იაფი როუმინგი — როგორ შეამცირებს ახალი შეთანხმება ფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში
თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ საზღვარგარეთ, ალბათ, თქვენთვის ნაცნობია ეს სიტუაცია: ფრენის შემდეგ აეროპორტში დგახართ და ინტერნეტის გარეშე სრულიად უმწეოდ გრძნობთ თავს, გონებაში კი ეს აზრები გიტრიალებთ: სად შეიძლება სიმი ვიყიდო? როგორ მივაგნო სასტუმროს? გასასვლელი საითაა? კი მაგრამ, როგორ ვცხოვრობდით ადამიანები მობილური ინტერნეტის გარეშე? მობილური ოპერატორები ამ გამოწვევასთან გასამკლავებლად როუმინგს გვირჩევენ ხოლმე, მაგრამ ეს სერვისი ქართველი მოგზაურებისთვის ძვირი და მოუხერხებელია.
ფინანსური ფაქტორი ხშირად ალტერნატიული გზების ძიებისკენ გვიბიძგებს, რის გამოც ახალ სიმბარათს ვყიდულობთ და უცხო სერვისთან ადაპტირებას ვცდილობთ.
პანდემიის დასრულების შემდეგ მოგზაურობა უამრავი ადამიანის პრიორიტეტი იქნება. კარგი ამბავი ისაა, რომ იაფი როუმინგის ფასები გზაშია: ერვოკავშირისა და მისი EU4Digital ინიციატივის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის (საქართველო, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი და უკრაინა) რეგიონული როუმინგის შეთანხმების გაფორმება იგეგმება, რომელიც ამ ქვეყნებში როუმინგის ფასებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
"საკომუნიკაციო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა ფუფუნება არ უნდა იყოს"
მარიამ ხუროშვილი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ქსელის მენტორი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის ახალგაზრდა ექსპერტია და მისთვის მოგზაურობა სამუშაო პროცესის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, როუმინგს იშვიათად რთავს მაღალი ტარიფის გამო. მოგზაურობისას მობილურით სარგებლობა საშუალოდ 3-ჯერ მეტი უჯდება, ვიდრე თბილისში ყოფნისას.
მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ინტერნეტთან დაუყოვნებლივი წვდომა აუცილებელია, მაგალითად 2015 წელს, როდესაც მარიამი ბერლინში დაეშვა, ხოლო მისი ჩემოდანი — არა.
"ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დალაგებული დღის წესრიგი ამერია და ყველაფრის სწრაფად შეცვლა მომიწია, რასაც ინტერნეტთან ხელმისაწვდომობისა და სწრაფი კომუნიკაციის გარეშე ვერ ვიზამდი", — იხსენებს ის.
გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წელს ყველაფერი გაციფრულდა, ადამიანებს მომდევნო წლებში მარტივ და ხელმისაწვდომ პროდუქტებზე უფრო მეტი მოთხოვნა გაუჩნდებათ.
"ეს გარდაუვალი გახდა. ადრე თავს ვიკავებდი დამატებითი ხარჯებისგან და იყო შემთხვევები, როდესაც ქვეყნიდან ორი დღით გასვლისას არ ვრთავდი როუმინგს, მაგრამ ახლა უკვე თავისუფლად ჩავრთავ და მრავალფეროვანი სერვისითაც ვისარგებლებ. სამყაროში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომ საკომუნიკაციო და ციფრულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა ფუფუნება კი არა, ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს", — ამბობს მარიამი.
მარიამის მსგავსად, ავტოასისტენტის გამოძახების პლატფორმა CARU-ს დამფუძნებელს, ნიკა აბაშიძესაც ხშირად უწევს მოგზაურობა, თუმცა როუმინგს იშვიათად რთავს.
