ქართველი მუსიკოსის, ალექსანდრე კორძაიას, იგივე Kordz-ის დედა, ასევე მუსიკოსი თამრიკო კორძაია, მისი შვილის წინააღმდეგ ხელისუფლებისა და სამთავრობო მედიების მიერ წარმოებულ კამპანიას ეხმაურება. სწორედ ამ კამპანიის ფონზე, დანიის კულტურის ინსტიტუტმა გორში დაგეგმილი Kordz-ის კონცერტი გააუქმა.

თამრიკო კორძაიას შეფასებით, მისი შვილის გარშემო განვითარებული მოვლენები ტერორისა და მობინგის ეტაპზე გადავიდა. ის მიმდინარე მოვლენებს ფაშიზმის, ჰიტლერისა და სტალინის პერიოდის რეპრესიებს ადარებს და ამბობს, რომ მსგავსი პროცესები დღეს პუტინის რუსეთსა და საქართველოშიც მიმდინარეობს.

"ყველაფერი გადავიდა ტერორის, მობინგის, ადამიანის განადგურების ახალ ხარისხში. რადგან არ ვარ ახლა საქართველოში და ცოტა უფრო სხვა პერსპექტივიდან ვუყურებ, დამტკიცებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მართლა ასეა.

ეს ადამიანის დანგრევა, მისი იდენტობის შეცვლაა, ეს არის ყველაზე დიდი საშინელება ხელოვანისთვის, რაც კი შეიძლება მას გაუკეთონ. ეს ხდებოდა ფაშიზმის დროს, ჰიტლერის დროს, ეს ხდებოდა სტალინის დროს, ეს ხდება პუტინის რუსეთში და ეს ხდება ახლა საქართველოში.

იმიტომ კი არა, რომ ეს ალექსანდრეა და ჩემი შვილია. მე და ალექსანდრეს სხვანაირი ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ არ ვართ მარტო დედა-შვილი, ეს არის თანამშრომლობა, ჩვენ ვართ მუსიკოსები, რომლებიც ერთად ვმუშაობთ, ერთად ვფიქრობთ მუსიკაზე, ერთად ვფიქრობთ ბევრ სხვადასხვა რაღაცებზე მუსიკის გარდა.

...სულერთია ალექსანდრე დარჩება საქართველოში თუ წამოვა [შვეიცარიაში], მას ისეთი განცდები შეხვდა ბოლო ორი წლის თუ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, რომ ალბათ ეს არასოდეს არ ამოვა ადამიანის ფსიქიკიდან", – ამბობს თამრიკო კორძაია.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა კობახიძემ 25 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში ისაა, რომ კონკრეტულ Kordz-ის კონცერტს ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი აფინანსებდნენ, რაც, მისი შეფასებით, "ფაშიზმის წამახალისებელი აქტია". მისივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია ამ შემთხვევაში "საბჭოური მეთოდებით" მოქმედებდა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ეს მიდგომები შეიცვლება.

თამრიკო კორძაიას შეფასებით, ქართულმა ოცნებამ ალექსანდრე მიზანმიმართულად აირჩია საერთაშორისო ფონდებისა და საქართველოში მათი საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გასატარებლად. მუსიკოსის დედა განმარტავს, რომ ალექსანდრემ ქუჩაში მოსმენილი სიმღერა გაარემიქსა, მუსიკაში ქუჩაში მოსმენილი ხმებისა და ადამიანების ჩანაწერების გამოყენება ჩვეულებრივი პრაქტიკაა.

"ფაქტიურად ქართულმა ოცნებამ ამოირჩია ალექსანდრე იმისთვის, რომ თავისი პოლიტიკა გაატაროს საერთაშორისო ფონდების წინააღმდეგ, მათი მოღვაწეობის წინააღმდეგ საქართველოში, რასაც ისინი აფინანსებენ, იმ პოლიტიკის წინააღმდეგ.

პრემიერმინისტრი, ისე, რომ ალბათ არც იცის რას აკეთებს ალექსანდრე, რა მუსიკას წერს, ვისთან მუშაობს, აბრალებს ადამიანს ფაშიზმს, რომელმაც გამიქსა [სიმღერა, იგულისხმება "ოლე ოლა"]. ვინმემ იქნებ აუხსნას ამ ხალხს ეს. გასაგებია, რომ მუსიკოსები არ არიან და არ შეიძლება იცოდეს ყველამ რა არის რემიქსი, რა არის სემპლინგი, რა არის ქუჩაში გაგონილი ადამიანების ხმი ჩაწერა", — ამბობს თამრიკო კორძაია.

ვიდეომიმართვის ბოლოს ის საზოგადოებას მოუწოდებს, ამ პროცესს მეტი წინააღმდეგობით შეხვდნენ — არა მხოლოდ ალექსანდრეს გამო, არამედ იმიტომაც, რომ, მისი თქმით, საბოლოოდ ეს ყველაფერი თითოეულ მათგანს ეხება.


