აბსტრაქციონიზმი: როგორ აღწევს ხელოვანის იდეა მნახველის გონებამდე
ფორმები და საგნები — ისინი ყველგან არიან და ჩვენს ცხოვრებაში გარკვეულ მნიშვნელობებს ეტაპობრივად იძენენ. ხანდახან მათთვის მინიჭებული მნიშვნელობა ისეთი გადაჭარბებულია, რომ მათ როლს ნორმალურად ვერც კი ვიაზრებთ. თუ ჩვენს ცხოვრებას ამ თვალით შევხედავთ, მასში აბსტრაქტული და მატერიალური სამყაროს მუდმივ ჭიდილს აღმოვაჩენთ. სამყაროს, სადაც რეალური ურთიერთობებისა და შეგრძნებების მნიშვნელობა თანდათან უფასურდება, იმ ნივთების რაოდენობა კი, რომლებიც არ გვჭირდება, წარმოუდგენლად იზრდება.
ზოგჯერ, შესაძლოა, ვერც კი მივხვდეთ, თუ რამდენად ძვირფასია ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობა და ამ ურთიერთობებისგან მიღებული ემოციები. სამაგიეროდ, შეგვიძლია დაუსრულებლად ვიდარდოთ იმ ნივთების საყიდლად ფულის შეგროვებაზე, რომლებიც, შეიძლება, არც კი გამოვიყენოთ. ხშირად ეს ნივთები ისე გვიტაცებს, რომ მათ არაფრისმომცემ ბუნებას ყურადღებას არ ვაქცევთ და არც კი ვუფიქრდებით, შეუძლია თუ არა მას ჩვენთვის ბედნიერების მონიჭება.
ხელოვნებას, ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს აღქმისა და საკუთარი თავის შეცნობის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ამ მხირვ განსაკუთრებით საინტერესო აბსტრაქტული ხელოვნებაა, რომელიც ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენებით გამოწვეული დაძაბულობის მოხსნაში გვეხმარება.
როდესაც აბსტრაქტულ ნამუშევარს ვუყურებთ, მასში არა გარკვეულ დეტალებს, არამედ საერთო ქაოსურ სურათს ვხედავთ. "თუ ცდილობთ, რომ სამყაროში ახალი ფორმები შეიცნოთ, მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევარში კონკრეტული დეტალებით არ აღფრთოვანდეთ, რადგან ჩვენთვის საერთო სურათის ცქერას უფრო დიდი სარგებელი მოაქვს", — ამბობს ქიმიკოსი, როდნი შრაინერი. შესაბამისად, აბსტრაქტულ ხელოვნებას, შესაძლოა, იმის უნარი ჰქონდეს, რომ ჩვენი ენერგია, ის რესურსი, რასაც წვრილმანებზე ვფლანგავთ, ჩვენსავე ხედვის გაფართოებას მოახმაროს და ყოველდღიურ ცხოვრებაში დაკარგული ემოციების კომპენსირებაში შეგვეშველოს.
საბოლოო ჯამში, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რამდენად დიდ ყურადღებას ვაქცევთ ხელოვნების როლს ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში — ეჭვგარეშეა, რომ ის ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში სხვადასხვა სახით არსებობს და ჩვენზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენს.
რა არის აბსტრაქციონიზმი?
ხელოვნება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. თანამედროვე სამყაროში ხშირად ისეთ მიმდინარეობებს შევხვდებით, რომლის მიმართაც საზოგადოების შეფასება, შესაძლოა, სრულიად გადაჭარბებულად ან პირიქით, დამაკნინებლად მოგვეჩვენოს. თუმცა მიმდინარეობა, რომელიც ხელოვნების ისტორიის ფურცლებზე უკვე დიდი ხანია, რაც მოხვდა, მაგრამ დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე კონტროვერსიულ ხედვად, აბსტრაქციონიზმია. საინტერესოა, რომ მისი ზუსტი მნიშვნელობა დღესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ხელოვნებათმცოდნეები თუ ხელოვნების მოყვარულები მის არსზე ჯერ კიდევ აქტიურად მსჯელობენ. ეს კი ბადებს კითხვას: რამ გამოიწვია აბსტრაქტულ ხელოვნებაზე არსებული შეხედულებების ამგვარი მრავალფეროვნება?
