაიწყო, შემდეგ კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე პარტიად დარეგისტრირდა. პარტიის წევრების რაოდენობა არჩევნებში მონაწილე სხვა პარტიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მცირე იყო, რაც არჩევნების შედეგებშიც აისახა. პარტიამ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებში ხმების 0.25% მიიღო, რაც პარლამენტში ერთ მანდატსაც არ ეყო და პარტია საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩა. მართალია, პარტიის აქტივობა საკმაოდ დაბალი იყო, მაგრამ მისი მხარდაჭერა რეალურ შედეგებთან შედარებით არაპროპორციულად მაღალი ჩანდა.

იქამდე, სანამ ოფიციალური პარტიის სტატუსს მიიღებდა, ქართული მარში თავისი ანტი-საიმიგრაციო და ანტი-LGBT პოზიციებით გახდა ცნობილი. 2017 წელს ქართულმა მარშმა საქართველოში მცხოვრები მიგრანტების საწინააღმდეგოდ ძალადობრივი აქცია მოაწყო. ესტონეთის 2020 წლის სადაზვერვო ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქართული მარშის ლიდერებს კრემლთან მჭიდრო კავშირები აქვთ. ამ ვარაუდს ადასტურებს გაჟონილი სატელეფონო საუბარიც, რომელშიც ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე რუსული სახელმწიფო დუმის დეპუტატს, იგორ მოროზოვს ესაუბრება. მოროზოვი ბრეგაძეს რუსული თხევადი გაზის საქართველოში შემოტანასა და ამით "ცოტა საცხოვრებელი ფულის გაკეთებას" სთავაზობს. DFRLab-მა ვერ მოახერხა ამ ჩანაწერის ავთენტურობის დადგენა, თუმცა ბრეგაძემ დაადასტურა, რომ მოროზოვი მისი მეგობარია და ისინი ხანდახან საქმეზეც საუბრობენ.

ქართულ მარშთან დაკავშირებულ არაავთენტურ ქსელში შედიოდა ჯგუფები და გვერდები, რომლებიც შენიღბული იყო ზოგადი თემებით (ონლაინ გაყიდვები, მოგზაურობა, ფოტოგრაფია), თუმცა სინამდვილეში ქართული მარშის პოლიტიკური კონტენტის გავრცელებას ემსახურებოდა. მაგალითად, The best Shoes Fabric (საუკეთესო ფეხსაცმლის ფაბრიკა) სპორტული ფეხსაცმლის შესაძენ და გასაყიდ ადგილად იდენტიფიცირდებოდა, თუმცა გვერდი ინტერნეტ ტელევიზიის კატეგორიაში ფიქსირდებოდა, უნიკალურ იდენტიფიკატორად კი marshitv1-ს იყენებდა (ID ქართული მარშის გვერდის, მარში TV-ს მსგავსი იყო). გარდა ამისა, გვერდის შესახებ გრაფაში ქართული მარშის ოფიციალური ვებგვერდი იყო გალინკული. The best Shoes Fabric ასევე ადმინისტრატორად იყო მითითებული ჯგუფებში, რომლებიც POSTV-სა და ქართული მარშის პოპულარობის გაზრდას ემსახურებოდნენ.

გვერდი the best Shoes Fabric სპორტული ფეხსაცმელის ფოტოებთან ერთად, ქართული მარშის მხარდასაჭერ პოლიტიკურ კონტენტს აქვეყნებდა.

ფოტო: DFRLab-ის მკვლევარების მიერ შეგროვებული სქრინშოტები

პრორუსული პარტიების ვირტუალური აქტივობის შედარება პროდასავლური პარტიების აქტივობებთან

ფოტო: Aïda Amer/Axios

პატრიოტთა ალიანსის გარდა, სოციალურ მედიას საკუთარი გზავნილების გასავრცელებლად სხვა ანტიდასავლური პარტიებიც იყენებდნენ. DFRLab-მა არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური პარტიების ოფიციალური ფეისბუქ გვერდები გააანალიზა და პრორუსული პარტიების სტატისტიკა დასავლური პარტიების მიერ გამოწვეულ ჩართულობას შეადარა. პროდასავლურ პარტიებს ჯამურად ბევრად უფრო დიდი აუდიტორია ჰყავდათ, ვიდრე ანტიდასავლურ პარტიებს.

