ბინადრობის უფლების მქონე ადამიანები საქართველოში ვერ შემოდიან — სახელმწიფოს პასუხი არ აქვს
საქართველოს ბინადრობის სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები მათი უფლებების დარღვევაზე ჩივიან. სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოში შემოსვლის უფლება დღემდე აკრძალულია იმ პირებისთვის, რომლებიც ბინადრობის სტატუსით სარგებლობენ. მათი თქმით, საქართველო ბინადრობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებს უგულებელყოფს. პრობლემაზე რეაგირებისთვის მათ სახალხო დამცველს მიმართეს. ბინადრობის დოკუმენტის მქონე მოქალაქეების მიმართვას ომბუდსმენის აპარატის დისკრიმინაციის განყოფილება სწავლობს.
მარია ტიმოშუკი უკრაინის მოქალაქეა. საქართველოში ბოლო 14 წელია ცხოვრობს. პირველად 2006 წელს, კომპანია ბორჯომთან დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოვიდა. კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი, 2010 წელს საცხოვრებლად და სამუშაოდ დარჩენა გადაწყვიტა. გუდაურში ბინაც შეიძინა და საქართველოს სათხილამურო კურორტზე მცირე ბიზნესიც გახსნა.
მარიას გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა, საგადასახადო ნომერი და ოფიციალურად რეგისტრირებული მცირე ბიზნესი აქვს. ამბობს, რომ საქართველო მისთვის ძირითადი საცხოვრებელი ადგილია, სადაც გადასახადებს კეთილსინდისიერად იხდის.
"რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი თავისუფალი და აქტიური ადამიანი, დროდადრო ქვეყნიდან გავდივარ — მეგობრების მოსანახულებლად, მოგზაურობისთვის, ოჯახის სანახავად, საქმიანი ურთიერთობებისთვის და ა.შ. ასე მოხდა ბოლო შემთხვევაშიც. გასული წლის მარტის დასაწყისში, დაახლოებით, ორი კვირით დავტოვე ქვეყანა, ევროპაში მეგობრების მოსანახულებლად და შემდეგ კიევში ნათესავები უნდა მენახა. თუმცა, პანდემიის გამო, საზღვრები დაიკეტა და ევროპაში ჩავრჩი", — უყვება მარია ტიმოშუკი On.ge-ს.
მისი თქმით, შეზღუდვების დაწესების დროს საქართველომ ოფიციალურად გაცემული ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების უფლებები დაივიწყა.
"ისევე, როგორც ქვეყნის სხვა მრავალი კანონიერი მაცხოვრებელი და გადასახადის გადამხდელი, 10 თვეზე მეტია ჩემს ჩვეულ ცხოვრებას ვერ ვუბრუნდები. ასევე, ქონებას, ჩემს შინაურ ცხოველს, მიკრო ბიზნესს, მეგობრებს და ა.შ. ბუნებრივია, ასეთი დამოკიდებულება საქართველოში ოფიციალური ბინადრობის ნებართვის ღირებულებას მთლიანად აუფასურებს", — ამბობს ის.
მისივე თქმით, კიდევ უფრო დამცინავი და სასაცილოა დსთ-ს ქვეყნების მოქალაქეებისთვის სრული ვაქცინაციის სერტიფიკატით შემოსვლის ბოლო "ნებართვა".
"პირველ რიგში, იმიტომ, რომ დსთ-ს ქვეყნების უმეტესობაში ვაქცინაცია, მით უფრო მასობრივი, ჯერ არ დაწყებულა. მეორეც, იმის გათვალისწინებით, რომ პირველ თებერვალს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეებზე ზეწოლის დაუშვებლობის და ამის საფუძველზე დისკრიმინაციის იძულებითი მოთხოვნის შესახებ", — ამბობს ტიმოშუკი.
