2020 წლის 20 მთავარი ამბავი საქართველოში — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

კორონავირუსის პანდემიის გარდა, 2020 წელს საქართველში ბევრი სხვა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აქტუალური. ქვეყნისთვის 2020 საარჩევნო წელი იყო. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული პოლიტიკური კრიზისი დღემდე გრძელდება. გახმაურებული მკვლელობები, ყაჩაღობები, ძარცვები, ავტოავარიები, ფემიციდის შემთხვევები — ეს არასრული ჩამონათვალია იმ ამბების, რომლებიც მიმდინარე წელს მოხდა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ოფიციალურად 9 იანვარს შეწყდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიზეზად კონსორციუმის მხრიდან აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა დაასახელეს.

ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმდა.

ანაკლიის პორტის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები თიბისი ბანკის საქმემ გააჩინა. თიბისი ჰოლდინგ საქართველო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ივარაუდეს, რომ ეს პროცესები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისკენ იყო მიმართული. პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები ფულის გათეთრების ნიშნებს შეიცავდა.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში კი განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს ბანკის გამჭვირვალობაზე დადებითად აისახება. მოგვიანებით ისინი ანაკლიის პორტის მმართველ საბჭოში თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტებიდანაც წავიდნენ. დღეს ისინი პარტია ლელოს ლიდერები არიან.

მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებლად ახალი ინვესტორის ეძებენ.

გიგი უგულავას ხელახალი დაპატიმრება

8 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავას სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

საქმე თბილისის განვითარების ფონდს ეხებოდა, რაზეც უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირი 2018 წლის თებერვალში დამნაშავედ ცნეს. გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავებოდა.

სამი თვის შემდეგ, 15 მაისს უგულავამ საპატიმრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად დატოვა.

30 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა მთავარი არხის მეწილეს, გიორგი რურუას. რურუა ერთ-ერთია იმათგან, ვის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა. პროკურატურა მას იარაღის უკანონო ტარებას ედავება.

მოგვიანებით უწყებამ რურუას ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის განცხადებით, ბრალს ახალი მუხლი — სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლის შესახებ დაემატა.

მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.

Covid-19 საქართველოში

რაც შეეხება 2020 წლის მთავარ მოვლენას, საქართველოში Covid-19-ის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროს მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 80 000-ზე მეტი ადამიანი იყო ინფიცირებული. საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა, რითაც:

  • აიკრძალა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება;
  • შეიზღუდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის 3 და 15 000 ლარიანი ჯარიმები დაწესდა, განმეორებითი ქმედებისთვის კი — სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით;

საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი ქვეყანაში 30 მარტს გამოცხადდა. 31 მარტიდან სრულად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. შეიზღუდა როგორც მუნიციპალური, ასევე, საქალაქთაშორისო მოძრაობა.

აიკრძალა სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა 2 მეტრის დაშორებით განისაზღვრა.

წლის ყველაზე საშიშ ვირუსს გამოჩენისთანავე თან ახლდა კურიოზებიც. ირანის მოქალაქე ქართველ ჟურნალისტებთან ინტერვიუში ამბობდა, რომ სრულებით ჯანმრთელია და რომ უკვე შეეძლო კლინიკის დატოვება. ამ დროს კი, საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან ორი ექიმი გამოვიდა, რომლებმაც პაციენტი პალატაში მყისიერად დააბრუნეს.

8 მარტის შეთანხმება

8 მარტს ოპოზიციამ და ქართულმა ოცნებამ ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე, 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდა. ასევე, სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდა, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებდა, ბარიერი 1% იყო.

პროპორციულ საარჩევნო სისტემას წინ აქციები უძღოდა. საპროტესტო გამოსვლები 2019 წლის ზაფხულში, მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისის ღამეს პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირება მისცა, რომ 2020-ში ქვეყანა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა და კანონპროექტზე მუშაობაც დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით ისევ ქართული ოცნების დეპუტატებმა, კანონპროექტი ჩააგდეს.

ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობა

15 ივნისს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დავალებით, უთვალთვალებდნენ.

27 ნოემბერს, საქართველოს პროკურატურამ გაბუნიას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე უწყებაში განაცხადეს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის 13 ივნისს, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისათვის დაკავებულ ვ.ბ.-ს ბრალი დაუმძიმდა.