გაანალიზებული 12 გვერდის ჯამური ინტერაქციების რაოდენობამ 2020 წლის მარტიდან აგვისტოს ბოლომდე 330 000 შეადგინა, როდესაც ოთხი პრორუსული პარტიის ჯამური მაჩვენებელი ამ ინტერაქციების მხოლოდ 5.5% იყო. ოთხმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა პარტიამ საგრძნობლად ნაკლები ფული დახარჯა პოლიტიკურ რეკლამაში, ვიდრე დანარჩენებმა. მათ მიერ გამოქვეყნებული კონტენტი რაოდენობრივად პროდასავლურ პარტიებთან შედარებით ბევრად უფრო ცოტა იყო. საბოლოოდ, პრორუსულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამურად ხმების 4.75% მიიღეს, თუმცა შეუძლებელია განვსაზღვროთ, რამდენად იქონია გავლენა ამ შედეგზე მათმა აქტივობამ სოციალურ მედიაში. შესაძლოა, ეს შედეგი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რუსეთთან აფილირებული პარტიებისადმი ანტიპათიით იყოს გამოწვეული. მეორე მხრივ, ბევრმა პროდასავლურმა პარტიამ ფეისბუქზე დიდი აუდიტორიითა და ჩართულობით, ხმების არაპროპორციულად მცირე რაოდენობა მიიღო, რაც გვაჩვენებს, რომ სოციალურ ქსელებში მიმდევართა რაოდენობა ან ჩართულობა პარტიის რეალური მხარდაჭერის მაჩვენებელი არ არის.

ქართული პოლიტიკური პარტიების პოსტების რაოდენობა ორ პერიოდში: 2020 წლის მარტიდან მაისის ბოლომდე და 2020 წლის ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე

ფოტო: GGigitashvili_/DFRLab-ის შექმნილი გრაფიკი CrowdTangle-დან

ულტრამემარჯვენე პლატფორმა ალტ-ინფო

წინასაარჩევნოდ, პოლიტიკური პარტიების გარდა, ანტიდასავლურ და პრორუსულ სენტიმენტებს რამდენიმე ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფიც აღვივებდა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული "ალტ-ინფო" იყო, რომელიც ალტერნატიულ ნიუს მედია ორგანიზაციად პოზიციონირდება და ანტილიბერალურ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ კონტენტს ქმნის. 2020 წლის ოქტომბერში ფეისბუქმა ალტ-ინფოს ქსელი დაბლოკა, თუმცა იქამდე ალტ-ინფო ყოველდღიურად უშვებდა ლაივ ვიდეოებს, სადაც ორგანიზაციის წევრები ანტილიბერალურ ნარატივებს აღვივებდნენ და დასავლეთის მადისკრეტირებელ ამბებს სელექტიურად ირჩევდნენ გასაშუქებლად. ალტ-ინფო რუსეთთან ომის შიშით მანიპულირებდა და ამტკიცებდა, რომ საქართველოს არ აქვს რუსეთსა და დასავლეთს შორის არჩევანის ფუფუნება, რადგან რუსეთი აუცილებლად დაიპყრობს საქართველოს. ალტ-ინფო ამტკიცებდა, რომ დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ და ქვეყანა სრულიად დაუცველია რუსული აგრესიის შემთხვევაში. ალტ-ინფო აცხადებდა, რომ ქვეყნის დაყოფისგან თავის დასაღწევად და ავტონომიის შესანარჩუნებლად ერთადერთი გზა მოსკოვთან დიალოგის დაწყება იყო.

მსგავსი რიტორიკა სრულ თანხვედრაშია კრემლის ინტერესებთან, რადგან დაუცველ ქვეყნებთან ორმხრივი დიალოგი საშუალებას აძლევს რუსეთს, უკეთ დააშინოს ისინი, ვიდრე მაშინ, როდესაც ამ დიალოგში საერთაშორისო საზოგადოება და სხვადასხვა ინსტიტუტები არიან ჩართულები. ამჟამად საქართველო რუსეთთან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ფორმატში ურთიერთობს, რომელსაც OSCE, ევროკავშირი (EU), და გაერო (UN) თავმჯდომარეობენ. რუსეთს მხოლოდ ორმხრივ დიალოგზე გადასვლა იმიტომ სურს, რომ საქართველოს პარტნიორების გარეშე ესაუბროს.

ალტ-ინფოს ფეისბუქ აქტივობა წინასაარჩევნოდ სწრაფად გაიზარდა: მათ 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ოქტომბრამდე 36 000 მიმდევარი შეიძინეს. თუმცა საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული არაავთენტური ქსელი გააუქმა. ქსელი აპოლიტიკურ, გასართობ გვერდებად ინიღბებოდა და ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ კონტენტს ავრცელებდა.

ფეისბუქის ანონიმური აქტივები

ფოტო: Sarah Grillo/Axios

DFRLab-მა აღმოაჩინა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ რამდენიმე ანონიმური ფეისბუქ გვერდი პოლიტიკური აქტორების ნეგატიურ ჭრილში წარმოჩინებას ცდილობდა. ეს გვერდები პოლიტიკური პარტიებისა და ცალკეული პოლიტიკოსების წინააღმდეგ კოორდინირებულ ნეგატიურ კამპანიას აწარმოებდნენ. მათი სამიზნე იყო როგორც მმართველი პარტია, ასევე — ოპოზიცია. მთავარი მიზანი კი საზოგადოების აზრის მანიპულაცია და ამომრჩევლებში ნეგატიური სენტიმენტების გაღვივება იყო. ოფიციალური გვერდების მიღმა, ანონიმური ფეისბუქ გვერდები ხშირად გარკვეული პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ მუშაობდნენ, თუმცა ზოგჯერ კავშირი ამ პარტიებსა და გვერდებს შორის აშკარად არ ჩანდა.

DFRLab-მა ორი მსგავსი ქსელის აქტივობა შეადარა: ერთი მათგანი ოპოზიციური პარტიების, მეორე კი — ქართული ოცნების წინააღმდეგ ოპერირებდა. ანონიმური გვერდები მადისკრედიტირებელ პოლიტიკურ პროპაგანდას ავრცელებდნენ და ციფრულ ეკოსისტემას აბინძურებდნენ. ანალიზმა აჩვენა, რომ ეს გვერდები არჩევნების წინა თვეში ბევრად გააქტიურდნენ. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია განისაზღვროს, რა გავლენა ჰქონდათ ამ პოლიტიკურ კამპანიებს ამომრჩეველთა გადაწყვეტილებებზე.

ანტიოპოზიციური გვერდები ოპოზიციურ პოლიტიკოსებს მიმებითა და მსგავსი წინააღმდეგობრივი კონტენტით უტევდნენ და მათ დისკრედიტაციას ცდილობდნენ. ეს კონტენტი აქტიურად ვრცელდებოდა რამდენიმე ფეისბუქ ჯგუფშიც. ეს გვერდები აჟღერებდნენ მესიჯებს, რომლებიც მმართველი პარტიის მესიჯებთან თანხვედრაში იყო. ნეგატიური პოსტები ძირითადად ოპოზიციური ფიგურების პიროვნულ თვისებებს ეხებოდა და ნაკლებად იყო მიმართული პოლიტიკური ღირებულებების კრიტიკისაკენ. მსგავსი ანონიმური გვერდების უმეტესობას შეცდომაში შემყვანი სახელი ჰქონდა და არ იყო შესაძლებელი გვერდის მმართველის იდენტიფიცირება.

ანტიოპოზიციური გვერდების მსგავსად, მმართველი პარტიის საწინააღმდეგო გვერდებიც პერსონალურად უტევდნენ პარტიის წევრებს. DFRLab-ის ანალიზმა აჩვენა, რომ არჩევნების წინ ანტი-ოპოზიციური კონტენტი ბევრად უფრო მეტ ჩართულობას იწვევდა, ვიდრე მმართველი პარტიის საწინააღმდეგო კონტენტი.

გრაფიკი აჩვენებს, რომ 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ანტი-ოპოზიციური გვერდები მეტ ჩართულობას აგროვებდა, ვიდრე მმართველი პარტიის საწინააღმდეგო გვერდები

ფოტო: DFRLab-ის შექმნილი გრაფიკი CrowdTangle-დან

წინასაარჩევნოდ ორივე მხარის ანონიმური გვერდები ჩართულობის გაზრდას ცდილობდნენ. ამ მხრივ ანტიოპოზიციური გვერდები ბევრად უფრო წარმატებულები გამოდგნენ: ანტიოპოზიციურმა გვერდებმა სექტემბერში 7 000 ახალი ლაიქი, ხოლო ოქტომბერში 10 000 ახალი ლაიქი დააგროვეს. ეს ანტისამთავრობო გვერდების მიერ დაგროვებულ ახალ ლაიქებზე ორჯერ მეტია.

