რუსული აქტორები ქართულ მედიაში, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

უკვე დიდი ხანია, რაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "დედა რუსეთის" დიდების აღსადგენად მხოლოდ ბეტეერებით და AK-47-ით არ იბრძვის. ჰიბრიდულ ომში რუსეთის იარაღი "მეგობრობა", "დიპლომატია", "მედია" და არაერთი პაიკია, რომელიც მოწყვლადი დემოკრატიის ქვეყნებში ფესვების გადგმას ცდილობს. რა თქმა უნდა, ამ აქტორების დახმარებით რუსეთი აქტიურად მოქმედებს საქართველოშიც და პოლიტიკურ პროცესებზე, განსაკუთრებით არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

რუსული სამყაროს კონცეფცია

ვინაიდან, რეპრესიული სისტემის, საბჭოთა კავშირის ნგრევა პუტინს მსოფლიოში უდიდეს პოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია, ის ყველაფერს აკეთებს, რომ მოამზადოს საფუძველი ახალი კავშირის შესაქმნელად. მის შორსმიმავალ გეგმებში ამ კავშირს რუსული სამყარო ჰქვია, რომლისთვისაც ოფიციალური მზადება ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო.

2007 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რუსული სამყაროს ფონდის შექმნას, რომლის მიზნად ქვეყნის "ნაციონალური ღირსების", რუსული ენის პოპულარიზაცია დაასახელა. თუმცა ფონდის მიერვე გამოქვეყნებულ წესებსა და მიზნებში ვკითხულობთ, რომ ეს ერთადერთი მიზანი არაა. გარდა ამისა, ფონდმა უნდა გაავრცელოს "ობიექტური" ინფორმაცია თანამედროვე რუსეთზე და ამის საფუძველზე შექმნას რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი საზოგადოებრივი აზრი. ფონდი რუსული სამყაროს ნაწილად არა მხოლოდ რუსებს, არამედ ყველა იმ ადამიანს ხედავს, ვინც რუსულ ენაზე საუბრობს, დაინტერესებულია რუსეთით და "ადარდებს" ამ ქვეყნის მომავალი.

ფონდის მიზნებში დაუფარავად არის ხაზგასმული, რომ რუსული სამყაროს ჩამოყალიბებით ქვეყანას ეძლევა "ახალი შესაძლებლობა", განვითარდეს და ეკონტაქტოს დანარჩენ სამყაროს.

რუსული სამყარო უნდა იყოს არა იმდენად წარსულის შეხსენება, რამდენადაც ქმედება, მობილიზაცია ახალი უკეთესი მომავლის ასაშენებლად დიადი ერისთვის, რომელიც ცხოვრობს მშვიდობაში საკუთარ თავთან და დანარჩენ სამყაროსთან

ვკითხულობთ პუტინის შექმნილი ორგანიზაციის ვებგვერდზე.

რუსული სამყაროს შესაქმნელად მთელი სახელმწიფო რესურსია მობილიზებული. კერძოდ, ფონდის სამეურვეო საბჭოს წევრები ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ვლადიმერ პუტინის პირადი თანაშეწმე, ანდრეი ფურსენკო და სხვა თანამდებობის პირები არიან, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებთან ერთად.

ამ მიდგომას ფესვები საქართველოშიც ღრმად აქვს გადგმული. ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მსოფლიო რუკაზე საქართველო ოკუპირებული რეგიონების გარეშე არის წარმოდგენილი და წერია, რომ აქ 46 პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავთ, ოკუპირებულ აფხაზეთში —13, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კი — ერთი.

რუსული სამყაროს ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული და დამახინჯებული საქართველოს რუკა / იმ ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც ფონდის სახელით საქართველოში ოპერირებს

რუსული სამყაროს ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული და დამახინჯებული საქართველოს რუკა / იმ ორგანიზაციების ნაწილი, რომლებიც ფონდის სახელით საქართველოში ოპერირებს

ფოტო: ფოტო რუსული სამყაროს ფონდის ვებგვერდიდან

ორგანიზაციების ნაწილი ჩუმად მოქმედებს, ზედმეტ ყურადღებას არ იქცევს და მშვიდად ავრცელებს პუტინისტურ იდეოლოგიას. ნაწილი უფრო ხმაურიანია და არაერთხელ ღიად უცდიათ კრემლის პროპაგანდის გავრცელება. მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, ამ ორგანიზაციებზე ინფორმაცია ძირითადად ან პირდაპირ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფუძნებულ სპუტნიკ საქართველოზე ან კრემლისტური სარედაქციო პოლიტიკის მედია საშუალებებზე ვრცელდება. MDF-მა 5 ყველაზე აქტიური ორგანიზაცია გამოყო, რომლებიც ძირითადად ორი ტიპის ქმედებებშია ჩართული:

