უღმერთო უტოპია: როგორ გააჩაღა საბჭოთა კავშირმა ომი რელიგიის წინააღმდეგ
როლანდ ელიოტ ბრაუნი თავის წიგნში, უღმერთო უტოპია, ხსნის, თუ როგორ ჩაუყარა ლენინმა საფუძველი საბჭოთა კავშირის რელიგიური ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლას და როგორ იქცა პროპაგანდის კაშკაშა ფერით შეღებილი პოსტერები ბელადის მიერ არჩეულ იარაღად. ქვემოთ ამ წიგნიდან ამონარიდს გთავაზობთ.
ბოლშევიკებმა თავიანთი რელიგიური პოლიტიკის პირველი დეკრეტი, რითაც საეკლესიო მიწები სახელმწიფო საკუთრებაში გადაიტანეს და დაბადების, ქორწინების, სიკვდილის რეგისტრაცია სეკულარული გახადეს, ხელისუფლების ხელში ჩაგდებიდან რამდენიმე თვეში გამოსცეს. შემდეგ, 1918 წლის 23 იანვარს, ალექსანდრე ნეველის ლავრაზე მეზღვაურების მიერ მიტანილი შტურმიდან სულ რამდენიმე დღეში, მთავრობამ გამოსცა საბოლოო დეკრეტი ეკლესიისგან სახელმწიფოს განცალკევებისა და სკოლისგან ეკლესიის განცალკევების შესახებ. დოკუმენტის ძირითადი სამიზნე ეკლესიისთვის ლეგალური დაწესებულების სტატუსის გაუქმება, მისთვის საკუთრების უფლების ჩამორთმევა და ფორმალური რელიგიური განათლების აკრძალვა იყო.
ზოგ ადგილებში ეს პროგრესული, სეკულარული დოკუმნტი იყო, რომელიც ყველა სარწმუნოების მიმდევარსა თუ ათეისტს ათანაბრებდა, თუმცა ზოგან იგი დიქტატორულ ელემენტებს შეიცავდა. მაგალითად, მეხუთე პუნქტში ვკთხულობთ: "რელიგიური რიტუალები თავისუფლად შეიძლება ჩატარდეს, თუკი საზოგადოებრივი წესრიგი არ დაირღვევა ან რუსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების უფლებები არ შეიზღუდება. ადგილობრივ ხელისუფლებას აქვს უფლება, მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა წესრიგი უზრუნველყოს და მოქალაქეების უფლებები დაიცვას". დოკუმენტის თავდაპირველ ვერსიაში ასევე შედიოდა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, "რელიგია რუსეთის რესპუბლიკის ყოველი მოქალაქის პირად საქმედ" ცხადდებოდა, თუმცა ლენინმა იგი ამოიღო.
მაგრამ თუკი მის მიერ ხელმოწერილი განცალკევების დეკრეტი მუქარას შეიცავდა, ის უმნიშვნელო იყო იმ სიძულვილთან შედარებით, რომელიც ლენინის კალმიდან გადმოიღვარა. თავის ესეში, როგორ დავაორგანიზოთ შეჯიბრი? ბელადი პრერევოლუციური ჩვევების მოშლისა და მუშებისა თუ გლეხების მიერ რევოლუციისთვის სარგებლის მოტანისკენ მოწოდებისას აშკარად ახდენს იმ ადამიანების დეჰუმანიზებას, რომლებსაც თავისი ხედვის მტრად მიიჩნევს. ეს ყველაზე ნათლად იმ პასაჟში იკვეთება, როცა ის რუსული მიწის მავნებელი მწერებისგან გაწმენდის შესახებ წერს. "მწერი" შესაძლოა ყოფილიყო მდიდარი ადამიანი ან ზარმაცი მუშა, მაგრამ, როგორც ალექსანდრ სოლჟენიცინმა მოგვიანებით თავის არქიპელაგ გულაგში გადმოსცა, პარტიისთვის საეკლესიო მრევლი თითქმის ექსკლუზიურად მწერებისგან შედგებოდა. რა თქმა უნდა, მწერები იყვნენ ისინიც, ვინც ეკლესიებში მგალობელთა გუნდებში მღეროდნენ; ყველა მღვდელი მწერი იყო, ბერი და მონაზონი კი — უფრო მეტად.