ცხრილი აჩვენებს 10 ანტი-ოპოზიციური და მმართველი პარტიის საწინააღმდეგო გვერდის ახალ ლაიქებს 2020 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში.

ფოტო: DFRLab-ის შექმნილი გრაფიკი CrowdTangle-დან

საგარეო ჩარევა

ფოტო: Aïda Amer/Axios

წინასაარჩევნოდ საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას მრავალი შიდა აქტორი ცდილობდა, თუმცა ასევე შეინიშნებოდა საგარეო ჩარევის გარკვეული ნიშნებიც. ამ მხრივ, ყველაზე აქტიური რუსეთი იყო, როგორც ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან კოლაბორაციის მხრივ, ასევე პირდაპირი აქტივობის თვალსაზრისით. ყველაზე გავრცელებული სტრატეგიები იყო ფარული კიბერსაქმიანობა, სოციალური მედიის გავლენის ოპერაციები და ქართული პოლიტიკური პარტიების პირდაპირი დაფინანსება. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის ნაწილი აშკარად მიეკუთვნებოდა კრემლს, სხვა მცდელობების მთავარი დამკვეთის იდენტიფიკაცია შეუძლებელია. აშშ-ს საერთაშორისო გავნვითარების სააგენტოსა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ მომზადებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2020 წლის არჩევნების წინ საქართველოს პოლიტიკური ინსტიტუტები საკმაოდ დაუცველები იყვნენ უცხოური გავლენის ოპერაციების წინაშე.

კიბერშეტევები, ჰაკერული თავდასხმები და ინფორმაციის გაჟონვა

სხვა ქვეყნების საარჩევნო პროცესებში ჩარევა კიბერ-შეტევების მეშვეობით კრემლის ცნობილი ხელწერაა. საქართველო, მრავალი სხვა ევროპული ქვეყნის მსგავსად, კრემლის კიბერშეტევების მსხვერპლი გახდა, რომლის მთავარი მიზანი დაუცველობის შეგრძნების გაჩენა და ქართველი ხალხის დემორალიზაცია იყო. 2019 წლის 28 ოქტომბერს მასიური კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის დროსაც ჰაკერებმა გატეხეს და გათიშეს დაახლოებით 15 000 ქართული ვებსაიტი, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სატელებიზიო არხების ოფიციალური ვებგვერდები. DFRLab-მა დაადგინა, რომ ვებსაიტების გატეხვის მიღმა, თავდასხმის დროს ცუდად დაწერილი მავნე კოდი იყო გამოყენებული, რომელმაც სინამდვილეში ვერ გააკეთა ის, რაც დაგეგმილი იყო. 2020 წლის თებერვალში გამოძიებამ, რომელსაც ატარებდა საქართველო, ა.შ.შ და გაერთიანებული სამეფო, დაასკვნა, რომ ეს შეტევა, 95%-იანი ალბათობით, რუსეთის სპეცსამსახურების (GRU)-ს მიერ იყო განხორციელებული.

ოფიციალურმა თბილისმა დაადასტურა, რომ ამ თავდასხმის ძირითადი მიზანი საზოგადოების დაბნევა იყო. თავდასხმის მეშვეობით, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება შეფერხდა და ეროვნული უსაფრთხოება შეილახა. ეს თავდასხმა 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ მცდელობად შეიძლება მოვიაზროთ.

გამოძიების დასრულების შემდეგ მოსკოვმა პასუხისმგებლობის თავიდან ასარიდებლად მრავალშრიანი, ყოვლისმომცველი პროპაგანდა წამოიწყო. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები, კრემლის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტური გამოცემები და კრემლის მომხრე აქტორები ერთად მუშაობდნენ ბრალდებების უგულვებელყოფაზე და საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს "რუსოფობიური ტყუილებისა და ფეიქების" გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.