"როცა მუდამ ხაზზე ყოფნა მჭირდება, უცხო ქვეყანაში რომ ჩავდივარ, პირველი, რასაც ვაკეთებ, იქაური ნომრის ყიდვაა, რადგან როუმინგი ძალიან ძვირია. თუმცა ახალი სიმბარათის ყიდვაც, მაინცდამაინც, კომფორტული პროცესი არ არის: სამი დღით რომ ჩადიხარ და ერთთვიან პაკეტს ყიდულობ ცალკე ხარჯია, მაგრამ უმეტესად ესეც კი უფრო იაფი გამომდის, ვიდრე როუმინგი", — გვეუბნება ნიკა.
ნიკა გვიყვება, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას ამას პრობლემები ხშირად გამოუწვევია:
"გერმანიაში ვიყავით, როცა მხოლოდ ერთი სიმ ბარათი ავიღეთ მე და ჩემმა თანმხლებმა. საქმეზე მივდიოდით და ორიენტირებისთვის რუკა გვჭირდებოდა. ისე მოხდა, რომ დაჯდა ის ტელეფონი, რომელშიც გერმანული სიმ ბარათი გვედო. ვიარეთ ფეხით, ვეძებეთ, ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და დანიშნულების ადგილს მაინც ვერ მივაგენით. მობილურ სერვისებზე წვდომა რომ გვქონოდა, საქმეს უფრო მარტივად გავაკეთებდით და მთელ დროს არ დავკარგავდით", — თქვა მან.
შეთანხმება, რომელიც როუმინგის ტარიფებს შეამცირებს
კომუნიკაციების კომისიის საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი, ნინო გრძელიშვილი გვეუბნება, რომ როუმინგის მაღალმა ფასებმა და თანმდევმა ტექნოლოგიურმა სირთულეებმა ევროკავშირის მხრიდან რეგიონული როუმინგის ხელშეკურლების მხარდაჭერა არსებითი გახადა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის როუმინგის საერთო სივრცის შესახებ შეთანხმება 2021 წლის შემოდგომაზე უნდა გაფორმდეს და მომავალი წლიდან ძალაში შევიდეს.
"ეს შეთანხმება საერთაშორისო როუმინგზე ზედაზღვრული ტარიფების დაწესებას გულისხმობს. იგი დაფარავს შემომავალ და გამავალ ზარებს, ტექსტურ შეტყობინებებს და ასევე, მობილურ ინტერნეტსაც", — განმარტავს ნინო გრძელიშვილი.
ნინო გრძელიშვილი
ფოტო: On.ge / თორნიკე ზიზიაშვილი
მისი თქმით, 2015 წელს ციფრული ბაზრების ჰარმონიზების პანელურ შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიამ ამ შეთანხმების შესახებ გააჟღერა და უკვე 2016 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმის (EaPeReg) ფარგლებში, როუმინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (REWG) შექმნის შემდეგ, თემაზე აქტიური მუშაობა დაიწყო.
"21-ე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაა და ელექტრონულ კომუნიკაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ამ საკითხის მნიშვნელობა — თითოეულ ჩვენგანს მუდმივ კომუნიკაციაზე გვიწევს ყოფნა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ, რაც ამ შეთანხმებას მოეწერება ხელი და ეტაპობრივად ამოქმედდება, ის იქნება ძალიან კომფორტული მომხმარებლებისთვის, როგორც ტექნიკური, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით", — განაცხადა მან.
EU4Digital-ის ერთ-ერთი მიზანი სწორედ საერთაშორისო როუმინგთან დაკავშირებული საქმიანობის ჰარმონიზაცია და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის საერთაშორისო როუმინგის საერთო სივრცის შესახებ პოტენციური შეთანხმებაა. EU4Digital-ის ტელეკომის წესების მიმართულების ექსპერტთა გუნდის ლიდერი, ანდრეი დომბროვსკისი გვეუბნება, რომ ინიციატივის ფარგლებში როუმინგის ფასების 87%-იანი კლებაა მოსალოდნელი.