თუმცა ბოლშევიკები არ ცდებოდნენ, რომ სამღვდელოებისგან პრობლემებს მოელოდნენ. რამდენიმე დღით ადრე, სანამ რევოლუციონერები კრემლის ტაძრებს დაცხრილავდნენ, უმაღლესი სასულიერო პირები კრემლის კედლებს შიგნით შეიკრიბნენ, რათა პეტრე დიდის მიერ გაუქმებული საპატრიარქო აღედგინათ. ახალმა პატრიარქმა, ტიხონმა, რომელმაც თანამდებობა ზუსტად იმ დროს დაიკავა, როდესაც მოსკოვის ქუჩებში სისხლიანი ათეისტური რევოლუცია ხდებოდა, განცალკევების დეკრეტის საპასუხოდ ახალი რეჟიმი ანათემას გადასცა.
ფოტო: Public Domain
"ქრისტეს ღია და ფარული მტრები თესავენ შურის, ღვარძლისა და ძმათამკვლელი ომის თესლს" და წარბშეუხრელად კლავენ უდანაშაულო ხალხსო — განაცხადა მან. ტიხონმა მიმართა ქალებსა და კაცებს, რომელთაც უწოდა "ადამიანთა მოდგმის ურჩხულები" და "წყვდიადის უღმერთო მმართველები": "დაფიქრდით, რას სჩადიხართ, შეშლილებო! შეწყვიტეთ თქვენი სისხლიანი იერიშები. თქვენი ქმედებები არა მხოლოდ სასტიკია, ისინი სატანის ქმედებებია, რის გამოც ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით შემდეგ ცხოვრებაში, ხოლო თქვენი მომავალი თაობები ამ ცხოვრებაში დაიწყევლებიან... ღვთის მიერ ბოძებული უფლებამოსილებით, გიკრძალავთ ქრისტიანულ საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღებას. განგკვეთთ, თუ ჯერ კიდევ ატარებთ ქრისტიანულ სახელებს და დაბადებით ეკუთვნით მართლმადიდებლურ ეკლესიას".
თუმცა ხელისუფლებაში მოულოდნელად მოსვლით გათამამებულმა ბოლშევიკებმა თავიანთ თავდაჯერებულობას ხაზი 1918 წლის ივლისის იმ ახალი კონსტიტუციით გაუსვეს, რომელიც რელიგიური — და ანტირელიგიური — პროპაგანდის უფლებას ყველა მოქალაქეს აძლევდა.
მაგრამ ბოლშევიკებმა ვერ გათვალეს, რომ ტიხონისნაირი "პროპაგანდისტები" რიტორიკულ უპირატესობას ფლობდნენ: მათ შეეძლოთ, თავიანთი სიტყვების სარწმუნოობა ბევრისთვის წმინდა ტექსტად მიჩნეული და კარგად ნაცნობი წიგნის, ბიბლიის დამოწმებით გაემყარებინათ. როდესაც რეჟიმმა ლენინზე იმ ზაფხულს წარუმატებლად განხორციელებული მკვლელობის მცდელობის საპასუხოდ "წითელი ტერორი" დაიწყო, ტიხონმა მათეს და ლუკას სახარებებიდან ციტატები მოიხმო. თუ ბოლშევიკები უარს იტყოდნენ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და კანონიერი წესრიგის დამყარებაზე, რეჟიმის აღმსრულებლებს მან ეს სიტყვები შეუთვალა: "მოგეწევათ მართალთა მთელი სისხლი, მიწაზე დათხეული და მახვილის ამღებნი მახვილითვე დაიღუპებით".