რუსეთის დიპლომატიური სამსახურების სოციალური მედიის ანგარიშები რუსეთის მიერ კიბერშეტევის განხორციელებას უარყოფდნენ

2019 წლის კიბერშეტევა იზოლირებული ინციდენტი არ ყოფილა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე საქართველო კიდევ ერთხელ იქცა კიბერშეტევის სამიზნედ. 2020 წლის 1-ლ სექტემბერს ჰაკერებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში შეაღწიეს და რიჩარდ ლუგარის საჯარო ჯანმრთელობის კვლების ცენტრის მონაცემთა ბაზიდან მასალა მოიპარეს. დოკუმენტები მოგვიანებით გაყალბდა და აიტვირთა Raidforums-ზე, რომელიც დარღვევებისა და გაჟონილი მონაცემების ბაზაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კიბერშეტევა უცხოეთის მთავრობის სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა და დოკუმენტები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის მართვასთან იყო კავშირში, განზრახ გაყალბდა, რათა ქართულ საზოგადოებაში შიში, დაბნეულობა და უნდობლობა გაღვივებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეს კიბერშეტევა კონკრეტული უცხო სახელმწიფოსთვის არ მიუწერია, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნეს, რომ კიბერშეტევა, სავარაუდოდ, რუსეთის მთავრობის მიერ განხორციელდა, როგორც “რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ”. ეს კონკრეტული შეტევა 2019 წლის ოქტომბრის შეტევისგან განსხვავდებოდა. ამ თავდასხმის მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურის დაზიანება არ ყოფილა. ჰაკერებმა მოიპარეს ინფორმაცია, შემდეგ შეცვალეს და გაასაჯაროვეს, რითიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დაბნევა სცადეს.

DFRLab-მა გამოიძია შემთხვევა, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს საარჩევნო ინფრასტრუქტურიდან ინფორმაციის შესაძლო მოპარვასთან. 2020 წლის 28 მარტს მონაცემთა დარღვევის მონიტორინგისა და პრევენციის კომპანიამ Under the Breach, აღმოაჩინა, რომ ვებგვერდზე Raidforums თითქმის 5 მილიონი ქართველის პერსონალური ინფორმაცია იყო ატვირთული. ინფორმაცია შეიცავდა პირთა სრულ სახელებს, პირადობის მოწმობის ნომრებს, სახლის მისამართებსა და დაბადების თარიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეტევა უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობაზე მეტყველებს, მას არ შეუფერხებია საარჩევნო ინფრასტრუქტურის მუშაობა.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონაცემები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან მოიპარეს. ცესკომ დაუყოვნებლად უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ მონაცემები საკმაოდ განსხვავდებოდა მის სერვერებზე შენახული ინფორმაციისგან. მეტიც, გაჟონილი სია 4 934 863 ამომრჩევლის ინფორმაციას შეიცავდა, როდესაც 2005-2020 წლებში საქართველოში მხოლოდ 3 613 851 ამომრჩეველი იყო (2012 წლის მონაცემი).

აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, რომ ეს ამომრჩეველთა ავთენტური სია ყოფილიყო. მონაცემთა ბაზა, როგორც ჩანს, დაახლოებით 2011 წელს მოიპარეს, მაგრამ მხოლოდ 2020 წლის მარტში გამოჩნდა. საგულისხმოა, რომ სია მე-19 საუკუნიდან 2011 წლამდე დაბადებული ადამიანების მონაცემებს მოიცავდა (ეთო ბუზიაშვილი, GeorgiaLeaks). საპარლამენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე ამომრჩეველთა პირადი ინფორმაციის მასიურ გაჟონვას ცესკოს ამომრჩეველთა ერთიანი სიისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება შეეძლო. გაჟონილი ინფორმაცია შესაძლოა გამოეყენებინათ მრავალი დანაშაულისთვის, იდენტობის ქურდობისთვის, საარჩევნო დაშინებისთვის და ა.შ. DFRLab-მა ვერ შეძლო დაედგინა მონაცემთა დამახინჯებული ბაზის გამოქვეყნების მიზეზი, ვერ მოხერხდა ვერც დამნაშავეთა იდენტიფიკაცია.

Sputnik-ისა და News Front-ის არაავთენტური ოპერაციები

ფოტო: Aïda Amer/Axios

2020 წლის არჩევნებამდე რუსეთის მიერ კონტროლირებადი პროპაგანდისტული მედია, Sputnik და News Front ფარული მეთოდებით ცდილობდნენ საკუთარი კონტენტის გავრცელებას. 2020 წლის აპრილში ფეისბუქმა Sputnik-ისა და News Front-ის მიერ მართული არაავთენტური ქსელები წაშალა. მათი მიზნობრივი აუდიტორია როგორც სხვა ქვეყნებში მცხოვრები, ასევე კონკრეტულად ადგილობრივი მომხმარებლები იყვნენ. ეს ქსელები აუდიტორიაზე ორგანული წვდომის გაფართოებას არაკეთილსინდისიერი გზით ცდილობდნენ.