ანდრეი დომბროვსკისი
"ეს არამარტო სარგებელს მოუტანს მომხმარებელს, შეამცირებს როუმინგის ფასებს და დამატებით შემოსავალს მოუტანს ოპერატორებს, არამედ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში როუმინგის მარეგულირებელი პირობების ჰარმონიზაციასაც შეუწყობს ხელს. ეს შეთანხმება იქნება პირველი ნაბიჯი ექვს პარტნიორ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის როუმინგის ტარიფების შემდგომი ჰარმონიზაციისთვის და, შესაძლოა, ნაბიჯი ევროპულ როუმინგულ ზონაში", — განაცხადა მან.
ეს არამარტო სარგებელს მოუტანს მომხმარებელს და შეამცირებს როუმინგის ფასებს, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში როუმინგის მარეგულირებელი პირობების ჰარმონიზაციას შეუწყობს ხელს.
დომბროვსკისის შეფასებით, გზად გარკვეული ზომების მიღება იქნება საჭირო. მათ შორის, თავდაპირველად, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა შეიტანონ ცვლილებები ეროვნულ კანონმდებლობაში, შემდეგ ბაზრები მოერგონ შეთანხმებას და საბოლოოდ, მომხმარებელს შემცირებული ფასებით შეეძლება სარგებლობა.
"დავაკვირდით, რომ როცა საქმე შეთანხმების განხორციელებისთვის მზადყოფნას ეხება, ექვს პარტნიორ ქვეყანას შორის დიდი მსგავსებაა — ჩვენ ვხედავთ ძალიან კონკურენტუნარიან შიდა ბაზრებს და მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს ფასებისა და ტარიფების ნებაყოფლობითი შემცირება, კიდევ რჩება გარკვეული ადგილი ტარიფების ჰარმონიზაციისა და შემცირებისთვის.
ხელშეკრულება, ხელმოწერის შემდეგ, გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს, რის ფარგლებშიც, დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში ქვეყნებმა თავიანთი ეროვნული მარეგულირებელი ჩარჩო უნდა შეცვალონ. ჩვენ შესაბამის სამთავრობო უწყებებს საშუალებას ვაძლევთ, რომ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შეიტანონ", — გვეუბნება ის.
რამდენად მზად არიან ქართული მობილური ოპერატორები ამ ცვლილებისთვის
EU4Digital-ის ექსპერტი ანდრეი დომბროვსკისის განმარტებით, მათი მოლოდინია, რომ ტარიფების შემცირების პარალელურად, როუმინგის მოხმარება გაიზრდება. ის მიუთითებს ევროკავშირზე, სადაც ამ მხრივ გამოცდილება უკვე არსებობს — იქ როუმინგის ტარიფების რეგულირება ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაიწყო.
"ევროკავშირის გამოცდილებამ ნათლად აჩვენა შემდეგი: მობილური ოპერატორების აზრით, მათი შემოსავალი შემცირდება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში მომხმარებლების და მოხმარების მნიშვნელოვანი ზრდა ამ დანაკლისს აანაზღაურებს", — აცხადებს ანდრეისი.
კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი, ნინო გრძელიშვილიც ამბობს, რომ ქართული ბაზრი მზადაა და ხაზს უსვამს, რომ რადგან დოკუმენტზე მუშაობა 2016 წლიდან დაიწყო, პროცესებში გართულებებს არ ელოდებიან.
"კომუნიკაციების კომისიას, როგორც EaPeReg-ის წევრს, წამყვანი როლი ჰქონდა ამ პროცესში, თუმცა შეთანხმებაზე მუშაობაში კომპეტენციის ფარგლებში, ჩართული იყო ყველა შესაბამისი კომპანია თუ უწყება, იქნება ეს მობილური ოპერატორები თუ შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებები, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტრო. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ქართული ბაზრის მზაობა და ინფორმირებულობა ამ პროცესში გარანტირებულია", — ამბობს იგი.
ამასთან, ხელშეკრულების იმპლემენტაციის შედეგად მოსალოდნელია, რომ ქართული ბაზრისთვის ზრდა დაახლოებით 300-400 ათასი ევრო იქნება. დომბროვსკისის განცხადებით, თავიდან მობილური ოპერატორებისთვის შემოსავალი გარკვეულწილად დაიკლებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის გამო, მოგება კლებას გადააჭარბებს.