მართალია, მარქსმა თავისი მიმდევრები საპასუხო "წმინდა ტექსტით" მოამარაგა, მაგრამ ბოლშევიკებს არ ჰქონდათ მზად მისი ნააზრევის იმგვარი ინტერპრეტაციები, როლებიც ბიბლიის ციტირების საპირწონე ძალის იქნებოდა. ახალგაზრდა მარქსმა, რომელმაც რელიგია "ხალხის ოპიუმად" გამოაცახადა, ასევე დაწერა, რომ "რელიგიის გაუქმება" რევოლუციური საქმიანობის წინაპირობა გახლდათ. თუმცა კაპიტალის წერისას უკვე შუახნის მარქსმა აღნიშნა, რომ კაცობრიობის "რელიგიური რეფლექსი" მხოლოდ მაშინ გაქრებოდა, როდესაც ყოველდღიური ცხოვრების პრაქტიკული ურთიერთობები ადამიანს სხვა ადამიანებთან და ბუნებასთან მხოლოდ იდეალურად გასაგები და რაციონალური კავშირებით მოამარაგებდა.
ფოტო: Public Domain
ფოტო: Public Domain
1919 წელს ბოლშევიკები შეთანხმდნენ პრობლემის მიმართ საკუთარ მიდგომაზე, რომელმაც ახალგაზრდა მარქსი და თანამედროვე ლენინი ერთმანეთისგან განასხვავა. იმ პროგრამის მიხედვით, რომელიც მიმდინარე მარტს მოსკოვში პარტიულ სხდომაზე წარადგინეს, რევოლუციონერებს ახლა ის იდეა ამოძრავებდათ, რომ რელიგიური ცრურწმენების სიკვდილს მხოლოდ მასების ყველა სოციალური და ეკონომიკური აქტივობის გააზრებული და განზრახული დაგეგმარება გამოიწვევდა. პარტიის მისიად მჩაგვრელ კლასებსა და რელიგიური პროპაგანდის გამავრცელებელ ორგანიზაციებს შორის კავშირების რღვევა, მუშათა მასების რელიგიური ცრურწმენებისგან სრული გათავისუფლება და მაქსიმალურად ფართო სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ანტირელიგიური პროპაგანდის ორგანიზება გამოცხადდა. ამავე დროს, ხაზი გაესვა, რომ აუცილებელია, სიფრთხილით აერიდებინათ თავიდან მორწმუნეების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, რადგან ეს მხოლოდ რელიგიური ფანატიზმის გაძლიერებას გამოიწვევდა.
ორმა წამყვანმა ბოლშევიკმა, ნიკოლაი ბუხარინმა და ევგენი პრეობრაჟენსკიმ, — რომლებიც წლების შემდეგ, სტალინის მმართველობისას პარტიიდან გააძევეს და, საბოლოოდ, სიკვდილითაც დასაჯეს, — პარტიის ანტირელიგიური ხანგრძლივი ხედვა ფართო აუდიტორიისთის 1920 წელს გამოცემულ თავიანთ წიგნში, კომუნიზმის ანბანი, წარმოადგინეს: "რელიგია არის ხალხის ოპიუმი, — ამბობს მარქსი. კომუნისტური პარტიის ამოცანაა, ეს მუშათა მასების მაქსიმალურად ფართო წრეებისთვის გახადოს გასაგები".
ფოტო: Public Domain
კომუნისტები რელიგიას ორ ძირითად ფრონტზე ებრძოდნენ: "ერთი მხრივ, ჩვენ ვებრძვით ეკლესიას, როგორც რელიგიური პროპაგანდისთვის არსებულ სპეციალურ ორგანიზაციას, რომელიც მატერიალურადაა დაინტერესებული, შეინარჩუნოს მასობრივი გაუნათლებლობა და რელიგიური მონობა. მეორე მხრივ, ჩვენ ვებრძვით მუშების უმრავლესობაში ფართოდ გაფანტულ და ღრმად გამჯდარ ცრურწმენებს".
რელიგიური ოჯახების წინააღმდეგ ბავშვების ამხედრება ასევე საჩქარო საქმე იყო: "პროლეტარული სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო ამოცანა არის ბავშვების გათავისუფლება მათი მშობლების რეაქციონერული გავლენებისგან... ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სკოლას აქვს ძალა, იერიში მიიტანოს რელიგიურ პროპაგანდაზე სახლში, რათა საძირკვლიდანვე ბავშვთა გონებამ გამოიმუშაოს იმუნიტეტი ყველა რელიგიური ზღაპრის მიმართ, რომლებსაც ბევრი ზრდასრულიც ჯერ კიდევ სიმართლედ მიიჩნევს".