  • კრემლის პოლიტიკური პროექტები;
  • საგანმანათლებლო-კულტურული პროექტები.
რუსული სამყაროს 5 ყველაზე აქტიური ორგანიზაცია საქართველოში

რუსული სამყაროს 5 ყველაზე აქტიური ორგანიზაცია საქართველოში

ფოტო: MDF

უკვდავი პოლკი

რუსული სამყაროს კონცეფციის აქტიური გამტარია უკვდავი პოლკი. ორგანიზაცია, რომელიც თითქოსდა "სამამულო", ანუ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნა. პოლკის მოქმედების პრინციპი მარტივად რომ გავიგოთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეზე, რომელსაც ევროპის ქვეყნების ნაწილი 8 მაისს აღნიშნავს, რუსეთი — 9 მაისს.

1945 წლის 8 მაისს ფაშისტურმა გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და ომის დასრულების, ფაშიზმის დამარცხების თარიღად ევროპაში სწორედ ეს დღე მიიჩნიეს. თუმცა, საბჭოთა კავშირში ჩათვალეს, რომ გამარჯვება მათი იყო და აღსანიშნი დღეც მათ ეკუთვნოდათ. ასე შექმნეს 9 მაისი, დღე, რომელიც დაღუპულ ჯარისკაცთა პატივისცემის ნაცვლად, წითელი არმიის დიდებას ეძღვნება.

რუსეთში უკვდავი პოლკის მსვლელობებში ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობს და ამტკიცებს, რომ პოლკი "ისტორიული სიმართლის დაცვას ემსახურება", რომელმაც "საზოგადოება და ხალხები სულიერად უნდა შეადუღაბოს და ისტორიის რევიზიის უფლება არავის მისცეს".

ვლადიმერ პუტინი უკვდავი პოლკის მსვლელობაზე 2017 წელს

ფოტო: კრემლის ოფიციალური ვებგვერდი

წითელ მოედანზე რამდენიმე მსვლელობის შემდეგ რუსეთში ჩათვალეს, რომ მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი და ყოველწლიურად, მთელ მსოფლიოს უნდა ენახა, როგორ მიაბიჯებენ ყოფილი არმიელები საბჭოთა დროშებითა და სიმბოლიკით სხვადასხვა ქვეყანაში.

კრემლის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლიდან პოლკი საერთაშორისო მასშტაბის გახდა და მსვლელობა 9 მაისს 17 ქვეყანაში გაიმართა. 2017 წელს კი რუსულ პოლკს ქართული დანაყოფიც შეემატათ. პოლკის ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის წარმოდგენილი, მსვლელობები იქაც იმართება.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები უკვდავთა პოლკის ვებგვერდზე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის წარმოჩენილი

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები უკვდავთა პოლკის ვებგვერდზე დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის წარმოჩენილი

ფოტო: ფოტო უკვდავი პოლკის ვებგვერდიდან

საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, პოლკი საქართველოში აქტიურად მუშაობს. მსვლელობის ორგანიზატორია ევრაზიული კავშირის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე. MDF-ის ანგარიშის მიხედვით, მსვლელობის მხარდამჭერები და მონაწილეები არიან ახალი სოციალისტური მოძრაობის თავმჯდომარე თემურ ფიფია და ისტორიული მემკვიდრეობის დამფუძნებელი, ტარას გაგნიძე, რომელიც ანტიდასავლური გამოცემა საქართველო და მსოფლიოს მფლობელია. ასევე, რუს თანამემამულეთა საერთაშორისო კავშირი ოტჩიზნა, სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი და რუსი ახალგაზრდების კავშირი.

პრორუსული გამონათქვამებით ცნობილი რცხილაძისა და ფიფიას გამოჩენას მსვლელობებზე პროტესტი არაერთხელ მოყვა, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენებითა და კანონის დარღვევით, ცდილობენ "დაამტკიცონ", რომ ეს არა რუსული პოლკის, არამედ საქართველოს უკვდავი ჯარის მსვლელობაა.

უკვდავი პოკის მსვლელობა თბილისში

უკვდავი პოკის მსვლელობა თბილისში

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ევრაზიის ინსტიტუტი და გულბაათ რცხილაძე

ევრაზიის ინსტიტუტი 2009 წელს დაფუძნდა გულბაათ რცხილაძისა და გიორგი ვეკუას ხელმძღვანელობით. მათ განსაკუთრებული აქტიურობა 2008 წელს, საქართველოში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ დაიწყეს, რასაც ქართული მხარის "დანაშაულებრივ პროვოკაციად" აფასებდნენ.

