"მითხარი შენი პაროლი, მე ვიზამ მაგას" და სხვა ფრაზები კიბერთაღლითების ოცნებებიდან
21-ე საუკუნე იმითაც გამოირჩევა, რომ საფრთხეები მხოლოდ ხილული აღარაა და ადამიანები ინტერნეტსივრცეში, უხილავი თავდასხმებისთვისაც უნდა იყვნენ მზად.
კიბერუსაფრთხოება ის საკითხია, რომელსაც ინტერნეტის უბრალო მომხმარებლები და ზოგჯერ დიდი კორპორაციებიც კი არასათანადო ყურადღებას უთმობენ.
ამ სტატიაში მოგროვებულია ფრაზები, რომლებიც კიბერუსაფრთხოების ყველა სპეციალისტისთვის კოშმარულად ჟღერს.
"მითხარი შენი, პაროლი მე ვიზამ მაგას"
ასეთი რამ არ შეიძლება. შეიძლება თქვენს მეგობარს ენდობოდეთ, მაგრამ პაროლები და გადახდის კოდები ისეთი რამაა, რაც ოჯახის წევრსაც არ უნდა ანდოთ.
თუკი განსხვავებული პაროლების დამახსოვრება გიჭირთ, ამისათვის არსებობს პაროლების მენეჯერები, რომლებიც ცხოვრებას გაგიმარტივებენ და აურაცხელი ანგარიშის ყველა პაროლს ერთ სივრცეში მოაქცევენ.
ერთ-ერთი საუკეთესო პაროლების მენეჯერია — Bitwarden, მისი გამოყენება ყველა პლატფორმაზე შეგიძლიათ.
"ვიღაცის ინტერნეტს ვიჭერ და უცებ შევალ ჩემს ექაუნთზე"
ეს შეიძლება გამოუსწორებელ შეცდომად იქცეს. მაქსიმალურად ერიდეთ საჯარო სივრცეებსა თუ დაწესებულებებში განთავსებული ინტერნეტით რამე ფინანსური ოპერაციის შესრულებას და უკეთესი იქნება, თუ თქვენს პირად ანგარიშებზეც არ შეხვალთ.
"ლოკაციას და ეგეთ ფუნქციებს არასდროს ვთიშავ"
ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფრაზა გამოცდილი კიბერთაღლითებისთვის საკმაოდ გემრიელი ლუკმაა ხოლმე. მათ თქვენი ლოკაციის დადგენაც შეუძლიათ. ამიტომ, როდესაც არ გჭირდებათ, ეცადეთ, რომ GPS და ლოკაციის ტრეკინგი გათიშოთ. ასევე, სასურველია თუ ინტერნეტსაც მხოლოდ მაშინ ჩართავთ, როცა ამის საჭიროება რეალურად გექნებათ.
"კარგი რა, ფოტოებს ვაკეთებ, ამ აპლიკაციამ რა უნდა მიყოს"
დღეისათვის აპლიკაციების შექმნა და მისი სთორებში განთავსება საკმაოდ მარტივია. თუმცა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ უამრავი დეველოპერი არალეგალურად ცდილობს თქვენი პერსონალური ინფორმაციის შეგროვებას. შეიძლება არც დაიჰაკოთ და არც ფული დაკარგოთ ანგარიშიდან, მაგრამ თქვენს პერსონალურ ინფორმაციას თუ გაყიდიან და კვლევებისთვის გამოიყენებენ, მგონი არც ეს უნდა იყოს სასიამოვნო. აპლიკაცია მხოლოდ ნაცნობი წყაროებიდან გადმოწერეთ, გაეცანით მის შეფასებას და დარწმუნდით, რომ ნამდვილად სანდოა.
"მაგხელა პაროლის დამახსოვრება არ გეზარებაა?..."
არა, მეგობრებო, დიდი პაროლების დამახსოვრება არავის უნდა გვეზარებოდეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმისათვის, რომ პაროლები ერთ სივრცეში მოაქციოთ, შეგიძლიათ სპეციალური აპლიკაციები გამოიყენოთ.
"ერთ ლინკზე გადასვლა არაფერს მიზამს"
ამ ფრაზას ხშირად მოისმენთ ფეისბუქის მომხმარებლებისგან. კიბერთაღლითებისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენ ლინკზე ან თამაშზე გადახვალთ, მათთვის ერთიც კლიკიც სრულად საკმარისია იმისათვის, რომ თქვენ შესახებ ინფორმაციის შეგროვება დაიწყონ. თუკი დარწმუნებული არ ხართ წყაროს სანდოობაში, ასეთ ლინკებს ნუ ენდობით და ნურც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების მიზნით გადახვალთ მათზე.
"კარგი რა, ჩემი რაღაცები ვის რაში სჭირდება"
თუკი ტელეფონი დაკარგეთ, ან გგონიათ, რომ უცხო მოწყობილობიდან თქვენს ანგარიშზე შეხვედით და გამოსვლა დაგავიწყდათ, მაშინ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ უსაფრთხოების წესები დაიცვათ. გულგრილი დამოკიდებულებით სავალალო შედეგებამდე მისვლაც შეიძლება, ამიტომ თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, უმალ შეცვალეთ თქვენი ანგარიშის პაროლი ან თუკი აპლიკაციას Sign out from all devices ფუნქცია აქვს, აუცილებლად გამოიყენეთ ის.
და ბოლოს...
როდესაც რაიმე საიტზე შევდივართ, უნდა გავარკვიოთ, დაცულია თუ არა ის. ამისათვის საკმარისია, რომ მისამართის ველს კარგად დავაკვირდეთ. ბოქლომის ნიშანი მისამართის ველთან იმის მანიშნებელია, რომ თქვენ უსაფრთხო ვებსაიტზე იმყოფებით.
გარდა ამისა, როდესაც უამრავ საიტზე დარეგისტრირების მიუხედავად, ყველგან ერთსა და იმავე პაროლს იყენებენ — ეს დაუშვებელი შეცდომაა. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ პაროლები იყოს რთული, შეიცავდეს ერთ დიდ ასოს მაინც და აუცილებლად იყოს მასში რიცხვების გარკვეული კომბინაცია. ასევე, ნუ ჩათვლით, რომ თუ პაროლად თქვენს დაბადების წელს დააყენებთ, ეს კარგი არჩევანი იქნება. ასეთი პაროლების გამოცნობა ყველაზე მარტივია და უმეტესწილად, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს კიბერთაღლითებისთვის.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ინტერნეტ თავდასხმები მრავალგვარია, თუმცა ყველაზე გავრცელებული ფორმა ფიშინგია. ამ მეთოდით ჰაკერები გულუბრყვილო მომხმარებლების დაჭერას ცდილობენ. თუკი დილით იღვიძებთ და მეილზე გხვდებათ წერილი, რომ თქვენ მოიგეთ მილიონი, ხოლო საიტი, რომელზეც გადადიხართ საკმაოდ სოლიდურად გამოიყურება და თქვენგან მხოლოდ ფეისბუქის მეილსა და პაროლის შეყვანას მოითხოვს, ესე იგი ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს.
ხშირ შემთხვევაში ასეთ დამოკიდებულებას სავალალო შედეგებამდე მივყავართ. კიბერსივრცეში ჩვენი თავი მხოლოდ ჩვენ გვეკუთვნის და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ თაღლითებს სამოქმედო არეალი შევუმციროთ — ამ ყველაფრის გაკეთება კი, ერთი შეხედვით, შეიძლება რთული მოგეჩვენოთ, თუმცა ეს ასე არ არის.
კომენტარები