გახმაურებული ავიაკატასტროფები და 1450 დაღუპული - ბოლო 30 თვის სტატისტიკა
ბოლო 30 თვის განმავლობაში მსოფლიო მოსახლეობა შეძრა არაერთმა მასშტაბურმა ავიაკატასტროფამ, განსაკუთრებით კი, მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის გაუჩინარებამ, რომელსაც უკვე 2 წელზე მეტი ხანია უშედეგოდ ეძებენ ინდოეთის ოკეანეში.
უახლესი ავიაინციდენტი 2 დღის წინ მოხდა.
გაუჩინარებული რეისი პარიზი-კაირო
საფრანგეთის, ბრიტანეთის, ეგვიპტის, საბერძნეთის მაშველები და სამხედროები უკვე 24 საათზე მეტია ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ კარპატოსთან ეძებენ ეგვიპტის ავიახაზების ეარბას A320-ს, რომელიც 19 მაისს პარიზი-კაიროსს რეისს ასრულებდა. ბორტზე სულ 66 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის რამდენიმე ბავშვიც იყო.
თვითმფრინავი რადარებიდან დაშვებადე 20 წუთით ადრე, ხმელთაშუა ზღვის თავზე გაუჩინარდა. საბერძნეთის ხელისუფლების თქმით, მათმა სამხედრო რადარმა დააფიქსირა, თვითმფრინავის ჯერ მარცხნივ, შემდეგ კი 360 გრადუსით მარჯვნივ მობრუნება, ბოლოს კი ვარდნა, რის შემდეგაც ის რადარებიდან გაუჩინარდა.
ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნა "დიდი ალბათობით", ტერორიზმს უკავშირდება და ტექნიკური ხარვეზი გამორიცხა. საეჭვო ფაქტია ისიც, რომ პილოტებს რაიმე პრობლემის შესახებ ავიადისპეჩერებთან არ უსაუბრიათ.
თვითმფრინავი - ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი
მიუხედავად იმისა, რომ ავიაკატასტროფები მსოფლიოში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, თვითმფრინავი ჩვენთვის ცნობილ ყველა ტრანსპორტს შორის ყველაზე უსაფრთხოა. სტატისტიკის მიხედვით, თითოეულ ადამიანს ავიაკატასტროფაში დაღუპვის შანსი 29 მილიონში ერთი აქვს, ავტოკატასტროფაში დაღუპვის შანსი გაცილებით მაღალია - 50 ათასში ერთი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მხოლოდ 2013 წელს, მთელს მსოფლიოში ავტოკატასტროფებს 1.25 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ავტოკატასტროფა 15-29 წლის ახალგაზრდების გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. საქართველოში წელიწადში საშუალოდ ავტოკატასტროფების მსხვერპლთა რიცხვი 500-600 ადამიანის ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება ავიაკატასტროფების დროს დაღუპულებს, მათი ჯამური რაოდენობა 1920-იანი წლებიდან დღემდე, 40 ათასს არ აჭარბებს.
ავიაციის ისტორიაში კატასტროფები ყველაზე ხშირად 1970-1980-იან წლებში ხდებოდა, რადგან უსაფრთხოების სისტემები არ იყო საკმარისად განვითარებული. თანამედროვე თვითმფრინავებში კი ყველაფერი პირიქითაა, რაც ტექნიკურ ხარვეზსა და პილოტის შეცდომას მინიმუმადე ამცირებს.
On.ge გთავაზობთ ბოლო 30 თვეში მომხდარი ავიაკატასტროფების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული მონაცემები არ შეიცავს შედარებით მცირე ზომის, ან სამხედრო თვითმფრინავების კატასტროფების შემთხვევებს.
2016
23 ადამიანი ემსხვერპლა Tara Air-ის მცირე ზომის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას ნეპალში. მიზეზი ცუდი მეტეოროლოგიური პირობები გახდა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა.
Fly Dubay-ს ბოინგ 737 19 მარტს ასრულებდა რეისს დუბაიდან დონის როსტოვის, რუსეთის მიმართულებით. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, თვითმფრინავმა რეისის ნომრით 982, პირველ ჯერზე დაშვება ვერ შეძლო და 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა დონის როსტოვის თავზე. მეორე მცდელობისას, დასაფრენი ბილიკიდან რამდენიმე ასეულის მეტრის სიმაღლეზე პილოტმა დაშვება შეწყვიტა და მკვეთრი მოძრაობით ისევ მაღლა ასვლა
დაიწყო, რის შემდეგაც, რამდენიმე წამში, თვითმფრინავი უმართავი გახდა და ჩამოვარდა. ბორტზე მყოფთაგან ყველა, სულ 62 ადამიანი დაიღუპა.