საქართველოში შემოსვლისას იგივე პრობლემას აწყდება ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, რომელმაც დამატებითი შეფერხების თავიდან აცილების მიზნით ანონიმურად დარჩენა გვთხოვა. მაიკლი (სახელი შეცვლილია) საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს. ბინადრობის ნებართვა 2015 წლიდან აიღო. 2014-დან 2018 წლამდე საქართველოს სხვადასხვა უწყებაში ინგლისურის მასწავლებლად მუშაობდა. 2016 წლიდან კი, თბილისში ორი კაფე და ერთი ბარი გახსნა, რომელიც პანდემიის დაწყებამდე ფუნქციონირებდა.
"გასული წლის ზაფხულში, როდესაც საქართველომ საქმიანი სავიზო პროგრამა დააწესა, საქართველოში დაბრუნების შესახებ განცხადება შევიტანე, თუმცა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი მივიღე, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი კომპანიისგან უკვე მქონდა მოწვევა, რომ კარანტინისა და ტესტირების ხარჯებს ისინი დაფარავდნენ. ჩამოსვლისთანავე ხელფასიც მექნებოდა და ხარჯების გაწევასაც თავად შევძლებდი. ასევე, ვარ თბილისში ორ სხვადასხვა ბიზნესში წილის მფლობელი და მაქვს დროებითი ბინადრობის ხუთწლიანი ნებართვაც. ელექტრონული ფოსტით წერილი სხვადასხვა უწყებას გავუგზავნე, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ", — გვიყვება ის.
პრობლემა ექმნებათ არა მხოლოდ საქართველოში ბინადრობის მქონე უცხოელ მოქალაქეებს, არამედ ეთნიკურ ქართველებსაც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, მაგრამ ბინადრობის სტატუსი აქვთ.
ელიზავეტა ოყრეშიძე რუსეთის მოქალაქეა. საქართველოში საცხოვრებლად ქმართან ერთად 2018 წელს ჩამოვიდა. ერთ წელში მუდმივი ბინადრობის ნებართვა მიიღო, ქმარმა — დროებითი. საქმეების გამო მარტში ერთი თვით ქვეყნიდან გასვლა მოუწიათ, რა დროსაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო საზღვარი ჩაიკეტა.
"სახლში დაბრუნება დღემდე არ შეგვიძლია. ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, ორივეს ბინა იქ გვაქვს. რუსეთიდან საქართველოში მთლიანად გადმოვსახლდით, მაგრამ უკან დაბრუნება ვერანაირი გზით ვერ შევძელით. ასევე, რუსული ვაქცინით აცრა არ მინდა და სახლში წასვლის გზაც დაკეტილი მაქვს", — ამბობს ელიზავეტა ოყრეშიძე On.ge-სთან.
მისთვის საქართველოს მთავრობის პოზიცია გაუგებარია.
"მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეს უშვებენ, მაშინ როცა გერმანიის ან საფრანგეთის მოქალაქეს ატარებენ საზღვარზე ბინადრობის ნებართვით, მე, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს მუდმივი ბინადრობით ვსარგებლობ, ამის შესაძლებლობა არ მეძლევა. რატომ ასეთი დისკრიმინაცია? თანახმა ვარ კარანტინი გავიარო, ჩავაბარო კორონავირუსის ტესტი, მაგრამ რატომ არ მიშვებენ?! ჩემი ყველა უფლება დარღვეულია", — აღნიშნავს ის.
2020 წლის 18 მარტიდან საქართველოს მთავრობის №164 დადგენილების მიხედვით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათ უახლოეს ნათესავებს (ცოლი/ქმარი და შვილი) ჰქონდათ.
შემდეგ, საზღვრის კვეთის პროცედურები ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის და ამავე ქვეყნების რეზიდენტების, მაგალითად, ბინადრობის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის გამარტივდა. მოგვიანებით, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის შემოსვლის პირობები რამდენჯერმე შეიცვალა. კერძოდ, საქართველოში შემოსვლის უფლება მიენიჭათ უცხო ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც ბიზნეს-მოწვევის ან ე.წ. ფრილანს-ვიზების ფარგლებში ჩამოდიოდნენ.