"ევრაზიის ინსტიტუტის მთავარ პრიორიტეტად რჩება რუსულ-ქართული ურთიერთობები — როგორც ამ ურთიერთობების ანალიზი, ისე მათი გაუმჯობესებისათვის პრაქტიკული ხელშეწყობა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ირაკლი ყიფიანი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის სიტყვით გამოსვლისას. მევდევი უკანა ფონზე

ირაკლი ყიფიანი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის სიტყვით გამოსვლისას. მევდევი უკანა ფონზე

ფოტო: ირაკლი ყიფიანი / FB

ეს პრორუსული ორგანიზაცია თავის მიერვე გამოქვეყნებულ ანგარიშში ღიად ამბობს, რომ ჩართული იყო 2012 წლის საარჩევნო კამპანიაში და მხარს უჭერდა ქართულ ოცნებას, რუსული ინტერესების შესაბამისად.

"ევრაზიის ინსტიტუტის წევრებმა შეძლებისდამიხედვით მედიაკამპანია გამართეს (პირველ ყოვლისა, პრესაში და ინტერნეტში, სოციალური ქსელების ჩათვლით — პროექტს ხელმძღვანელობდა კონსტანტინე ჩიკვილაძე), რომელიც ასაბუთებდა ბ. ივანიშვილის მიერ რუსეთთან დარეგულირებაზე გაცხადებული კურსის აუცილებლობას, ვინაიდან ამ კურსის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხი არ გადაწყდება", — წერია 2009-2014 წლების ანგარიშში.

IDFI-ის 2015 წლის კვლევის მიხედვით, ევრაზიის ინსტიტუტის მიერ დაფუძნებულია ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი და სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, რომელსაც პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი და გეორგიევსკის ლენტის ქომაგი ირაკლი ყიფიანი ხელმძღვანელობს. ამავე კვლევის მიხედვით, ევრაზიის ინსტიტუტის პარტნიორები არიან ააიპ ისტორიული მემკვიდრეობა, რომელმაც თავის მხრივ მედია-გამოცემა საქართველო და მსოფლიო (Geworld.ge) დააფუძნა, აგრეთვე საინფორმაციო პორტალები საქინფორმი და ივერიონი.

ნანა დევდარიანი და გულბაათ რცხილაძე

ნანა დევდარიანი და გულბაათ რცხილაძე

ფოტო: IDFI

IDFI-ის ინფორმაციით, ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ყოფილ სახალხო დამცველთან, ნანა დევდარიანთან, ერთად კავკასიური თანამშრომლობის დამფუძნებელიცაა. ნანა დევდარიანი ახლა პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის საარჩევნო სიაშია.

გულბაათ რცხილაძეს არაერთხელ გამოუვლენია მიკერძოებული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, მათ შორის, აღსანიშნია 2019 წლის 26 მაისი, როცა ბათუმში ერთ-ერთ ღონისძიებაზე რუსულმა დელეგაციამ მათი დროშა გამოფინა, რის გამოც განათლების მინისტრი გადადგა. ოკუპანტი ქვეყნის დროშის აფრიალებაზე პროტესტს რცხილაძემ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია უწოდა და სიტუაციის დაძაბვა გადაწყვიტა.

"ევრაზიის ინსტიტუტი, როგორც ქართული სამართლებრივი სივრცის სუბიექტი, მოუწოდებს რუსული წარმოშობის საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთის დროშის ნებისმიერ გამოყენებაზე ფაქტობრივი აკრძალვის არსებობა მათ ეთნიკურ და ეროვნულ გამოხატვის თავისუფლებას არღვევს, გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ საკუთარი უფლებები", — წერდა რცხილაძე.

გორჩაკოვის ფონდი

გორჩაკოვის ფონდი ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნიდან მოდის. ის 2010 წელს რუსეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულებითა და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობით შეიქმნა. ფონდის მიზნად სახელდება გლობალიზაციის პირობებში, რუსეთის ინტერესების შესაბამისად, "სახალხო დიპლომატიის" გაძლიერება და რუსული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა.

"ფონდის მისიაა, ხელი შეუწყოს რუსეთისთვის კეთილგანწყობილი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და საქმიან კლიმატის შექმნას საზღვარგარეთ", — წერია მათ ვებგვერდზე.

ფონდის მმართველი და პოლიტიკური საბჭოს წევრები რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო მოხელეები, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მდივანი და შიდა პოლიტიკური ასოციაციის პრეზიდენტი არიან.