არსებობს მოსაზრება, რომ ყველაფერი გასულ წლის ივლისში, გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გინებას მოჰყვა. ტელეწამყვანმა არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. რუსთავი 2-ის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი გამოხატვის მსგავს ფორმას კატეგორიულად არ იზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინათ.

გინებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაშიც. გაბუნიას ქცევა პროვოკაციად შეაფასეს. დუმის დეპუტატები ჟურნალისტის სამართლებრივ დასჯასა და მის რუსეთში ექსტრადირებას ითხოვდნენ. კომენტარი გააკეთა პუტინმაც და თქვა, რომ "ასეთი ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია".

ბოდიშის მოხდა და დევნის დაწყება კი ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა. მან გაბუნიას გადამალვა ურჩია, "რადგან მსოფლიოში არის მილიონობით ახალგაზრდა, რომელთაც უყვართ პუტინი" და "პირველივე შემხვედრი გაუკეთებს მას იმას, რაც დაიმსახურა".

გიორგი შაქარაშვილის საქმე

19 ივნისს ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარდა. მისი ცხედარი მდინარე არაგვში, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

ფოტო: საფეხბურთო კლუბი საბურთალო / Facebook

რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ბრალდებული დააკავეს, ყველა მათგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ამავე ძალადობაში მონაწილეობისა და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე წარედგინათ. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გაგრძელდა.

სწორედ ექსპერტიზის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია, წყალში დახრჩობა გახდა. ამავე დასკვნის თანახმად, გარდაცვალებამდე მას მკვრივი/ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა.

გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩხუბში მონაწილე ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". გიორგი შაქარაშვილმა აგარაკი 5 პირთან ერთად მათ მოსვლამდე დატოვა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული 6 პირი თავს დაესხა, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

18 ივლისს 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი დაიკარგა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის საკუთარი მანქანით ქვემო ფონიჭალიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. გაუჩინარებიდან 5 დღიანი ძებნის შემდეგ, ბაჩალიაშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ფოტო: თამარ ბაჩალიაშვილის ფეისბუქ ანგარიში

მანქანა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მაგისტრალიდან 100-200-მდე მეტრის დაშორებით, ბუჩქნარში იყო გაჩერებული.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება 17 დეკემბერს შეწყვიტა. უწყების ცნობით, ახალგაზრდა პროგრამისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პროკურატურა გამოძიებას თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით აწარმოებდა.

ავარია შატილში

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. მომხდარს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მძიმედ დაშავდა — 3.

ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

პრორუსული პარტიის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში და დაბრუნებული ხატი

აგვისტოში ოკუპირებულ აფხაზეთში პრორუსული პარტია პატრიოტთა ალიანსის ლიდერების ვიზიტსა და წმინდა გიორგის ხატის ჩატანას კრიტიკა მოჰყვა როგორც ოკუპირებულ რეგიონში, ისე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას თანაშემწე, ლაშა საყანია ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო. მან ჯერ უარყო, შემდეგ კი დაადასტურა, რომ ოკუპირებულ რეგიონში პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს შეხვდა. მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ფედერაციიდან მას მეგობრები დაუკავშირდნენ, რომლებმაც დავით თარხან-მოურავისთვის ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატის გადასაცემად დახმარება სთხოვეს. საყანია ამტკიცებდა, რომ ამ თხოვნას "ჰუმანიტარული მიზნით" დათანხმდა.

საყანიას განცხადების შემდეგ, შეხვედრა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმაც დაადასტურა. ის მანამდე აფხაზეთში ყოფნის შესახებ კომენტარს არ აკეთებდა. მოგვიანებით ინაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტისას გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა და თქვა, რომ ფოტოები 18 აგვისტოს აფხაზეთში, ილორის ტაძარშია გადაღებული, სადაც მან ტაძარს ღვთისმშობლის ხატი შესწირა.

ფოტო: ირმა ინაშვილი / Facebook

ამბავი იმით დასრულდა, რომ ნაჩუქარ ხატი აფხაზურმა მხარემ უკან დააბრუნა. მათ წმინდა გიორგის ხატი ენგურის ხიდზე ე.წ. მესაზღვრეებს დაუტოვეს. მის წასაღებად კი ირმა ინაშვილი ზუგდიდში ჩავიდა და თქვა, რომ ხატს ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში მიიტანდა.

ყაჩაღობა ზუგდიდში

22 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა.

თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად მან პოლიციას 2 საათი მისცა. სახელმწიფომ მისი მოთხოვნები შეასრულა. 04:48 წუთზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა მძევალი, 43 ადამიანი თავისუფალია. თავდამსხმელის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.

მოგვიანებით, ჯერ მთავარმა არხმა, შემდეგ კი პოლიციამ გაავრცელა სავარაუდო თავდამსხმელის ფოტო და ვინაობა. საქართველოს ბანკის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუაა.

12 დეკემბერს დააკავეს ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა. მას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან.

კარტოგრაფების საქმე

29 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ინფორმაცია, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის საქმიანობას ეხებოდა. მათივე განცხადებით, დაიწყო გამოძიება, რომელიც უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გაცემისკენ მიმართული მოქმედებას ეხებოდა. როგორც უწყებაში განმარტეს, საქართველოს საზიანოდ მეზობელი ქვეყნისთვის 3 500-მდე ჰა ფართობი მიწის გადაცემის საფრთხე შეიქმნა.

2 ოქტომბერს, პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორიგინალი რუკებისა, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის საქმეზე გამოძიება დაიწყო, ქართულ მხარეს ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა გადასცა. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, რომ რუკების დედნები მან რუსეთში საგარეო დაზვერვის დახმარებით მოიპოვა.

7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეზე საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებმა საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 9 ოქტომბერს კი ილიჩოვასა და მელაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ოპოზიცია მიმდინარე გამოძიებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებდა. ნაწილი აცხადებდა იმასაც, რომ ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე მსგავსი გამოძიება პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის დაძაბვის მცდელობა იყო. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, საზღვარზე გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებზე აჩენს ეჭვს.

მმართველ გუნდში ამას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობას ვერაფერი დააზიანებს.

საპარლამენტო არჩევნები

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგები, სადაც მმართველი პარტია ლიდერობდა, ოპოზიციამ არ ცნო. საპროტესტო აქციები ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შედეგების გამოცხადებისთანავე დააანონსეს. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პარტიებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზეც უარი თქვეს.

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დელეგატების განცხადებით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო. თუმცა, მათივე თქმით, იყო ბრალდებები, რომ მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი გამიჯნული არ იყო. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ისიც აღნიშნეს, რომ ბრალდებები ამომრჩევლებზე ზეწოლასაც შეეხებოდა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ანგარიშის თანახმად, საარჩევნო ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა.

ოპოზიციამ ბოიკოტი არჩევნების მეორე ტურსაც გამოუცხადა. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყანაში 21 ნოემბერს გაიმართა, სადაც არცერთი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში სახელისუფლებო პარტიამ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა.

მეორე ტურის პარალელურად, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით ქართულ ოცნებასა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩო ოპოზიციას მოუწოდებენ, პარლამენტში შევიდნენ, ვინაიდან მათთვის ერთპარტიული პარლამენტი მიუღებელია.

ISFED-ის ხმების პარალელური დათვლა

ხარვეზი დაფიქსირდა 25-წლიანი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგებში. სამართლიანი არჩევნების (ISFED) პირველადი შიდა აუდიტის შედეგებმა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა.

საარჩევნო სუბიექტების ხმებთან ერთად დათვლილი იყო ბათილი ბიულეტენები, რამაც ცესკოს მონაცემებთან შედარებით სამი პარტიის შემთხვევაში ცდომილება გამოიწვია. ესენია: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და სტრატეგია აღმაშენებელი.

თავდაპირველად, 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების მიხედვით, ქართულმა ოცნებამ 45,8% აიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 26,4%. 11 დეკემბერს ISFED-ის მიერ გასწორებული მონაცემების მიხედვით კი, მმართველმა პარტიამ 47,6%, ხოლო ენმ-მ 27,4% აიღო, რაც ცდომილების ზღვარის გათვალისწინებით, ცესკოს მონაცემებთან უფრო ახლოსაა. ცესკოს დათვლით, ქართულმა ოცნებამ ხმების 48,22%, ნაციონალურმა მოძრაობამ კი — 27,17% მიიღო.

სამართლიანი არჩევნების ბორდმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ორგანიზაციის ხელმძღვანელს დააკისრა და ელენე ნიჟარაძე დაკავებული თანამდებობიდან გადააყენა.

აქციის დაშლა ცესკოსთან

8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ პარლამენტთან გამართულმა აქციამ რვა საათის შემდეგ ცესკოსთან გადაინაცვლა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას არავის მისცემდნენ. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ გაფრთხილების გარეშე დაიწყო.