უბედური შემთხვევა ერთ-ერთ შენობაზე დაყენებულმა გარე სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.
2015
4 თებერვალს ტაიპეიში, ტაივანში, Transasia-ს თვითმფრინავი აფრენიდან მალევე, ქალაქში, მდინარეში ჩამოვარდა. როგორც გაირკვა, პილოტმა შემთხვევით გათიშა ძრავი, რის შემდეგაც თვითმფრინავის დამორჩილება ვერ შეძლო. 58 მგზავრიდან დაიღუპა 40 კატასტროფა აღბეჭდეს კამერებმა.
24 მარტს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ს შვილობილი კომპანიის, Germanwings-ის პილოტმა ანდრეას ლუბიცმა სამგზავრო თვითმფრინავი საფრანგეთის ალპებში მიზანმიმართულად ჩამოაგდო. თვითმფრინავი რეისს ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით ასრულებდა. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ლუბიცმა პილოტის კაბინა შიგნიდან ჩაკეტა ისე, რომ კაპიტანმა შიგნით შეღწევა ვერ მოახერხა. მის თხოვნას, კარი გაეღო, თვითმკვლელი პილოტი დუმილით პასუხობდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 150-ვე ადამიანი.
16 აგვისტოს პაპუას მთებში ჩამოვარდა Trigana Air Service-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რასაც ბორტზე მყოფი 54-ვე ადამიანი ემსხვერპლა. კატასტროფის სავარაუდო მიზეზად ძლიერი ქარი და წვიმა დასახელდა.
რუსული ავიაკომპანია Metrojet-ის ეარბას A321, რომელის 31 ოქტომბერს რეისს ეგვიპტის კურორტ შარმ ელ შეიხიდან სანქტ პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან 20 წუთში, ბორტზე ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. დაიღუპა 224 ადამიანი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ტერორისტმა ბომბი თვითმფრინავში აეროპორტის თანამშრომლის დახმარებით აიტანა.
2014
ამ დრომდე გაუჩინარებულია მალაიზიის ავიახაზების ბოინგ 777, რომელიც კუალა ლუმპურიდან პეკინისკენ მიფრინავდა 9 მარტს. თვითმფრინავმა აფრენიდან მალევე უნებართვოდ შეიცვალა კურსი. სპეციალისტები სატელიტის მონაცემების გაშიფრვის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ სამგზავრო თვითმფრინავი ინდოეთის ოკეანეში ჩამოვარდა. ორი წელია ძებნა უშედეგოდ გრძელდება. ამ დრომდე ნაპოვნია მხოლოდ რამდენიმე მეტალის ნარჩენი, რომელიც თვითმფრინავის ჩამოვარდნას ადასტურებს.
აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე 17 ივლისს რაკეტით ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების ბოინგ 777. რეისი MH17 ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით მიფრინავდა. დაიღუპა 298 ადამიანი.
24 ივლისს მალიში ჩამოვარდა Air Algerie-ს სამგზავრო თვითმფრინავი. დაიღუპა 116 ადამიანი. კატასტროფის მიზეზად ცუდი ამინდი დასახელდა.
10 აგვისტოს თეირანში, ირანში, აფრენიდან რამდენიმე წუთში Sepahan Airlines-ის თვითმფრინავმა ძრავი დაკარგა, რის შემდეგაც დასახლებულ უბანში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 48 ადამიანიდან 39 დაიღუპა.
შტრომის დროს პილოტების შეცდომას ემსხვერპლა AirAsia-ს ეარბას A320-ზე მყოფი 162 ადამიანი. თვითმფრინავი 28 დეკემბერს ინდონეზიიდან სინგაპურის მიმართულებით მიფრინავდა და აფრენიდან 40 წუთში რადარებიდან გაქრა. მოგვიანებით, რამდენიმე დღის შემდეგ, მისი ნამსხვრევები ჯავის ზღვაში იპოვეს.
კომენტარები