აბსტრაქციონისტები ემპირიულ ვიზუალურ რეალობას თავიანთ შემოქმედებაში ზუსტად არ ასახავენ. ისინი გამომსახველობითი ეფექტის მისაღწევად სხვადასხვა ფორმას, ფერსა და ფუნჯის თავისუფალი მოძრაობის ტექნიკას აქტიურად იყენებენ, რის შედეგადაც სრულიად უნიკალურ ხედვას ქმნიან.
სწორედ მსგავსი რადიკალური ინდივიდუალიზმი შეიძლება მივიჩნიოთ იმის მიზეზად, რომ აბსტრაქტული ხელოვნების ირგვლივ ძალიან ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ვინაიდან აბსტრაქციონიზმი რეალობას პირდაპირ არ ასახავს, ხშირად მასში დაფარულ შესაძლო მნიშვნელობებს უბრალოდ გვერდს უქცევენ და მის ზედაპირულ თვისებებს განიხილავენ. ერთ-ერთი მსგავსი მოსაზრების თანახმად, აბსტრაქტული ხელოვნება მხოლოდ და მხოლოდ ნამუშევარში გამოყენებული საღებავის ან გარკვეული ტექნიკის რეპრეზენტაციას ემსახურება. სწორედ ამ შეხედულების გამო ადამიანების გარვეული ნაწილი მას ხელოვნების "უმიზნო" ფორმად მიიჩნევს.
აბსტრაქციონიზმი და რენესანსი
აბსტრაქციონიზმის უიდეობის ხაზგასასმელად ხშირად მას ხელოვნებაში მომხდარ ისეთ მოვლენებთან შეპირისპირებით განიხილავენ, რომელთა მნიშვნელობაც უტყუარია. ასეთ დროს არცთუ იშვიათად რენესანსის პერიოდი მოჰყავთ მაგალითად და მისი ღირებულების ხაზგასასმელად აღნიშნულ ეპოქაში შექმნილ ნამუშევრებში ასახულ იმ დახვეწილ ტექნიკასა და ფიგურებზე საუბრობენ, რომელთა მეშვეობითაც იმდროინდელი რეალობა და ადამინური შეგრძნებები საოცარი ოსტატობით გადმოიცემოდა.
იმაში, რომ რენესანსის პერიოდში ხელოვანების ტექნიკურმა შესაძლებლობებმა და ნამუშევრის ესთეტიკამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია, ორი აზრი არ არსებობს. თუმცა, ემოციების გადმოცემის თვალსაზრისით, აბსტრაქტული ხელოვნება არანაკლები წარმატებით ახერხებს მაყურებელთან კავშირის დამყარებას.
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აბსტრაქტული ხელოვნების მიზანს მხოლოდ და მხოლოდ საღებავის წარმოჩენაში ხედავენ, რენესანსის ხანისა და აბსტრაქციონიზმის პერიოდის შედარება აბსურდულ სახესაც კი იღებს. თუ ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან ესთეტიკური თვალსაზრისით დავუპირისპირებთ, ადამიანების გარკვეულ ნაწილს, შესაძლოა, მართლაც ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გაუჩნდეს. ნამდვილად რთულია, მაგალითად, ერთმანეთს პიკასოს მიერ აღქმული ქალი და ბოტიჩელის ვენერა შეადარო. პიკასოს ნამუშევარი, მარია ტერეზა, ისევე, როგორც მისი მთლიანი შემოქმედება, მნახველში ბევრ კითხვას სრულიად სამართლიანად ბადებს. რატომ შეიძლება, რომ ამ ნამუშევარს, სადაც ქალის პორტრეტი ფორმების აშკარა დარღვევებითაა წარმოდგენილი, ხელოვნების ისტორიაში ისეთივე მნიშვნელობა მიეწეროს, როგორიც ბოტიჩელის ნამუშევარმა, ვენერას დაბადებამ შეიძინა?
ხელოვნებაში პიკასოს მარია ტერეზა ბოტიჩელის ვენერასავით ქალის იდეალად არ უღიარებიათ, თუმცა, აქ ესთეტიკის აღქმის სუბიექტური ხასიათიც გასათვალისწინებელია, რითაც იხსნება ის გარემოება, რომ ადამიანების დიდი ნაწილი აბსტრაქტულ ხელოვნებაში ვიზუალურ სიამოვნებას პოულობს. ამასთან, თუ ხელოვნების კონკრეტულ ნამუშევარს ახალი შეგრძნებების, გამოწვევებისა და ინფორმაციის მიღების წყაროდ აღვიქვამთ, კიდევ უფრო ცხადი გახდება, რომ აბსტრაქტულ ხელოვნებას ჩვენზე იმაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
რა ზეგავლენას ახდენს აბსტრაქტული ხელოვნება ტვინის ფუნქციებზე?