კიდევ ერთი სპეციფიკურად რუსული სტრატეგია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ იმავე წელს შეიმუშავა, 1920-იანი წლების პირველი ნახევრის ანტირელიგიური ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. კერძოდ, ბოლშევიკები ეკლესიის ნების გარეშე სახალხოდ ფენდნენ მართლმადიდებელი წმინდანების საფლავებში ჩასვენებულ ცხედრებს ან წმინდა ნაწილებს, რომლებიც, მრევლის რწმენით, უხრწნელნი იყვნენ. კომუნიზმის ანბანის მიხედვით, ეს იყო "ბრწყინვალე იარაღი ეკლესიასთან ბრძოლაში... მან საბოლოოდ დაუმტკიცა ფართო მასებს და უფრო ზუსტად მათ, ვისშიც რწმენა ყველაზე ძლიერი იყო, ის თაღლითობა, რომელზეც ზოგადად რელიგია და კონკრეტულად რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის კრედო დგას".
მაგრამ თუ ნეშტების გამოფენა ათეისტური ფანტაზიისთვის ეფექტური ჩანდა, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რომ რუსი გლეხებისთვის ამგვარი დემონსტრაცია საკმარისი იყო იმისთავის, რათა მათ წმინდანების გაუხრწნელობაში ეჭვი შეეტანათ. ერთმა მოხუცმა გლეხმა, რომელიც მსგავს გამოფენას შეესწრო, ამერიკელ ტურისტს უთხრა: "ჩვენი წმინდანები გაქრნენ, რადგან სამოთხისკენ გაეშურნენ და ძონძები მოიტოვეს რელიკვიებად, როდესაც გაიგეს, რომ მათ საფლავებს ურწმუნოთა ხელით წაბილწვა ელოდებოდათ. დიდი სასწაული იყო".
ფოტო: Public Domaiნ
ფოტო: Public Domain
ამ დროს ქვეყანა სავალალო მდგომარეობაში იყო. ქალაქებს მიღმა ღარიბი რუსი გლეხები ბიბლიური აპოკალიფსის ოთხივე მხედრის შეხებას გრძნობდნენ: ომის (მძვინვარებდა სამოქალაქო ომი); შიმშილის (მოსახლეობას საკვები ნაწილობრივ ბოლშევიკების მიერ ხორბლის რეკვიზიციის გამო არ ჰქონდა); ეპიდემიის (მოდებული იყო ტიფი); და სიკვდილის (სახელმწიფოს მიერ განწირული სოფლებიდან გაქცეული ათასობით გლეხი ავადმყოფობისა და შიმშილისგან იღუპებოდა).
საბჭოთა მმართველობაც საფრთხეში იყო. 1921 წლის მარტში კრონშტადტის საზღვაო ბაზის ის მეზღვაურები, რომლებმაც სამიოდე წლის წინ ნეველის ლავრის აღებაში მიიღეს მონაწილეობა, ამჯერად რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდნენ და პარტია რევოლუციური იდეალების ღალატში დაადანაშაულეს. მართალია, წითელმა არმიამ ისინი დაამარცხა, მაგრამ ამ შემთხვევითა და სოფლის მოსახლეობის ერთგულების დაკარგვით შეშინებულმა ბოლშევიკებმა წარადგინეს ახალი ეკონომიკური გეგმა, რომელმაც მთავრობას შეუმცირა ეკონომიკური კონტროლი. მაგრამ იდეოლოგიური უკან დახევის დასაკომპენსირებლად მათ პოლიტიკურ მარწუხებს მოუჭირეს.
იმ ზაფხულს, სანამ შიმშილი ვოლგის რეგიონს ანადგურებდა, სამოქალაქო ორგანიზაციამ, პომგოლი (ფრაზის, "დაეხმარე ღარიბებს", რუსული აბრევიატურა), ახალდაარსებული ამერიკული სადამხმარებლო მისიის, American Relief Administration-ის შუამავლობა იკისრა. ტიხონმაც გამოთქვა მზაობა, გაეცა ეკლესიის უკურთხებელი ძვირფასეულობები და უცხოურ ორგანიზაციებს დახმარებისკენ მოუწოდა. ამ მოვლენათა საპასუხოდ, 1922 წლის იანვარს წითელი არმიის კომისარმა, ლევ ტროცკიმ პირადი წერილი გაუგზავნა ლენინს, რომელშიც ეშმაკური გეგმა წარუდგინა. მის თანახმად, პარტიას ღარიბების დახმარების მოტივით უნდა ჩაეგდო ხელში ეკლესიის ძვირფასეულობა (იმ მომენტისთვის ხალხის შიმშილმზე მეტად სანერვიულო საკითხი ბოლშევიკებისთვის ჟენევის კონფერენციამდე საგარეო ვალების გასტუმრება იყო). შესაბამისად, კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ადგილობრივ საბჭოებს ოქროს, ვერცხლისა და ძვირფასი ქვებისგან დამზადებული ნივთების ჩამორთმევა დაავალა, რამაც მთელი რუსეთის მასშტაბით შეტაკებები გამოიწვია. საბჭოთა პრესამ ხალხის განწყობის შექმნაზე წინდაწინვე იზრუნა და ისეთი სათაურებით შეამზადა ისინი, როგორიც იყო: "შიმშილით მომაკვდავნი საფლავებს თხრიან, რათა გვამები შეჭამონ".
ფოტო: Public Domain
პარტიის მიერ ხალხის მტრებად მონათლულ მორწმუნეებს ახლა უკვე მთელი ერის წინაშე ეხდებოდა ნიღაბი: პეტროგრადში 10 ათასი მართლმადიდებელი ქრისტიანი გამოვიდა, რათა ქრისტეს დაღვრილი სისხლის ტაძრიდან ძვირფასეულობების გატანას წინ აღდგომოდა. ანტისემიტიზმმაც იხეთქა — მართლმადიდებელ ნაციონალისტებს სჩვეოდათ ბოლშევიკებისგან "ებრაელი-მასონი მონათმფლობელების" ხატის შექმნა. ლენინმაც მაშინვე დაუკავშირა რელიგიური წინააღმდეგობა შავ ასეულს, ანტისემიტი ნაციონალისტების დაჯგუფებას, რომელიც თავის დროზე მეფე ნიკოლოზ მეორის მფარველობით სარგებლობდა. სმოლენსკში მორწმუნეებმა ტაძარი გაავსეს, რათა წინ აღდგომოდნენ ქონების მიტაცებას. ქალაქ შუიაში გაბრაზებულმა გლეხებმა ბოლშევიკები გააქციეს, თუმცა კომუნისტები ტყვიამფრქვევით დაბრუნდნენ და მინიმუმ ოთხი მოწინააღმდეგე მოკლეს.
ლენინისთვის შუიას ინციდენტი პროპაგანდისთვის ხელსაყრელი შემთხვევა აღმოჩნდა. მან მოუწოდა მასობრივი დაკავებებისკენ, საჯარო გასამართლებებისკენ და "ყველაზე გავლენიანი და საშიში შავი ასეულის შუიაში ძალიან დიდი რაოდენობით მყოფი წევრების" დახვრეტისკენ. საბოლოოდ, შუიაში 3 ადამიანს მიუსაჯეს სიკვდილი; მოსკოვში — 11-ს; ხოლო პეტროგრადში მიტროპოლიტი ბენიამინი და სამი რელიგიური პირი საიდუმლოდ დახვრიტეს. მაისში ბოლშევიკებმა ტიხონს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. 1923 წლისთვის რუსეთი ეკლესიის ძვირფასეულობებისთვის მომხდარი შეტაკებების ათასზე მეტი შემთხვევის მომსწრე გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში დაახლოებით 80 ათასი მღვდელი, ბერი და მონაზონი მოკლეს. სახელმწიფოს მიერ ჩამორთმეული სიმდიდრე მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფისთვის არ გამოუყენებიათ. ამასთან, ამერიკული დახმარების ასოციაციის ანგარიშის თანახმად, რუსულ პორტებში იმაზე მეტი საკვები იყო მოგროვებული, ვიდრე რუსულ სატრანსპორტო სისტემას შეეძლო გამკლავებოდა.