გორჩაკოვის ფონდის მმართველი საბჭოს წევრები

გორჩაკოვის ფონდის მმართველი საბჭოს წევრები

ფოტო: გორჩაკოვის ფონდი

რა თქმა უნდა, საქართველო გორჩაკოვის ფონდის სამიზნეა. ამაში დასარწმუნებლად, ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაციის მოძებნაც საკმარისია, სადაც პროპაგანდისტული და პროკრემლისტური ნარატივებით მანიპულაციური და დეზინფორმაციული სიახლეები ვრცელდება. თუმცა, მხოლოდ ეს როდია.

გორჩაკოვის ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროკრემლისტური სიახლეები საქართველოზე

გორჩაკოვის ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროკრემლისტური სიახლეები საქართველოზე

ფოტო: ფოტო გორჩაკოვის ფონდის ვებგვერდიდან

გორჩაკოვის ფონდი ხშირად ატარებს სხვადასხვა შეხვედრასა და ტრენინგს, რომლებზეც "ქართულ-რუსულ" მომავალს განიხილავენ და სტუმრებს არწმუნებენ, თითქოს რუსეთი საქართველოს "მშვიდობიანი" მომავლის ერთადერთი გარანტია.

პრიმაკოვის ფონდი და დიმიტრი ლორთქიფანიძე

სადაც გორჩაკოვის ფონდზე ვსაუბრობთ, იქ გვერდს ვერ ავუვლით, მათ მიერვე შექმნილ პრიმაკოვის სახელობის ფონდს, რომელიც სპეციალურად ქართულ-რუსული ურთიერთობების "ნორმალიზებისთვის" 2013 წელს შეიქმნა.

პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელები ამტკიცებენ, რომ ცენტრის შექმნის აუცილებლობა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში გაჩენილმა დეფიციტმა გამოიწვია და მრავალწლიანმა კრიზისმა "დიალოგის აუცილებლობა წარმოაჩინა". მათივე მტკიცებით, სურთ გამოავლინონ არსებული პრობლემები და დაიწყონ გზების ძებნა მოსაგვარებლად.

რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი პოლიტიკოსი დიმიტრი ლორთქიფანიძეა, რომელიც ადგილობრივ ძალადობრივ ორგანიზაციებთან, ქართულ მარშთან, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან, ლევან ვასაძის სახალხო რაზმთან თანამშრომლობით არის ცნობილი. გორჩაკოვის ფონდის ვებგვერდზე ხაზგასმულია, რომ მათი პარტნიორი ლორთქიფანიძე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.

პრიმაკოვის ფონდის, ქართულ-რუსული ცენტრის წევრების საორგანიზაციო შეხვედრა

პრიმაკოვის ფონდის, ქართულ-რუსული ცენტრის წევრების საორგანიზაციო შეხვედრა

ფოტო: გორჩაკოვის ფონდი / Sputnik / Alex Shlamov

ლორთქიფანიძე პროკრემლისტურ გზავნილებს აჟღერებს როგორც აქციებზე, ასევე, სოციალურ ქსელში, სადაც, მითების დეტექტორის კვლევების მიხედით, ხშირად იტყუება ვიზალიბერალიზაციასა და ასოცირების ხელშეკრულებაზე, აღვივებს აგრესიასა და შუღლს მიგრანტებისადმი და ავრცელებს რუსეთისთვის სასარგებლო ნარატივებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ანგარიშში, ქართული ნეონაციზმის ანატომია, აღნიშნულია, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკიდან წასვლა და ქართული მარშის ლიდერად გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა პრიმაკოვის ფონდში მის დირექტორად დანიშვნას და აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნეონაცისტური ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის.

ქართული მარში

ნეონაცისტური, ჰომოფობიური, ქსენოფობიური და ძალადობრივი პოლიტიკური ორგანიზაცია ქართული მარში უარყოფს რუსეთთან ყოველგვარ კავშირს მაშინ, როცა ამას ადგილობრივი არასამთავრობო და პოლიტიკური ორგანიზაციები ამტკიცებენ. ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს, რადგან გვერდითაც რომ გადავდოთ ყველა პრორუსული აქტივობა, რომელშიც ისინი არიან ჩართული, ვერსად გაექცევიან იმ ფაქტს, რომ ღიად თანამშრომლობდნენ რუსული სახელისუფლებო ფონდის ოფიციალურ წარმომადგენელ დიმიტრი ლორთქიფანიძესთან.

ქართული მარში და დიმიტრი ლორთქიფანიძე

ქართული მარში და დიმიტრი ლორთქიფანიძე

ფოტო: კადრი ვიდეოდან

ქართული მარში 2017 წელს დაფუძნდა და მათი პირველი აქცია ქსენოფობიური შინაარსის იყო. მარშის დამაარსებლები ქართული ოცნების ყოფილი მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე, გია კორკოტაშვილი და ლადო სადღობელაშვილი იყვნენ. მოგვიანებით, კორკოტაშვილმა და სადღობელაშვილმა სხვადასხვა მიზეზით მარშის რიგები დატოვეს.

ქართული მარში ინტენსიურად მართავს ძალადობრივ აქციებს, ფიზიკურად ესხმის თავს ჟურნალისტებსა და აქტივისტებს და სხვადასხვა ფორმით უპირისპირდება დასავლურ ღირებულებებს. მარშის აქტივობები უმეტესად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების დაძაბვას და რუსული ინტერესის შესაბამისად წარმართვას ემსახურება.

ფოტო: თამარ გეგიძე / On.ge

"ეს აგრესიული მოძრაობაა, რომელიც არ ერიდება ოპონენტებზე ფიზიკურ თავდასხმებს. ის მიზნად ისახავს, რომ ხელი შეუშალოს საზოგადოების მხარდაჭერას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ — შიდა პოლიტიკურ კონსენსუსს, რომელიც 15 წელია მიღწეულია. ასევე, მათი მიზანია, შექმნან შიდაპოლიტიკურ დაძაბულობა და კონფლიქტი ქართულ საზოგადოებაში. ქართული მარშის ლიდერებს შორის რამდენიმე პირს კავშირები აქვს რუსეთთან და მათ საქმიანობებში ჩართულ პირებთან", — წერია ესტონეთის დაზვერვის 2017 წლის ანგარიშში.

მარშის პრორუსული და ძალადობრივი აქტივობების გასახსენებლად გაეცანით ქვევით მოყვანილ სტატიებს.

მარში თავდაპირველად მხოლოდ პოლიტიკური პროცესების დესტაბილიზაციით იყო დაკავებული, ახლა კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს. მის მიერ გავლილი გზა ერთგვარი "სახელმძღვანელოა" სხვა ძალადობრივი მოძრაობებისათვის, რის გამოც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

გაიგეთ მეტი:

Sputnik საქართველო

მკითხველისთვის აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ სპუტნიკი არა პრორუსული, არამედ, ოფიციალურად კრემლის მედიაა, რომელიც 2013 წელს პუტინის დადგენილებით შეიქმნა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. სპუტნიკი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც ოპერირებს და ძირითადად ანტიდასავლურ, კრემლისტურ ნარატივებს ავრცელებს.

ფოტო: PBS

Mediameter-ის მონაცემებით, შპს სპუტნიკ ჯორჯია საქართველოში საჯარო რეესტრში ოფიციალურად 2015 წლის 23 იანვარს დარეგისტრირდა. თუმცა, საქართველოს მსგავსად, სხვა ქვეყნებშიც ამ პლატფორმის წარდგინება 2014 წლის 10 ნოემბერს სააგენტო Rossia Segodnia-მ მოახდინა. მათივე ინფორმაციით, სპუტნიკმა 2014 წელს საქართველოში რადიო მაუწყებლობის დაწყება უკანონოდ სცადა და რ-რადიოს სიხშირე გამოიყენა, რის გამოც კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს რ-რადიო და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Newsgeorgia ერთობლივად 5 ათასი ლარით დააჯარიმა. სანქციის შემდეგ, სპუტნიკი რადიოსიხშირის ნაცვლად ონლაინ პლატფორმით სარგებლობს.

სპუტნიკის კრემლისტური პოლიტიკა არაერთი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებში მოხვდა და აშკარა საფრთხედაც შეფასდა. გამოცემის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკა გაატარეს სოციალური ქსელის გიგანტებმა, ფეისბუქმა და ტვიტერმაც.

ღიად პუტინისტური იდეოლოგიის მიუხედავად, სპუტნიკი ცდილობს თავი გავლენიან საერთაშორიო მედიად წარმოაჩინოს და მანიპულაციური გაშუქებით მკითხველი შეცდომაში შეიყვანოს.

გაიგეთ მეტი:

საქართველო და მსოფლიო

ვლადიმერ პუტინისა და იოსებ სტალინის მეხოტბე ბეჭდური გაზეთი საქართველო და მსოფლიო 2009 წელს შეიქმნა. საქართველო და მსოფლიო წარმოდგენილია სამენოვანი ვებგვერდით Geworld.ge, რომლის მთავარ ბანერზე გეორგიევსკის ლენტი და საბჭოთა კავშირის ლოგო გვხვდება.

მთავარი ბანერის სამენოვანი ვერსია საქართველო და მსოფლიოს ვებგვერდზე

მთავარი ბანერის სამენოვანი ვერსია საქართველო და მსოფლიოს ვებგვერდზე

ფოტო: ფოტოები საქართველო და მსოფლიოს ვებგვერდიდან

საქართველო და მსოფლიო ევრაზიის ინსტიტუტის აქტიური პარტნიორია და ხშირად აქვეყნებს მისი წევრების ანტიდასავლურ კომენტარებს. გარდა ამისა, გამოცემა ცნობილია ქსენოფობიური და ჰომოფობიური მასალების ტირაჟირებით და არაერთხელ მოხვდა მითების დეტექტორზე, როგორც დეზინფორმაციის წყარო.

IDFI-ს ანგარიშის მიხედვით, Geworld.ge-ს დამფუძნებელია ორგანიზაცია ისტორიული მემკვიდრეობა, რომლის საბჭოს წევრია ალექსანდრე ჭაჭია. 2014 წელს ჭაჭიას ვლადიმერ პუტინისგან მიღებული აქვს ორდენი "რუსულ-ქართული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის".

ვლადიმერ პუტინის ორდენი ალექსანდრე ჭაჭიას

ვლადიმერ პუტინის ორდენი ალექსანდრე ჭაჭიას

ფოტო: კრემლი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში და ალექსანდრე ჭაჭია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში და ალექსანდრე ჭაჭია

ჭაჭიას პრორუსული პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია მისი ურთიერთობა სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებთან. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტთან, სერგეი ბაღაფშთან.

MDF-ის 2020 წლის კვლევის, ისევე, როგორც სხვა წლებში გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მედიებს შორის სიძულვილის ენის ტირაჟირებას ყველაზე ხშირად საქართველო და მსოფლიოს ჟურნალისტები და ავტორები ახდენენ.

საქინფორმი

IDFI-ის ინფორმაციით, Geworld.ge-სა და მეორე პრორუსული გამოცემის, საქინფორმის დომეინები ისტორიული მემკვიდრეობის ხელმძღვანელის, ტარას გაგნიძის სახელზეა რეგისტრირებული. დომეინის გარდა, ორგანიზაციებს საერთო აქვთ რიტორიკა და რესპონდენტთა სიაც. მეგობარი მედიის მსგავსად, საქინფორმიც არაერთხელ მოხვდა მითების დეტექტორზე, როგორც დეზინფორმაციის გამავრცელებელი.

2004 წლამდე საქინფორმი სახელმწიფო კორპორაცია იყო. 2010 წელს ის რამდენიმე ჟურნალისტმა აღადგინა. ამ ეტაპზე გამოცემა ორ ენაზე, რუსულად და ქართულად ოპერირებს. ორგანიზაციის რედაქტორია ანდრო ხიდირბეგიშვილი, რომელიც გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ყიფიანთან თანამშრომლობს.

არნო ხიდირბეგიშვილი გულბაათ რცხილაძესთან და ირაკლი ყიფიანთან ერთად

არნო ხიდირბეგიშვილი გულბაათ რცხილაძესთან და ირაკლი ყიფიანთან ერთად

ფოტო: საქინფორმი

IDFI-ს ინფორმაციით, საქინფორმს კავშირები ჰქონდა რუსულ ორგანიზაცია Rex-თან, რომლის რედაქტორიც მოდესტ კოლეროვი ცნობილია, როგორც რუსეთის მთავარი იდეოლოგი დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობებში. კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ საქინფორმის პარტნიორ კოლეროვს აკრძალული აქვს შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. ის პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ესტონეთმა და ლატვიამ. ლატვიამ მას სანქცია 2012 წელს დაუწესა და აღნიშნა, რომ კოლეროვი ფარულ საქმიანობას ეწეოდა ლატვიის უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის
ტერიტორიული მთლიანობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით.

MDF-ის 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოსა და მსოფლიოს შემდეგ, სიძულვილის ენის ტირაჟირებას ყველაზე ხშირად საქინფორმი ახდენდა.

პატრიოტთა ალიანსი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ვიზიტი მოსკოვში

პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ვიზიტი მოსკოვში

ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დუმა

ვიზიტები ოკუპანტ ქვეყანასა და ოკუპირებულ რეგიონში, ანტიდასავლური და ანტითურქული რიტორიკა და თავდასხმა საერთაშორისო ინსტიტუტებზე — სწორედ ასე იქცევა პარტია, რომელიც თავს პატრიოტთა ალიანსად მოიხსენიებს და ღიად პრორუსული მიდგომებით გამოირჩევა. სხვადასხვა ავტორიტარული გამოცემა მათ ხშირად ადანაშაულებს კრემლიდან დაფინანსებასა და რუსულ სპეცსამსახურებთან ურთიერთობაში, რასაც პარტიაში უარყოფენ, თუმცა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს აღფრთოვანებით ახასიათებენ.

