ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით ქართულ ოცნებას თავდაჯერებულობა დააკლდება.

"რწმენის თვალსაზრისით ბევრი რამე შეიცვლება, მგონია, ქართული ოცნების თავს. ქართულ ოცნებას დააკლდება თავდაჯერებულობა. თავდაჯერებულობა, რომელიც აუცილებლად აისახება შედეგებზე. მე არ ვამბობ საარჩევნო შედეგებზე — როცა უნდა ჩატარდეს, იქაც, ეს გამოჩნდება. მარა, ამ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც, როგორც ჩანს, იქნება ძალიან დაძაბული მიმდინარე წელს, მათ დააკლდებათ თავდაჯერებულობა", — განაცხადა მელიამ ფორმულას ეთერში.

მელიას შეფასებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ქართული ოცნების ლიდერები არიან არა პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკაში დასაქმებულები.

"ქართულ ოცნებაში არ არის არც ერთი თვითმყოფადი პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი, რომლის ანგარიშზეც არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ლიდერობა მანამ, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ასეთი პოლიტიკოსი, თუ არ ვცდები, არავინ არ ჰყავთ — ვინც მანამდე იყო პოლიტიკოსი, სანამ მოვიდა ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი. მგონია, რომ პოლიტიკოსები კი არ არიან, პოლიტიკაში დასაქმებულები არიან. პოლიტიკური კაპიტალი არ აქვთ. პლუს, 9 წლის თავზე ბევრი დაჯგუფება აქვთ შიგნით. ძალიან კარგად ვიცით ჟურნალისტთა წრეებმაც და პოლიტიკოსებმაც, ვინც ვართ ამ საქმით დაკავებული. როცა ბოსი აღარ ჰყავთ და აღარც ლიდერი — მე მგონია, რომ ბატონი ივანიშვილი არ იყო ლიდერი. ბატონი ივანიშვილი იყო ამ ადამიანების ბოსი, რომელიც ეუბნებოდა წადით იქ, მოდით აქ და არ ეუბნებოდა წავიდეთ, მოვიდეთ ... არ ადამიანის გარეშე უბრალოდ გაუჭირდებათ. მაგრამ, ამაზე არ მინდა ვიდარდო", — განაცხადა ნიკა მელიამ.

პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მეორედ მიდის. ამის შესახებ მან ფეისბუქში გამოქვეყნებულ საჯარო წერილში განაცხადა. მმართველი პარტიის ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება, სადაც ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. პარტიამ ამ პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.

გაიგეთ მეტი: