განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, პედაგოგთა სახელფასო ანაზღაურების მარეგულირებელი გარდამავალი პერიოდი 2027 წლის დასაწყისამდე გახანგრძლივდა.

კერძოდ, ცვლილებების მიხედვით:

წამყვან მასწავლებელს წამყვანი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი. ხოლო მენტორ მასწავლებელს მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხოლოდ ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.

მიუხედავად ამისა, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ისინი სტატუსის შესაბამის დანამატს შეინარჩუნებენ და მიიღებენ ყველა იმ საჯარო სკოლაში, სადაც პარალელურად ასწავლიან.

ახალი რეგულაციითვე დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც I-IV კლასების კომბინირებულად სწავლების უფლება აქვთ მოპოვებული და დაწყებით საფეხურზე ასწავლიან ჭადრაკს ან საგანს "მე და საზოგადოება", შრომის ანაზღაურება შესაბამისი წესით მიეცემათ.