2012 წელს შექმნილი პატრიოტთა ალიანსი ერთადერთი პარტიაა საქართველოში, რომლის ლიდერებიც აგვისტოს ომის შემდეგ იყვნენ, როგორც ოკუპანტ ქვეყანაში, ასევე, ოკუპირებულ რეგიონში. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ეს "ჰუმანიტარული მისიითა" და მოლაპარაკების სურვილით იყო განპირობებული.

საერთაშორისო ინსტიტუტებიდან პატრიოტთა ალიანსი ყველაზე მეტად NATO-ს უპირისპირდება, თუმცა არანაკლები მონდომებით ებრძვის NDI-სა და IRI-ს. დისკრედიტაციის კამპანიის მოტივად პარტიის ლიდერები საკვლევი ორგანიზაციების "არაზუსტ მონაცემებს" ასახელებენ და ე.წ. მილიონიან კვლევას ატარებენ, რომელსაც ახლახანს "არჩევნებიც" უწოდეს. მკვლევრების განმარტებით, პატრიოტთა ალიანსის კვლევის მეთოდები ბუნდოვანი და მოქალაქეთა რეალური აზრის გამოსახატად გამოუსადეგარია. ექსპერტების აზრით კი, ეს კარგი იარაღია რუსული პროპაგანდისთვის.

ფოტო: პატრიოტთა ალიანსი

ხარვეზიანი კვლევით პარტია ცდილობს დაამტკიცოს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ე.წ. უბლოკო სტატუსის მომხრეა და ჩვენი მოქალაქეებისათვის მიუღებელია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ისევე, როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ათეულობით სანდო კვლევაც ადასტურებს, რომ მოსახლეობას ევროატლანტიკური მომავალი სურს.

ალიანსში ამტკიცებენ, რომ მათი მიდგომები ქვეყნის ინტერესებშია, თუმცა რუსული საკვლევი ორგანიზაციის, ცენტრ დოსიეს კვლევა მიანიშნებს, რომ პარტია ოკუპანტი ქვეყნის გეგმებით მოქმედებს. კერძოდ, დოსიეს ინფორმაციით, პატრიოტთა ალიანსის პოპულარიზაციისთვის კრემლის აქტორებმა დაიქირავეს კომპანია POLITSECRETS, რომელიც პირდაპირ კავშირზეა დაზვერვის გენერალ ჩერნოვთან. მათივე თქმით, დაქირავებულია რუსული სახელმწიფო ჰოლდინგის, სპუტნიკის მიერ დაფინანსებული სააგენტო Regnum და პოლიტიკური ცენტრი ჩრილოეთ-სამხრეთი, რომლის ხელმძღვანელიც კრემლთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერ, მარია ზახაროვასთან დაკავშირებული პირია.

ცენტრის მონაცემების მიხედვით, პარტიის რუსული საარჩევნო ბიუჯეტი დაახლოებით 8 მილიონი ლარია. პასუხად პარტიის ლიდერი, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობს, მაგრამ კრემლთან — არა.

ალიანსის განცხადებებში განსაკუთრებით შეინიშნება ანტითურქული რიტორიკა. რეალური მტრიდან ისრების გადატანის მიზნით, პარტიის ლიდერები დეზინფორმაციული კამპანიებით სტრატეგიულ პარტნიორს მტრად წარმოაჩენენ და ანტითურქულ პოსტებს არეკლამებენ. მეტიც, მათ აჭარაში გამოფინეს საარჩევნო ბანერები, რომლებზეც აჭარა ოკუპირებულ რეგიონად, ოკუპანტად კი თურქეთი წარმოაჩინეს.

პატრიოტთა ალიანსის ანტითურქული ბანერი აჭარაში

პატრიოტთა ალიანსის ანტითურქული ბანერი აჭარაში

ფოტო: Facebook/Helen Khoshtaria

გაიგეთ მეტი:

ნინო ბურჯანაძის პარტია

ნინო ბურჯანაძე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ის 2008 წლის 21 მაისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ გაემიჯნა და უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე. მოგვიანებით, ივლისში მან დემოკრატიული განვითარების ფონდი შექმნა. ამავე წლის 23 ნოემბერს კი ახალი პარტია ჩამოაყალიბა. ის დღემდე აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესებში.