2020 წლის 30 აპრილს ფეისბუქმა კრემლის მომხრე მედია ორგანიზაციის, News Front-ის გლობალური ქსელი წაშალა. ამ ქსელის გარკვეული ანგარიშები News Front-ის ქართულ გამოცემასთანაც იკვეთებოდა. DFRLab-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთში 2015 წელს დარეგისტრირებული News-Front-ის ხელმძღვანელებს რუსეთის ხელისუფლებასთან ახლო კავშირები აქვთ. კერძოდ, კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელი, მიხაილ სინელინი სხვადასხვა დროს იყო რუსეთის მთავრობის სამდივნოს ხელმძღვანელი და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობისა და განვითარების ბანკის თავჯდომარის მოადგილე. ამავდროულად, ის ვლადიმერ პუტინის პირადი მრჩევლის სიძეა.

Sputnik-თან დაკავშირებული არაავთენტური ქსელის მესიჯბოქსი ბევრად უფრო თავშეკავებული იყო და ნაკლებად მიკერძოებულს ჰგავდა. მათგან განსხვავებით, News Front-ის აქტივები საქართველოს პოლიტიკურ კონტენტს აზიარებდნენ და ფეისბუქზე პრორუსულ და ანტი-დასავლურ მესიჯებს ავრცელებდნენ. უფრო კონკრეტულად, ისინი ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დასავლეთი საქართველოს მტერი იყო, ხოლო რუსეთი — ქვეყნის საიმედო პარტნიორი. არჩევნების წინ News Front-ის რეპორტინგი პროდასავლური პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობის შესუსტებასა და კრემლის მომხრე პარტიების მხარდაჭერას ისახავდა მიზნად.

ISFED-მა ამ აქტივების შესახებ კვლევა ჩაატარა, რომელმაც აჩვენა, რომ ეს ქსელი საშინაო პოლიტიკის შესახებ სადავო კონტენტს ავრცელებდა. ზოგი ანგარიში ქართული ოცნების მხარდამჭერ ფეისბუქ ჯგუფებში ანტიოპოზიციურ კონტენტს აქვეყნებდა, ზოგი კი პირიქით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჯგუფებში აქტიურობდა მმართველი პარტიის საწინააღმდეგო მესიჯბოქსით. ამით არაავთენტური ქსელი საზოგადოების პოლარიზებასა და სხვადასხვა პარტიის მხარდამჭერების შეპირისპირებას ცდილობდა. მეტიც, ზოგიერთი არაავთენტური ანგარიში News Front-ის მიერ გამოქვეყნებული სტატიების ქვეშ კომენტარებს წერდა, რათა მასალები უფრო აქტუალურად წარმოეჩინა.

ფეისბუქის მეორე არაავთენტური ქსელი Sputnik-ს ეკუთვნოდა და გამოცემის პოპულარიზაციისთვის ფეისბუქის სხვადასხვა ჯგუფში მისი კონტენტის გავრცელებას ემსახურებოდა. ამ ქსელის მთავარი მიზანი არ ყოფილა Sputnik-ის იდეოლოგიური ან პროპაგანდისტული კონტენტის გავრცელება, ყალბი ანგარიშები Sputnik-ისადმი, როგორც ინფორმაციის წყაროსადმი, ნდობის გაზრდას ცდილობდნენ, ყოველ შემთხვევაში, დროის იმ მოცემულ მონაკვეთში, როცა ეს ქსელი აქტიურად მუშაობდა.

დასკვნა და ძირითადი მიგნებები

წინასააარჩევნო პერიოდი საქართველოში საზოგადოების პოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებოდა, რაც დიდწილად აისახა ქვეყნის საინფორმაციო გარემოზე. ადგილობრივი პოლიტიკური აქტორები სოციალურ მედიას ოპონენტების წინააღმდეგ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისთვის იყენებდნენ. კრემლი ცდილობდა, საზოგადოებაზე გავლენა ადგილობრივი პარტნიორების გავლით, როგორც ღიად, ასევე ფარულად მოეხდინა. რუსეთი უკან არც კიბერშეტევებზე იხევდა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ადგილობრივი პოლიტიკური აქტორები საკუთარი მიზნების მისაღწევად ხშირად მიმართავდნენ არაავთენტურ ხერხებს, განსაკუთრებით —ფეისბუქზე. ფეისბუქის მიერ წაშლილი ანგარიშებიდან ბევრი ინიღბებოდა ლეგიტიმურ ნიუს გამოცემებად, იყენებდა ისეთი სანდო მედიის სახელებსა და ფოტოებს, როგორიცაა CNN, ზოგი კი ოპოზიციის ლიდერებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების იდენტობას იპარავდა.