ნეიროესთეტიკა დისციპლინაა, რომელსაც 10 წლის წინ ნეირობიოლოგმა სემირ ზეკიმ დაუდო დასაბამი. ის ვიზუალური ინფორმაციის აღქმისას ადამიანის ნევროლოგიურ რეაქციას იკვლევს. სწორედ ნეიროესთეტიკური კვლევების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ბევრი ადამიანისთვის იმპრესიონისტული ნამუშევრების ცქერა სასიამოვნო პროცესია. კერძოდ, ეს ნამუშევრები სტიმულს ტვინის კონკრეტულ უბანს, ამიგდალას აძლევს. ეს უკანასკნელი ადამიანის ხედვის არეში არსებული საფრთხეების აღქმაზეა ორიენტირებული. მაგრამ, ამასთან, ის ჩვენი ემოციების დამუშავებაზეც არის პასუხისმგებელი და სწორედ ეს ფაქტი შეიძლება იყოს იმის პასუხი, თუ რატომ არის იმპრესიონისტული ნამუშევრები ჩვენთვის ასეთი ამაღელვებელი.
ფოტო: Christian Fregnan / Unsplash
იმპრესიონისტული ხელოვნების ნიმუშებისგან განსხვავებით, აბსტრაქციონისტულ ნამუშევრებს ტვინის ერთ კონკრეტულ უბანზე ზემოქმედების უნარი არ აქვს. მისი ზეგავლენა ტვინის სხვადასხვა ნაწილის გააქტიურებით გამოიხატება. კვლევების თანახმად, ამ დროს ტვინი ნახატს ერთგვარ პაზლად აღიქვამს, რომლის ამოხსნაც — რაც ამ შემთხვევაში ნაცნობი ფორმების იდენტიფიცირებას უდრის — სიამოვნებას გვგვრის. ამგვარად, აბსტრაქტულ ხელოვნებას ადამიანის აღქმის, ხედვისა და ინტერპრეტაციის უნარის განვითარება, მისი წარმოსახვითი და შემოქმედებითი სამყაროს გაღვიძება და, ამასთან, სრულიად უცხო სიტუაციაში სიმშვიდის შენარჩუნების სწავლება შეუძლია.
აბსტრაქციონიზმი და თვითაღქმა
მიუხედავად იმისა, რომ აბსტრაქციონიზმი რეალობას არ ასახავს, მას ძალიან ბევრი აქვს საერთო ჩვენს ყოველდღიურობასთან. ერთი შეხედვით ქაოსურ ფიგურებსა და ფერებში ჩვენ შეგვიძლია, ნაცნობი სურათები აღმოვაჩინოთ. აბსტრაქტული ხელოვნების ეს უნარი უდავოდ მისი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ღირებული მახასიათებელია.
ფოტო: Juan Gris / Tate
მიუხედავად მისი შინაარსის ბუნდოვნებისა, აბსტრაქტული ტილო მნახველთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას მაინც ახერხებს და ადამიანს აქტიურად შეაგრძნებინებს, რომ ის კონკრეტული უარყოფითი თუ დადებითი გამოცდილებები, რომლებიც მას ცხოვრების გარკვეულ ეტაპებზე შეუძენია, სხვისთვისაც კარგად არის ნაცნობი. ამ თვალაზრისით, შესაძლოა, აბსტრაქტული ნამუშევარი ადამიანისთვის გამამხნევებელიც კი აღმოჩნდეს.
როგორც ხელოვნების სხვა ნებისმიერი ნიმუში, აბსტრაქტული ნამუშევარიც შემოქმედის ემოციებისა თუ მსოფლმხედველობის პირდაპირი რეპრეზენტაციაა. თუმცა როცა საქმე აბსტრაქტულ ნამუშევარს ეხება, მისთვის მნიშვნელობათა მინიჭებაში მნახველი გამორჩეულად აქტიურ როლს ასრულებს. ის მაყურებელს შემოქმედის მიერ ქაოტურად გამოხატული, თუმცა ნებისმიერი ადამიანისთვის ნაცნობი ემოციების საკუთარ თავში გაანალიზების შესაძლებლობას აძლევს.