ეკლესიების სიმდიდრის მიტაცების პარალელურად მიმდინარეობდა ტროცკის მიერ მხარდაჭერილი სქემა, დაენერგათ განხეთქილება საეკლესიო იერარქიაში. მაისში რელიგიური რეფორმატორებისა და ოპორტუნისტეპის ჯგუფი, სახელად ცოცხალი ეკლესია, ტიხონს შინაპატიმრობის დროს ესტუმრა და აიძულა, უფლებამოსილება დაეთმო. მისი ნების საწინააღმდეგოდ, ახალი საპატრიარქო უმაღლესი საეკლესიო ადმინისტრაციით ჩაანაცვლეს, რომელიც "კაგებეს" წინამორბედის, "გეპეუს" მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდა. ცოცხალმა ეკლესიამ განაცხადა, რომ საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა შეექმნა "ღვთის იდეალური სამეფო". ტიხონმა ახალი ინსტიტუტი ანათემას გადასცა, როგორც "ანტიქრისტეს ნაყოფი". ხელისუფლებამ სქიზმა ეკლესიის გავლენის დასაზიანებლად გამოიყენა, ხოლო შემდეგ მიატოვა ის.
ფოტო: Public Domain
ფოტო: Public Domain
1923 წლის აპრილს "გეპეუმ" მოსკოვის დონის მონასტერში მოწყობილ ციხეში ტიხონის გადაყვანა ბრძანა. პროკურორებმა "კონტრრევოლუციონერი პაპის" საჩვენებელი სასამართლო პროცესი გაამზადეს, რომელიც "უმაღლესი სადამსჯელო ღონისძიებით", სიკვდილით უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ტიხონის სასამართლომ საგარეო ყურადღება მიიქცია. კერძოდ, ის ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა, ჯორჯ კურზონმა დაგმო. ანტირელიგიური აგიტატორის, ემილიან იაროსლავსკის სახით კი ტიხონმა მხსნელი იპოვა. იაროსლავსკიმ პოლიტბიურო დაარწმუნა, რომ პატრიარქის საჯარო აღსარება საერთაშორისო აგიტატორებსა და ემიგრირებულ თეთრგვარდიელებს რეპუტაციას შეურყევდა. არავინ იცის, რა მოხდა "გეპეუს" ციხის შიგნით, მაგრამ ფაქტია, რომ იქიდან გამოსულმა ტიხონმა დაგმო თავისი მტრობის ისტორია საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ უკანასკნელს ერთგულება აღუთქვა.
გულის შეტევიდან ცოტა ხნით ადრე და იმ დროს, როდესაც საეკლესიო ძვირფასეულობებისთვის ბრძოლა პიკს აღწევდა, ლენინმა დაწერა სტატია, მებრძოლი მატერიალიზმის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც ათეისტურ პროპაგანდაზე მის მიერ დატოვებულ აღსარებად და ანდერძად იქცა. მისი აღიარებით, რევოლუციის შემდეგ ათეისტური პროპაგანდის შეცდომებმა აჩვენა, რომ ბევრად ადვილია რევოლუციურ ეპოქაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ვიდრე იმის ცოდნა, როგორ გამოიყენო ეს ძალაუფლება.
პრობლემის ნაწილი იყო ის, თუ როგორ მიწვდენოდნენ მაქსიმალურად ფართო აუდიტორიას ისე, რომ მათთვის თავი არ მოებეზრებინათ: "ეს იქნებოდა ყველაზე დიდი შეცდომა მარქსისტისთვის, რომ ეფიქრა, მილიონობით ადამიანი (განსაკუთრებით, გლეხები და ხელოსნები), რომელიც მთელმა თანამედროვე საზოგადოებამ სიბნელისთვის, გაუნათლებლობისთვისა და ცრურწმენებისთვის გაწირა, ამ წყვდიადისგან თავის დაღწევას მხოლოდ უშუალოდ წმინდა მარქსისტული განათლებით შეძლებდა. ეს მასები უნდა მომარაგდნენ ყველაზე მრავალგვარი ათეისტური პროპაგანდით; მათ უნდა გააცნონ ფაქტები ცხოვრების ყველაზე მრავალფეროვანი სფეროებიდან; მათ ყველა შესაძლო კუთხით უნდა მიუდგნენ, რათა დააინტერესონ, გამოაფხიზლონ რელიგიური თვლემისგან, შეაჯანჯღარონ ყველანაირად და ყველამხრიდან და ასე შემდეგ".