ბევრად უფრო ცხადი გახდა ფენომენი, რომელიც ახალი არაა — პოლიტიკურმა აქტორებმა დაიწყეს მანიპულაციური კამპანიების აუთსორსინგი გარე კომპანიებთან დაიწყეს. PR სააგენტოები ფულს პოლტიკური კლიენტებისგან იღებდნენ, რათა მათი ოპონენტების საწინააღმდეგო პოლიტიკური კამპანიები ეწარმოებინათ. კიდევ ერთი ტენდენცია საქართველოს ულტრამემარჯვენე პარტიებისა და ჯგუფების გააქტიურება იყო. უმეტესობა მათგანი კრემლთან იყო დაკავშირებული, თუმცა ამას ღიად არ აცხადებდა. ისინი წინასაარჩევნოდ ანტიდასავლურ და კრემლის მომხრე ნარატივებს ავრცელებდნენ.

პრობლემას ქმნიდა ანონიმური კამპანიებიც. ანტიოპოზიციური და მმართველი პარტიის საწინააღმდეგო გვერდების ანალიზმა აჩვენა, რომ გაზრდილი პოლარიზაცია და აგრესიული პოლიტიკური გარემო ამ ფეისბუქ გვერდებისთვის არჩევნების წინ აუდიტორიისა და ჩართულობის გასაზრდელად ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა.

არჩევნების წინ მოპარული დოკუმენტების გასაჯაროება საგარეო აქტორების მიერ საქართველოსთვის სრულიად ახალი ფენომენი აღმოჩნდა. ამ მოვლენამ ფართო პოლემიკა და დაბნეულობა წარმოშვა. DFRLab-ს არ გამოუვლენია უშუალოდ საარჩევნო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ კიბერთავდასხმისა და ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევები გამოუძიებელია, რუსეთზე, როგორც ძირითად ეჭვმიტანილზე მრავალი ინდიკატორი მიუთითებს. რუსული პროპაგანდისტული მედია, Sputnik და News Front ასევე ცდილობდნენ არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას. ფეისბუქის ორი არაავთენტური ქსელი, რომელიც რუსეთის მიერ მართული მედიის საკუთრება იყო, ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდებოდა: Sputnik-თან დაკავშირებული ქსელი პოლიტიკური და იდეოლოგიური კონტენტის გავრცელებისგან თავს იკავებდა, News Front კი აქტიურად ცდილობდა კრემლის ნარატივის გავრცელებას, პოპულარიზაციას უწევდა ანტიდასავლურ კონტენტს და ცდილობდა ქართული საზოგადოების პოლარიზაციას.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართულ საზოგადოებაზე გავლენის მოპოვების მსგავსი მცდელობები საფრთხეს უქმნის ქვეყნის ერთიანობას და საგარეო მანიპულაციების მიმართ უფრო დაუცველს გვხდის. უფრო საყურადღებო პროგნოზებს რაც შეეხება, ქართული სადეზინფორმაციო "ინდუსტრიის" კომერციალიზაცია სახიფათო ტენდენციაა, რადგან ეს ხელს შეუწყობს კერძო პირებს, რომ ინფორმაციის გაზიარების არაავთენტურ სქემებით მატერიალური კეთილდღეობა მოიპოვონ, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის საარჩევნო გარემოს მომავალში.

ამომრჩევლებზე გავლენის მოსაპოვებელი აქტივობები ისევ კოლექტიურ გამოწვევად რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ აქტივობებში მთავრობაც მონაწილეობს, ადგილობრივ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და თავად სოციალური მედიის პლატფორმებს მსგავსი ოპერაციების წინააღმდეგ უდიდესი როლი ენიჭებათ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. ირაკლი რუხაძე: პრემიერს ვუთხარი, გულისყურით რომ გისმენდით, არ ნიშნავს, რომ ყველანი ვეთანხმებით
  4. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
  5. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

IPM კვლევა: გამოკითხულთა 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს, 22% — მიხეილ ყაველაშვილს

IPM Market Intelligence Caucasus-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 46% საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს…