ჩვენი ფინანსური მონაცემები ძალიან სენსიტიურია და ყოველთვის დაცული არაა. ამას გასულ წლებში მომხდარი ათასობით ჰაკერული თავდასხმა თუ ინფორმაციის გაჟონვა მოწმობს. საკრედიტო ბარათების კომპანიის, Capital One ცნობით, 2019 წელს მისი 106 მილიონი მომხმარებლის მონაცემი და ინფორმაცია რისკის ქვეშ დადგა. 2018 წელს კი ისეთი დიდი კორპორაციების მომხმარებელთა მონაცემებმა გაჟონა, როგორებიცაა Marriott, T-Mobile, Facebook და Panera. გარდა ამისა, "წვრილმანი" თაღლითები ყალბი საიტებისა და მეილების საშუალებით ყოველდღიურად ცდილობენ, მოტყუებით გამოძალონ ფული ადამიანებს.

რა ამოძრავებთ კიბერთაღლითებს? — პასუხი მარტივია, ამით ისინი ფულს შოულობენ. ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე საბანკო ბარათის მონაცემების ფასი, სულ მცირე, $5-დან $100-მდე მერყეობს.

ამ სტატიაში შვიდ რჩევას გაგიზიარებთ, რომლითაც შენი ფინანსური ინფორმაცია რთულად მოსაპოვებელი გახდება. მართალია, ბარათის გამოცვლა ან ახალი ანგარიშის შექმნა ყოველთვის შესაძლებელია, თუმცა რატომ უნდა ინერვიულო, როცა თაღლითობისგან თავის არიდებისთვის სულ რამდენიმე ხრიკის ცოდნაა საჭირო.

1. ყურადღება მიაქციე ბარათებს

ფოტო: Giphy

თუ შენც სტატიის ავტორივით გულმავიწყი ხარ, შეიძლება ხშირად აღმოჩნდე სიტუაციაში, როცა ვეღარაფრით იხსენებ, სად დაგრჩა ბარათი — იქნებ, კაფეში, ლანჩისას? ან იქნებ ბენზინგასამართ სადგურზე? თუ მთლად უარესი — ნაგავს გადააყოლე? ამ უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად ერთი მარტივი ჩვევა გამოდგება: ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას (საფულეში, ჩანთაში) შეინახე ბარათი და ყოველი გადახდისას დარწმუნდი, რომ ნამდვილად საიმედო ადგილასაა. თუ ამან ვერ გიშველა და ბარათი მაინც დაკარგე, დაუკავშირდი ბანკს, დაუყოვნებლივ დაბლოკე და გამოცვალე ის.

2. გამოიყენე მობაილბანკი

ფოტო: Giphy

სადაც არ უნდა იყო, მობაილბანკით საბანკო ანგარიშის გადამოწმების საშუალება ყოველთვის გექნება და რაიმე საეჭვო ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში, დეტალურად ნახავ, სად, როდის, რამდენი თანხა გადაირიცხა. თანაც, საჭიროების შემთხვევაში, ბარათსაც მობაილბანკიდანვე დაბლოკავ.

არ დაგავიწდეს: მობაილბანკზე, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ანგარიშზე, უნდა დააყენო ძლიერი პაროლი — დიდი ასოების, ციფრებისა და სიმბოლოების კომბინაცია.

3. არ გამოგრჩეს შეტყობინება თაღლითობის შესახებ

ფოტო: Giphy

როცა ანგარიშიდან საეჭვო ტრანზაქციები ხორციელდება ან დროის მცირე მონაკვეთში ბარათიდან თანხა რამდენჯერმე იჭრება, ბანკს შეუძლია დაუყოვნებლივ დაგიკავშირდეს, დააზუსტოს, ნამდვილად შენ ახორციელებ თუ არა ამ ტრანზაქციებს და, საჭიროების შემთხვევაში, ბარათი დაბლოკოს. ყურადღება მიაქციე ბანკის ოფიციალური წარმომადგენლისგან მიღებულ ასეთ შეტყობინებებს, გაფრთხილებებს ან სატელეფონო ზარებს.