აბსტრაქციონიზმში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ინტერპრეტირებას ენიჭება, რომლის მეშვეობითაც, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის წარმოსახვის საზღვრები სრულიად იშლება. ვინაიდან კონკრეტულ აბსტრაქტულ ნამუშევარს ყოველი ადამიანი განსხვავებულად აფასებს, აბსტრაქციონიზმი საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება. ასოციაციები კი, რომლებიც ამა თუ იმ ნამუშევრის ნახვისას გვიჩნდება, ჩვენს წარსულს, ჩვენს გამოცდილებებს აირეკლავს და ამ გზით გრძნობებში გარკვევის, გარკვეულ კითხვებზე პასუხის პოვნის შესაძლებლობას გვაძლევს.
აბსტრაქტული ხელოვნება თვალსაჩინოს ხდის იმას, რომ შემოქმედების მიზანს მხოლოდ და მხოლოდ ესთეტიკური ტკბობის მინიჭება არ წარმოადგენს. ხელოვნების როლი მნახველისთვის არა მხოლოდ ვიზუალური სიამოვნების მიწოდება, არამედ მისთვის რაღაც ახალი ინფორმაციისა და შეგრძნებების გაზიარებაცაა.
აბსტრაქციონიზმი და რეალობა
როდესაც აბსტრაქტულ ხელოვნებასა და რეალობას შორის არსებულ ურთიერთმიმართებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რომ თავად რეალობის ცნებას განსხვავებული კუთხიდან შევხედოთ. რას ვიტყვით მაშინ, თუ მივიჩნევთ, რომ რეალობას თავად ჩვენვე ვქმნით? რა მოხდება მაშინ, თუ რეალობის ცნების კლასიკურ გაგებას, ემპირიულ სამყაროს გვერდზე გადავდებთ, გავჩერდებით და ჩვენს თავში მიმდინარე პროცესებს უფრო ნელა და ღრმად დავაკვირდებით?
ფოტო: Mark Rothko / The Museum of Modern Art, New York
აღმოჩნდება, რომ ჩვენ საკუთარ თავებში ვიტევთ მთლიან სამყაროებს, რომლისთვისაც თვალის არიდებას ხშირად საოცარი გამალებით ვცდილობთ. ამის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ როდესაც აბსტრაქტული ნამუშევრის წინ ვდგავართ და ბევრის მიერ "უმიზნოდ" წოდებულ ხელოვნებაში კონკრეტული სურათის დანახვას ვცდილობთ, ჩვენს თავთან პირისპირ ვრჩებით. ამ დროს ჩვენ დაუფიქრებლად საკუთარ თავს იმის უფლებას ვაძლევთ, რომ ნანახი ყოველგვარი მითითების გარეშე, თავადვე განვსაჯოთ.
აბსტრაქტული ხელოვნება საკუთარი არსით ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი მიმდინარეობაა, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი განჭვრეტისას თქვენთან ვიღაც მოვა და გეტყვით: "მგონი, თქვენ საერთოდ ვერ მიხვდით, რა იყო ამ ნამუშევრის იდეა". ეს იმიტომ, რომ სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც საკუთარი ინტერპრეტაციებით ქმნით ნამუშევრის იდეას.
აბსტრაქტული ნამუშევარი ტილოზე არა მხოლოდ გაურკვეველი ფორმების დატანას, არამედ ხელოვანის ემოციის, შეხედულებებისა თუ გარკვეული საკითხის მიმართ დამოკიდებულების რეპრეზენტაციას ემსახურება. მასში ყველაზე საინტერესო კი შემოქმედის არჩევანის მიზნის ძიებაა: იმის, თუ რატომ მიმართავს ხელოვანი საკუთარი თავის გამოსახატად კონკრეტულ ხერხს.
თუმცა, განა ნამდვილად შეგვიძლია გავიგოთ ის, თუ რატომ აქვს პიკასოს ქალს ყურის ადგილას ცხვირი? სავარაუდოდ, არა. თუმცა ვინ იცის, იქნებ ნამუშევრის ნახვისას თქვენც სწორედ ის შეგრძნებები დაგეუფლათ, რასაც ხელოვანი მისი შექმნისას გრძნობდა? და მთავარი პროცესიც სწორედ აქ იწყება — ის, რასაც ადამიანის წარმოსახვის მიღმა ხედვა და ხელოვანთან დამყარებული კომუნიკაცია ეწოდება.
კომენტარები