მართლაც, ეს იყო ევროკავშირის გამოცდილება, რომელმაც 2017 წელს წარმოადგინა შეთანხმება როუმინგი ისე, როგორც სახლში. ორ წელიწადში კი, ევროკავშირში როუმინგის გამოყენება 17-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წელს, ანუ შეთანხმებამდე. გაზრდილმა მოხმარებამ კი ოპერატორებთან ხარჯების ანაზღაურება მარტივად შეძლო.
როდის ვისარგებლებთ იაფი როუმინგით ევროკავშირის ქვეყნებში?
ნინო გრძელიშვილი ამ შეთანხმებას "დიდი პროცესის პირველ ნაბიჯს" უწოდებს და გვეუბნება, რომ უშუალოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ხელშეკრულებაზე მუშაობის პარალელურად, უკვე ინიცირებულია მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის.
"ის ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ შემოდგომაზე გავაფორმებთ, ფარავს მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს. თუმცა უკვე ვიწყებთ მუშაობას, იმისთვის, რომ შევისწავლოთ ანალოგიური ხელშეკრულების უკვე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაფორმების შესაძლებლობა. ძალიან დიდი მადლიერება მინდა დავაფიქსირო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მიმართ. დიდი იმედი გვაქვს, რომ პროექტის მეორე ეტაპზე მუშაობის პროცესშიც ევროკომისიის ჩართულობა იქნება მნიშვნელოვანი და ერთობლივად მივაღწევთ ამ მიზანს, რომელიც ძალიან ხელშესახები შედეგი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის", — აცხადებს იგი.
მართლაც, ევროკავშირის გამოცდილებით, რომელიც ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის თანაბარ სარგებელს აჩვენებს, გასაკვირი არ არის, რომ როუმინგი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის მხარდაჭერის დღის წესრიგში დგას.
"რეგიონული როუმინგის ხელშეკრულება ევროკავშირში როუმინგის რეგულირების ათწლეულზე მეტ გამოცდილებას ეფუძნება. ევროკავშირის გამოცდილებამ კი ნათლად აჩვენა მისი სარგებელი, რაც გულისხმობს უკეთეს კავშირის, გაზრდილ მოხმარებას და შემცირებულ ფასებს ყველასთვის", — თქვა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ.
EU4Digital Facility ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების მნიშვნელოვან სფეროებს, ევროკავშირის ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად. ეს ხორციელდება კონსორციუმის მიერ, რომელსაც ხელმძღავნელობს EY, Action Global Communication-ისა და CEPS-თან ერთად.
ტელეკომუნიკაციების სფეროში EU4Digital Facility-ის მიზანია ისეთი საკითხების მხარდაჭერა, როგორიცაა საერთაშორისო როუმინგთან დაკავშირებული საქმიანობა და პოტენციური შეთანხმება საერთაშორისო როუმინგის საერთო სივრცის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის. ის, ასევე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობის გაძლიერებას ეხმარება და ხელს უწყობს რესურსების ხელმისაწვდომობას მობილური ოპერატორების უკეთესი ხარისხისთვის.
რეგიონული შეთანხმება როუმინგის შესახებ უზრუნველყოფს მარეგულირებელი ჩარჩოების ჰარმონიზაციას და შესაბამისი როუმინგის ფასების მნიშვნელოვან შემცირებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის. ეს საშუალებას მისცემს საკომუნიკაციო ქსელების როუმინგის კლიენტებს ისარგებლონ უფრო ხელმისაწვდომი მომსახურებით როუმინგის გამოყენებისას ამ რეგიონში. EU4Digital როუმინგის კვლევის (2019) უახლესი შედეგების საფუძველზე, მოსალოდნელია საშუალო ფასის 80%-ზე მეტად შემცირება.
კომენტარები