ფოტო: Public Domain
ამ მიზნით ლენინმა ძველ ევროპელ ფილოსოფოსებს გაუწია რეკომენდაცია: "მე-18 საუკუნის ათეისტების მხნეობით, ენთუზიაზმითა და ნიჭით აღსავსე ნაწერები, რომლებიც ღიად და დამცინავად უტევდნენ გაბატონებულ კლერიკალიზმს, ხშირად ათასჯერ უფრო გამოსადეგნი არიან ხალხის რელიგიური თვლემიდან გამოღვიძებისთვის, ვიდრე მარქსიზმის მშრალი და ბუნდოვანი პერიფრაზები".
1922 წლის ბოლოს ემილიან იაროსლავსკიმ ახალი ანტირელიგიური პროპაგანდის კომისიის შავ-თეთრი ილუსტრირებული გაზეთის, უღმერთოს რედაქტორობა ითავა. მოსკოვის პარტიის აქტივისტმა, მარია კოსტელოვსკაიამ კი ამ პროექტის გაუმჯობესებული ვერსია წარადგინა, როცა 1923 წლის იანვარში დიდებულად ილუსტრირებული ფერადი ჟურნალი, ასევე სახელად უღმერთო, გამოსცა. მას შემდეგ, რაც იაროსლავსკი ამ ორი პაერიოდული გამოცემის გაერთიანებას შეეცადა, კოსტელოვსკაიამ თავის ჟურნალს სახელი შეუცვალა და უღმერთო მანქანასთან უწოდა. მის პირველ ნომერს დიმიტრი მურის შთამბეჭდავი ილუსტრაცია ამშვენებდა, რომელზეც ურომომარჯვებული მუშა კიბეზე მიძვრებოდა სამოთხისკენ, რათა ღმერთები დაემხო. სურათს ერთვოდა სლოგანიც: "მიწიერი მეფეები დავამარცხეთ და სამოთხის მეფეების დასამარცხებლად მოვდივართ".
როდესაც 1924 წლის 21 იანვარს ლენინი მოკვდა, მას წმინდანად შერაცხვის საფრთხე დაემუქრა. მისმა ქვრივმა, ნადეჟდა კრუპსკაიამ მყარი მარქსისტული მტკიცებულება წარადგინა "მისი სხეულისთვის ღიად პატივის მიგების" საწინააღმდეგოდ. თუმცა პოლიტბიუროს ბელადის ავადმყოფობის ბოლო სტადიებში უკვე ჰქონდა დაწყებული პანაშვიდის სპეციალური რიტუალების დაგეგმვა. გადმოცემის თანახმად, ერთ შეხვედრაზე თავად სტალინმა აღნიშნა: "ზოგიერთ ამხანაგს სჯერა, რომ თანამედროვე მეცნიერებას შეუძლია ბალზამირებით დიდი ხნით შეინახოს გარდაცვლილის სხეული".
სტალინი ლენინის საპანაშვიდე კომისიის თანახელმძღვანელი იყო, ხოლო ფელიქს დერჟინსკიმ, "გეპეუს" უფროსმა, თანამედროვე მუმიფიკაციის ექსპერტთა ჯგუფი, სახელად უკვდავყოფის კომისია, შეკრიბა. ლენინის მემკვიდრეებმა, თითქოს რაღაც ჯოჯოხეთური იუმორის გრძნობის კარნახით, ბელადი მასებისთვის სათაყვანო კიდევ ერთ გაუხრწნელ რუს წმინდანად გადააქციეს.
კომენტარები