დანიის კულტურის ინსტიტუტმა 23 სექტემბერს, 26 სექტემბერს გორში დაგეგმილი "კამარა ფესტივალი" უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გააუქმა.

გორში დაანონსებული ფესტივალის გაუქმებამდე სამი დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირსა და იმ დონორ ორგანიზაციებს აკრიტიკებდა, რომლებიც ღონისძიებაში იყვნენ ჩართული. მისი თქმით, მათ უნდა გადაეწყვიტათ, გაემიჯნებოდნენ თუ არა იმ ქცევას, რომელიც მან "ექსტრემიზმად და ფაშიზმად" შეაფასა. სამთავრობო პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა კი ე.წ. ქარდები გაავრცელეს, სადაც Kordz-ს "ფაშისტური ნარატივების გამავრცელებლად" მოიხსენიებდნენ.

ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ალექსანდრე კორძაიას წინააღმდეგ ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. 2025 წლის 9 ივლისს მუსიკოსს საკუთარ სახლთან უცხო პირები დახვდნენ და მასზე თავდასხმა სცადეს, თუმცა კორძაიამ გაქცევა მოახერხა.

რა კავშირი აქვს Kordz-ს "ოლე ოლასთან"?

შეგახსენებთ, რომ "ოლე, ოლა" 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე შეიქმნა. სიმღერის ტექსტი ქართული ოცნების წინააღმდეგ გინებას შეიცავს და აქციის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სიმღერად/სკანდირებად იქცა. შემდეგ Kordz-მა ამ საპროტესტო შეძახილის მუსიკალური არანჟირება გააკეთა.

ვინ არის თამრიკო კორძაია?

თამრიკო კორძაია ქართველი პიანისტი და თანამედროვე მუსიკის წარმომადგენელია, რომელიც წლებია შვეიცარიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მას მიღებული აქვს არაერთი ეროვნული და საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის საკაის საერთაშორისო კონკურსის პირველი პრემია და მოცარტის ინტერპრეტაციის სპეციალური პრიზი იაპონიაში, ასევე ვინტერთურის კულტურის ჯილდო. 2008 წლიდან არის შვეიცარიული Mondrian Ensemble-ის წევრი — ანსამბლმა 2018 წელს Swiss Music Prize მიიღო. კორძაია აქტიურად თანამშრომლობს თანამედროვე კომპოზიტორებთან, ასრულებს მათ ახალ და ხშირად მისთვის დაწერილ ნაწარმოებებს და განსაკუთრებით უკავშირდება ქართველი კომპოზიტორის მიხეილ შუღლიაშვილის მუსიკის ხელახალ აღმოჩენასა და პოპულარიზაციას. ის ასევე არის ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის ფორტეპიანოს პროფესორი და მულტიდისციპლინური ანსამბლ KIOSK-ის წევრი.

2005 წლიდან ის არის ქართულ-შვეიცარიული თანამედროვე მუსიკის ფესტივალის Close Encounters-ის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, რომლის მიზანიც საქართველოსა და შვეიცარიის თანამედროვე მუსიკის სცენების დაკავშირებაა. პარალელურად, კორძაია ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში (ZHdK) ფორტეპიანოს პროფესორია.

ვინ არის ალექსანდრე კორძაია?

ალექსანდრე კორძაია, სასცენო სახელით Kordz, ქართველი კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი და ელექტრონული მუსიკის არტისტია, რომელიც 1994 წელს თბილისში დაიბადა და ბავშვობა საქართველოსა და შვეიცარიას შორის გაატარა. მან მუსიკალური განათლება შვეიცარიაში, ბაზელის მუსიკის აკადემიაში მიიღო, სადაც აუდიოდიზაინს, ელექტროაკუსტიკურ კომპოზიციას, ხმის ჩაწერასა და ხმის ინჟინერიას სწავლობდა, მოგვიანებით კი ჰააგის სამეფო კონსერვატორიაში კომპოზიციაზე სწავლობდა. Kordz-ის მუსიკა აერთიანებს კლასიკურ და ორკესტრულ მუსიკას, ელექტრონიკასა და ექსპერიმენტულ ჟღერადობას; ის თანამშრომლობს სხვადასხვა ქართველ და უცხოელ მუსიკოსთან და მისი ნამუშევრები შესრულებულა, მათ შორის, სიმფონიურ ორკესტრებთან. 2026 წელს მან დედასთან, პიანისტ თამრიკო კორძაიასთან ერთად ერთობლივი ალბომი Find Me გამოუშვა.

Kordz-მა 2021 წელს შექმნა პროექტი Kordz x Sakamoto, რომელშიც საკამოტოს ცნობილი და ნაკლებად ცნობილი კომპოზიციები საკუთარი სტილით გადაამუშავა. პროექტი ჰოლანდიის ფესტივალზე, Asko|Schönberg Ensemble-თან ერთად, საკამოტოს თანხმობით განხორციელდა.