4. ანგარიშსწორებისთვის გამოიყენე ალტერნატიული ბარათი

ფოტო: Giphy

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოს და გვკითხო, აბა რისთვისღა მჭირდება სახელფასო ბარათიო, თუმცა, სწორედ ასე გადაურჩები მთლიანი თანხის მოხსნას იმ ბარათიდან, რომელიც პირდაპირ მიბმულია მთავარ საბანკო ანგარიშზე. ამიტომაც სჯობს, გამოიყენო სხვა სადებეტო ან საკრედიტო ბარათები, რომელზეც ზუსტად იმდენ თანხას გადაიტან, რამდენიც საყიდლებისთვის გჭირდება.

გარდა ამისა, თუ ონლაინ ყიდულობ რაიმეს, გამოიყენე 3D უსაფრთხოების სერვისი და გადახდის ბოლო ეტაპზე შენს მობილურზე მოსული კოდის შეყვანის გარეშე თანხა არ ჩამოგეჭრება.

5. არ წამოეგო თაღლითების სატყუარას

ფოტო: Giph

ფიშინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბერდანაშაულია. თაღლითები SMS შეტყობინებებით, მეილებით, ყალბი ვებსაიტებით ან სოციალური მედიის საშუალებით გატყობინებენ, რომ დიდი რაოდენობის თანხა მოიგე (ან პირიქით — დაკარგე) და ამ თანხის მისაღებად (ან დასაბრუნებლად) მათ შენი საბანკო მონაცემები უნდა გაუზიარო. ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, ბანკს ან იმ კომპანიას უნდა დაუკავშირდე, რომლის სახელით გწერენ და დააზუსტო, რამდენად შეეფერება ეს ინფორმაცია სინამდვილეს.

გახსოვდეს, კიბერთაღლითების ფანტაზია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, ფიშინგის კიდევ უამრავი ხერხი არსებობს, ამიტომ სჯობს, ყველა საეჭვო ვებსაიტსა თუ შეტყობინებას მოერიდო.

6. არ გაუზიარო ბარათის მონაცემები ვინმეს ტელეფონით

ფოტო: Gipht

ფიშინგის მსგავსად, თაღლითები საბანკო ბარათის მონაცემების გამოძალვას სატელეფონო ზარითაც ცდილობენ. მათ შეიძლება დაგირეკონ და დაგარწმუნონ, რომ შენს საბანკო ბარათს რაღაც სჭირს, ან ჯარიმა გაქვს გადასახდელი და სიტუაციის გამოსასწორებლად ბარათის მონაცემები დაუყოვნებლივ უნდა უთხრა. არასდროს გაუზიარო ვინმეს ბარათის მონაცემები ტელეფონზე. თუ ფიქრობ, რომ თაღლითი დაგიკავშირდა, გათიშე ზარი და პოლიციას აცნობე.

7. ფრთხილად იყავი ბანკომატიდან თანხის გამოტანისას

ფოტო: Gifer

ერთია, უკან მდგომს არ მისცე საშუალება, გადმოგხედოს და დააკვირდეს შენს ბარათს ან პინს როცა ბანკომატიდან თანხა გამოგაქვს, და მეორეა, თავად ბანკომატის აპარატი იყოს უსაფრთხო. ხშირად თაღლითები ბანკომატებზე მცირე ზომის გადამღებ მოწყობილობებს, ეგრეთ წოდებულ "სკიმერებს" ამაგრებენ, რითაც ბარათზე დატანილ ციფრებს სწრაფად აფიქსირებენ. დააკვირდი, უცნაური რამ ხომ არ აქვს მიმაგრებული ბანკომატს — ის შეიძლება აპარატისვე ნაწილს ჰგავდეს, თუმცა თუ ახლოდან შეხედავ, მიხვდები, რომ სინამდვილეში "უცხო სხეულია". ამასთან, შეგიძლია თანხა ისეთი აპარატებიდან გამოიტანო, რომელიც ბანკის ან ახლომდებარე შენობის სათვალთვალო კამერის მეთვალყურეობის ქვეშაა.