საქართველოში ბინადრობის კანონიერი განმარტების მიხედვით, ბინადრობის მქონე პირებს ენიჭებათ საქართველოში შემოსვლისა და ტრანზიტით გადაადგილებისა და საქართველოში დარჩენის უფლება. თუმცა, ამბობენ, რომ 2020 წლის 18 მარტიდან დღემდე ბინადრობის მქონე პირებისთვის ეს უფლებები შეზღუდულია.
"მოიაზრებს თუ არა საქართველოს სახელმწიფო ქვეყანაში მცხოვრებ კანონიერ, კანონმორჩილ და გადასახადების გადამხდელ მიგრანტებს საზოგადოების მნიშვნელოვან წევრებად?", — სვამენ კითხვას საქართველოს ბინადრობიის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ომბუდსმენისთვის 5 თებერვალს გაგზავნილ ღია წერილში.
მათი თქმით, საქართველომ საკუთარ კანონმდებლობაში განსაზღვრულ ბინადრობის განმარტებას პატივი უნდა სცეს და საერთაშორისო კონვენცია დაიცვას, რომლის მიხედვით, ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს უფლება აქვთ ქვეყანაში დამატებითი დაბრკოლებების გარეშე შემოვიდნენ.
"ბევრი ჩვენგანი ვსაუბრობდით ამ პრობლემის შესახებ ჩვენ მიერ მიწერილ წერილებში საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრისთვის, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. ჩვენი ღია კოლექტიური მიმართვა თქვენთან, როგორც საქართველოს სახალხო დამცველთან, არის უკანასკნელი იმედი, მივიპყროთ საქართველოს სახელმწიფოს ყურადღება. უამრავი ადამიანი დგას ამ პრობლემის წინაშე", — ნათქვამია ღია წერილში.
საქართველოს ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მივმართეთ. ჩვენს კითხვებზე: რის საფუძველზე ეთქვათ უარი ქვეყანაში შემოსვლაზე ზემოთაღნიშნული ქვეყნის მოქალაქეებს, არსებობს თუ არა სხვა პროცედურები მათთვის და რას პასუხობდნენ მათ, Stopcov.ge-ს ბმულით გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ ყველა საჭირო ინფორმაციას მითითებულ ვებგვერდზე ვნახავდით.
როგორც მოსალოდნელი იყო, ყველა საჭირო ინფორმაცია აქ არ აღმოჩნდა. ბმულზე მითითებულია მხოლოდ ის, რომ 2021 წლის პირველი თებერვლიდან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში შემოსვლის ახალი წესები ამოქმედდა.
სამინისტროს ვებ-გერდზე კი წერია, რომ ამ წესების თანახმად, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, მათ შორის ბინადრობის მქონე პირს, რომელიც საზღვრის კვეთისას კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს, ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსვლა შეეძლება. უწყებაში აცხადებენ, რომ საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვთ, ასევე, შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნებში ბინადრობის უფლების მქონე პირებს. ესენია:
- ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები;
- ისრაელის სახელმწიფო;
- შვეიცარიის კონფედერაცია;
- ნორვეგიის სამეფო;
- ამერიკის შეერთებული შტატები;
- დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო;
- საუდის არაბეთი სამეფო;
- კატარის სახელმწიფო;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები;
- ბაჰრეინის სამეფო და
- თურქეთის რესპუბლიკა.
საქართველოში შემოსავლელად აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ პირობებს, რომლის ნახვაც შესაძლებელია, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge.
ამ ინფორმაციის მიუხედავადაც, უცნობია, რის საფუძველზე ეთქვათ უარი ქვეყანაში შემოსვლაზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში ბინადრობის უფლება აქვთ. On.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის კითხვების დასმის საშუალება არ მიეცა, ამიტომ იძულებული ვართ, მკითხველს მხოლოდ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება მივაწოდოთ.
კომენტარები