ფოტო: ხატია ღოღობერიძე / On.ge

აქციაზე, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს ეს არ დაადასტურა. ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ გარკვეული ნივთიერება ნამდვილად გაუშვეს, რომელიც იწვევდა თვალებისა და ყელის წვას. რაც შეეხება წყლის ჭავლის გამოყენებას, ეს შსს-მ პროპორციულ ძალად შეაფასა.

უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებდნენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და გამოხატვის თავისუფლებას არღვევდა.

ერთპარტიული პარლამენტი

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში დღემდე გრძელდება. ოპოზიციის მოთხოვნებს რიგგარეშე ან ვადამდელ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით არჩევნებიდან უმრავლესობაში უსაფუძვლოდ აფასებენ და ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არც დრო და არც რაიმე ფორმატი არსებობს, ვინაიდან, მათი თქმით, არჩევნები არ გაყალბებულა. მმართველ გუნდში იმედი აქვთ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა და კანონშემოქმედებით საქმიანობას შეუდგება.

მოლაპარაკებები ელჩების ფასილიტაციით გრძელდება. პარლამენტის პირველ სხდომამდე მე-5 რაუნდმა გაურკვეველ ვადამდე გადაიწია. დეპუტატის მანდატის მორგებასთან დაკავშირებით აზრები ოპოზიციაშიც გაიყო. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პატრიოტთა ალიანსმა მანდატის გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს მიმართა, სიის მე-4 ნომერი, ავთანდილ ენუქიძე საპარლამენტო მანდატზე უარს არ ამბობს.

მანდატებზე გაუქმებაზე ამ დრომდე არ მიუმართავს ალეკო ელისაშვილის პარტია მოქალაქეებს და გირჩის გაყოფილ ნაწილს. თუმცა, მანდატის მიღებაზე უკვე უარი თქვა მეტი თავისუფლება — გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.

ოფიციალურად პარლამენტმა მუშაობა 11 დეკემბერს, ოპოზიციის გარეშე, დაიწყო.

პარლამენტის პირველ სხდომაზე ოპოზიციის ცარიელი სკამები

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

23 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს.

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, კანონპროექტი, პარტნიორების მხრიდან გაჩენილი შეკითხვების შემდეგ, ვენეციის კომისიაში გადააგზავნეს. მისი განხილვები დროებით შეჩერებულია.

ქართული ოცნების კიდევ ერთი ინიცირებული კანონპროექტი იმ პარტიის არჩევნებიდან მოხსნას, რომლის ლიდერიც აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაციისათვის კონსტიტუციით დადგენილ რომელიმე ცენზს არ აკმაყოფილებს, მაგალითად, არის უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა.

პოლიტიკური გაყრა

დაძაბული პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობამ ბზარი ოპოზიციურ ერთობაშიც გააჩინა. სხვადასხვა პარტიაში წევრებს შორის გაჩენილმა უთანხმოებამ ან აზრთა სხვადასხვაობამ მათ მიერ პარტიის დატოვება გამოიწვია.

4 დეკემბერს ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან ერთად გირჩის კეთებას აღარ აპირებს.

26 დეკემბერს კი ზურაბ ჯაფარიძემ მეტი თავისუფლება — გირჩი დააფუძნა.

10 ნოემბერს გავრცელდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება, სადაც ის პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებდა, პროცესი მშვიდობიან მაგიდასთან გადაეტანათ და ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით ჩაენაცვლებინათ. განცხადებას კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაში, მათ შორის, ენმ-შიც.

ვაშაძემ თავის განცხადებაზე დამატებითი განმარტებები გაავრცელა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი. 15 დეკემბერს მან ნაციონალური მოძრაობა დატოვა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელენე ხოშტარია ევროპულ საქართველოს ტოვებს, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვრცელდებოდა. იყო მოსაზრება, რომ ის აქტივიზმში გადაინაცვლებდა. 28 დეკემბერს მან პარტია ოფიციალურად დატოვა და თქვა, რომ ახალი პარტიის დაფუძნებას გეგმავს.

ჯერ კიდევ არჩევნებამდე დატოვა ქართული ოცნება და ენმ-ს დაუბრუნდა კახა ოქრიაშვილი. მან ცეზარ ჩოჩელთან ერთად შექმნა პარტია, რომელიც ენმ-ის საარჩევნო ბლოკშიც იყო. 2016 წლამდე ოქრიაშვილი სწორე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი იყო.

მიმდინარე წლის აგვისტოში თავისუფალი დემოკრატები დატოვეს შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ. შავგულიძე აცხადებდა, რომ ამის მიზეზი პარტიის გამგეობაში შექმნილი არაჯანსაღი ვითარება იყო. ის არჩევნებზე ევროპული საქართველოს კანდიდატი იყო.

7 აგვისტოს თავისუფალი დემოკრატებიდან ლელოში გადაინაცვლა ადვოკატმა, ლევან სამუშიამაც.

წლის ვიზიტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 7 ქვეყანაში დაგეგმილი 10-დღიანი ტურნეს ფარგლებში ესტუმრა. სახელმწიფო მდივანმა ოფიციალური შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორესთან გამართა.

ფოტო: გიორგი გახარია / Facebook

ასევე, პომპეო შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. მაღალი რანგის სტუმარი ოპოზიციას არ შეხვედრია. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ.

მდუმარე აქცია პომპეოს ვიზიტის პარალელურად

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

პომპეოს ვიზიტი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ურყევ მხარდაჭერად შეფასდა.

საქართველოს, ასევე, ნიდერლანდების, შვედეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვივნენ. წლის დასაწყისში შედგა სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტიც. 2020 წლის 24 სექტემბერს საქართველოს აზერბაიჯანის ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

მცოცავი ოკუპაცია, დაკავებები საოკუპაციო ხაზთან

შიდა ქართლსა და სამეგრელო-აფხაზეთის დამაკავშირებელ საოკუპაციო ხაზთან არსებული ე.წ. ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების დაკავებები წელსაც გაგრძელდა. მაგალითად, 5 თვეზე მეტია ცხინვალის ციხეში რჩება ზაზა გახელაძე.

რაც შეეხება ე.წ. ღამურების საქმეზე დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები პატიმრობიდან 85 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.

შენობა-ნაგებობის დემონტაჟი აფრიკის დასახლებაში

15 დეკემბერს თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში 12 შენობა დაანგრია, მათ შორის, უმეტესობა საცხოვრებელი სახლი იყო.

ფოტო: On.ge/თამუნა გეგიძე

მერიის არგუმენტით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ნაგებობების აღმართვა სამართალდარღვევა იყო. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცავებთან ერთად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც ორსული ქალიც დაშავდა.

დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების ყველა მეპატრონეს კერძო საკუთრებაში სახლები ან მიწის ნაკვეთი დაუფიქსირდათ, რაც დასახლებაში მცხოვრებლებმა უარყვეს.

აღნიშნულ ფაქტს საზოგადოების მწვავე კრიტიკის მოჰყვა, რის შემდეგაც კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოზე ასახულ მამა-შვილს ბინა აჩუქა.

პირველად ისტორიაში, საქართველოს კანდიდატი ჰააგის სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს

საქართველოს კანდიდატი, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ, აღმოსავლეთ ევროპის კვოტით, 2021-2030 წლების ვადით, აირჩიეს. ჰააგის სასამართლოში ქართველი მოსამართლე სამართლებრივ საქმიანობას რამდენიმე თვეში შეუდგება.

აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გახარიამ ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგინა, თუმცა ICC-ში არჩევის გამო მას დაკავებული თანამდებობის დატოვება მოუწევს.

ქალ ფეხბურთელთა გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე

საქართველოსთვის 2020-ს არც მნიშვნელოვანი წარმატების მოტანის გარეშე ჩაუვლია. ქვეყნის ისტორიაში პირველად ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა.

ფოტო: ქსკ ლანჩხუთი

უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალზე მათ რუმინეთის ოლიმპია კლუჟი 1-0 დაამარცხეს, რითაც ლანჩხუთი პირველი ქართული საფეხბურთო კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი: კათალიკოსმა იცოდა დიდი ხნის წინათ თქმა: მღვდელი ხმაურით თუ მაღლა იჭრება, ხელი სტაცე და მიწაზე დაანარცხეო
  2. რუსთავში აიღეს ძეგლი "სამოთხის კარიბჭე", რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა
  3. ლარი ისევ გაუფასურდა
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  5. რიკარდ იოზვიაკი: EU დღეს საქართველოს ოფიციალურ პირებს სანქციებს არ დაუწესებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულების მსვლელობას მართავენ

რესპუბლიკის მოედანზე მრავალფეროვნების მარში იწყება. აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან. სოლიდარობის…