ბურჯანაძეს პრორუსულობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, რადგან ის იმ თითზე ჩამოსათვლელი ქართველი პოლიტიკოსების რიცხვში შედის, ვინც აგვისტოს ომის შემდეგ ვლადიმერ პუტინს შეხვდა, თან არაერთხელ.

ვლადიმერ პუტინი და ნინო ბურჯანაძე

ვლადიმერ პუტინი და ნინო ბურჯანაძე

ფოტო: Ria Novosti

თავად ამბობს, რომ არ ესმის, რატომ აღიქმება პრორუსულ ძალად. შეგვიძლია რამდენიმე განცხადება გავიხსენოთ, რომელიც საპირისპიროში დაგვარწმუნებს:

  • 2016 წლის არჩევნებზე თავის პროგრამაში ის მოსახლეობას რუსეთში ბაზრის გახსნასა და უმუშევრობის პრობლემის ასე გადაჭრას პირდებოდა;
  • მიაჩნია, რომ საქართველოს ისეთივე პრეზიდენტი სჭირდება, როგორიც რუსეთისთვის პუტინია;
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონსტიტუციურად აკრძალვას ითხოვდა;
  • 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ სწორი პოლიტიკის შემთხვევაში მსხვერპლს აირიდებდა.

ომის 10 წლისთავზე ნინო ბურჯანაძემ რუსულ სახელისუფლებო მედიასთან ინტერვიუში ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა. მსგავს აზრს აფიქსირებდა დიმიტრი მედვედევიც, რომელიც ამტკიცებდა, რომ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტისთვის თავის არიდება შეიძლებოდა. თუმცა, როგორც 2012 წელს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, საქართველოსთან ომის გეგმა რუსულმა გენშტაბმა მოამზადა 2006 წლის ბოლოს და 2007 წლის დასაწყისში. ამ გეგმის პრაქტიკული განხორციელება კი მოსკოვმა 2008 წელს გადაწყვიტა.

პირველად ბურჯანაძე მოსკოვში 2010 წლის მარტში, ოპოზიციონერის სტატუსით ჩავიდა. ამ დროისთვის ის მეორე პოლიტიკოსი იყო, ზურაბ ნოღაიდელის შემდეგ, რომელმაც ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის "ნორმალიზებაზე" საუბარი დაიწყო. ვლადიმერ პუტინი იმ დროს პრემიერმინისტრი იყო. ქართული მედია მაშინ წერდა, რომ ბურჯანაძემ პუტინთან საუბრის დროს ერთხელაც არ გამოიყენა სიტყვა ოკუპაცია.

მორიგი ვიზიტი ამავე წლის დეკემბერში შედგა, როცა ბურჯანაძემ პუტინთან ერთად მემორიალი გახსნა სლოგანით: "ამ ომში ჩვენ ერთად ვიყავით". რუსული მედიის ინფორმაციით, ეს მონუმენტი ქუთაისში აფეთქებული საბჭოთა მემორიალის საპასუხოდ დაიდგა და ბურჯანაძეს სწორედ ამიტომ მიიწვიეს მის გახსნაზე.

ვლადიმერ პუტინი და ნინო ბურჯანაძე

ვლადიმერ პუტინი და ნინო ბურჯანაძე

ფოტო: AFP

ამის შემდეგ სხვადასხვა პერიოდში ბურჯანაძე არაერთხელ ჩავიდა მოსკოვში და კრემლისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდა. ის პუტინის იმ ფორუმს დაესწრო, რომელზეც ოკუპირებულ აფხაზეთს დე ფაქტო დელეგაცია ჰყავდა და ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

ნინო ბურჯანაძე და სხვა პოლიტიკოსი ქალები ვლადიმერ პუტინის ორგანიზებულ ფორუმზე

ნინო ბურჯანაძე და სხვა პოლიტიკოსი ქალები ვლადიმერ პუტინის ორგანიზებულ ფორუმზე

ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პარტიებისა და ორგანიზაციებისა, რომლებიც რუსულ ინტერესებს ემსახურებიან. კრემლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ფეხი იმაზე აქტიურად აქვს გადგმული, ვიდრე წარმოგვიდგენია. იმისთვის, რომ თავი დავიცვათ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან, აუცილებელია, საინფორმაციო ომს მომზადებულები შევხვდეთ.

თუ გინდა, რომ ნამდვილი და ყალბი ამბები ერთმანეთისგან მარტივად განასხვავო და დეზინფორმაციისგან სხვებიც დაიცვა, შემოგვიერთდი ჯგუფში – ერთად ვებრძოლოთ დეზინფორმაციას.

სტატია მოამზადა On.ge-მ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია On.ge. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…